მუცლის ტკივილი ჩვილებში

გააზიარე:

“ორი კვირაა, თვალი არ მომიხუჭავს. ჩემი პატარა საღამო ხანს სულისშემძვრელ ტირილს რომ მორთავს, მარტო ოჯახის წევრებს კი არა, მეზობლებსაც უფრთხობს ძილს. არადა, თითქოს არაფერი არ უნდა სტკიოდეს, არც შია…” – ჩივიან ხოლმე ახალბედა 
მშობლები. მართლაც ასეა: საოცრად თვინიერი და მშვიდი პაწია ერთბაშად ჭირვეულდება და ლამის მთელი დღე და ღამე ტირის, ხოლო თუ მოხდა საოცრება და დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ წამოიტირა, საღამო ხანს უთუოდ გაბმულად შემოსძახებს.
რატომ ტირის პატარა, თუ არც შია და არც რაიმე სტკივა? ამას უმეტესად მუცლის კოლიკას, ჩვენებურად – ნაწლავთა ჭვალს აბრალებენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სამყაროსავით ძველია. სპეციალისტებმა მიზეზის დადგენა მაინც ვერ მოახერხეს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბრალი მიუძღვის აირებს, რომლებსაც ბავშვი ჭამის დროს უნებურად ყლაპავს. სხვათა აზრით, მიზეზი დედის მიერ მიღებული გამაღიზიანებელი (ცხიმიანი, ცხარე) საკვებია, რომლის კომპონენტებიც პაწია ღორმუცელას ორგანიზმში რძის მეშვეობით ხვდება.
ბოლო ხანს კოლიკა ბავშვის ტემპერამენტს დაუკავშირეს. თურმე მგრძნობიარე პატარებს, რომლებიც გამუდმებით ითხოვენ მშობლის ალერსს, ჭვალი უფრო ხშირად აწუხებთ.
ისიც შეიძლება, კოლიკა კუჭ-ნაწლავის რომელიმე პრობლემას (მაგალითად, დიარეას, ყაბზობას) დაემთხვეს და ჩვეულებრივზე ძლიერი იყოს.
ერთი სიტყვით, გახსოვდეთ: ნაწლავთა ჭვალი არ არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ პედიატრთან კონსულტაციას მაინც გირჩევთ. მანამდე კი გაითვალისწინეთ: კოლიკა თავს დაბადებიდან რამდენიმე კვირაში იჩენს. თუ პაწია დაბადებიდანვე მოუსვენარია და ხშირად ტირის, სავარაუდოდ, ჭვალი არაფერ შუაშია.
 სამი თვის ასაკში კოლიკა გაივლის. თუ ჭვალი გახანგრძლივდა, დისკომფორტი, სავარაუდოდ, რეფლუქსის ბრალი იქნება. ამ დროს კუჭში მოხვედრილი საკვები უკან, საყლაპავში ბრუნდება.
გახსოვდეთ:
 არსებობს მრავალი საშუალება, რომლებიც პაწიას დისკომფორტს შეუმსუბუქებს.
 თუ შეწუხებულ პაწიას მიეფერებით და ხელში აიყვანთ, ურიგო არ იქნება. ნუ იფიქრებთ, მეტისმეტად გავანებივრებო – ტირილის დროს ბავშვს ალერსი ყველაზე მეტად სჭირდება.

როგორ მოვიქცეთ?
 ეცადეთ, კვების დროს ჩვილი ვერტიკალურად გეჭიროთ.
 კვების შემდეგ დაელოდეთ, ვიდრე არ დააბოყინებს.
 თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, გირჩევთ, საკუთარ რაციონს გადახედოთ. არ შეიძლება სანელებლებიანი, ცხიმიანი, ცხარე, კოფეინის შემცველი საკვების, ციტრუსის მიღება. მართალია, ასეთი საკვები ნაწლავთა ჭვალის უშუალო მიზეზი არ არის, მაგრამ დისკომფორტს ამძაფრებს.
 ჭვალის შეტევის დროს პატარა ხელში აიყვანეთ ან საწოლშივე დაარწიეთ. შეგიძლიათ, სარწეველა სავარძელში ან ჰამაკში ჩააწვინოთ და ისე არწიოთ.
 მიაღებინეთ თბილი აბაზანა. კოლიკის შეტევის დროს ბევრი ჩვილს მხოლოდ წელს ქვემოთ სვამს თბილ წყალში. ასეც შეიძლება, მაგრამ ბავშვს უფრო მეტად ესიამოვნება, თუ მთლიანად აჭყუმპალავებთ.
 დასამშვიდებლად საწოვარა მიეცით.
 ხელისგული საათის ისრის მიმართულებით ნაზად დაუსვით მუცელზე.
 მუცელზე რბილი თბილი ნაჭერი შემოახვიეთ.
 ეტლში ჩააწვინეთ და სასეირნოდ წაიყვანეთ.

უსაფრთხო ტრაპეზი მტირალასთვის
თუ პაწიას კვების კომფორტულ რეჟიმს შეუქმნით, კოლიკის შეტევები უფრო იშვიათად შეაწუხებს. საზოგადოდ კი გირჩევთ, ასე მოიქცეთ:
 ნუ მოაშივებთ ბავშვს და ნუ ეცდებით რეჟიმის დაცვას, თუ პატარა შიმშილის გამო ტირის. აჭამეთ ახალშობილს იმდენი, რამდენსაც მოითხოვს. უმჯობესია, კვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით.
კვებიდან ორი საათი გავიდა? მაშ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ პაწია გაბმულად ტირის. რა გასაკვირია, რომ შიმშილით შეწუხებულ თოთო ბავშვს ჭვალმა შეუტიოს.
 თუ თქვენი პატარა ხელოვნურ კვებაზეა და ჭამის შემდეგ იწყებს ტირილს, შესაძლოა, საკვები ფორმულის შეცვლა მოგიხდეთ.
 საკვები ჭამის წინ ბოთლით შეუთბეთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს ეს არ ეხებათ.
 პაწია ვიწრონასვრეტიანი საწოვარათი გამოკვებეთ. საზოგადოდ, ეცადეთ, ახალშობილმა სწრაფად არ ჭამოს.
 ახალშობილი საკვების მიღებისთანავე ვერტიკალურად დაიკავეთ გააჩერეთ და დაელოდეთ, ვიდრე დააბოყინებს.

აირებისგან რომ გაათავისუფლოთ, მიეცით პაწიას კამის წყალი ან ჩაი. კარგია აქტივირებული ნახშირიც (ნახევარი აბი დღეში სამჯერ) – დაფხვენით, ცოტაოდენ თბილ წყალში გახსენით და ისე დაალევინეთ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა
ამერიკელმა ექიმებმა მშობლებისთვის შეიმუშავეს სპეციალური გაიდლაინი, როგორ დაამშვიდონ ჭვალით შეწუხებული პაწიები. ამ სახელმძღვანელოში არაფერია ნათქვამი არც კვების რეჟიმზე და არც მედიკამენტებზე, რომლებიც ჩვილს ტკივილს გაუყუჩებს. სამაგიეროდ, დაწვრილებით არის აღწერილი პოზიციები, რომლებიც შეწუხებულ პატარას შვებას მოჰგვრის.
ამერიკელები გვირჩევენ, ახალშობილი ხელებზე მუცლით გადავიწვინოთ და ზურგზე ფრთხილად გავუკეთოთ მასაჟი (ეს ჩვენც ვიცით!), ბავშვი კვების დროს შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დავიკავოთ, ჭამის შემდეგ კი ამობოყინებაში დავეხმაროთ – ვერტიკალურად გავაჩეროთ, ვიდრე აირებს არ ამოუშვებს (ესეც ვიცით), ჭვალისგან აფორიაქებული მტირალა ჩართულ სარეცხის მანქანაზე, ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე ან საშრობზე დავაწვინოთ (ეს კი არ ვიცოდით!).

იხმეთ ექიმი
ნაწლავთა ჭვალი საშიში არ გახლავთ, მაგრამ მსგავსი ნიშნები შესაძლოა პათოლოგიის მანიშნებელი იყოს. ასე რომ, უთუოდ მიმართეთ პედიატრს, თუკი:
 მუცელზე ხელის შეხებისას ბავშვი ტირილს უმატებს;
 პატარა აღარ იმატებს წონას;
 აქვს მაღალი ტემპერატურა;
 ეჭვობთ ტრავმას.

გააზიარე: