ნაკბენი ჭრილობები

გააზიარე:

გვესაუბრება ქირურგი-რაბიოლოგი, თსსუ-ის რაბიოლოგიის სასწავლო კლინიკური პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თეიმურაზ გოგიძე:

– უკანასკნელი მონაცემებით, ნაკბენი ჭრილობები მეტისმეტად გახშირდა. გასული საუკუნის ბოლოს დედაქალაქში ყოველწლიურად 5000 ნაკბენი ჭრილობა აღირიცხებოდა. დღეს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს. მთელ საქართველოში ყოველწლიურად 47000-მდე ნაკბენი აღირიცხება. – რა საფრთხეს შეიცავს ნაკბენი ჭრილობა?
– საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. ჭრილობის ზომისა და სიღრმის კვალობაზე, შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მსხვილი მტაცებლისა და ზოგიერთი ჯიშის ძაღლის კბენას შესაძლოა ერთვოდეს მრავლობითი მოტეხილობა. კიდურის მოგლეჯაც კი არ არის გამორიცხული. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ძალზე დაბინძურებულია, რის გამოც ანთებითი რეაქცია მასში ძალიან სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა, ცხოველის ნერწყვში შეიძლება იყოს მძიმე დაავადების – ტეტანუსის გამომწვევი ან სასიკვდილო დაავადების – ცოფის ვირუსი.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ცხოველმა ბავშვი დაკბინა?
– ხალხში ნაკბენი ჭრილობის შესახებ უამრავი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული, ისე რომ, ხშირად მშობელი თუ მეზობელი ბავშვს უცოდინრობით კიდევ უფრო აზიანებს. ჭრილობაში დიდი ოდენობით ასხამენ იოდსა და სხვა ანტისეპტიკებს, რაც ქიმიურ დამწვრობასაც კი იწვევს, ჭრილობაში უდებენ ცხოველის დამწვარ ბალანს, აწყობენ ლობიოს მარცვლებს... რა თქმა უნდა, ასეთ საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.

ნაკბენი ჭრილობის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჭრილობის შემთხვევაში, პირველ რიგში სისხლდენა უნდა შევაჩეროთ: სისხლმდინარ ადგილს სტერილური ბინტი (თუ არ აღმოგვაჩნდა, ნებისმიერი სუფთა ქსოვილი) დავაფინოთ და დავაწვეთ. ძლიერი სისხლდენისას მეტს ნურაფერს იზამთ, ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა ან ბავშვს სპეციალიზებულ ქირურგიულ კლინიკამდე მიიყვანთ.
თუ სისხლდენა სახიფათო არ არის (საბედნიეროდ, ნაკბენი ჭრილობების უმრავლესობა ზედაპირულია), ეცადეთ, ჭრილობა რაც შეიძლება უკეთ გაასუფთაოთ. ამისთვის არც სპირტია საჭირო და არც იოდი. გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი, უმჯობესია, საპნიანი და რაც შეიძლება მეტი. 
გაითვალისწინეთ, რომ კბენას შეიძლება მოტეხილობა ახლდეს თან, რომელსაც ძლიერი ტკივილით და მოძრაობის შეზღუდვით ამოიცნობთ. ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში სავარაუდოდ მოტეხილი ადგილი ორი მოსაზღვრე სახსრის მიდამოში არტაშნით დააფიქსირეთ (შეგიძლიათ, არტაშნად გამოიყენოთ ფიცარი, ჯოხი, ქოლგა. მთავარია, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს).
ძლიერი სისხლდენის ან ღრმა ჭრილობის შემთხვევაში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულება – შოკი განვითარდეს. თუ დაკბენილმა გონება დაკარგა, გვერდზე დააწვინეთ, ფეხები გულის დონეზე მაღლა დააწყობინეთ და ყველაფერი იღონეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოჩნდეს პროფესიონალების ხელში.
– ექიმისთვის მიმართვა ყოველთვის აუცილებელია?
– ნებისმიერი ნაკბენი ჭრილობა ექიმის მეთვალყურეობას და სპეციფიკურ პროფილაქტიკას მოითხოვს, რომელიც, უმჯობესია, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩატარდეს. გ. ჟვანიას სახელობის თსსუ-ის პედიატრიულ კლინიკაში (ყოფილი ბავშვთა მეორე საავადმყოფო) ასეთი სამსახური უკვე ოცდაერთი წელია ფუნქციონირებს. ჩვენთან მოქმედებს სასწავლო კლინიკური პროგრამაც, სადაც  უკვე 50-ზე მეტმა ქირურგმა გაიარა სპეციალური მომზადება რაბიოლოგიაში. დღეს ანტირაბიული ქირურგიული სამსახური საქართველოს ყველა რეგიონშია, ასე რომ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა თბილისში ჩამოსვლა აღარ არის საჭირო.

გააზიარე: