ავოკადო–აცტეკების მემკვიდრეობა

გააზიარე:

თუ სუპერმარკეტში, ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში, მოგრძო მწვანე ნაყოფი დაინახეთ, რომელიც ძალიან ჰგავს მსხალს – იცოდეთ, რომ ეს ავოკადოა.
რამდენიმე წლის წინ ავოკადოს თითო-ოროლა სუპერმარკეტში თუ წააწყდებოდით, დღეს კი ის თითქმის ყველგან იყიდება.
ავოკადო მხოლოდ არომატით არ გამოირჩევა – ის უაღრესად ჯანმრთელი საკვები და ბევრი გურმანის საყვარელი ინგრედიენტია. შეგიძლიათ, დაამატოთ სალათას ან გარნირად გამოიყენოთ, მისგან ექსტრავაგანტული დესერტი ან სმუზი მოამზადოთ. კრეატიული მზარეულები კულინარიაში ამ მწვანე ნაყოფის გამოყენების უამრავ რეცეპტს გვთავაზობენ.
უკვე არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ ავოკადოში უხვადაა თავმოყრილი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ელემენტები, ამიტომ მას აქტიურად იყენებენ ნატუროპათიაში.
მაინც რა არის ავოკადო – ხილი თუ ბოსტნეული? რას უხდება ის? როგორ მივხვდეთ, მწიფეა თუ არა და რაში გამოვიყენოთ? ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ იპოვით.

წარმოშობა
ავოკადო, იგივე (persea americana), დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ის არც ხილია და არც ბოსტნეული – კენკრაა. ტროპიკულ და სუბტროპიკულ ცენტრალურ ამერიკაში ის ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ მოჰყავდათ. მისი სახელიც აცტეკური სიტყვა ahuacatl-ისგან მომდინარეობს.
მე-16 საუკუნეში ესპანელმა ზღვაოსნებმა ავოკადო ევროპაში ჩაიტანეს, იქიდან კი ნაყოფი ინდოეთში, ფილიპინებზე, სინგაპურში, მალაიზიაში, აფრიკაში გავრცელდა. მე-20 საუკუნეში ავოკადოს კომერციული მიზნით მოშენება ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებშიც დაიწყეს.
ესპანეთსა და ისრაელში ავოკადოს მოსავალს ოქტომბრიდან მაისამდე იღებენ, ხოლო კენიასა და სამხრეთ აფრიკაში – მარტიდან სექტემბრამდე. ავოკადოს ხეები 20 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება, პირველ ნაყოფს კი 7-10 წლის ასაკში ისხამს. ნაყოფი უმად უნდა მიირთვათ.

რას შეიცავს
ავოკადო აცტეკების ერთ-ერთი მთავარი საკვები და წამალი იყო. მის შემადგენლობაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგრამ თამამად ანდობდნენ მას ჯანმრთელობას და სჯეროდათ, რომ ავოკადოს ნაყოფიერების მონიჭებაც შეეძლო და წართმევაც.
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადო მართლაც ძალიან სასარგებლოა. ის მონოუჯერი ცხიმების (23-25%), B ჯგუფის ვიტამინების, K, E, C ვიტამინების, მანგანუმის, მაგნიუმის, კალიუმის, სპილენძის, რკინის მდიდარი წყაროა. 100 გ ავოკადო K ვიტამინის სადღეღამისო ნორმის 30%-ს და ფოლიუმის მჟავას სადღეღამისო ნორმის 27%-ს შეიცავს. სხვა ხილისა და კენკრისგან განსხვავებით, მასში უმნიშვნელო რაოდენობითაა შაქარი და ხილის მჟავა. არც პურინებს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავოკადოს მონელებისას ორგანიზმში შარდმჟავა არ წარმოიქმნება.

რას უხდება
დიდი ხანი არ არის, რაც ავოკადო ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით სიმსივნის მკვლევართა ყურადღების ცენტრში მოექცა. ანტიოქსიდანტები შეიცავს ანტიკანცეროგენულ ნივთიერებებს და ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას. კანადელმა მკვლევრებმა ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმიდან გამოყვეს Avocatin B-ს მოლეკულები, რომლებიც ორგანიზმს ლეიკემიის ერთ-ერთი აგრესიული ფორმის დამარცხებაში ეხმარება.
ამასთან ერთად, ანტიოქსიდანტები აძლიერებს და იცავს იმუნურ სიტემას.
მონოუჯერი ცხიმები ხელს უწყობს ცუდი ქოლესტეროლის დონის დაწევას, კარგი ქოლესტეროლის დონის აწევას და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. ელასტიკურობას მატებს უჯრედის მემბრანას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ამცირებს გულის ინფარქტის, ინსულტისა და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამაში მონოუჯერ ცხიმებს E და C ვიტამინებიც ეხმარება, რომლებიც ავოკადოში საკმაოდ ბევრია.


თუ ავოკადოს რეგულარულად მიიღებთ, არტერიულ წნევას ბუნებრივი გზით მოიწესრიგებთ. ეს იმით აიხსნება, რომ მონოუჯერ ცხიმებთან ერთად ავოკადო ბევრ კალიუმსაც შეიცავს (485 მგ`100 გ) – უფრო მეტს, ვიდრე ბანანი, კალიუმი კი გულისა და სისხლძარღვების მუშაობას აწესრიგებს. მაგრამ ვისაც თირკმლის ფუნქცია დარღვეული აქვს, უმჯობესია, კალიუმის გადაჭარბებას ერიდოს, რადგან მას შეუძლია, ხელი შეუშალოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.
ავოკადოში შემავალი ცხიმები აუმჯობესებს საკვები ელემენტების ათვისებას, რადგან ზოგიერთი ვიტამინის ასათვისებლად ცხიმია საჭირო. A, E, K და D ვიტამინები სწორედ ცხიმში ხსნადია. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოიანი სალათიდან ორგანიზმი 17-ჯერ უკეთესად ითვისებდა ბეტა კაროტინს. ასე რომ, ბოსტნეულთან ავოკადოს კომბინირება ნამდვილად ღირს.
ზოგიერთი საკვები, მაგალითად, ხორბალი, სიმინდი, რძე, შაქარი, ართრიტის სიმპტომებს ამძიმებს, ზოგიერთი კი, პირიქით, ამსუბუქებს. ავოკადოს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. მასში შემავალი მონოუჯერი ცხიმები, ფიტოსტეროლი, E ვიტამინი, C ვიტამინი და კაროტინოიდები ხელს უშლიან ართრიტის განვითარებას.
ავოკადო ძალიან კარგია დიაბეტიანებისთვის. მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი ეს პროდუქტი ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას, აწესრიგებს ინსულინის ფუნქციას და ზღუდავს მის ჭარბ გამოყოფას, შედეგად კი შაქრის დონეც რეგულირდება.


ავოკადო შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ესენციურ ამინმჟავებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის, მაშასადამე, საკვების მეშვეობით უნდა მიიღოს.
ნაწლავების გამართული მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედისი. 100 გ ავოკადო 6-7 გ უჯრედისს შეიცავს. თუ უჯრედისის მინიმალური სადღეღამისო ნორმა 30 გ-ია, ერთი ცალი ავოკადოდან მისი 1`3-ს მიიღებთ. უჯრედისი ჩვენს ნაწლავებში მობინადრე საჭირო ბაქტერიების საკვებია, ასე რომ, თუ ბევრ უჯრედისს მიიღებთ, ნაწლავურ ფლორას გაიჯანსაღებთ.
გაგიკვირდებათ და ავოკადო, რომელსაც კარაქის მსხალსაც უწოდებენ, ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან დიდი ხნით ანაყრებს. ეს მასში შემავალი ჯანმრთელი ცხიმების დამსახურებაა, რომლებიც ორგანიზმს ნელ-ნელა აწვდის ენერგიას და ცხიმოვან ქსოვილში არ ლაგდება. როცა მიღებული კალორიები ნელა იწვის, შიმშილის გრძნობაც გვიან ჩნდება.
ავოკადოში შემავალი ანტიოქსიდანტი ლუთეინი აუცილებელია თვალების ჯანმრთელობისთვის. მისი რეგულარული მიღება საგრძნობლად ამცირებს ხანდაზმულ ასაკში მხედველობის ორგანოს დაავადების რისკს.
მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები კანს ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება, ეპიდერმისში აკავებს ტენს და მის სიმკვრივეს და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. E ვიტამინი კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, C ვიტამინი კი ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას, რის შედეგადაც კანი უფრო მეტხანს რჩება ელასტიკური. ასე რომ, ავოკადო შესანიშნავი ანტიასაკობრივი საშუალებაც არის.
ავოკადო დაღლილობას, სტრესსა და უძილობასაც უხდება.

როგორ დავამწიფოთ
ავოკადო იშვიათად მწიფს ხეზე - ის მკვახე ცვივა მიწაზე და იქ მწიფდება, ჩამოცვენისას კი ნაყოფი ზიანდება ან მწერები აზიანებენ, შესაბამისად, მალე ფუჭდება. საექსპორტოდ გასაგზავნ ავოკადოს ხეზე კრეფენ და მკვახეს გზავნიან. თქვენც გირჩევთ, ავოკადო მკვახე იყოდოთ და შინ დაამწიფოთ. მკვახე ავოკადო მაგარია. თუ მაღაზიაში დარბილებული ნაყოფი ნახეთ, ესე იგი ან გზაში გაატარა დიდი ხანი, ან მაღაზიაში, რადგან ახალმოკრეფილი ავოკადოს დამწიფებას დაახლოებით 10 დღე სჭირდება.
მკვახე ავოკადო ქაღალდში გადაახვიეთ და ოთახის ტემპერატურაზე (მოარიდეთ მზესა და გათბობას) დაადეთ. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხანი გაატარა გზაში, 2-5 დღეში უნდა დამწიფდეს. მკვახე ავოკადო არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ მაცივარში - თუ სიცივეში დიდხანს დარჩა, აღარ დამწიფდება, რბილობი რეზინისებური და მწარე გაუხდება.


ავოკადოს გაჭრამდე გაარკვიეთ, მწიფეა თუ არა, რადგან გაჭრილი აღარ დამწიფდება.

როგორ?

სუპერმარკეტში ავოკადოს ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მისი სახეობაც. ევროპაში ძირითად Fuerte და Hass-ია გავრცელებული. Fuerte-ს აქვს უმეტესად მწვანე, პრიალა კანი და რბილი გემო, ხოლო Hass-ი უფრო მძაფრი, არომატული გემოთი და ხორკლიანი კანით გამოირჩევა. ამ უკანასკნელს დამწიფებისას კანი უმუქდება და შესაძლოა, შავი ფერიც კი მიიღოს. ამრიგად, თუ შავკანიანი ავოკადო დაინახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ნაყოფი გაფუჭებულია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ სახეობას. თუ თითით დააწვებით, ოდნავ სირბილეს იგრძნობთ. არ გირჩევთ სუპერმარკეტში მუქკანიანი ავოკადოს ყიდვას, რადგან არავინ იცის, როდის დამწიფდა.
Fuerte-ს კი, პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშავდეს კანი. თუ კანზე მუქი ადგილები შეამჩნიეთ ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი ნაწილობრივ გაფუჭებულია.
გარდა ამ ორისაა, ევროპაში ავოკადოს სხვა სახეობებიცაა გავრცელებული: Bაcon, Ettinger, Pinkerton, Reed და Ryan. მწიფესაც და მკვახესაც კანი მწვანე უნდა ჰქონდეს. თუ ხელის თუნდაც ოდნავი დაწოლით სირბილე იგრძენით, ესე იგი ნაყოფი უკვე მწიფეა.

როგორ შევინახოთ
ავოკადოს მომწვანო-მოყვითალო რბილობი მალე მუქდება, რადგან ადვილად შედის ჟანგბადთან რეაქციაში. ოქსიდაცია თავიდან რომ აიცილოთ, ნაყოფს გაჭრისთანავე ლიმონის წვენი ან ძმარი მოასხით და აუცილებლად მაცივარში შეინახეთ თავდახურული ჭურჭლით.
ავოკადო კურკის გარშემო სიგრძეზე გაჭერით და ნახევრები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით დაატრიალეთ - ასე ადვილად გააცალკევებთ. თუ ორივე ნახევრის გამოყენებას არ აპირებთ, უმჯობესია, დარჩენილი ნახევარი კურკიანად შეინახოთ - კურკის შემადგენლობაში შემავალი განსაკუთრებული ენზიმების წყალობით რბილობი მალე არ გაფუჭდება.
გაჭრილი ავოკადო კი მეორე დღეს გამოიყენეთ. თუ დაინახეთ, რომ ზედაპირი გაუყავისფრდა, ზედა ფენა კოვზით მოაცილეთ.
მწიფე, მაგრამ გაუჭრელი ავოკადო მაცივარში 3-4 დღე ინახება, რადგან დაბალ ტემპერატურაზე დამწიფების პროცესი ნელდება.


ავოკადოს რბილობი უმჯობესია გაჭრისთანავე მიირთვათ. თუ შესანახად გაყინვას დააპირებთ, ჯობია, ჯერ დააბლენდეროთ. ორი ავოკადოს პიურეს ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი მოასხით და სპეციალურ გასაყინავ ჭურჭელში ჩაასხით, ოღონდ ბოლომდე არ აავსოთ, თავსახურამდე დაახლოებით 2 სმ დატოვეთ. ასე 5 თვემდე გაძლებს.
შესაძლოა, ავოკადოს რბილობში მოგრძო ყავისფერი ბოჭკოები აღმოაჩინოთ. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც არხებში, რომლებითაც ნაყოფში წყალი და საკვები ელემენტები ნაწილდება, დამწიფებისას ჰაერი ხვდება. ყავისფერი ოქსიდაციის – ჟანგბადთან რეაქციის შედეგია. თუ ძაფები მსხვილია და ბევრი, ნაყოფს ნუ შეჭამთ.
თუ ავოკადოს გარედან მუქი ლაქები შეამჩნიეთ, ესე იგი ამ ადგილებში კანსა და რბილობს შორის ჰაერი მოხვდა. ასე ხდება, როდესაც სიმწიფის შესამოწმებლად ნაყოფს თითით აწვებიან. თუ რბილობის დანარჩენი ნაწილი საღია, შეგიძლიათ, მხოლოდ გამუქებული ადგილები მოაცილოთ და მიირთვათ, მაგრამ თუ ავოკადოს რბილობი პრიალებს და ფაფასავითაა, ესე იგი მასში შემავალი ცხიმი გაფუჭებულა. ასეთი ნაყოფის ჭამას არ გირჩევთ.

როგორ მოვამზადოთ
თხილისებური გემოს წყალობით ავოკადო ეხამება როგორც ცხარე, ისე ტკბილ კერძებსა თუ სასმელებს.
მისგან მზადდება საყოველთაოდ ცნობილი მექსიკური კერძი – გუაკამოლე. იაპონიაში ავოკადო სუშის პოპულარული ინგრედიენტია. ტაივანში კი მას რძესთან ერთად აბლენდერებენ, შაქარს ამატებენ და სვამენ.
ავოკადოს რბილობს კოვზით აცლიან. ის შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეულის სალათას დაამატოთ ან დაჭყლიტოთ, ხახვით, ნივრით, ლიმონის წვენით, პილპილითა და მარილით შეაგემოთ და პურზე გადაუსვათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: