წელის ტკივილი – გავრცელებული შეცდომები

გააზიარე:

იშვიათია ადამიანი, წელის ტკივილი ერთხელ მაინც არ გამოეცადოს. ავადმყოფურ მდგომარეობათა ჩამონათვალში ეს პრობლემა მეორე ადგილს იკავებს გაციების შემდეგ და ბოლო ოცი წელია, მსოფლიოში შრომისუუნაროდ გატარებული წლების მთავარ მიზეზად რჩება.

პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, წელის ტკივილთან დაკავშირებული სამედიცინო შეცდომა საკმაოდ ბევრია.
ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ნევროლოგი გიორგი (გოგიტა) გეგელაშვილი, სწორედ იმ შეცდომებზე გვესაუბრება, რომლებსაც ხშირად ეჯახება წელის ტკივილის მართვის დროს.

მატყუარა ილუსტრაცია
– წელის ტკივილთან დაკავშირებული შეცდომების პირველწყაროდ ხშირად ჟურნალ-გაზეთებსა თუ ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიები გვევლინება. ამ სტატიათა უმრავლესობაში საილუსტრაციოდ რატომღაც ხერხემლის სურათია მოყვანილი, რაც ხელს უწყობს ადამიანის ქვეცნობიერში იმ აზრის ჩაბეჭდვას, რომ წელის ტკივილი აუცილებლად ხერხემლის პათოლოგიის შედეგია. ეს მცდარი წარმოდგენა, ფაქტობრივად, მთელ საზოგადოებაშია გავრცელებული.
ხერხემალი სხეულის მთავარი საყრდენია და ის ისე ხშირად რომ ზიანდებოდეს, როგორი სიხშირითაც ადამიანს წელი სტკივდება, საქმე, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად წაგვივიდოდა. სინამდვილეში წელის ტკივილის მიზეზი ასიდან ოთხმოცდახუთ შემთხვევაში უბრალო წელკავია, ზურგის ქვედა კუნთების სპაზმი, ჩვენ კი პათოლოგიას მაშინვე ხერხემალში ვეძებთ – იქ, სადაც ძებნას უკვე მთელმა მსოფლიომ დაანება თავი.

ორ ფეხზე დგომისთვის გადახდილი ხარკი
– წელის ტკივილი ხარკია, რომელსაც ადამიანი ორ ფეხზე დგომისთვის იხდის. გამართულ სიარულს ზურგის გამმართველი კუნთების მუდმივი აქტიურობა სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ ძირითადად მოხრით მოძრაობებს ვასრულებთ: ვიხრებით ჭამის, წერის, მოფერების, ძილის დროს, – ზურგის გამშლელ კუნთებს კი იშვიათად ვტვირთავთ, ამიტომ როცა უცბად მძიმე ტვირთის აღება გვიწევს, წელი გვტკივდება. ჩვეული სცენარია: ქალი სახლს დაალაგებს და მეორე დილით წელის ტკივილი აღვიძებს (სხვათა შორის, მწვავე ტკივილი უმეტესად დილის 6-დან დღის 12 საათამდე აღმოცენდება). საქმე ის არის, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას კუნთი ხურდება და არ გვტკივა. სპაზმი, დაჭიმულობა და ტკივილი სწორედ მოსვენების შემდეგ იწყება. შეუჩვეველი დატვირთვის შემდეგ კუნთების ტკივილი ბუნებრივი მოვლენაა. გაიხსენეთ, ბავშვობისას როგორ გვტკიოდა ფეხები ფეხბურთის თამაშის ან ლაშქრობის მეორე დღეს. წელის ტკივილიც უმეტესად მიოფასციური (კუნთოვანი) წარმოშობისაა, უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, მას წელის კუნთებისა და მყესების დაძაბვა-დაჭიმვა განაპირობებს.
წელის ტკივილის აღმოცენებას ზოგიერთი სხვა ფაქტორიც უწყობს ხელს: თამბაქოს წევა, სიმსუქნე, ხანდაზმულობა, ორსულობა, მჯდომარე, ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად დამქანცველი სამუშაო, მცირე შემოსავალი, ჯანმრთელობის საკითხებში გაუთვითცნობიერებლობა, შფოთვა, დეპრესია... ქალები და მამაკაცები 60 წლამდე თითქმის თანაბრად ავადდებიან, გამონაკლისია ორსულობის პერიოდი, 60 წლიდან კი ქალების ავადობა საგრძნობლად იმატებს.

წელკავი
– წელკავი ანუ წელის მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი, როგორც უკვე ვთქვი, კუნთების სპაზმითაა განპირობებული. ამ დროს ადამიანი განსაზღვრულ მდგომარეობაში შეშდება (ამით წელკავი პრინციპულად განსხვავდება კენჭის გავლისგან, როდესაც ადამიანი ტკივილისგან ჭიაყელასავით იკლაკნება), გადაადგილების დროს ცდილობს, ტკივილით განპირობებული პოზა შეინარჩუნოს, უჭირს წამოდგომა, რადგან წინ ვერ იხრება, რაც აუცილებელია ასადგომად.
წელკავის მყისიერი აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზებია უხერხული მოძრაობა, მძიმე საგნის აწევა, ბავშვის მოვლა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია, დაცემა. ხატოვნად თუ ვიტყვით, წელკავი უმოძრაობისგან დაჩაგრული გამმართველი კუნთების პროტესტია, რომელიც ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობას შეგვახსენებს და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს.
ადამიანების დიდი ნაწილი წელკავის დროს ექიმს საერთოდ არ მიმართავს და ტკივილისგან თავის დაღწევას წამლით თუ უწამლოდ თვითონვე ახერხებს.
ათიდან ცხრა შემთხვევაში წელკავი მაქსიმუმ ექვს კვირაში გაივლის. მწვავე წელის ტკივილი შვიდ კვირამდე გრძელდება. თორმეტ კვირამდე გახანგრძლივებული ტკივილი ქვემწვავეა, ამაზე ხანგრძლივი კი – ქრონიკული. ზოგჯერ პაციენტი ჩივის, წელი მთელი წელი მტკიოდაო. სინამდვილეში მას გამწვავებები ჰქონდა, რაც პაციენტთა 30-60%-თან შეინიშნება.

ბებიების მეთოდი

  • – რა არის წელკავის ყველაზე ეფექტური წამალი?

– თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებები უპირატესობას ანიჭებს სიტყვას და სითბოს. “სიტყვაში” ვგულისხმობ საწუხარის გაუბრალოებას, რაც ბოლო ხანს “მოდური აღარ არის”, “სითბოში” კი – წელის გათბობას, გახურებას. დასავლეთში მტკივან ადგილზე ცივ საფენებსაც იდებენ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამ მეთოდის დანერგვა საქართველოში – ქვეყანაში, სადაც კუნთის გაჭიმვას “ნერვის გაციებას” ეძახიან?! თანამედროვე ადამიანი ცხელ სათბურსაც კი აპროტესტებს – ასე ხომ ბებიაჩემი მკურნალობდა, ნუთუ მას შემდეგ მედიცინა წინ არ წასულაო?!
აუტანელი ტკივილის დროს შეიძლება ანთების საწინააღმდეგო და`ან კუნთის მომადუნებელი საშუალებების გამოყენება. თუ არ ჩავთვლით თანამედროვე ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, წელის ტკივილის მკურნალობაში მედიცინა ნამდვილად არ წასულა წინ. პირადად მე ცხელი სათბური ბევრად მირჩევნია პარაცეტამოლს, რომელიც გზამკვლევების უმრავლესობაშია მითითებული, თუმცა წელის ტკივილის დროს არცთუ ეფექტიანია, არც ერთი კვლევით არ დადასტურებულა მისი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით.
თანამედროვე გზამკვლევებში ისიც წერია, პაციენტს მანამდე ელაპარაკეთ, სანამ წამალზე უარს არ ათქმევინებთო, მაგრამ თუ ერთი წამალი მაინც არ გამოუწერე, საქართველოში არავინ დაგიჯერებს. ის კი არა, ტაბლტებსაც კი არ ენდობიან, ნემსს ითხოვენ. ჩვენში ნემსის გადაჭარბებული რწმენა აქვთ, მაშინ როდესაც დასავლეთში ადამიანმა შეიძლება ისე გალიოს სიცოცხლე, ნემსი არ ჰქონდეს გაკეთებული.


ერთმანეთისგან განსხვავდება წელკავის მკურნალობისადმი ევროპული და ამერიკული მიდგომები. ევროპაში უფრო მეტად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს უნიშნავენ, ამერიკაში კი ამ პრეპარატების გამოწერისას ზედმეტად ფრთხილობენ (რასაც ვერ ვიტყვით ოპიოიდურ ანუ ნარკოტიკულ საშუალებებზე – აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ლეგალურად მოხმარებული ოპიოიდური საშუალებების ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატების წილად მოდის), ამიტომ ცდილობენ, პაციენტს კუნთის მომადუნებელი წამალი აარჩევინონ.
საქართველოში კი ადამიანები უკვდავების წამალს ეძებენ. ყველას ეკითხებიან, ვის რა მოუხდა. სხვადასხვა დასახელების, არსობრივად კი ერთსა და იმავე წამლებს იღებენ (ამას “მრავალსტეროიდობა” დავარქვი). ერთი ასეთი წამლის მეორეზე დამატება არ აუმჯობესებს შედეგს, მაგრამ ატყუებს პაციენტს. სამაგიეროდ, მათი დოზის გადაჭარბება თირკმლის უკმარისობას იწვევს. ერთი დღის ასეთმა გაუფრთხილებლობამ შესაძლოა თირკმლის ფილტრაციის უნარი მოშალოს და ადამიანი სამუდამოდ დააინვალიდოს.

  • – მაშასადამე, სახლის პირობებში ისევ ბებიების მეთოდით ვიმკურნალოთ?

– თუ წელი გტკივათ წინა დღის ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მაგრამ არც ტემპერატურა გაქვთ მომატებული, არც ტრავმა გადაგიტანიათ უახლოეს წარსულში, არც სიმსივნე გაქვთ, არც შიდსი, არც ფიზიკურად ხართ დასუსტებული, არც წონის კლებას უჩივით, პერიოდულად პროფილაქტიკურ კვლევებს იტარებთ და საკუთარ ჯანმრთელობაში დარწმუნებული ბრძანდებით, პირველ რიგში, წელზე ცხელი სათბური დაიდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ. თუ მაინც მოგინდათ დაწოლა, მხოლოდ რბილ და მოხერხებულ საწოლზე წამოწექით. მაგარზე წოლა აძლიერებს კუნთების სპაზმს. თუ ამან შვება ვერ მოგგვარათ, მერეღა სთხოვეთ ექიმს წამლის დანიშვნა.

ალმების პრინციპი

  • – როგორ განვასხვაოთ წელკავი სხვა ტიპის ტკივილისგან?

– წელკავის დროს ტკივილი უმეტესად წელის არეშია ლოკალიზებული. ძალიან იშვიათად გადაეცემა მუცელს. შესაძლოა, გადაეცეს ფეხებს, მაგრამ არასდროს – მუხლებს ქვემოთ. ტკივილის მუხლის ქვემოთ ჩამოსვლა, წვივის გარეთა ზედაპირსა და ტერფზე გადასვლა ნერვის ფესვის ანთებაზე, რადიკულიტზე ან მხოლოდ ნერვის დაზიანებაზე მიუთითებს (ნერვი შესაძლოა დაზიანდეს ნემსის გაკეთებისას, ჭრილობის მიღებისას, ჯდომით დაცემისას...). მწვავე ტკივილს აქვს ეპიცენტრი, შემოსაზღვრულია და პაციენტი მკაფიოდ ხაზავს მის ტრაექტორიას. ქრონიკული და ნეიროპათიული ტკივილი გაჭიანურებულია, ერთვის გაცივება-გაცხელების, ელექტროდენის გარბენის, დაბუჟების და სხვა შეგრძნებები.


ექიმი მწვავე პერიოდშივე გაფაციცებული უნდა იყოს, რომ არ გამოეპაროს რომელიმე საგანგაშო ავადმყოფობა: სიმსივნე, ინფექცია, აორტის ანევრიზმა, რაშის კუდის სინდრომი. საბედნიეროდ, ეს დაავადებები შემთხვევათა 1%-შიც კი არ გვხვდება. ქვემწვავე პერიოდში უნდა გამოირიცხოს ყველა სხვა სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული პათოლოგია და დაზუსტდეს ტკივილის წარმოშობის სპეციფიკურობა-არასპეციფიკურობა. ამისთვის ძალიან მოხერხებულია წითელი ალმების პრინციპი: ჩამოთვლილია მდგომარეობები, რომელთა დროსაც უნდა დაინიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები; ზუსტად არის გაწერილი, რომელ კვირას რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ექიმი ამ პრინციპით თუ იხლმძღვანელებს, სერიოზული პათოლოგია არ გამოეპარება.

წითელ-ყვითელი
– ტკივილის გაჭიანურებას ხელს უწყობს ფსიქოსოციალური ფაქტორები, მათ შორის – მჯდომარე ცხოვრება, სიმსუქნე, თამბაქოს წევა, სოციალური გარიყულობა, უახლოესი გარემოცვის გადამეტებული ყურადღება, ოჯახის წევრის ავადობა მსგავსი ავადმყოფობით, სამედიცინო მომსახურების მიღების გადამეტებული სურვილი, ექიმების ხშირი ცვლა, ქანცის გამწყვეტი სამუშაო და სხვა. ამგვარ გარემოებებს ყვითელ ალმებად მოიხსენიებენ.

  • – წითელ ალმებს რომელი მდგომარეობები მიეკუთვნება?

– წითელი ალმები უფრო სერიოზულ დარღვევებს გულისხმობს. გამოიყოფა მათი რამდენიმე ქვეჯგუფი:
1. ზოგადი – ხანდაზმულობა, მკურნალობის უეფექტობა ექვს კვირაზე მეტხანს, მზარდი ნევროლოგიური დეფიციტი, მნიშვნელოვანი თანაავადობა, არასახარბიელო ფუნქციური სტატუსი – უღონობა, თავის მოვლის შეუძლებლობა, ინვაზიური ჩარევისთვის ან ოპერაციისთვის მზადება;
2. ინფექციური – ცხელება, საინექციო ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, საშარდე გზების ან კანის ინფექცია, აქტიური ან გადატანილი ტუბერკულოზი, იმუნოსუპრესია;
3. სიმსივნური – სიმსივნის ანამნეზი, აუხსნელი გახდომა (4 კგ-ზე მეტის კლება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში), შვების მიუღებლობა საწოლში წოლისას, მღრღნელი ტკივილი ღამით;
4. კომპრესიული მოტეხილობისა – გადატანილი ტრავმა, მოტეხილობის ანამნეზი, სისტემური სტეროიდების ხანგრძლივი მიღება, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, რევმატოიდული ართრიტი, ბარძაყის ყელის მოტეხილობის ოჯახური ანამნეზი, დადასტურებული ან მაღალი რისკის ოსტეოპოროზი;
5. მაანკილოზებელი სპონდილიტისა – დილის შებოჭილობა, რომელიც იხსნება ვარჯიშის შემდეგ, დუნდულა კუნთების მონაცვლეობითი ტკივილი, ღამის მეორე ნახევარში გამოღვიძება ზურგის ტკივილის გამო, ახალგაზრდა ასაკი;
6. რაშის კუდისა – ახალაღმოცენებული შარდის შეკავება ან შეუკავებლობა, ანუსის სფინქტერის მოდუნება, უნაგირის ანესთეზია (ეს ის ადგილია, რომლითაც ადამიანი უნაგირს ეხება), სისუსტე ფეხებში, ორმხრივი (ან ცალმხრივი) იშიასი.

  • – თუ წითელი ალმების მიხედვით ყველა სერიოზული პათოლოგია გამოირიცხა, რა პრინციპით აფასებთ პაციენტის მდგომარეობას?

– ამ შემთხვევაში ავადმყოფობის შესაფასებლად, დიაგნოზის დასასმელად და ტკივილის მართვის დასაგეგმავად, როგორც წესი, საკმარისია ანამნეზის შეკრება, პაციენტის ფუნქციური უნარის შეფასება, ფიზიკური და ნევროლოგიური გასინჯვა და არავითარ შემთხვევაში – პირდაპირ რენტგენის გადაღება.

მცდარი დასკვნები
– მრავალი შეცდომის თავიდათავია რადიოლოგიური დასკვნა. ეს უკანასკნელი ექიმისთვისაა განკუთვნილი და არა პაციენტისთვის. რადიოლოგმა ექიმს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მის საფუძველზე ვერდიქტი ექიმმა უნდა გამოიტანოს. რენტგენით, კომპიუტერული ტომოგრაფიით თუ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვით თითქმის ყოველთვის შეიძლება აღმოვაჩინოთ ხერხემლის დეგენერაცია, მაგრამ ასიდან, სულ მცირე, 85 შემთხვევაში ასეთი რადიოლოგიური აღმოჩენები უსიმპტომო, არაპათოგენური და არასპეციფიკურია. მათზე დრო არც ექიმმა უნდა დაკარგოს და არც რადიოლოგმა. ასეთებია შმორლის თიაქარი, წელის ოთხი ან ექვსი მალა ხუთის ნაცვლად (საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია), შეუხორცებელი რკალი – სპინა ბიფიდა, დისკოების ნაწილის კალციფიკაცია და სხვა. ექიმმა თავისი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უნდა თქვას, რომ ეს პათოლოგიები არ არის ტკივილზე პასუხისმგებელი.


წელის ტკივილი ასიდან 95 შემთხვევაში კეთილთვისებიანია, მაგრამ ზოგჯერ ეს შეგრძნება ქრონიკულდება. საქართველოში ამას მხოლოდ ხერხემლის დეგენერაციულ ცვლილებას მიაწერენ და საბოლოო დიაგნოზისთვის აუცილებლად მიიჩნევენ წელის “გადაღებას”. არადა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს დადასტურდა, რომ წელის ტკივილის კლინიკურ სიმპტომებსა და ხერხემლის რადიოლოგიურ ნიშნებს შორის პირდაპირი კავშირი არ არის. სხვათა შორის, არც მალათაშუა დისკოს გამორწყვის ხარისხსა და ტკივილს შორის დადგენილა ასეთი კავშირი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დისკოს თიაქარი უკუგანვითარებადი პროცესია და არც ტკივილის არსებობა, არც დისკოს ზომა არ მიანიშნებს ოპერაციის საჭიროებაზე. ოპერაციის ჩვენება მხოლოდ და მხოლოდ ნევროლოგიური დეფიციტია.

კიდევ ერთი გაუგებრობა
– თითქმის ყველა პაციენტის რადიოლოგიურ დასკვნაში შეხვდებით სიტყვა “ოსტეოქონდროზს”. საბჭოთა პერიოდში ოსტეოქონდროზი ტლანქად გამოხატულ სპონდილოზს უწოდეს და ეს ტერმინი დღემდე შემოგვრჩა. მას მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხმარობენ ზრდასრული ადამიანის სპონდილოზის სინონიმად. ოსტეოქონდროზი ძვლის ეპიფიზური ნაწილის ასეპტიკური იშემიური ნეკროზით მიმდინარე ორთოპედიულ დაავადებათა ოჯახია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ბავშვობის ან სიყმაწვილის ასაკში იწყება. თუ ადამიანს 18 წლამდე პრობლემა არ ჰქონია, ოსტეოქონდროზი აღარ დაემართება.


ამის საპირისპიროდ, სპონდილოზი დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესია, რომელიც 20 წლიდან იწყება და დისკოების გაუწყლოებით, წანაზარდების გაჩენით, განსაკუთრებით კრიტიკული ადგილების, მაგალითად, წელის მეხუთე და გავის პირველ მალებს შორის მანძილის შემცირებით ვლინდება. ეს არის ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი, რომელიც ყველა ადამიანს აღენიშნება.
გახსოვდეთ: გარდა იმისა, რომ ზედმეტი რადიოლოგიური გამოკვლევა პაციენტის ჯანმრთელობისთვის არასასურველია, აქვს თავისი ჩვენებები და შეზღუდვები, ჯანდაცვის სერვისის ჭარბ უტილიზაციასაც ვეწევით, შედეგად კი ჩვენს ჯანდაცვას უსასრულოდ ეზრდება არასაჭირო ხარჯები და საჭიროსთვის ფული აღარ რჩება. ამიტომ არის, რომ წელის ტკივილის მკურნალობა დასავლეთში საქართველოსთან შედარებით ათჯერ იაფი ჯდება, თუმცა ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის საკმაოდ ხარჯიანი პრობლემაა. მაგალითად, აშშ წელიწადში ორასამდე მილიარდი დოლარით ზარალდება.

ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა
– ბიუჯეტის დაზოგვის თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა ნიდერლანდებში ჩატარებული ექსპერიმენტი. იქ წელის ტკივილის აღმოცენებიდან სამი თვის შემდეგ, როდესაც ტკივილი უკვე ქრონიკულად მიიჩნევა, პაციენტს უნარაშეზღუდულის სტატუსს ანიჭებენ. ის სამსახურს ტოვებს და ხელფასთან შედარებით ნაკლებ პენსიას იღებს. და აი, ნიდერლანდების მთავრობამ მოსახლეობას შესთავაზა, ერთი წლის განმავლობაში არ მიეღოთ უნარშეზღუდულის სტატუსი მთელი ხელფასის შენარჩუნების სანაცვლოდ, ოღონდ ამის შემდეგ, შეძლებისამებრ, გაეგრძელებინათ სამსახური. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა დაუბრუნდა სამუშაოს. ამ თითქოსდა მარტივმა, მაგრამ კარგად მოფიქრებულმა ექსპერიმენტმა ქვეყანას სამი მილიარდი ევრო დააზოგვინა. შეიცვალა მართვისა და მკურნალობისადმი მიდგომები და ქვეყანაში მკვეთრად იკლო ქრონიკულმა წელის ტკივილმა.

რომ არ აგვტკივდეს

  • – რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ წელის ტკივილმა არ შეგვაწუხოს?

– უპირველეს ყოვლისა, ვივარჯიშოთ. კვლევებმა დაადასტურა, რომ კორსეტს სამკურნალო ღირებულება არ გააჩნია. ის შეგვახსენებს, რომ არ უნდა ავწიოთ მძიმე ტვირთი, მკვეთრად არ დავიხაროთ, სხვა სიტყვებით – წელის დაზოგვაში გვეხმარება. მის ნაცვლად კუნთებისგან უნდა შევქმნათ ბუნებრივი კორსეტი. თუ ზურგის განმზიდველ კუნთებს ყოველდღე ავარჯიშებთ, ტკივილები არ შეგაწუხებთ. ოღონდ უნდა ივარჯიშოთ კომფორტის ფარგლებში ანუ ვარჯიშმა ტკივილი არ უნდა მოგაყენოთ. ზურგის ვარჯიშების ნახვა ბევრგანაა შესაძლებელი, მათ შორის – ჩვენი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის საიტზეც.
წელი ხშირად სტკივათ მათ, ვინც დიხანს ზის, მაგალითად, შეუსვენებლად მართავს მანქანას, ამიტომ თუ დიდი გზა გიდევთ, ეცადეთ, შინიდან ადრე გახვიდეთ, დროდადრო მანქანა გააჩეროთ, გადმოხვიდეთ, წელი გამართოთ, გაიზმოროთ. შინ თუ სამსახურში ისეთი საქმე გამოიჩინეთ, რომ პერიოდულად ადგომა მოგიწიოთ. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზორის პულტზე თქვით უარი. ხშირად იარეთ ფეხით. ნუ დაწვებით მეტისმეტად მაგარ საწოლზე. მაგარ საწოლს ურჩევდნენ მაშინ, როდესაც საყოველთაოდ იყო გავრცელებული ზამბარებიანი საწოლები და “მაგარში” ტახტის, მატრასის ტიპის საწოლი იგულისხმებოდა.
დაბოლოს: იკითხეთ ბევრი. რაც მეტი გეცოდინებათ ჯანმრთელობის შესახებ, მით ნაკლებ პრობლემას შეეჯახებით და მშვიდად იქნებით. სიმშვიდე კი არა მარტო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, არამედ ტკივილსაც ანახევრებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: