შუნტირება – დამატებითი გზა გულის გადასარჩენად

გააზიარე:

რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გულის ოპერაცია თითქმის ბანალურ სამედიცინო მანიპულაციად იქცეოდა. დღეს გულის ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული დარგია. ოპერაციები ტარდება მომუშავე და გაჩერებულ გულზე, ჩვილებსა და მოზრდილებთან, თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დროს, ასწორებენ სარქვლის დეფექტებს თუ გულის რიტმს... თუმცა ქირურგიულ ჩარევას ყველაზე ხშირად მაინც გულის კორონარული დავადების დროს მიმართავენ – დაავადებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება.

კორონარებში, გულის მკვებავ არტერიებში, ჩალაგებული ათეროსკლეროზული ფოლაქები სადინარს ავიწროებს. გულს ნაკლები სისხლი მიეწოდება, რასაც საბოლოოდ გულის შეტევამდე და ინფარქტამდე მივყავართ. დახშული არტერიების გახსნა სპეციალური სტენტის ჩადგმითაა შესაძლებელი, უფრო მძიმე შემთხვევებში კი გულის სისხლით მომარაგების აღსადგენად სისხლძარღვებს დამატებით, შემოვლით გზებს უქმნიან. სწორედ ეს არის შუნტირება, რომლის შესახებაც კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი გვესაუბრება.

– ათეროსკლეროზული დაავადება, იგივე გულის იშემიური დაავადება ან გულის კორონარული დაავადება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, შუნტირებაც ხშირად ტარდება. კორონარის დახშობის მიზეზი სისხლძარღვის კედელში ჩამჯდარი ათეროსკლეროზული ფოლაქია. ის შეიძლება გამკვრივდეს ან, პირიქით, დასკდეს და დაიშალოს. გამკვრივებული ფოლაქი უფრო მეტად ავიწროებს სისხლძარღვს და ამცირებს სისხლის ნაკადს, რასაც გულმკერდის ტკივილსა და დისკომფორტთან მივყავართ, ხოლო თუ ფოლაქი დაიშალა, მის ზედაპირზე შესაძლოა თრომბი წარმოიქმნას. დიდი თრომბი ძალიან მალე ბლოკავს კორონარის სანათურს. გულის შეტევის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ სისხლძარღვის თრომბით გადაკეტვაა.
თუ დაბლოკილი სისხლძარღვის გამტარობის აღდგენა სხვა გზით შეუძლებელია, ავადმყოფის გადარჩენის ერთადერთი გზა შუნტირებაა.

ტექნიკური ასპექტები

  • – როგორ ტარდება შუნტირების ოპერაცია?

– შუნტირების ტრადიციული მეთოდით ჩატარებისას გულს აჩერებენ და პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე გადაჰყავთ, სისხლის შემოვლითი გზის შესაქმნელად კი მისი ფეხიდან აღებულ ვენის ფრაგმენტებს იყენებენ. არსებობს უფრო თანამედროვე მიდგომაც: ოპერაცია მომუშავე გულზე ტარდება, ხოლო შუნტებად იყენებენ არტერიებს. ისიც შეიძლება, მკერდის ძვალი არ გაიხსნას და ოპერაცია ჩატარდეს მინიინვაზიური მეთოდით, ნეკნებს შორის გავლებული განაკვეთებიდან, რომელთა სიგრძე 5-8 სანტიმეტრს არ აღემატება, მაშინ, როდესაც ტრადიციული მეთოდით ჩატარებული შუნტირების შემთხვევაში განაკვეთის სიგრძე 15-20 სანტიმეტრს აღწევს.
თანამედროვე მეთოდები, რასაკვირველია, ნაკლებად ტრავმულია, თუმცა, კორონარების მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დამზოგველი ოპერაციის ჩატარება ყოველთვის ვერ ხერხდება.
ოპერაცია საშუალოდ 3-6 საათს გრძელდება. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დახშული კორონარებისა და გასაკეთებელი შუნტების რაოდენობაზე, რომელიც ერთიდან რვამდე მერყეობდს. ოპერაცია ზოგადი ნარკოზის თანხლებით ტარდება.

  • – რით განსხვავდება ერთმანეთისგან ვენური და არტერიული შუნტები? საიდან იღებენ არტერიულ შუნტს?

– ვენური შუნტირების დროს ვენას ერთი ან ორივე ფეხიდან იღებენ. აქ წნევა უფრო დაბალია, ვიდრე არტერიაში, შესაბამისად, როცა ვენას არტერიულ პოზიციაში ვაყენებთ, ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ხდება. თანამედროვე მეთოდით ანუ სრული არტერიული შუნტირებით ჩატარებული ოპერაციის დროს ხდება მხოლოდ გულმკერდის შიგნითა არტერიების მობილიზება, ფეხიდან ვენის აღება აღარ არის საჭირო. არტერია უფრო მეტხანს ინარჩუნებს სიცოცხლეს, ამიტომ ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაცია ძალიან ეფექტურია. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც უფრო ხანმოკლეა და არც ფეხზე კეთდება დამატებითი ჭრილობები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაში შუნტად გამოყენებულ გულმკერდის არტერიებს პირდაპირ გულზე ვაკერებთ, ვენური შუნტირებისგან განსხვავებით, აორტას არ ვეხებით, რაც თავიდან გვაცილებს მომავალ ნევროლოგიურ გართულებებს.

  • – რა სირთულეებს აწყდებით მომუშავე გულზე ოპერაციის ჩატარებისას?

– ჩვენი გუნდი ოპერაციებს უმთავრესად მომუშავე გულზე ატარებს, რაც პაციენტისთვის ნაკლებსარისკოა, მაგრამ იშვიათად ხდება ისეც, რომ გულის რთული ანატომიური მდებარეობისა და არსებული დაზიანებების გამო აუცილებელია მისი გაჩერება. მომუშავე გულზე ოპერაციის ჩატარებას, პრაქტიკულად, არავითარი სირთულე არ ახლავს თან. ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტი ადვილად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

  • – რა რისკებს წარმოშობს ოპერაცია?

– ისევე როგორც ყველა სხვა ოპერაციის დროს, შუნტირების შემთხვევაშიც მოსალოდნელია ჭრილობის ინფიცირება, სისხლდენა, ცხელება, ტკივილი, გულის შეტევა, ინსულტი და სიკვდილიც კი, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ იშვიათია.

ვემზადებით ოპერაციისთვის

  • – როგორ ადგენთ, ვის სჭირდება შუნტრება?

– შუნტირება მას უტარდება, ვისაც გულის კორონარული დაავადების მძიმე ფორმა აქვს და გულის შეტევის მაღალი რისკი ემუქრება. ოპერაცია ასევე ტარდება უშუალოდ შეტევის დროს ან მის შემდეგაც.
გულის კორონარული დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტმა ჯერ უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, ჩაიტაროს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხოლო გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონარების ანგოიოპლასტიკა (სტენტირება) უშედეგო იქნება, რადგან დაბლოკილია მსხვილი კორონარები და ეს უკვე აისახება გულის მუშაობის ხარისხზე, ექიმი პაციენტს შუნტირებას ურჩევს.
ვიდრე ოპერაციას გადაწყვეტდეს, ექიმი აფასებს გულის კორონარული დაავადების სიმპტომების სიმწვავეს, კორონარის დახშობის ადგილს და ხარისხს, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას, ასაკს, საერთო მდგომარეობას, ჩატარებულ მკურნალობას, ცხოვრების წესს, სხვა სამედიცინო პრობლემებს. ეყრდნობა ელექტრკარდიოგრაფიას, ექოკარდიოგრაფიას, გულის დატვირთვის ტესტებს, კორონაროგრაფიას...
თუ პაციენტს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, იმავე დღეს მოათავსებენ ჰოსპიტალში და დაიწყებენ წინასაოპერაციო სამზადისს. გეგმური ოპერაცია რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ ტარდება. მომზადება ითვალისწინებს სხვადასხვა წამლის მიღებას თუ პროცედურის ჩატარებას. პაციენტს ვურჩევთ, ამ პერიოდში არ მოსწიოს...

ოპერაციის შემდეგ

  • – რამდენ ხანში ეწერება ნაოპერაციები პაციენტი კლინიკიდან და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს მან?

– რეაბილიტაციის პირველ ეტაპს პაციენტი, წესისამებრ, ჰოსპიტალში გადის და ხშირად მეშვიდე დღეს ეწერება სახლში, სადაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს ის საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ უბრუნდება.
ოპერაციის შემდეგ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება და ის თავადაც მეტ ყურადღებას აქცევს ცხოვრების წესს. კვების რეჟიმის, ნებადართული ფიზიკური აქტივობის და სხვა ასეთი საკითხების შესახებ რეკომენდაციებს ექიმი გასცემს.

  • – საჭიროა თუ არა შუნტირების შემდეგ სისხლის გამათხელებლების ან სხვა წამლების მიღება?

– დიახ, ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მთელი სიცოცხლე იღებს პრეპარატებს, რომლებიც უვნებელია ორგანიზმისთვის. ზოგიერთი წამალი ადამიანს ათეროსკლეროზული დაავადების თავიდან აცილებაში ეხმარება. თავად სისხლის გამათხელებლები კი ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.

  • – რას ელიან ექიმი და პაციენტი ოპერაციისგან?

– შუნტირების ოპერაციის შემდეგ:

  • იწევს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, მცირდება სტენოკარდიისა და გულის იშემიური დაავადების სიმპტომები;
  • ადამიანს უფრო აქტიური ცხოვრების საშუალება ეძლევა;
  • თუ ოპერაციამდე გულის კუნთი ინფარქტის გამო იყო დაზიანებული, უმჯობესდება შეკუმშვის ხარისხი;
  • მცირდება გულის შეტევის რისკი დიაბეტიანებთან;
  • იზრდება პაციენტის გადარჩენის შანსი და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ოპერაციის შემდეგ შესაძლოა სტენოკარდიის სიმპტომებმა ისევ იჩინოს თავი, თუმცა შუნტირებაგადატანილი პაციენტები, წესისამებრ, 10-15 წლის განმავლობაში გულის არეში ტკივილს აღარ უჩივიან. შუნტირების ოპერაცია არ იძლევა გარანტიას, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე დაზღვეული იქნება კორონარების დახშობისგან – შესაძლოა, მანამდე გამტარი კორონარი მოგვიანებით ჩაიკეტოს და ახალი შუნტის გაკეთება გახდეს საჭირო.

სამახსოვრო

  • – რა უნდა ვიცოდეთ, რომ გულის შეტევის ნიშნები არ გამოგვეპაროს? როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

– დისკომფორტი გულმკერდის არეში და ტკივილის გადაცემა მარცხენა ხელში – აი გულის იშემიური დაავადების ძირითადი ნიშნები. მათი გამოვლენისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მივიღოთ სამედიცინო დახმარება და გართულებები, მათ შორის – ინფარქტიც, თავიდან ავიცილოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ არსებობს ატიპური სიმპტომებიც, რომლებსაც პაციენტი შესაძლოა გულს არ უკავშირებდეს, ამიტომ გულის მდგომარეობის შესაფასებლად და, შესაბამისად, ავადმყოფობის პრევენციისთვის ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია კარდიოლოგთან.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: