მშობელი როგორც საუკეთესო მეგობარი – ზიანი თუ მხარდაჭერა?

გააზიარე:

ბოლო ხანს გავრცელდა აზრი, რომ მშობელი ბავშვის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს. ამ აზრს ბევრი ახალგაზრდა წყვილი იზიარებს და საპირწონედ საკუთარ ბავშვობაში მიღებულ მკაცრ და დამთრგუნველ აღზრდას იხსენებს.

არავინ დავობს, რომ ეს მკაცრი და ე.წ. პატივისცემის გამომხატველი აღზრდის სტილი, როდესაც მშობელს სიტყვის თქმას ვერ ვუბედავდით, რთული ამოცანის დაძლევისთვის არავინ გვაქებდა, გვეგონა, მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადიოდა, დირექტორი კი ულვაშიანი იბადებოდა, ნამდვილად სტრესის მოგვრელია. მაგრამ, ამავე დროს, არაერთი კვლევა და დაკვირვება მოწმობს, რომ ბავშვებს წესებისა და შეთანხმებების გარეშე ცხოვრება უჭირთ.
დიახ, ყველას გვინდა, შვილებს ვუყვარდეთ. მაგრამ მათთან მეგობრობა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას თავს ვარიდებთ და რთულ მომენტებში ბავშვებს იმაზე მეტს ტვირთს ვკიდებთ, ვიდრე ასაკით ეკუთვნით.

რატომ არ უნდა ვიყოთ ბავშვის მეგობარი:
1. ბავშვს სჭირდება დისციპლინა. ეს დიქტატურას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს წინ გაძღოლას და წინასწარმეტყველებადი სტრუქტურის შექმნას, რაც ბავშვს გაუადვილებს, მოერგოს გარემოს და თავად მიხვდეს, რომელ საქციელს რა შედეგი მოჰყვება. ჰო, ხანდახან წესებს გააპროტესტებს, ხანდახან გაბრაზდება კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუყვარვართ. სტრუქტურა, რომელსაც ახლა მივაწვდით, მთელი ცხოვრება გამოადგება და მის მნიშვნელობას უკვე ზრდასრულ ასაკში მიხვდება. მანამდე კი ეს მისი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის არის აუცილებელი.
2. ბავშვები სხვანაირად ურთიერთობენ თანატოლებთან და სხვანაირად – უფროსებთან: ის, რისი გაზიარებაც თანატოლებთან სურთ, შესაძლოა, თქვენ არ გაგიზიარონ ან პირიქით, არ უნდოდეთ თქვენი ისტორიების მოსმენა, რომელსაც სიამოვნებით მოისმენს თქვენი ასაკის მეგობარი. მაგალითად, ბავშვი ითრგუნება, როდესაც მშობლებს კონფლიქტი აქვთ და ამ კონფლიქტის შესახებ მას დეტალურად უყვებიან. ბავშვი ჩვენი მესაიდუმლე არ უნდა იყოს. ეს მას დააბნევს. ზუსტად ასევე, შვილებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიმართონ თანატოლებს რჩევისთვის, მხარდაჭერისთვის, საიდუმლოების გაზიარებისთვის, განსაკუთრებით – მოზარდ ასაკში. მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები, რომლებიც მშობელთან ურთიერთობისგან განსხვავდება.
3. ბავშვები, რომლებსაც მშობლები მხოლოდ ემეგობრებიან, მშობლებზე დამოკიდებულები ხდებიან. როდესაც ბავშვები იზრდებიან, განსაკუთრებით – როდესაც პუბერტატულ ასაკს აღწევენ, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენგან გამოყოფილად, ინდივიდუალურად განვითარების საშუალება. როდესაც ჩვენ ზედმეტად ახლოს ვართ შვილებთან, შესაძლოა, მათ დამოუკიდებლად ფუნქციონირება გაუჭირდეთ, ეს კი ზრდასრული ცხოვრების აუცილებელი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის, მშობლებისთვის, ეს შესაძლოა მტკივნეული იყოს, მოზარდს უნდა მივცეთ ჩვენგან თავისუფალი სივრცე, რომ ზრდა და განვითარება შეძლოს და განცალკევებულ ინდივიდად ჩამოყალიდეს.
4. მშობლობა-შვილობა ძლიერი, უნიკალური კავშირია. მეგობარი შეიძლება მთელი წელი ვერ ნახო, მეგობარს შეიძლება ეჩხუბო და გაებუტო, მეგობართან ხან ყოველდღე ატარებ დროს, ხან არც კი გახსენდება. მშობელი კი მეტ-ნაკლებად მუდმივად არსებობს ბავშვის ცხოვრებაში. მხოლოდ ძალიან დისფუნქციურ ოჯახებში ხდება ბავშვსა და მშობელს შორის კონტაქტის საბოლოო გაწყვეტა, რაც მეგობრებს შორის უფრო ხშირი და მოსალოდნელი მოვლენაა. მშობლებსა და შვილებს შორის უბრალოდ სხვანაირი კავშირია, რაც არ აკნინებს მეგობრების როლს (განსკაუთრებით კი ზრდასრულ ასაკში, რადგან საბოლოოდ ადამიანი კარგავს მშობლებს), უბრალოდ მშობელი, განსაკუთრებით კი პატარას მშობელი, ემოციურად უფრო მეტად ზემოქმედებს შვილზე, ვიდრე მეგობარი.

  • რამდენიმე შემთხვევა პრაქტიკიდან

ამ არგუმენტებზე ბევრი მშობელი გამინაწყენდება – მეგობრობა ხომ, წესით, აახლოებს ადამიანებს; როგორ შეიძლება, ის იწვევდეს ფსიქოლოგიურ ზიანს?
მოდი, თავი დავანებოთ ფსიქოლოგიურ თეორიებს და ამ საკითხს ყოველდღიური გამოცდილების თვალით შევხედოთ.
სიტუაცია 1. 16 წლის გოგო ღამით შეყვარებულის სანახავად იპარება.
მისი თანატოლი მეგობრის ადეკვატური რეაქცია: "რა მაგარია, რა რომანტიკულია, როგორი გაბედული ხარ!"
მშობლის ადეკვატური რეაქცია: "16 წლის გოგოსთვის ღამით ქუჩაში სიარული საშიშია, შეყვარებულთან შეხვედრას არ გიკრძალავთ, მაგრამ არა 12 საათის შემდეგ და უნდა ვიცოდეთ, სად ხარ, რომ საფრთხის შემთხვევაში მოვიდეთ და დაგეხმაროთ".


რატომ არის რეაქცია ასეთი სხვადასხვანაირი? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ 16 წლის მოზარდის თავის ტვინი ჩამოყალიბების პროცესშია, რაც გავლენას ახდენს მის ემოციურ და ინტელექტულაურ შესაძლებლობებზე. 16 წლის მოზარდს ასაკობრივად არ მოეთხოვება, გააკეთოს გრძელვადიანი გათვლები, კარგად გაიაზროს თავის ქმედებათა მიზეზშედეგობრივობა. პირიქით, ამ ასაკში ნორმალურია რწმენა "მე არაფერი მომივა", რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, სანამ საფრთხეების უფრო რეალისტურად შეფასებას ისწავლის. უფროსებს ეს უნარი გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული და მათი მოვალეობაა, შვილს თავიანთი დასკვნები გაუზიარონ.


მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ, მშობლები, მეგობრისგან გასხვავებით, პასუხს ვაგებთ ჩვენი შვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. თუ გაპარვის შემდეგ მას რამე მოუვიდა, მაგალითად, დაიკარგა, ვინ დარეკავს პოლიციაში? ვინ მისცემს ჩვენებებს, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს? ვინ დარეკავს სასწრაფოში, თუ გოგონა სიბნელეში წაიქცა და ფეხი მოიტეხა? ვინ გადაიხდის მკურნალობის ხარჯებს? თუ გოგონა დაორსულდა, ვინ ამოუდგება მხარში, ვინ დაეხმარება ამ პროცესის გავლაში? რა თქმა უნდა, მშობელი. მის თანატოლ მეგობარს არც ამ რისკებზე ფიქრი მოეთხოვება და არც მათზე რეაგირება ევალება. მეგობრის როლი სწორედ ის გახლავთ, მაქსიმალურად ემპათიურად გაუგოს გოგონას იქ, სადაც მშობელს მისი არ ესმის, უბრალოდ იმიტომ, რომ მშობელი 15 წლის არ არის და თავად ალბათ აღარასოდეს გაიპარება ღამით შეყვარებულის სანახავად. ამიტომ მოზარდს ცხოვრებაში ორივე ფიგურა სჭირდება: ისიც, ვისაც ესმის, რომ ღამით შეყვარებულის სანახავად გაპარვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა დედამიწის ზურგზე და ისიც, ვინც ამას შეეწინააღმდეგება.


სიტუაცია 2. 15 წლის ბიჭი გადაწყვეტს, სკოლას თავი დაანებოს, რადგან მსახიობობაზე ოცნებობს, ამისთვის კი გეოგრაფიის და ალგებრის სწავლა სულ არ სჭირდება.
მისი თანატოლი მეგობრის ადეკვატური რეაქცია: "რა დროს სწავლაა! რაც გულით გინდა, ის უნდა გააკეთო!"
მშობლის ადეკვატური რეაქცია: "ვხედავ, რომ მსახიობობა მართლა გინდა, მაგრამ თუ სკოლა არ დაამთავრე, ყველა გზას მოიჭრი. ვერც თეატრალურში ჩააბარებ და საერთოდ უპროფესიოდ დარჩები. პროფესიულ კოლეჯში ჩასაბარებლადაც კი რვა კლასის ატესტატს მოითხოვენ. თუ მსახიობობა გადაიფიქრე, სხვას ვეღარაფერს მოჰკიდებ ხელს, მაგრამ თუნდაც აიხდინო ოცნება – სანამ ცნობილი და აღიარებული მსახიობი გახდები, საიდან გექნება შემოსავალი?"


ჩვენ, უფროსებს, თავად გამოგვიცდია საარსებო წყაროს მოპოვების სირთულეები. საკუთარ და სხვების მაგალითზე ვიცით, რომ მინიმალური განათლება ის ბაზისია, ურომლისოდაც ადამიანი ვერც ერთ პროფესიას ვერ დაეუფლება და დასაქმებაც საშინლად გაუძნელდება. ისიც ვიცით, რომ მხოლოდ აკადემიური ცოდნა არაფერს იძლევა, რომ ცხოვრებაში ყველაზე უკეთ ის გამოგდის, რაც მართლა გვიყვარს. მოუხედავად იმისა, რომ მოზარდის პროფესიულ არჩევანში უხეში ჩარევა გამართლებული არ არის, არც იმის უფლება გვაქვს, შვილი სამყაროში აბსოლუტურად მოუმზადებელი გავუშვათ. ჩვენ გვევალება, განსაზღვრული მარაგი შევუქმნათ, რომ შემდეგ თავად გაიკვალოს გზა.
მეორე მხრივ, სწორედაც თანატოლმა უნდა უთხრას, რომ ალგებრა "დებილობაა" და ურჩიოს, ოცნებებს მიჰყვეს. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ მისი განცდები ვიღაცისთვის ბუნებრივია, რომ ვიღაცას ისევე სძულს ალგებრა, როგორც მას. ეს მშობელი ვერ იქნება – მშობელი საერთოდ არ სწავლობს ალგებრას და, აბა, რას გაიგებს! და როდესაც ჩვენ ვხდებით მარეგულირებელი, თანატოლ მეგობარს ეძლევა თავისუფლება, იყოს მეგობარი და არა უფროსი, რადგან არავის უყვარს ჭკუის დამრიგებელი და ნოტაციების წამკითხველი თანატოლი.

  • თუ მეგობარი არა, ვინ – დიქტატორი?

ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები მკაცრები და მომთხოვნები ვიყოთ, არ მივცეთ შვილებს გართობის უფლება, არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როდესაც შვილი თანატოლად აღგვიქვამს ან ჩვენ აღვიქვამთ მას თანატოლად.
ფსიქოლოგებში გავრცელებულია თეორიის თანახმად, არსებობს აღზრდის ოთხი ძირითადი სტილი: ავტორიტარული, ლიბერალური, გულგრილი და ავტორიტეტული. ასეთ დაპირისპირებებში ჩვენ მხოლოდ ორს განვიხილავთ – ავტორიტარულს და ლიბერალურს.

  • აღზრდის ავტორიტარული სტილი

ავტორიტარული სტილი სწორედ იმ დიქტატურას აღწერს, რომელსაც 20-30 წლის წინ ბევრი მშობელი მისდევდა. ის გულისხმობს უფროსების მიერ უაპელაციო წესების (უფრო კანონების) დამკვიდრებას, ბავშის მიერ უფროსებთან აზრის გამოხატვის შეუძლებლობას, ბავშვის სურვილების უგულებელყოფას. ასეთ გარემოში აღზრდილ ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლად ცხოვრება, მშობლებისთვის არამოსაწონი ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის უფრო ადეკვატური იყოს მოცემულ სიტუაციაში, ვიდრე მშობლების მიერ ძალით ჩანერგილი პრინციპები. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ მოზარდი ისე აუჯანყდეს ავტორიტარულ მშობლებს, საერთოდ აღარ გაითვალისწინოს მათი აზრი, რაც შეიძლება მალე გამოეყოს მათ და მთელი ცხოვრება თავისი დამოუკიდებლობა ამტკიცოს.

  • აღზრდის ლიბერალური სტილი

ამ დროს მშობლები მხოლოდ ბავშვის სურვილებსა და აზრებზე არიან ორიენტირებულნი, არ ითვალისწინებენ არც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას და არც გარემოს მოთხოვნებს. ასეთი მშობლები ბავშვს ართმევენ საშუალებას, იცხოვრონ წინასწარმეტყველებად, გასაგებ გარემოში, სადაც მას არ მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება და არ დააწვება პასუხისმგებლობის წნეხი იმ ასაკში, როდესაც ამ ყველაფრის ტვირთვა არც შეუძლია და არც მოეთხოვება. ასეთ გარემოში გაზრდილ ბავშვებს უჭირთ გუნდურად მოქმედება, სტრუქტურირებული აქტივობების განხორციელება (თუნდაც სწავლა ან მუშაობა) და, საზოგადოდ, არ გააჩნიათ იმის განცდა, რომ სამყარო სანდოა, გასაგებია და მათი საქციელი სხვებზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ასეთი ბავშვები შესაძლოა გაიზარდონ დათრგუნულ ადამიანებად, რომლებიც მეტისმეტად ბევრს მოითხოვენ საკუთარი თავისგან. ისინი გამუდებით ცდილობენ, ვინმე გადაარჩინონ, იყვნენ ვინმეს მშობლები, რადგან მაშინ, როდესაც ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ, მშობლები მათ თანატოლებად აღიქვამდნენ და, შესაბამისად, ბავშვობა არ ჰქონიათ.

  • აღზრდის გულგრილი სტილი

ლიბერალური სტილისგან გასხვავებით, გულგრილი მშობლის შვილს შეუძლია სამყაროში მომხდარის წინასწარმეტყველება, თუმცა მხოლოდ ცუდს მოელის. აღზრდის გულგრილი სტილი გულისხმობს, რომ ბავშვს არც მკაცრი, არც ლმობიერი, არც მოსიყვარულე, არც დომინანტი, მოკლედ, არანაირი მშობელი არ ყავს. ის ცხოვრობს ოჯახის წევრთან, რომლისთვისაც მისი ყოველგვარი ქცევა სულერთია. ასეთი ბავშვები თავდაჯერებას მოკლებულები იზრდებიან, არ იციან, როგორ ააგონ ურთერთობები სხვებთან, მუდამ საფრთხეს ელიან და უკიდეგანო მარტოსულობას განიცდიან.

  • აღზრდის ავტორიტეტული სტილი

აღზრდის ავტორიტეტული სტილი ნიშნავს ბავშვსთან ერთად წესების შემუშავებას, მათი დაცვისას წაქეზებას, მათი დარღვევისას შეთანხმებული შედეგების უზრუნველყოფას. ეს ნიშნავს, რომ მშობელი, საზოგადოდ, მხარდამჭერია, არ ახშობს ბავშვის ინიციატივას, აძლევს სივრცეს კრეატიულობისთვის, მაგრამ ერევა, როდესაც შვილს საფრთხე ემუქრება. მისთვის გადამწყვეტია არა ის, რას იფიქრებს მასზე შვილი, არამედ – რომელი გადაწყვეტილება წაადგება ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად და შვილის საუკეთესო ინტერესების დასახავად მზადაა, მისი ნეგატიური რეაქციაც კი აიტანოს. ამავე დროს, შვილმა იცის, რომ რაც უნდა მოხდეს, მშობელი ყოველთვის გვერდით ეყოლება; ესმის, რომ "ცუდი" კი არ არის, არამედ ხანდახან მიუღებლად იქცევა და რომ მის ყოველ მცდელობას, ყოველ წარმატებას მშობელი დააფასებს.
ასეთი ბავშვები ადვილად ახერხებენ მშობლებისგან გამოცალკევებას, უკეთ ფუნქციონირებენ სამყაროში და ზრდასრულ ასაკში გაცილებით მეტად მეგობრობენ მშობლებთან.

  • დაბოლოს

ბავშვები იზრდებიან, საკუთარ ადგილს იმკვიდრებენ სამყაროში და მიდიან. ეს არის ცხოვრების ბუნებრივი ციკლი. კი, დგება ის ოქროს პერიოდიც, როდესაც ბავშვი საკმაოდ დიდია, ხოლო მშობელი – საკმაოდ ახალგაზრდა საიმისოდ, რომ საკითხების უმეტესობაში, სრული დამთხვევა თუ არა, ურთიერთგაგება მაინც არსებობდეს, მაგრამ ჩვენმა შვილმა თავად უნდა გაიკვალოს გზა ცხოვრებაში. ამ გზამ ის შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც კი წაიყვანოს და მისი მომავალი ჩვენზე დარდს არ უნდა გადაჰყვეს. არც ჩვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის არის სასარგებლო ის ეგზისტენციური სიცარიელე, რომელიც ბავშვზე მიჯაჭვულ მშობელს უჩნდება, როდესაც ზრდასრული შვილი ტოვებს მას და საკუთარ, განცალკევებულ ოჯახს ქმნის.
თუ ჩვენ მშობლები ვიქნებით და არა საუკეთესო მეგობრები, ბავშვს ნამდვილი ბავშვობა ექნება და არა "დაბერებული". მისი ასაკის მიხედვით ჩვენი როლიც იცვლება: ხან მასაზრდოებლები ვართ, ხან – ხელის მომკიდებლები, ხან – განმანათლებლები, ხან – მეგზურები, ხან – მხარდამჭერები, ხან – საზღვრების დამწესებლები და ხანაც "ქოუჩები". ბოლოს კი, როდესაც ბავშვი იზრდება და საკუთარ თავზე პასუხისმგებელი ხდება, ჩვენ ვაგებთ ურთიერთობას უკვე ზრდასრულ პიროვნებასთან, რომელსაც უკვე პირდაპირი გაგებით აღარ ვჭირდებით, მაგრამ ძალიან ვუყვარვართ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: