ვიტამინები და მინერალები ბავშვებისთვის

გააზიარე:

იმოგზაურეთ ვიტამინოლენდში!


ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ბავშვის ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება, ამიტომ მშობლები პაწია მსუნაგების მენიუს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ: ბევრი ვაშლი და კიდევ უფრო მეტი ხილის წვენი!
ბავშვს ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ყველაზე მეტად გაზაფხულზე სჭირდება, რადგან წელიწადის ამ მშვენიერ დროს პაწაწინა ორგანიზმი დასუსტებული და გამოფიტულია. ასე რომ, ყურადღებით ჩაიკითხეთ წერილი, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების მნიშვნელობას ეხება.
თავდაპირველად, მოდი, უმნიშვნელოვანესი “სასიცოცხლო ამინების” ჩამონათვალს გადავხედოთ.

A ვიტამინი (რეტინოლი)
მდიდარია:თევზის ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. რეტინოლს ბეტა-კაროტინის (A ვიტამინის წინამორბედის) სახით შეიცავს სტაფილო, ბულგარული და ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა, პომიდორი, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს მხედველობის პრობლემები: მხედველობის გაუარესება შებინდებისას, ახლომხედველობა, თვალების იოლი დაღლა; უხეშდება კანი, სუსტდება იმუნიტეტი.

B1 ვიტამინი

 მდიდარია: ხორბალი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, დაუმუშავებელი ბრინჯი, ქერი, ღორის ხორცი, პარკოსნები, კარტოფილი, ღვიძლი, ლუდის საფუარი, რძე, კვერცხი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: იოლად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში, გულისრევა, მუცლის ტკივილი,  მადის დაქვეითება, ყაბზობა.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)
მდიდარია: ღვიძლი და თირკმელები. 100 გ ხორცში მისი შემცველობა 0,16-0,23 მგ-ია, 100 გ რძეში – 0,1-0,13, ხოლო ხილსა და ბოსტნეულში – კიდევ უფრო ნაკლები. ბავშვმა  B2 ვიტამინის დღიური მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს, 1,5 კგ ძროხის ხორცი უნდა მიირთვას ან 2 ლიტრამდე რძე დალიოს, რაც, დაგვეთანხმებით, არცთუ ისე იოლია.
 დეფიციტის დროს ადამიანს აღენიშნება საერთო სისუსტე, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში (ანგულარული სტომატიტი), ენა ჟოლოსფერი და შეშუპებულია, მის კიდეებზე კბილების ჩანაჭდევები ჩნდება. თვალები იოლად იღლება, თავს იჩენს სინათლის შიში, ვითარდება კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება).

B5 ვიტამინი (პანთოტენის მჟავა)
მდიდარია: მცენარეული სურსათი: ბარდა, საფუარი, თხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურა, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო; ცხოველური სურსათი: ღვიძლი, თირკმელები, გული, ქათმის ხორცი, კვერცხის გული, რძე, ხიზილალა. გარდა ამისა, პანთოტენის მჟავას გამოიმუშავებს ნაწლავის ჩხირი, რომელიც ადამიანის ნაწლავის სანათურში საკმაოდ ბევრია.
დეფიციტის დროს აღინიშნება: იოლად დაღლა, დეპრესია, უძილობა, თავის, კუნთების, ქვედა კიდურების ტკივილი, ტერფების შეწითლება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფეხის თითების დაბუჟება. რაც მთავარია, B5 ვიტამინის ნაკლოვანების დროს ითრგუნება იმუნიტეტი და ბავშვს ხშირად ხვდება ინფექცია.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)
მდიდარია: ხორცი, განსაკუთრებით – ღვიძლი და თირკმელები, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, ქერი, თუმცა მარცვლეულიდან პირიდოქსინი გაცილებით უარესად შეითვისება, ვიდრე ცხოველური საკვებიდან.
დეფიციტს დროს აღინიშნება ხასიათის ხშირი ცვლილება, აგზნებადობა, პირის ღრუსა და ენის  ლორწოვანის ანთება. თუ ახალშობილს B6 აკლია, შესაძლოა, კრუნჩხვა განუვითარდეს.

B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)
მდიდარია: უმთავრესად – ცხოველური სურსათი: საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტი, რძე, ყველი. თუ ადამიანი სრულფასოვან საკვებს იღებს, ციანკობალამინის დეფიციტი არ ვითარდება.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: ანემია, ტვინის ქსოვილის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც უმთავრესად ნევროლოგიური სიმპტომებით, ძლიერი გაღიზიანებით, კიდურების დაბუჟებით ვლინდება

ფოლიუმის მჟავა
მდიდარია: ვიტამინის სახელწოდება ლათინური სიტყვა “ფოლიუმიდან” მომდინარეობს, რაც ფოთოლს ნიშნავს. შესაბამისად, მას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, პრასი, სალათი და სხვა. გარდა ამისა, იგი გვხვდება ხორცში, ღვიძლსა და თირკმელებში.
ამ ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის – შესაძლოა, დაირღვეს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირება, განვითარდეს ჰიდროცეფალია, ანენცეფალია (თავის ტვინის არარსებობა).

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)
მდიდარია: ძირითადი წყაროა ახალი ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ასკილის ნაყოფი, შავი მოცხარი, წიწაკა, ლიმონი, ფორთოხალი. ასკორბინის მჟავა ბევრია კომბოსტოს მწნილშიც, ხოლო ვაშლსა და კარტოფილში – შედარებით ნაკლებია.
დეფიციტის დროს ითრგუნება იმუნიტეტი, ხშირდება ინფექციური პათოლოგიები და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გარდა ამისა, პატარებს აწუხებთ საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, სახსრების ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა.
   
D ვიტამინი (კალციფეროლი)
მდიდარია: ის უმთავრესად კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. მოიპოვება საკვებშიც: რძესა და რძის ნაწარმში, თევზის ქონში, კვერცხის გულში. ვიტამინის წინამორბედი (პროვიტამინი) ნაწილობრივ საკვების სახით ხვდება ორგანიზმში, ნაწილობრივ კი ორგანიზმშივე არსებული ქოლესტერინისგან წარმოიქმნება.
D ვიტამინის დეფიციტისას ახალშობილს რაქიტი ემუქრება. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია პატარას D ვიტამინი მივაწოდოთ და, რაც მთავარია, ბავშვს არამც და არამც არ მოვაკლოთ მზის სხივების ალერსი.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი)
მდიდარია: მცენარეული ზეთი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, მწვანილი.
ნაკლოვანებისას აღინიშნება: კუნთოვანი სისუსტე, ანემია. ახალშობილებში E ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს ანემიას, მხედველობის დარღვევებს, ხშირდება ფილტვის დაავადებებიც.

K ვიტამინი
მდიდარია: ნაწილობრივ ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმები წარმოქმნიან. მოიპოვება მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, ასკილის ნაყოფში, ბრიუსელისა და ყვავილოვან კომბოსტოში, ჭინჭარში,  ხორბალში, სოიაში, ჭვავში, შვრიაში, მწვანე ჩაიში, ლამინარიაში (ზღვის კომბოსტოში). ცხოველური საკვებიდან K ვიტამინს ყველაზე მეტს კვერცხი და ღორის ღვიძლი შეიცავს.
დეფიციტი იშვიათად ვითარდება. ამ დროს თავს იჩენს: კანქვეშა სისხლჩაქცევები, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნიდან. K ვიტამინის უკმარისობის ადრეულ ნიშნად სისხლში პროთრომბინის დონის დაქვეითება მიიჩნევა. დეფიციტი ახალშობილებში მოზრდილებზე უფრო ხშირად იჩენს თავს: რძე ჩვილს საკმარისი ოდენობის K ვიტამინს ვერ აწვდის და არც ნაწლავებია დასახლებული მისი მწარმოებელი მიკროორგანიზმებით.
უკმარისობისას ვითარდება ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს: სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, ჭიპიდან, კუჭიდან, სასქესო ორგანოებიდან. ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები. აღინიშნება სისხლიანი ღებინება, კუპრისებრი განავალი.

H ვიტამინი (ბიოტინი)  
მდიდარია: ბევრია საქონლის ღვიძლში, მიწის თხილში, პარკოსნებში.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: სებორეული დერმატიტი, ანემია, თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, ენის ლორწოვანი გარსის ანთება, უძილობა, უმადობა, გულისრევა.

***
სასარგებლო მინერალები

არსებობს 100-მდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან 20 ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ზუსტი რიცხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისინი ბავშვს ძალიან რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის. “ვაშლში რკინაა”, “რძე კალციუმითაა მდიდარი”, – ამგვარი ჭეშმარიტებანი ყველა დედიკოს ახსოვს და აქტიურადაც იყენებს.
მოდი, თვალი გადავავლოთ მინერალური ნივთიერებების ჩამონათვალს, გავარკვიოთ, სად შეიძლება მათი პოვნა, რკინასა და მისი დეფიციტით განპირობებულ ანემიაზე კი გაცილებით ვრცლად გესაუბრებით.

მაგნიუმი ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Mg-ს დღიური ნორმა 140 მგ-ია, 4-დან 6 წლამდე – 220, 7-დან 10 წლამდე – 300, ხოლო 11-13 წლის ასაკისთვის – 400 მგ.
მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით – ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი, ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო.
კალიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისთვის.
კალიუმი უხვადაა გარგარის ჩირში (კურაგაში), ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში, კარტოფილში (500 გ კარტოფილი კალიუმის დღიურ მოთხოვნილებას მთლიანად აკმაყოფილებს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, ნუ ეტყვიან პატარებს უარს შემწვარი კარტოფილის მომზადებაზე). K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია.
კალციუმი ძვლებისა და კბილების ერთგვარი საშენი მასალაა. ის მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, აქტიურად არის ჩართული გულის კუნთის შეკუმშვის აქტში. 
Ca უამრავ პროდუქტშია, მაგრამ ყველაზე იოლად მაინც რძის ნაწარმიდან შეითვისება (კალციუმის შეთვისებაში კი D ვიტამინი მონაწილეობს). დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ნახევარი ლიტრი რძე ან 100 გრამი ყველი.
გაითვალისწინეთ: რძე პატარებისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ის მხოლოდ კალციუმის წყარო კი არ გახლავთ, არამედ სხვა პროდუქტებიდან ამ ელემენტის შეთვისებასაც უწყობს ხელს. ამდენად, ბავშვის მენიუში რძის ჩართვა მისი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
გარდა რძის პროდუქტებისა, კალციუმს უხვად შეიცავს ლობიო, სიოა, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ტკბილი ნუში, კვერცხის გული.
გახსოვდეთ: თერმული დამუშავებისას (ადუღებისას, შეწვისას, მოხრაკვისას) პროდუქტი 25%-მდე კალციუმს კარგავს. ამ ელემენტის შეთვისებას კი ხელს უშლის ჭვავის პური, მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი და, საზოგადოდ, ცხიმიანი საკვები.
ნატრიუმი მონაწილეობს კუჭის მჟავას წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოდევნაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
Na-ს ძირითადი წყარო სუფრის მარილია. დედიკოებს კი ვურჩევთ, უმარილო კერძი არამც და არამც არ შესთავაზონ პატარა მსუნაგებს. უმჯობესია, მარილი (მეტად მცირე რაოდენობით) კერძს მომზადების შემდეგ მოაყარონ და არა მომზადებისას.
ფოსფორი ცვლითი პროცესების აქტიური კომპონენტია. იგი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. მისი დეფიციტი ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, მხედველობაზე.
ფოსფორით მდიდარია რძე, ხაჭო, ყველი, სოკო, კვერცხის გული, ნიგოზი, ბრინჯი, სოიის ფქვილი, ხორბლის პური, ბოლოკი, ბარდა, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ძროხის ხორცი, ღვიძლი, ბოცვრის ხორცი.
იოდი ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე იოდის მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება, ამ ნივთიერების დანაკლისის შევსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მაგალითად, ორსულებს იოდის პრეპარატებს უნიშნავენ, რაც მომავალ თაობას იოდდეფციტით განპირობებული მძიმე შედეგებისგან (ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი დარღვევებისგან) იცავს.
ბავშვთა ასაკში იოდის დეფიციტის პრობლემას ჩვენც არაერთხელ შევეხეთ. აღნიშნული საკითხის შესახებ სტატიები შეგიძლიათ იხილოთ “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” . . . ნომრებში. ჩვენ კი მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, ბავშვის მენიუ შეძლებისდაგვარად გაამდიდრონ იოდის შემცველი პროდუქტებით: ზღვის კომბოსტოთი, თევზით, ხამანწკებით, ხახვით, პრასით, ნესვით. მცირე ოდენობით იოდი რძის პროდუქტებშიც მოიპოვება.
გოგირდი ორგანიზმის უჯრედების, ფერმენტების, ჰორმონების კომპონენტია. ამდენად, მისი დეფიციტი ერთობ ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. ასე რომ არ მოხდეს, გაამდიდრეთ ბავშვის მენიუ ხორცით, კვერცხით, შვრიით, წიწიბურათი, რძით, ყველით, ბარდითა და კომბოსტოთი.
მანგანუმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ეს ელემენტი სისხლში ქოლესტეროლის დონის რეგულაციას ახორციელებს.
მანგანუმი უხვადაა მარცვლეულში, განსაკუთრებით – შვრიაში, ლობიოში, ბარდაში, საქონლის ღვიძლში.
სპილენძიც მეტად აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ის აუცილებელია რკინის ასათვისებლად (მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში). მეცნიერულ კვლევათა თანახმად, სპილენძი ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ასე რომ, აქტიურად მზარდ ორგანიზმს ეს ელემენტი უდავოდ სჭირდება.
სპილენძს შეიცავს: ხორცი, თევზი, პურ-ფუნთუშეული, რძე, ხილი, კენკრა.
თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღე-ღამეში 10 მგ თუთია საკმარისია, რომ ბავშვის ორგანიზმი ადეკვატურად განვითარდეს.
თუთიით მდიდარია ხორბალი და ხორბლის ქატო, ბატის ხორცი, ლობიო, ბარდა, სიმინდი, საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, საქონლის ღვიძლი, რძე. ამ ელემენტს შეიცავს ასევე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო.

ყველაზე “მაგარი” ელემენტი
საკმარისია, პატარა ლოყებღაჟღაჟა ონავარს ფერი დაეკარგოს და მოთენთილობა დასჩემდეს, რომ მშობლები უმალ ანემიას ეჭვობენ, პრობლემის მთავარ მიზეზად კი რკინის უკმარისობას მიიჩნევენ. ამის შემდეგ პატარას მენიუ უმთავრესად ვაშლისა და ხილის წვენებისგან შედგება...
ნუთუ ანემია ასე იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა? მოდი, ამაზე ვისაუბროთ.
საზოგადოდ, ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც კლინიკურად კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე ახასიათებს, ლაბორატორიულად კი – ჰემოგლობინისა და (ან) ერითროციტების  შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში.
რაც შეეხება უშუალოდ რკინადეფიციტურ ანემიას, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: თუ 1985-1990 წლებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი მოზრდილებში მხოლოდ 1,6% იყო, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია; კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა პატარებში – 90-იან წლებში ანემიის ეს ფორმა აღენიშებოდა ბავშვთა  5,4%-ს, ათი წლის შემდეგ კი რკინადეფიციტური ანემიის წილად 21,5% მოდის, ესე იგი, ყოველი 100 ბავშვიდან 21-ს რკინა აკლია. მოიმატა სისხლნაკლებობის საერთო სიხშირემაც და ბავშვებში 35,7% შეადგინა. ვგონებთ, მონაცემები შემაშფოთებელი უნდა იყოს.
ანემიას იწვევს:
. საკვების მეშვეობით რკინის მიწოდების უკმარისობა;
. რკინის შეწოვის დაქვეითება, რაც კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პათოლოგიის: ცელიაკიის, მუკოვისციდოზის, ნაწლავური ინფექციების, ჭიებით ინვაზიის – დროს ხდება;
. რკინის გაძლიერებული ხარჯვა, რისი მიზეზიც გახლავთ სისხლდენა, ორსულობა, პუბერტატული (გარდატეხის) ასაკი და სხვა.
საქართველოში რკინადეფიციტური ანემიის უმთავრეს მიზეზად არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება მიიჩნევა. დაიხსომეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველაზე უკეთ შეითვისება ჰემინური რკინა, რომელიც ცხოველის ჰემოგლობინშია. შედარებით ძნელი შესათვისებელია მცენარეულ საკვებში არსებული იონური რკინა, ამიტომაც ორგანიზმი რკინით რომ გაიმდიდროთ, საკვები გონივრულად უნდა შეარჩიოთ. ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს, მაგრამ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს, ამიტომ ანემიისგან განკურნების მიზნით ბავშვებს რამდენი ვაშლის, ჭარხლისა თუ ბროწეულის წვენიც უნდა ვასვათ, ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება. თუმცა მცენარეული საკვები მაინც ძლიერ სასარგებლოა: იგი ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს.
რკინადეფიციტური ანემიისას მედიკამენტური მკურნალობის (თუკი ის, რაღა თქმა უნდა, საჭიროა) პარალელურად მშობლებმა პატარას მენიუ იოლად ასათვისებელი რკინის შემცველი პროდუქტებით უნდა გაუმდიდრონ.
გახსოვდეთ: რკინის შეწოვას ხელს უწყობს ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, C ვიტამინი,  ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინომჟავები: ჰისტიდინი, ლიზინი, ცისტეინი; ფორთოხლის წვენი.

გააზიარე: