რევანდი – ტკბილისა და მჟავის გემრიელი კომბინაცია

გააზიარე:

თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ რევანდის კომპოტი ნაღებით, ის უთუოდ თქვენი საყვარელი სასმელების სიაში მოხვდებოდა. მის მოსამზადებლად კი საკმარისია, სახლში რევანდი გქოდეთ. ჰოდა, თუ მებაღეობა გიტაცებთ, ბაღში რევანდის გახარებას წინ არაფერი უდგას. თუ ბაღი არ გაქვთ, აივანზე ან ტერასაზეც შეგიძლიათ მისი მოყვანა. ასე ორმაგად ისარგებლებთ, რადგან რევანდი გემრიელთან ერთად ლამაზიც არის და გარემოს ძალიან დაამშვენებს. მისი მოყვანისა და მოვლის თავისებურებებს კი ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

რევანდი წიწიბურასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საკვებად მისი ფოთლების ძლიერ განვითარებულ ყუნწებს იყენებენ. დარგვიდან ათი წლის განმავლობაში ვიტამინებით მდიდარი, ჯანსაღი რევანდი თავისი მოტკბო-მომჟავო გემოთი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს თქვენს სამზარეულოს.
რევანდის სამშობლო ჩინეთია. მისი ფესვისგან მომზადებულ ესენციას დღესაც იყენებენ სამკურნალოდ ჩინელები. ის წმენდს და იცავს ნაწლავურ ფლორას.
მიუხედავად იმისა, რომ რევანდს კულინარიაში უმთავრესად ტკბილი სასმელებისა და საჭმელებისთვის იყენებენ, ის ბოსტნეულია. მის ღირსებათა ჩამონათვალი კი ძალიან გრძელია.

  • სასარგებლო ბოსტნეული

მაინც რა სასარგებლო ნივთიერებები იმალება რევანდის წვნიან ყუნწში?
რევანდი დაბალკალორიული ბოსტნეულია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება 20 კილოკალორიას არ აღემატება. ამავე დროს, ის რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმისა და ფოსფორის მდიდარი წყაროა. მასში ბევრია C, A, B1, B2, B3 ვიტამინები და უჯრედისიც.
მომჟავო გემოს რევანდს ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა და მჟაუნმჟავა აძლევს, ეს უკანასკნელი კი დიდი რაოდენობით მომწამვლელია. მჟაუნმჟავა უხვადაა რევანდის ფოთლებში, ამიტომ ისინი არ იჭმევა. ყუნწებიც აუცილებლად უნდა მოიხარშოთ – უმად ჭამა საშიშია.
რევანდი აძლიერებს იმუნიტეტს, შველის ყაბზობას, უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კარგია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის მოშორება სურს. მასში შემავალი ვიტამინები მნიშვნელოვანია კანის სიჯანსაღისთვის.
თუ ვინმეს თირკმელი ან ნაღვლის ბუშტი აწუხებს, რკინისა და კალციუმის ნაკლებობა აქვს, რევმატიზმით ან ართრიტით არის დაავადებული, უმჯობესია რევანდს ერიდოს – მჟაუნმჟავა მისთვის მავნებელია.

  • ადგილი და ნიადაგი

რევანდი კარგად ხარობს ჰუმუსითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ, ტენიან ალუვიურ ნიადაგში. მისთვის იდეალური PH 5,6-7,5-ია. უყვარს მზიანი ადგილი. მის მოსავალს ჩრდილში ან ნახევრად ჩრდილშიც მოიყვანთ, თუმცა ღეროები შედარებით წვრილი იქნება.
ბაღში თუ აივანზე რევანდს მზიანი, ქარისგან დაცული ადგილი შეურჩიეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ არ უყვარს დამდგარი წყალი.
აჯობებს, თუ რევანდს კომპოსტის ან გადამწვარი ნაკელის გროვის ახლოს დარგავთ – უფრო მსხვილ და წვნიან ღეროებს გაიკეთებს.

  • დარგვა`დათესვა

რევანდი დაახლოებით 8-10 წელი იძლევა მოსავალს. ის თესლით`ჩითილით და ვეგეტატიურად მრავლდება. მისი თესლი შეგიძლიათ ინტერნეტით შეუკვეთოთ, თუმცა ძლიერ მცენარედ მისი ქცევა არც ისე ადვილია – ბევრ დროსაც მოითხოვს და მოსავალსაც ერთი წლით გვიან მიიღებთ. თუ საამისო არც დრო გაქვთ და არც ხალისი, გიჯობთ, ჩითილი შეიძინოთ. თუმცა ბევრ ამბიციურ მებაღეს ჩითილი მაინც თვითონ გამოჰყავს.
ვეგეტატიური გამრავლებისას 4-5, მაქსიმუმ 7-8 წლის კარგი ხარისხის ფესურას არჩევენ. თუ ქოთანში ახარებენ – 1-2 წლისას. ეს ოპერაცია მარტში ან ოქტომბერში ტარდება. ფესურა მიწიდან ფრთხილად, დაუზიანებლად ამოიღეთ, მიწა მოაცილეთ და კარგი მჭრელი დანით 200-250-გრამიან ნაჭრებად დაჭერით, ისე, რომ თითოეულ მათგანს ერთი ან ორი კარგად განვითარებული კვირტი ჰქონდეს. ერთი დღე ჰაერზე დააწყვეთ, რომ გადაჭრილი ადგილები გაშრეს, – ეს მცენარეს დაავადებებისგან დაიცავს, – მერე კი ტენიან ნიადაგში ჩარგეთ.
რევანდის დარგვამდე ნიადაგი შესაბამისად მოამზადეთ. ვინაიდან რევანდი ფესვს ღრმად იდგამს, მიწაც ღრმად (ორი ბარის სიღრმეზე) დაბარეთ, ქვებისგან, ფესვებისგან, დიდი ბოლქვებისგან გაასუფთავეთ და ორგანული სასუქით გაანოყივრეთ. მერე ორი კვირა დაასვენეთ, რომ საკვები ნივთიერებები ნიადაგში თანაბრად განაწილდეს.


რევანდს ადრე შემოდგომაზე ან გვიან გაზაფხულზე რგავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩითილის კვირტები შეკრული იყოს და ამონაყარი არ ჰქონდეს.
ჩასარგავი ორმოს ოპტიმალური სიღრმე 40-50 სმ-ია. 2-3 სმ-ზე ჩაყარეთ ბოსტნის მიწის, ქვიშისა და ნახევრად თიხნარი ნიადაგის ნარევი და ზემოდან დამწვარი ნაკელი ან კომპოსტი მოაყარეთ. ახალგაზრდა მცენარე ჯერ წყალში ჩადეთ, ისე, რომ ფესვები მთლიანად დაიფაროს, მერე ღრმად ჩაფალით მიწაში, ისე, რომ მხოლოდ კვირტი უჩანდეს. მიწა კარგად დატკეპნეთ და ბოლოს უხვად მორწყეთ. თუ ზემოდან მერქნის მულჩსაც მოაყრით კომპოსტთან ერთად, ნიადაგში ტენს დიდი ხნით შეინარჩუნებთ და მცენარეს სარეველებისგანაც დაიცავთ.
რევანდის ძირები ერთმანეთს თითო მეტრით დააშორეთ. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად რომ მოძლიერდეს, რევანდს განსავითარებლად ადგილი სჭირდება. თუმცა ზოგიერთი ჯიში, მაგალითად, წითელყუნწებიანი Holsteiner Blut-ი, შედარებით ნაკლებ ადგილს მოითხოვს, ვიდრე მწვანეყუნწებიანი Sutton.


რევანდისთვის საუკეთესო წინამორბედებია ლობიო, ბარდა, სალათა, ისპანახი, კოლრაბი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი, კიტრი, ყაბაყი, კარტოფილი.
თუ ბაღი არ გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ, რევანდი აივანზე ან ტერასაზე გაახაროთ, ოღონდ ამისთვის დახლოებით 40-ლიტრიანი ქოთანი დაგჭირდებათ. ქოთანს ძირი დაჩვრეტილი უნდა ჰქონდეს, რომ წყალი გარეთ გამოვიდეს. წყლის ჩადგომის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ქოთნის ფსკერზე ძირზე 5-8 სმ სისქის დრენაჟის ფენა დააგოთ. დრენაჟისთვის თიხის ნატეხები, მსხვილი ხრეში და კერამზიტი გამოგადგებათ. ზემოდან ბადე ან წყალგამტარი საფენი გადააფარეთ, რომ დროთა განმავლობაში მიწა არ შეერიოს. შემდეგ რევანდისთვის საგანგებოდ შერჩეული ნიადაგი დააყარეთ. ჩითილი ქოთანში იმავე წესით ჩარგეთ, რომლითაც ღია გრუნტში და მზიან, ქარისგან დაცულ ადგილას დადგით. ქოთნისთვის, ჯობს, წითელყუნწიანი ჯიშები შეარჩიოთ, რადგან არც მეტისმეტად დიდი იზრდება და უფრო მოტკბო გემოც აქვს, ვიდრე მწვანეს.

  • მორწყვა

კარგი მოსავალი რომ მიიღოთ, ნიადაგში ტენი უნდა შეინარჩუნოთ. ფესვს, სანამ კარგად არ მოძლიერდება, ყოველდღე სჭირდება მორწყვა. ასე რომ, დარგვიდან პირველი 2-4 კვირა ნიადაგი არ გამოაშროთ, წყალი ყოველ დილა-საღამოს დაუსხით, მოგვიანებით კი შეიძლება, მხოლოდ მაშინ მორწყოთ, როცა შეამჩნევთ, რომ მიწის ზედაპირი გამოშრა. პატარა წვიმამ მიწა შესაძლოა ვერც კი დაასველოს, რადგან რევანდს უზარმაზარი ფოთლები ქოლგასავით ახურავს, ამიტომ შესაძლოა წვიმიან ამინდშიც მოგიწიოთ მორწყვა.
ქოთანშიც ყოველდღიურად მორწყეთ, იმდენი წყალი დაასხით, სანამ ქოთნის ძირიდან არ გამოვა. მებაღეები მოსავლის აღების შემდეგ აღარ რწყავენ რევანდს, რომ მცენარემ ძალები აღიდგინოს.

  • განოყიერება

რევანდს განვითარებისთვის დიდი რაოდენობით სჭირდება საკვები ნივთიერებები, ნიადაგში, თუნდაც ნაყიდ, სპეციალურ საბოსტნე მიწაში არსებული არასოდეს ჰყოფნის, ამიტომ განოყიერება რამდენჯერმე მოგიწევთ.
თუ ბიოპროდუქტის მოყვანას აპირებთ, მინერალურ სასუქს ერიდეთ. თუ რევანდს ორგანული სასუქით სწორად და თანმიმდევრულად გამოკვებავთ, მოსავალიც კარგი გექნებათ.
დარგვამდე ერთ კვადრატულ მეტრ მიწას სამი ლიტრი კომპოსტი დააყარეთ. დარგვის შემდეგ ივნისის ბოლომდე 4 კვირაში ერთხელ ნარგავები კომპოსტით, დამწვარი ნაკელით, მცენარეების, მაგალითად, ჭინჭრის ან ლაშქარას ნაყენით გაანოყიერეთ. თუ ქოთანში ზრდით, ჭინჭრის ან ლაშქარას ნაყენი 2-3 კვირაში ერთხელ მოასხით. რევანდს განოყიერება მოსავლის აღების შემდეგაც სჭირდება – სექტემბრამდე, რადგან მან უნდა გამოიზამთროს და მომავალი სეზონისთვის მეტად განვითარდეს. ივლისსა და აგვისტოში 3-5 ლიტრი კომპოსტი ან მისი მსგავსი ორგანული სასუქი – დამწვარი ნაკელი, მცენარეების ნაყენი, რქებისა და ძვლების ფხვნილი მიაშველეთ.


გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე დამჭკნარი ფოთლები და ღეროები მჭრელი, უმჯობესია დეზინფიცირებული დანით გადაჭერით მიწასთან ახლოს. გადაჭრის ადგილი ლპობისა და დაავადებისგან რომ დაიცვათ, დაფხვნილი ხის ნახშირი მოაყარეთ. თუ დამჭკნარ ღეროებს ხელით მოაცილებთ, შესაძლოა, მცენარე ადვილად დაავადდეს.
აყვავებული რევანდი ძალიან ალამაზებს გარემოს, მაგრამ იმისთვის, რომ მცენარემ მთელი თავისი ენერგია მსხვილი, წვნიანი ღეროების განვითარებას მოახმაროს, მებაღეები ყვავილედს ყუნწში აწყვეტენ.

  • გამოზამთრება

რევანდი ყინვაგამძლე მცენარეა. თუ მისი ფესვები ზამთრისთვის უკვე კარგად არის განვითარებული, ყინვისგან დაცვის საშუალებებზე ფიქრი აღარ მოგიწევთ. დარგვიდან პირველ წელს, გირჩევთ, ამონაყარს ფოთლების ან თივის ფენა გადააფაროთ, რომ ყინვამ არ დააზროს, ხოლო თუ ზამთარში მზიანი ამინდები დიდხანს გაგრძელდა, რევანდი მორწყვასაც მოითხოვს.
ქოთნის რევანდი ყინვამ შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს, ამიტომ დიდი ყინვების დროს უმჯობესია შეფუთოთ, თივა გადააფაროთ ან დახურულ სივრცეში შეიტანოთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ რევანდი სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგ ამინდში საფარი მოაცილოთ, ქოთანი კი ქარისგან დაცულ ადგილას, უმჯობესია, ხის დაფაზე დადგათ. თუ ქოთანს წვიმა და თოვლი არ ხვდება, მისი მორწყვა დაგჭირდებათ.

  • დაავადებები

სხვა კულტურებისგან განსხვავებით, რევანდს არც ისე ბევრი მავნებელი ემტერება. თუ მუხლუხო, ფოთლის ჭია შეესია, მოსავალს ბევრს ვერაფერს დააკლებს.
თუ რევანდისთვის ნიადაგის სტრუქტურა არც ისე ოპტიმალურია, მას შესაძლოა ფესვი დაუავადდეს. ამას მოსავლის აღების შემდეგ შეამჩნევთ.
ყველაზე რთულია ვირუსებით ან ნემატოდებით გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლა. ამ დროს ჯობია, მცენარე მთლიანად ამოთხაროთ და 5-7 წელი მაინც აღარ დარგოთ იმავე ადგილას.

  • ჯიშები

რევანდის ჯიშები ერთმანეთისგან ყუნწის ფერითა და სისქით განსხვავდება. არსებობს მწვანეყუნწიანი და წითელყუნწიანი ჯიშები. წითელყუნწიანები უფრო არომატულია და შედარებით მოტკბო, მწვანეყუნწიანებს კი, რომლებიც ძალიან დიდი იზრდება და მოსავალსაც უხვად იძლევა, მჟავე გემო აქვს. მათში შედარებით მეტია მჟაუნმჟავა, რაც მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის არასასურველია. შესაძლოა, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს და თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნასაც შეუწყოს ხელი.
რევანდის ყველაზე პოპულარული სახეობებია:


Elimsbitz – გამოირჩევა ნაკლები მჟავიანობით, უფრო ძლიერი არომატით და მჟაუნმჟავას მცირე შემცველობით.
Goliath – იზრდება ძალიან დიდი. აქვს წითელი, ძლიერი ღეროები მწვანე შიგთავსით ან რბილობით. საშუალოდ მჟავეა და გემოც მეტად რბილი აქვს.
Rosara – გარედან წითელია, ხოლო შიგნიდან – მწვანე. აქვს ძალიან გრძელი ყუნწები და მოტკბო გემო.
Frambozen Rood – წითელყუნწიან და მწვანერბილობიან სახეობას მარწყვისა და ჟოლოს რევანდსაც უწოდებენ. მას სიტკბოც და სიმჟავეც თანაბრად აქვს და მისგან მრავალნაირი კერძისა თუ დესერტის მომზადება შეიძლება.

მწვანეყუნწიანი ჯიშები უმჯობესია გათალოთ, ხოლო წითელყუნწიანის გათლა აუცილებელი არ არის. თუ უხეში ნაწილი შეამჩნიეთ, აუცილებლად მოაჭერით.

  • მოსავლის აღება

თუ რევანდი ბაღში მოგყავთ, უმჯობესია, მოსავალი მეორე წლიდან აიღოთ. რევანდის მოსავლის აღება აპრილში იწყება და ივნისის ბოლოს მთავრდება. მერე მცენარემ უნდა დაისვენოს და მომავალი სეზონისთვის ძალ-ღონე აღიდგინოს. გაზაფხულის ცივ დღეებში დამწიფება რომ დააჩქაროთ, ნარგავებს ცელოფანი გადააფარეთ, რადგან რევანდი სითბოში მალე მწიფდება, მაგრამ ცელოფანგადაფარებული დიდხანს არ დატოვოთ, რადგან, როგორც გითხარით, სინათლის მოყვარულია. თუ ფოთლის ყუნწი სწორი და მტკიცეა და არა დატალღული, ესე იგი რევანდი უკვე მზად არის მოსაკრეფად. ყუნწი უმჯობესია ხელით მოწყვიტოთ მიწასთან ახლოს და არა დანით მოჭრათ.
ეცადეთ, რევანდი 24 ივნისის შემდეგ აღარ მოკრიფოთ, რადგან რაც უფრო მწიფდება, მით უფრო იმატებს მასში მჟაუნმჟავა, რომელიც, როგორც გითხარით, მავნეა. 24 ივნისამდე მოკრეფილში კი მჟაუნმჟავას რაოდენობა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

  • როგორ შევინახოთ

თუ რევანდს კარგად გაწურულ ტილოში შეახვევთ, მაცივარში რამდენიმე დღე გაძლებს. შეგიძლიათ, პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრათ და გაყინოთ.

  • სამზარეულოში

ახალდაკრეფილი რევანდის ყუნწები მაგარი და პრილა უნდა იყოს, ხოლო გადაჭრის ადგილებზე სისველე იგრძნობოდეს. როგორც გითხარით, რევანდისა მხოლოდ ფოთლის ყუნწები იჭმევა. მათგან ძირითადად კომპოტებს და ნამცხვრებს ამზადებენ, თუმცა რევანდი ბოსტნეულის ცხელ კერძებსაც აგემრიელებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: