კაუჩუკი და ალერგია: როდის არ სჯობია ბუნებრივი ხელოვნურს?

გააზიარე:

ერთბაშად ხელები გაგიწითლდათ, აგექავათ... არადა სარეცხ საშუალებას, ჭუჭყსა და მტვერს არ შეხებიხართ. პირიქით, საქმის დაწყებამდე სულ ახალი ბუნებრივი ლატექსის ხელთათმანები ჩაიცვით. რა მოხდა? იქნებ სწორედ ხელთათმანებია თქვენი ჩივილების მიზეზი? დიახ, ეს პრობლემა მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ, ლატექსზე ალერგიას მთელ მსოფლიოში უამრავი ხალხი უჩივის.

  • ხის ცრემლები

ბრაზილიაში ხარობს ხე ჰევეა, რომლის ღეროდან წებოვანი სითხე მოედინება. ბუნებრივი ლატექსის 95%-ს სწორედ ამ ხის წვენის გადამუშავებით იღებენ. კონცენტრირებული ლატექსისგან კაუჩუკს ამზადებენ – ელასტიკურ და დრეკად რეზინს. ამ მასალაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მისი აღმოჩენიდან სულ მალე სინთეზური კაუჩუკიც ჩაეშვა წარმოებაში. თუმცა მანამდე, 1980-იან წლებში, როდესაც მედიკოსებმა აქტიურად დაიწყეს რეზინის სამედიცინო ხელთათმანების გამოყენება, ლატექსის მიმართ ალერგიის პრობლემამ მთელი სიმწვავით იჩინა თავი.
1990-იან წლებში მოხერხდა სინთეზური რეზინის ხელთათმანების გამოშვება, რამაც ლატექსზე ალერგიის შემთხვევები საგრძნობლად გააიშვიათა.

  • სად ვეძებოთ

ლატექსი საყოფაცხოვრებო ხელთათმანებთან ერთად ბევრ სხვა ისეთ ნივთშიც გვხვდება, რომლებსაც კანთან, თვალის ლორწოვანთან, სასაუნთქ გზებთან შეხების შანსი აქვს. ასეთებია ბუშტები, საკანცელარიო რეზინები, კონდომები და საშოს დიაფრაგმები, რეზინის ბურთები, ფეხსაცმლის ძირები, სათამაშოები, საღებავები, იატაკის საფენები, ბავშვის საწოვარები, საწვიმრები, სათბურები, წყლის სათვალეები, კერძები, რომელთა მომზადებისას ლატექსის ხელთათმანები ეკეთათ, სპორტული აღჭურვილობა (მაგალითად, ჩოგნის ტარი), მოტოციკლისა და ველოსიპედის საჭის სახელურები, ჰიგიენური და სხვა საფენები, კომპიუტერის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ღილაკები, წნევის აპარატის მანჟეტი, საშარდე გზების კათეტერი, სტომატოლოგიური იარაღები და სხვა.
ალერგიასთან მიმართებით განსაკუთრებით საყურადღებოა თხელი და ელასტიკური ლატექსის ნაწარმი, მაგალითად, ხელთათმანი, კონდომი, ბუშტი. ალერგენი მათში უფრო მეტია, ვიდრე სქელი კაუჩუკის ნივთებში, მაგალითად, საბურავებში.

  • გაუკუღმართებული მგრძნობელობა

ნებისმიერი ალერგია იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქციის შედეგია. მომატებული მგრძნობელობის გამო იმუნური სისტემა რომელიმე ნივთიერებას მტრად აღიქვამს და მის წინააღმდეგ ანტისხეულებს, კერძოდ, იმუნოგლობულინ E (IGE)-ს გამოიმუშავებს. ასეთ ნივთიერებებს ალერგენებს უწოდებენ. ლატექსისგან წარმოებულ ნივთებში ალერგენად გვევლინება პროტეინი, რომლის გარკვეული რაოდენობა გადამუშავების შემდეგაც რჩება კაუჩუკში. როდესაც კანზე ან სხეულში მოხვედრილი პროტეინი IGE-ს უკავშირდება, ზოგიერთი უჯრედი ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს განაპირობებს. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს სხეულის არაერთ ადგილას: ცხვირში, ფილტვებში, ყელში, სინუსებში, კუჭის ლორწოვან გარსსა და კანზე.

  • ვის ემართება

ლატექსის ნივთებს ყველგან შევხვდებით და მათზე ალერგიის განვითარების ალბათობაც ყველას გვაქვს, თუმცა საფრთხე უმთავრესად მაინც ჯანდაცვასა და რეზინის ნივთების წარმოებაში მომუშავე პირებს ემუქრებათ. მათ შორის, ვინც რეგულარულად იყენებს ლატექსის ხელთათმანებს, ალერგია 8-17%-ს აღენიშნება. სხვადასხვანაირია ალერგიის რისკი სხვადასხვა ბრენდისა და პარტიის ხელთათმანების გამოყენებისას. თივის ცხელების – პოლინოზის – მქონე ყოველი ოთხი მედიცინის მუშაკიდან ერთს ლატექსზე მომატებული მგრძნობელობაც უდასტურდება.
ლატექსზე ალერგიის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან:
* ადამიანები, რომლებსაც ბევრი ოპერაცია ან სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია აქვთ გადატანილი, განსაკუთრებით – ბავშვობაში;
* სპინა ბიფიდას (ხერხემლის განვითარების თანდაყოლილი დეფექტი) მქონე პირები. მათ შორის ლატექსზე ალერგია ხუთიდან სამზე მეტს აღენიშნება;
* ადამიანები, რომლებსაც საკვებზე აქვთ ალერგია.

  • საკვები და ლატექსი

კაუჩუკში შემავალი ზოგიერთი ცილა ძალიან ჰგავს საკვებ ცილებს, ამიტომ მას, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, შესაძლოა ზოგიერთმა საკვებმაც მისცეს ალერგიული რეაქცია, ძირითადად – თხილეულმა და ხილ-ბოსტნეულმა. ყველაზე სახიფათოა:
* ავოკადო;
* ბანანი;
* წაბლი;
* კივი;
* ვაშლი;
* სტაფილო;
* ნიახური;
* პაპაია;
* კარტოფილი;
* პომიდორი;
* ნესვი.
ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლატექსზე ალერგიის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ პროდუქტებს უნდა ერიდოს, რომლებზეც ალერგიას აძლევს. ყველა შესაძლო ალერგენზე უარი რომ ვთქვათ, ორგანიზმი ბევრი აუცილებელი ნივთიერების გარეშე დარჩება.

  • სიმპტომები

ალერგია მრავალნაირად ვლინდება. არც ლატექსზე ალერგიაა გამონაკლისი. მან შესაძლოა გამოიწვიოს ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება – სწრაფად მზარდი წითელი ლაქები კანზე, ასევე – კანის ქავილი, შეწითლება, შეშუპება, ცემინება, სურდო, ხველა, ხიხინი, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, თავბრუხვევა, ცნობიერების არევა, გონების დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, პულსის შესუსტება ან აჩქარება, შესაძლოა ანაფილაქსიაზე – სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებდეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.


როგორ იწვევს ხელთათმანი ხველას და ქოშინს? საქმე ის არის, რომ ლატექსის ცილა გადადის სიმინდის სახამებელში, რომელსაც ლატექსის ხელთათმანებში ყრიან, ხელთათმანების გახდისას კი ჰაერში ხვდება და სასუნთქ გზებში იჭრება. იმავე გზით ალერგენი შესაძლოა მოხვდეს თვალში და ცრემლდენის მიზეზად იქცეს. ჰაერში ლატექსის ალერგენის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებსა და საოპერაციოებში.


გაცილებით მსუბუქი რეაქციაა ე.წ. კონტაქტური დერმატიტი, რომელიც, გარდა ლატექსში შემავალი პროტეინისა, შესაძლოა გამოიწვიოს ხელთათმანების წარმოებისას გამოყენებულმა სხვა ქიმიურმა ნივთიერებამაც. ამ შემთხვევაში კანი, წესისამებრ, მხოლოდ შეხების ადგილას ღიზიანდება. ჩნდება წითელი, მქავანა მუწუკები, წყლით სავსე ბუშტუკები. რეაქცია ხელთათმანის გამოყენებიდან 12-48 საათში ვლინდება. მართალია, ჩამოთვლილი სიმპტომები საკმაოდ შემაწუხებელია, მაგრამ, ანაფილაქსიური შოკისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

  • ნამდვილად ლატექსია?

იმის დასადგენად, ნამდვილად ლატექსია თუ არა ალერგიის მიზეზი, ექიმს უნდა მიაკითხოთ. ის გაეცნობა თქვენი ავადმყოფობის ისტორიას, გაგსინჯავთ, თუ საჭიროდ მიიჩნევს, კანის ტესტსაც ჩაგიტარებთ და შესაძლოა, სისხლში ლატექსის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობაც გამოიკვლიოს.

  • როგორ დავიზღვიოთ თავი

ლატექსზე ალერგიას თავს ვერ დააღწევთ, ამიტომ, თუ ალერგიული ხართ, ერთადერთი რამ დაგრჩენიათ: ამ ნივთიერებას მოერიდოთ. ნებისმიერი ექიმი, რომელთანაც ამა თუ იმ მიზეზით მოხვდებით, აუცილებლად გააფრთხილეთ ლატექსზე ალერგიის შესახებ.
თუ თავად გიწევთ შინ თუ სამსახურში ხელთათმანების გამოყენება, სინთეზური რეზინისა, მაგალითად, ვინილისა იხმარეთ. ასეთი ხელთათმანები უნდა ჩაიცვათ მაშინაც, როდესაც ეხებით ლატექსის ნივთს ან ნივთს, რომელსაც მანამდე სხვა ადამიანი ლატექსის ხელთათმანით შეეხო.


თუ ბავშვია ლატექსის მიმართ ალერგიული, ამის შესახებ ყველა ის ადამიანი გააფრთხილეთ, ვისთანაც ბავშვს ურთიერთობა უწევს: მასწავლებელი, ძიძა, ბავშვის მეგობრები, თქვენი მეგობრები, სტომატოლოგი... გააფრთხილეთ ბავშვი, არ შეეხოს რეზინის დეტალების მქონე სათამაშოს, უყიდეთ ხის, რკინის, ნაჭრის სათამაშოები, არ გაბეროს ბუშტები და მოერიდოს ჩაკეტილ სივრცეს, სადაც ბევრი გაბერილი ბუშტია.


ალერგიულ ადამიანებს, რომლებსაც მწვავე ალერგიული რეაქციის საფრთხე ემუქრებათ, ექიმის დანიშნულებით მუდამ თან დააქვთ ეპინეფრინი (ადრენალინი). ეს არის საინექციო სითხე, რომლის სხეულში შეყვანა ალერგიულ რეაქციას აჩერებს. უკვე განვითარებული მსუბუქი სიმპტომების მოსახსნელად ექიმი ანტიჰისტამინურ პრეპარატს დაგინიშნავთ.
არავითარი ალერგია არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც ლატექსზეა ალერგიული, შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ, ბევრი სხვა ალერგენისგან განსხვავებით, ლატექსისგან თავის შორს დაჭერა ადვილია.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: