რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიაგრეტი?

გააზიარე:

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დასკვნა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებს

  • ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები და მათით გამოწვეული სიკვდილიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო და უფრო იმატებს.
  • ოქტომბრის დასაწყისიდან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქტიურად შეისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილტვის დაავადებათა გავრცელებას.
  • სანამ ამ გავრცელების მიზეზი უცნობია, ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, არ გამოიყენონ ელექტროსიგარეტი, განსაკუთრებით – ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) ან ნიკოტინის შემცველი.

ცნობილია, რომ ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა მის გამოყენებასთან ასოცირებული ფილტვის დაავადებებისა და სიკვდილიანობის მზარდი ტენდენციის გამო ეს საკითხი ჯანდაცვის წარმომადგენელთა აქტიური შესწავლის საგანი გახდა. უახლოეს წარსულში მომხდარმა ფილტვის დაავადებების აფეთქებამ გაართულა ელექტროსიგარეტის პოტენციური საზიანო ზემოქმედების უარყოფა.


ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბრისთვის აღირიცხა ელექტროსიგარეტის მოხმარებით გამოწვეული ფილტვის დაავადების 1479 შემთხვევა, რომელთაგან 33 სიკვდილით დასრულდა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) და ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესებული სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების შესაძლო მიზეზებს იკვლევენ. მიზეზის დადგენამდე დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაფრთხილებს, ვერიდოთ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენებას. უკვე შეკრებილ მონაცემებზე დაყრდნობით, ფილტვის დაავადებათა გავრცელებაში ბრალი უმთავრესად ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ პროდუქტებს მიუძღვის. ასეთ პროდუქტებს დაავადებულთა 78% მოიხმარდა, ხოლო 36% პირველი სიმპტომების გამოვლენამდე სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ასეთ ელექტროსიგარეტს ეწეოდა.
გარდა ამისა დაავადებულთა ნახევარზე მეტი მოიხმარდა ნიკოტინის შემცველ პროდუქტს, ზოგიერთი – როგორც ნიკოტინის, ისე სხვა ნივთიერებების, მათ შორის – ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველს, ხოლო 10% მხოლოდ ნიკოტინის შემცველ ელექტროსიგარეტს ეწეოდა, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ფილტვის დაავადებების გავრცელებაში ნიკოტინის შემცველი პროდუქტებიც იყოს დამნაშავე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომხმარებლებს ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტის მოხმარებისგანაც ურჩევს თავის შეკავებას.
დაავადებულთა ასაკი 13-დან 75 წლამდე იყო, 79% – 35 წელზე ნაკლები ასაკისა, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი კი 44 წელი გახლდათ.


ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ დაავადებათა გავრცელებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, ვინაიდან ელექტროსიგარეტები შეიცავს არაერთ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც ამჟამად კვლევის საგანია.
მანამდე კი, სანამ აღნიშნული ტენდენციის ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს:

  • არ გამოიყენონ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ელექტროსიგარეტი;
  • არ დაამატონ ელექტროსიგარეტს რაიმე ნივთიერება.
  • ელექტროსიგარეტის მომხმარებლებმა არ მოწიონ ჩვეულებრივი სიგარეტი.
  • ადამიანებს, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებას აპირებენ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ რეკომენდებული წესები. დაბოლოს, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს თუ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
  • ხველა, ქოშინი ან გულმკერდის ტკივილი;
  • გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან ფაღარათი;
  • სისუსტე, ცხელება ან წონის კლება.

თაგვებზე ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროსიგარეტის კვამლთან კონტაქტი ასუსტებს ვირუსულ ინფექციებთან (მაგალითად, გრიპთან) ფილტვების ბრძოლის უნარს, ამიტომ ელექტროსიგარეტის მომხმარებლებს ცენტრი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას ურჩევს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: