მიკრობები: ინფიცირება თუ დაავადება

გააზიარე:

ინფიცირებასა და დაავადებას შორის დიდი სხვაობაა. ინფიცირება მიკრობული თავდასხმის პირველი ნაყოფია. ეს ნიშნავს, რომ მიკრობმა ორგანიზმის საზღვრები გადმოლახა, მაგრამ თავდასხმა ყოველთვის ავადმყოფობით არ სრულდება – იმუნურ სისტემას შეუძლია, დასაწყისშივე აღკვეთოს აგრესია. მაგრამ თუ თავდამსხმელებმა იმძლავრეს და უჯრედები დააზიანეს, ეს უკვე ინფექციური დაავადებაა. მაგალითად, ტუბერკულოზის მიკობაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ ბაქტერიაგამომყოფ ადამიანთან ახლო კონტაქტი გაქვთ, ფაქტობრივად შეუძლებელია, კოხის ჩხირი თქვენს ორგანიზმშიც არ მოხვდეს. ეს ინფიცირებაა. განვითარდება თუ არა ამის შედეგად ტუბერკულოზი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, საყოფაცხოვრებო პირობებზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. შესაძლოა, მთელი ცხოვრება ინფიცირებული იყოთ, მაგრამ არ დაავადდეთ და არც კი იცოდეთ, რომ თქვენს სხეულში კოხის ჩხირი ბინადრობს. თუმცა არც არის გამორიცხული, დაავადება ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგ განვითარდეს, როდესაც ორგანიზმში საამისო პირობები შეიქმნება.

როგორ ვრცელდება ინფექცია

არსებობს ინფექციები, რომლებიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. მათი შეჩერება შეუძლებელია. დაავადება ერთბაშად მოედება ხოლმე ქვეყნებს და ზოგჯერ კონტინენტებსაც კი. იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების მექანიზმში გავერკვიოთ, სამი რამ უნდა ვიცოდეთ:

* ინფექციის წყარო – ადგილი, სადაც ცოცხლობს ინფექციური აგენტი (მაგალითად, აბაზანის ზედაპირი, ადამიანის კანი);

* მიმღები ორგანიზმი – მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს მიკრობის მიღების მზაობა;

* გადაცემის გზა – გზა, რომლითაც ინფექცია ვრცელდება.

წყარო

ინფექციის წყაროა, ფაქტობრივად, ნებისმიერი ზედაპირი, რომელზეც მიკრობი ბინადრობს. მიკრობებით უხვადაა დასახლებული სამედიცინო დაწესებულებები – პალატები, საწოლები, სამედიცინო მოწყობილობები, იარაღები, კათეტერები, ნივთები, რომლებსაც ხშირად ვეხებით.

ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს ადამიანიც: ავადმყოფი, საავადმყოფოს პერსონალი, ავადმყოფის ოჯახის წევრი ან მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირი. ინფექციის წყაროს შესაძლოა დაავადების ნიშნები არ ჰქონდეს და მხოლოდ ინფექციას ავრცელებდეს. ასეთი ფარული წყაროების არსებობა, ბუნებრივია, ერთიორად ზრდის სხვების ინფიცირების ალბათობას.

ინფექციის ადრესატი

მიკრობული აგრესიის მსხვერპლი ადვილად შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელსაც აუცრელობისა თუ იმუნიტეტის დაქვეითების გამო ინფიცირების მაღალი ალბათობა აქვს. შაქრიანი დიაბეტი, ორგანოების ტრანსპლანტაცია, სიმსივნე ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს ასუსტებს. დაავადების რისკს ზრდის ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის – ანტიბიოტიკების, სტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებაც. მიკრობებს ორგანიზმში შეჭრას უადვილებს ქირურგიული ჩარევა, კათეტერიზაცია, ზონდირება და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

გადაცემის გზა

ინფექციის გადაცემის ყველაზე მარტივი გზაა ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტი. ამ გზით ინფექცია სამგვარად ვრცელდება:

* ინფექცია გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი ეხება (ხელს ართმევს, ეხუტება, ჰკოცნის) არაინფიცირებულს, ახველებს ან აცემინებს და გარემოში აფრქვევს მიკრობებს. ინფექციის გამომწვევი შესაძლოა გავრცელდეს შინაგანი სითხეების გაცვლის შედეგად სქესობრივი კონტაქტის დროს. ჩამოთვლილთაგან რომელი გზით მოხდება დასნებოვნება, ცხადია, ეს მიკრობის ბუნებაზეა დამოკიდებული.

* ინფექცია გადაეცემა ცხოველისგან ადამიანს – ცხოველის, თუნდაც შინაურის, ნაკბენი ან ნაკაწრი შესაძლოა ინფექციად დაგიჯდეთ. ზოგჯერ ამ ყველაფერს ფატალური შედეგიც კი მოჰყვება (მაგალითად, ცოფის შემთხვევაში). ინფიცირების საფრთხეს შეიცავს ცხოველთა გამონაყოფიც. მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი კატის ექსკრემენტების საშუალებით ვრცელდება და შესაძლოა, მისი ტუალეტის დასუფთავებისას დაინფიცირდეთ.

* ინფექცია გადაეცემა დედისგან ახალშობილს – ორსულმა შესაძლოა მიკრობები მუცლად მყოფ ნაყოფს გადასცეს, ზოგიერთი ინფექცია კი ბავშვს მშობიარობის დროს გადაეცემა.

არაპირდაპირი კონტაქტი

მრავალი მიკრობი უსულო საგნებზეც კარგად გრძნობს თავს და დიდხანს ძლებს. კარის სახელური, მაგიდა, ტელეფონი და სხვა ზედაპირები, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება, შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.

მაგალითად, თუ გრიპით დაავადებულმა ვირუსი კარის სახელურზე დატოვა, მერე ამ სახელურს თქვენ მოჰკიდეთ ხელი, არ დაიბანეთ და ცხვირზე, პირზე ან თვალის ლორწოვანზე მოისვით, დიდი ალბათობით, ცხელება, ხველა და სურდო მალე თქვენც შეგაწუხებთ.

ზოგიერთი ინფექციის გავრცელებაში მწერები: კოღო, რწყილი, ტილი, ტკიპა – მონაწილეობენ. მათ ინფექციის გადამტანებს უწოდებენ.

ინფიცირების კიდევ ერთი გზაა გამომწვევით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება. ამ მექანიზმით ინფექციის ერთი წყაროდან მიკრობი ბევრ ადამიანს გადაეცემა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკვების ყიდვისა და მომზადებისას. მოუხარშავი ხორცის, არაპასტერიზებული რძის, გაურეცხავი მწვანილის მოხმარება ინფიცირების ალბათობას ზრდის.

ვებრძვით მიკრობებს

არახალია, რომ ავადმყოფობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა მისი პრევენციაა. ასეა ინფექციების შემთხვევაშიც.

* ხშირად ავიწყდებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მარტივ პროცედურას – ხელების ბანას. არადა, ეს ინფექციურტი დაავადების თავიდან აცილების ყველაზე მარტივი და შედეგიანი საშუალებაა. საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები საკვების მომზადებისა და ჭამის წინ, დახველებისა და დაცემინების, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის, ტუალეტით სარგებლობის, ქუჩიდან შენობაში შესვლის შემდეგ. თუ წყალი და საპონი ხელთ არ გაქვთ, გამოიყენეთ სპირტის შემცველი სპეციალური გელი.

* ცხელება, ხველა, ცემინება, ღებინება, ფაღარათი – ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობისას ყოველგვარი კონტაქტი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. განსაკუთრებით საშიშია ავადმყოფის ყოფნა იქ, სადაც ბევრი ხალხია. ნუ წახვალთ სასწავლებელში, სამსახურში, კაფესა თუ კლუბში, ნუ გაუშვებთ ბავშვს ბაღში, სკოლაში, მეგობრებთან.

* ნუ მისცემთ სხვებს თქვენი პირად ნივთებით – კბილის ჯაგრისით, სავარცხლით, მაკრატლით, საპარსით სარგებლობის უფლებას. ნურც თქვენ გამოიყენებთ სხვისას. სასურველია, გქონდეთ საკუთარი თეფში და ჭიქაც. ჰიგიენას რომ თავი დავანებოთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი – მრავალი მიკრობი დიდხანს ძლებს მყარ ზედაპირზე და სხვისი ნივთების წყალობით თქვენს ორგანიზმში შესაძლოა ინფექციის გამომწვევი მოხვდეს.

* მოამზადეთ საკვები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. მომზადებამდე ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ. მოამზადეთ მხოლოდ სუფთა ჭურჭელში. კარგად მოხარშეთ ხორცი თუ თევზი. გამოიყენეთ მხოლოდ პასტერიზებული რძე. მზა საკვებს დიდხანს ნუ დატოვებთ უმაცივროდ.

* გახსოვდეთ საფრთხე ყველგან და ყოველთვის. ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს, იყოლიეთ ერთი პარტნიორი. სქესობრივი კონტაქტის დროს, განურჩევლად იმისა, რამდენად ენდობით პარტნიორს, ეცადეთ, გამოიყენოთ დაცვის ბარიერული საშუალება (კონდომი). თუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ნიშნები გაქვთ, ერიდეთ სექსს და აცნობეთ პარტნიორს.

* თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი ინფექციებია გავრცელებული ამ რეგიონში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება, რომელი აცრის გაკეთება ან მედიკამენტის მიღება მოგიწევთ ამისთვის. მიმართეთ ოჯახის ექიმს – ის დაგაკვალიანებთ, სად და როგორ ჩაიტაროთ პრევენციული სამედიცინო პროცედურები.

* არ გამოტოვოთ ვაქცინაცია. ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა იმუნიზაციაა. სწორედ ვაქცინების დამსახურებაა ნომერ პირველი ინფექციური მკვლელის, ყვავილის, ელიმინაცია. დღეს კი მსოფლიო პოლიომყელიტის, წითელასა და წითურას აღმოფხვრის გზაზეა. ჯანმოს მონაცემებით, ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველასა და წითელას საწინააღმდეგო აცრებით ყოველწლიურად ორმილიონ-ნახევრამდე ბავშვის  გადარჩენა ხერხდება და თუ ჩამოთვლილი დაავადებები ზოგჯერ მაინც იწვევს ფატალურ შედეგს, ეს ჩვენივე უგუნურების ბრალია. ასე რომ, ნუ დატოვებთ ბავშვს აცრის გარეშე.

იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი ზემოხსენებულ დაავადებებთან ერთად მოიცავს წითურას, ყივანახველას, ყბაყურას, B ჰეპატიტის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ს, პნევმოკოკის, როტავირუსიული ინფექციის საწინააღმდეგო აცრებს. ზოგიერთ ვაქცინას მოგვიანებით ვიკეთებთ, მაგალითად, ცოფისას (საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის ან დადორბვლის შემთხვევაში) და გრიპისას, რომელიც, გამომწვევის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლდება.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: