რეჰანი – სამეფო მწვანილი

გააზიარე:

 

როგორ გავახაროთ

რეჰანი იტალიური სამზარეულოს ის პატარა სასწაულია, რომლითაც პესტო, პიცა, პასტა თუ ბევრისთვის საყვარელი სხვა კერძები მთელ მსოფლიოში იწონებს თავს. საჭმელს ის განსაკუთრებულ არომატს სძენს. იტალიაში ვერ ნახავთ ოჯახს, რომლის სამზარეულოშიც რეჰანი არ იყოს. ამ მცენარეს მედიცინაშიც უხსოვარი დროიდან იყენებენ. ის აცხრობს ანთებით პროცესს, ხსნის სტრესს, უხდება კუჭ-ნაწლავს და K ვიტამინის, კალციუმის, რკინის, ბეტა კაროტინის მდიდარი წყაროა.
სუპერმარკეტში, ცხადია, ნებისმიერ დროს იყიდი რეჰანს – ნედლს თუ არა, ხმელს მაინც, მაგრამ ის დიდხანს არ ინახება და საუცხოო არომატს მალე კარგავს. თუ ჩვენმა წინა სტატიამ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე ბაღის გაშენება გადაგაწყვეტინათ, პატარა ადგილი რეჰანსაც მიუჩინეთ. ნამდვილად ღირს, რადგან ახალმოკრეფილი რეჰანის წყალობით თქვენი ნახელავი განსაკუთრებით არომატული გახდება.

ბოსტნის რეჰანი
რეჰანის 150-მდე სახეობა არსებობს. ის ველურად ხარობს სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ჩვენში გავრცელებულია ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum) მწვანე, იისფერი ან ჭრელი ფოთლებით და ევგენოლის რეჰანი (ocimum gratissimum), რომელიც მრავალწლოვანი მცენარეა. ევროპაში ძირითადად მწვანეფოთლებიან ბოსტნის რეჰანს მოიხმარენ. ჩვენც სწორედ მასზე ვისაუბრებთ. ის ერთწლოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლეც ოციდან სამოც სანტიმეტრამდე აღწევს. მისი სამშობლო, სავარაუდოდ, ინდოეთია. იქ მას სანელებლად და სამკურნალოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე იყენებდნენ. მისი კულტივირებული სახეობები ზომით, ფერითა და არომატით განსხვავდება ერთმანეთისგან. რეჰანს სამეფო მწვანილსაც ეძახიან.

დათესვა/დარგვა
რეჰანის კულტივირება არც ძნელია და არც დიდ ადგილს მოითხოვს. ის შეგიძლიათ პატარა ჭურჭელშიც გაზარდოთ, რომელიც ფანჯრის რაფაზეც თავისუფლად დაეტევა. რაც მთავარია, მიიღებთ ბიოპროდუქტს, რომელსაც სუპერმარკეტში ნაყიდზე უკეთესი სურნელი და ინტენსიური გემო ექნება. ბაღში კი შეგიძლიათ ერთდროულად მისი რამდენიმე სახეობა გაახაროთ.
რეჰანი თესლით ან ჩითილით მოჰყავთ. პირველ რიგში, თესლზე იზრუნეთ. ის შეგიძლიათ მიღებულ მოსავალს ამოაცალოთ და შეინახოთ ან სპეციალურ მაღაზიაში იყიდოთ (უმჯობესია, გენეტიკურად სუფთა ბიოთესლი შეიძინოთ და არა ეგრეთ წოდებული F1-ჰიბრიდი). მიწა წინასწარ გააფხვიერეთ და შერჩეულ ჭურჭელში ჩაყარეთ. უმჯობესია, ის ჩანასახებისგან სუფთა იყოს. უკეთესი გამტარობისთვის შეგიძლიათ, 1`3 თანაფარდობით ქვიშა შეურიოთ. თუ რეჰანის სახლში ან სათბურში მოყვანას აპირებთ, მისი დათესვა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ ღია გრუნტში – ოპტიმალური დრო აპრილის დასაწყისია. თესლი კარგად დანოტივებულ მიწაზე გაანაწილეთ, თითო ქოთანში – დაახლოებით 8-10 ცალი. თითით ოდნავ დააწექით, რომ მიწაში მთლიანად არ ჩაიმალოს. რეჰანს ბევრი წყალი არ უყვარს, ასე რომ, მიწა ნესტიანი უნდა იყოს და არა სველი. თუ ქოთანი აივანზე ან ტერასაზე დგას, ცელოფანი ან მინის ზარხუფი გადააფარეთ და რეგულარულად გაანიავეთ. თესლი მალევე დაიწყებს გაღვივებას და რამდენიმე დღეში ამონაყარიც გამოჩნდება. მისი სიმაღლე 2-3 სმ-ს რომ მიაღწევს, ქოთანს თავსახური მოხადეთ.
ღია გრუნტში გადარგვა მას შემდეგ შეიძლება, რაც მცენარე მეორე ფოთოლს გამოიტანს (დაახლოებით 30-40 დღეში). მიწა აქაც კარგად გაფხვიერებული, დატენიანებული და განოყიერებული უნდა იყოს. ჩითილები კვლებში ერთმანეთისგან 20-25 სმ-ის დაშორებით გადარგეთ. 8 კვირაში მოსავლის აღება უკვე შესაძლებელი იქნება.

მოსავალი
თუ რეჰანი გარეთ მოგყავთ, მოსავალს ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე აიღებთ, ხოლო თუ სათბურში ან სახლში – მთელი წელი ისიამოვნებთ.

ყვავილი
კულინარიაში რეჰანის ფოთლებსა და ნორჩ ყლორტებს იყენებენ. რეჰანი ყვავილების სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ როცა ყვავილობას დაიწყებს, ნორჩ ყლორტებს უნდა დაემშვიდობოთ, ამიტომ თუ მისი მხოლოდ სანელებლად გამოყენება გინდათ, ყვავილი მაშინვე მოაჭერით, როგორც კი გაუჩნდება. შემოდგომაზე უმჯობესია, ყვავილებიანი ღერო უფრო ღრმად მოაჭრათ, რადგან ზამთარში შესაძლოა ახალი ამონაყარი და ფოთლები გაუჩნდეს. თუ თესლის შენახვა გინდათ, რამდენიმე ღერო გადაინახეთ, თბილ, მშრალ ადგილას ჩამოკიდეთ და კარგად გაახმეთ, მერე თესლი გამოაცალეთ და გაზაფხულისთვის შეინახეთ.

ნიადაგი
რეჰანისთვის იდეალურია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. მიწა, როგორც გითხარით, ფხვიერი უნდა იყოს, რადგან რეჰანი დამდგარ წყალს ვერ იტანს, ამიტომ თუ მის ღია გრუნტში დათესვას აპირებთ, ნიადაგი წინასწარ დაამუშავეთ. თუ მკვრივია, ქვიშა ან ნეშომპალა შეურიეთ. სპეციალურ მაღაზიაში სპეციალური სამწვანილე მიწის ყიდვაც შეიძლება. ნიადაგის მჟავატუტოვანი ბალანსი (PH) 6,5-7,2 უნდა იყოს.

შევარჩიოთ ადგილი
რეჰანი სითბოს მოყვარული მცენარეა. განურჩევლად იმისა, ქოთანში დათესავთ თუ გარეთ, ბაღში – თბილი, მზიანი ადგილი უნდა შეურჩიოთ. შესაძლოა, ნახევრად ჩრდილიც აიტანოს. თავი კარგად რომ იგრძნოს, ორპირი ქარისგან საიმედოდ უნდა იყოს დაცული. თუ აივანი ან ტერასა თქვენს სახლს სამხრეთით აკრავს, ეს საუკეთესო ადგილია რეჰანის მოსაყვანად. მისი სასიამოვნო სურნელით თქვენც ისიამოვნებთ და მწერებიც ნაკლებად შეგაწუხებენ – ისინი რეჰანის ინტენსიურ სუნს გაურბიან. თუ ბაღში დათესვას აპირებთ, უმჯობესია, შემოდგომაზე ქოთანში გადარგოთ და სითბოში გამოაზამთროთ. მცენარე ღრმად ამოთხარეთ, ისე, რომ ფესვი არ დაუზიანდეს.

ზამთარში
რეჰანის სახეობათა უმეტესობა ყვავილობის შემდეგ კვდება, მხოლოდ მრავალწლოვან სახეობებს სჭირდება გამოზამთრება. რეჰანი ყინვას ვერ იტანს, ამიტომ თუ გარეთ, აივანზე ან ტერასაზე გყავთ, ადრევე შეიყვანეთ შიგნით და ადგილი სამხრეთით მდებარე ფანჯრის რაფაზე მიუჩინეთ. ორპირ ქარს მოარიდეთ. თუ ზამთარში მოვლის წესებს ზუსტად დაიცავთ, შესაძლოა, თქვენმა რეჰანმა რამდენმე წელიც კი გაძლოს.
მცენარისთვის იდეალური ტემპერატურა 15-20 გრადუსია. 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე კვდება, მაგრამ არც მეტისმეტი სიცხე უყვარს. ასე რომ, ქოთანს გამათბობლის ახლოს ნუ დადგამთ. ნურც იმ რაფაზე, რომლის ქვეშაც გათბობაა. შეურჩიეთ ნათელი ოთახი, სადაც ჰაერი კარგად იტრიალებს. ქოთანი უმჯობესია პლასტმასისა იყოს და არა თიხისა – თიხამ შესაძლოა ნესტი შეიწოვოს.

მორწყვა და განოყიერება
რეჰანს რეგულარულად სჭირდება მორწყვა, რომ ფესვები არ გამოუშრეს, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ. მორწყვისას ფოთლების დასველებას მოერიდეთ. უკეთესია, წყალი მიწაზე დაასხათ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ქოთანს წყლიან ჭურჭელში ჩადგამთ, რათა წყალი თვითონ შეიწოვოს. არ მორწყოთ მეტისმეტად ცივი წყლით. მოსარწყავად ნადგამი წყალი გამოიყენეთ. მორწყეთ საღამოს ან დილით ადრე. ნიადაგი ორგანული ან მინერალური სასუქით გაანოყიერეთ, თუ ქოთანში ზრდით – კვირაში ერთხელ, თუ ბაღში – 6 კვირაში ერთხელ. რეჰანს მორწყვა და განოყიერება ზამთარშიც სჭირდება.

მოვლა
მოვლა გულისხმობს გაფხვიერებას, მორწყვას, გამარგვლას და განოყიერებას. ნიადაგი რეგულარულად უნდა გააფხვიეროთ. თუ სარეველა შეამჩნიეთ, აუცილებლად მოაშორეთ.
არც გასხვლა დაგავიწყდეთ. მეტი ფოთოლი რომ მოისხას, სასურველია, მაღალი ყლორტები შეაკრიჭოთ.

გამრავლება
რეჰანი კალმებითაც მრავლდება. ამისთვის დაგჭირდებათ ჯანმრთელი მცენარის დაახლოებით 10 სმ სიგრძის ყლორტი. ყლორტს კენწეროში წყვილი ფოთოლი დაუტოვეთ, დანარჩენი კი მოაშორეთ და ყლორტი წყლიან ჭიქაში ჩადეთ. ერთ კვირაში ფესვებს გამოიტანს, ორ კვირაში კი, როცა ფესვთა სისტემა მოძლიერდება, მიწაში ჩარგეთ. მთავარია, ფესვი არ დაუზიანოთ. როგორც ზემოთ გითხარით, მიწა ნოტიო უნდა იყოს და არა წყლით გაჟღენთილი. ერთ ქოთანში შეგიძლიათ 8-10 კალამი ჩარგოთ.

რას უნდა ვუფრთხილდეთ
არასწორი ან არასაკმარისი მოვლის შედეგად მცენარე შესაძლოა დაავადდეს. ობსა და სოკოს ხშირად წყლის სიჭარბე აჩენს. მცენარე სუსტდება და ადვილად ერევა ბაქტერიები და ვირუსები. არც მეტისმეტად გამოშრობა ვარგა. რეჰანს არ უყვარს წვიმა. თუმცა მისი ყველაზე დიდი მტერი მაინც სოკოა. სამწუხაროდ, სოკოსგან დამცავი არავითარი საშუალება არ არსებობს, გარდა სწორი მოვლისა. თუ ფოთლებზე მომრგვალო ან უსწორმასწორო ლაქები შეამჩნიეთ ყავისფერი სოკოვანი წარმონაქმნებით ან ფოთოლს ორივე მხარეს მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქები გაუჩნდა, ესე იგი მცენარეს სოკოვანი დაავადება აქვს. დაზიანებული ფოთლები მოაცილეთ და შედარებით ჰაეროვან, მაგრამ ორპირისგან დაცულ ადგილას გადაიტანეთ. დაავადებას მთლიანად ვერ მოსპობთ, მაგრამ ზიანს შეამცირებთ. სოკომ შესაძლოა ყლორტებიც დააზიანოს და რენანი მოკვდეს. ასეთი მცენარე მაშინვე ამოთხარეთ, დაავადება სხვებსაც რომ არ გადაედოს.
რეჰანს ვირუსებიც ერჩიან. ამ დროს მცენარე ფერს იცვლის და დეფორმირდება.
რეჰანი ძალიან უყვართ ლოკოკინებს. მათგან ის სპეციალური საშუალებებით უნდა დაიცვათ.
რეჰანის მოყვანა და მოვლა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, თქვენი ძვირფასი დროის მცირე ნაწილს შეელიოთ. სამაგიეროდ, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, კერძები ახალი, ქორფა რეჰანით გააგემრიელოთ ან მოცარელასა და პომიდვრის სალათა ცოცხალი რეჰანის ფოთლებით შეკაზმული მიირთვათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: