ავთვისებიანი სიმსივნე მამაკაცების წინააღმდეგ

გააზიარე:

ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველობას მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს უთმობს, თანაც – სქესის განურჩევლად. და მაინც, ბატონებო, თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, თქვენ  მეტი საფრთხე გემუქრებათ. ზუსტად ვერ გეტყვით, სუსტ სქესს ექიმთან მოწესრიგებულად სიარულის ჩვევა შველის თუ საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნავს. ასეა თუ ისე, კიბოს განვითარების, შორს წასული ფორმების აღმოჩენისა და, საზოგადოდ, ამ მიზეზით სიკვდილის რისკი მამაკაცებს უფრო მაღალი აქვთ. ექიმებმა ზუსტად გამოთვალეს, ყველაზე ხშირად რომელ ორგანოში იწყება ავთვისებიანი გადაგვარება თავისი გენდერული (სქესთან დაკავშირებული) თავისებურებებით და რა უწყობს ან უშლის ამ პროცესს ხელს.
     

სიის სათავეში კანის სიმსივნე აღმოჩნდა, რომელიც მამაკაცებს თურმე ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ. კანის კიბოს გამომწვევთა რეიტინგში პირველ ადგილზე ულტრაიისფერი გამოსხივებაა. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ გადაგვარებულ ლაქას, მით უფრო მეტია მისი უმტკივნეულოდ მოცილების შანსი. თუ რომელიმე ხალი გაიზარდა, ფერი იცვალა, ასიმეტრია, წაშლილი ან დაკბილული საზღვრები შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ დერმატოლოგს.
     
მეორე ადგილი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს უკავია. ამ დიაგნოზს ყოველწლიურად 200.000-ზე მეტ ადამიანს უსვამენ.რა უწყობს ან უშლის ხელს სიმსივნის განვითარებას ბოლომდე დადგენილი არ არის. დაუზუსტებელი მონაცემებით, დღეში მინიმუმ 10 გ (3-4 კბილი) ნიორი და 1-2 ჭიქა (და არც ერთი წვეთით მეტი) წითელი ღვინო კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. თუმცა ექიმები უკვე შეთანხმდნენ, რომ კიბო უმეტესად ჭარბწონიან, ცხიმიანი კერძების მოყვარულ მამაკაცებს ემართებათ. ასე რომ, მეტი იმოძრავეთ, იკვებეთ ჯანსაღად (მეტი ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ნაკლები მარილი, შაქარი, წიწაკა, ქოლესტერინი და ცხოველური ქონი).
    ადრეულ სტადიებზე, როცა მკურნალობა განკურნების თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა. პაციენტები, როგორც წესი, ან ვერაფერს გრძნობენ, ანდა ჩივილები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ათას რამეს შეიძლება დაბრალდეს. გამოსავალი ერთია: 40 წლის ასაკიდან წელიწადში ერთხელ უროლოგს მიაკითხეთ პროსტატის რექტალური (სწორი ნაწლავისმხრივი) გასინჯვისთვის. 50 წლის შემდეგ კი ამ პროცედურას ემატება სისხლის ანალიზი ე.წ. პსა-ს (პროსტატასპეციფიკური ანტიგენის) დონის დასადგენად. 
    
გავრცელების მხრივ მესამე ადგილზე მყოფი ფილტვის კიბო სიკვდილიანობის თვალსაზრისით ლიდერობას არავის უთმობს. ათიდან ცხრა შემთხვევაში მიზეზი ავადსახსენებელი თამბაქოა. ან თავად მსხვერპლი ეწევა, ან ოჯახის წევრი თუ თანამშრომელი უვსებს ჭვარტლით ფილტვებს სტატისტიკა ამტკიცებს, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებიდან 10 წლის შემდეგ ყოფილ მწეველებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკი აქტიურ მწეველებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები აქვთ (თუმცა არამწეველებისას მაინც ვერ უთანაბრდება).
    
კოლორექტალური (სწორი ან მსხვილი ნაწლავის) კიბო გავრცელების მხრივ მამაკაცებში მეოთხე ადგილზე დგას, თანაც მისი განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იმატებს. დიაგნოსტირებულთა 90%-ზე მეტი 50 წელს არის გადაცილებული. ასაკისა და გენეტიკური წინასწარგანწყობის გარდა დიდი მნიშვნელობა ჰქონია დიეტასა და წონას. ჭარბწონიანებს, რომლებიც ცხოველურ ცხიმს ეტანებიან, ხოლო კალციუმი, ფოლიუმის მჟავა და მცენარეული ბოჭკო აკლიათ, უფრო მეტი საფრთხე ემუქრებათ. რისკი მაღალი აქვთ მწეველებსა და მსმელებსაც. ასე რომ, მიირთვით მეტი ხილ-ბოსტნეული, ნაკლები ხორცი და ქონი, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, მეტი ივარჯიშეთ, თამბაქოსა და ალკოჰოლს კი სათოფეზეც არ გაეკაროთ.
    50 წელს გადაცილებულებს განსაზღვრული პერიოდულობით სკრინინგ-ტესტებს ურჩევენ, სატკივარი სულ მცირე დისკომფორტის გაჩენამდე გამოავლინონ. თავდაპირველად ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზსატარებენ, თუ საჭირო გახდა – სიგმოიდოსკოპიას ან კოლონოსკოპიას. ამ მეთოდებით პოლიპების აღმოჩენა და მათი მოცილება მანამდე შეიძლება, ვიდრე რომელიმე მათგანი გაავთვისებიანებას გადაწყვეტს.

გააზიარე: