კურკუმა – სანელებელზე მეტი

გააზიარე:

დარწმუნებული ვარ, მრავალ თქვენგანს ერთხელ მაინც დაულევია გვირილის ჩაი კუჭ-ნაწლავის დასამშვიდებლად ან ქონდრის ნაყენი გაციების დასამარცხებლად. მართალია, თანამედროვე მედიცინა ეფექტურად ებრძვის დაავადებათა უმეტესობას, მაგრამ მცენარეულ საშუალებებსაც შეუძლია, პატარ-პატარა ჩივილები შეამციროს და საგრძნობი გვერდითი მოვლენების გარეშე ჯანმრთელობა შეგვინარჩუნოს. ზოგიერთ მცენარეს კი სამკურნალო ძალასთან ერთად შესანიშნავი არომატიც აქვს. ალბათ ყველა იცნობს მიხაკისა და დარიჩინის, ქინძისა და პიტნის გემოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი სამკურნალო თვისებების შესახებ.

ვისაც ინდური კერძები გაუსინჯავს, თვალში მოხვდებოდა მათი მკვეთრი ყვითელი ფერი. ეს კურკუმაა – ინდოელების საყვარელი სანელებელი. ამჯერად სწორედ მის ღირსებებზე ვისაუბრებთ.

რა არის კურკუმა

კურკუმა მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ტროპიკულ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ხარობს. მას ყვითელ კოჭას და ყვითელ ფესვსაც ეძახიან. კურკუმას სიმაღლე 0,9-1,5 მეტრამდეა, აქვს მოგრძო ფოთლები და ყვითელი ყვავილი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები კი მის ფესვშია თავმოყრილი. სანელებლადაც სწორედ მას იყენებენ. კურკუმას ფესვს ნარინჯისფერი ან მოწითალო-მოყავისფრო გული და უხეში კანი აქვს, გემო – ოდნავ მომწარო, წიწაკისებური, სურნელი – ინგვისა და ფორთოხლისა. მისი ფერი კი მის შემადგენლობაში შემავალი კურკუმინის დამსახურებაა.

კურკუმას მთავარი მწარმოებელი ინდოეთია. აქ მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინათ იცნობდნენ და სამკურნალო თვისებების გამო წმინდა მცენარედ მოიხსენიებდნენ.

კურკუმას ფესვს ახმობენ და ფქვავენ. ის კარის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მას ქსოვილების შესაღებადაც იყენებენ. კურკუმა ფრჩხილებსაც კარგად ღებავს. თუ საუბრის დროს ინდოელმა უცბად გითხრათ, წავედი, ხელები უნდა დავიბანო, თორემ კურკუმა ფრჩხილებს გამიყვითლებსო, ესე იგი თქვენთან საუბარი მოსაწყენად მიაჩნია.

რას შეიცავს

კურკუმა უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროტეინების, B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B4 (ქოლინი), B6 (პირიდოქსინი), C, E და K ვიტამინების წყაროა.

100 გ ნედლი კურკუმას ფესვი 23,9 მგ C ვიტამინს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კალიუმი უმთავრეს როლს ასრულებს გულის ფუნქციობაში, არეგულირებს არტერიულ წნევას და ჰიდრატაციას. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზს, აადვილებს დაღლილობისა და სისუსტის დაძლევას.

კურკუმა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ეთეროვან ზეთებსაც შეიცავს, მაგრამ მის უნიკალურობას მაინც კურკუმინი განაპირობებს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იმავდროულად ხელს უწყობს ადგილობრივი ენზიმების ანტიოქსიდანტურ აქტიურობას, ანტიოქსიდანტები კი აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, გარდა ამისა, დაბერების პროცესსაც ანელებს.

კურკუმა ჯანმრთელობისთვის

კურკუმას ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უამრავმა კვლევამ დაადასტურა, ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კურკუმინი კი მას ტკივილგამაყუჩებელ თვისებასაც სძენს.

კურკუმინი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს და ვირუსულ ინფექციებს. კურკუმინი მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და ზღუდავს ანთების გამომწვევ ძირითად მიზეზს, ამიტომ კარგია ქრონიკული ანთების პროფილაქტიკისთვის.

კურკუმა უხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებით დაავადებს, მაგალითად, კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს. კარგია მუკოვისციდოზის დროსაც.

კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ ანემიის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, იცავს მას ტოქსიკური ნივთიერებებისგან და აძლიერებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენზიმების სინთეზს. ეს ენზიმები ხელს უწყობს სხეულიდან წიდის გამოდევნას, ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ამცირებს კანცეროგენების მოქმედებას და, შესაბამისად, სიმსივნის წარმოქმნის რისკს.

აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტეროლისას, იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან, ვიტამინ ბ6-ის წყალობით კი აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის დაწვას და ორგანიზმიდან გამოძევებას.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს დიაბეტური მედიკამენტების მოქმედებას და ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობას.

მოქმედებს ართრიტის, გულძმარვის, ფაღარათის, შებერილობის, უმადობის და სანაღვლე გზების დაავადებათა წინააღმდეგ. აქვს ნაღველმდენი მოქმედება და ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. კარგია დეპრესიის, ალცჰაიმერის დაავადების დროს. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

ხელს უწყობს კანის ზედაპირული ანთებითი პროცესების ჩაქრობას და ჭრილობის შეხორცებას. უხდება ფსორიაზს.

შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

რა ფორმით გვხვდება

კურკუმა იყიდება როგორც ნედლი ფესვის, ისე სანელებლის სახით – როგორც ცალკე, ისე სხვა სანელებლებთან კომბინაციაშიც. აფთიაქებში მის ფხვნილს, ტაბლეტებს და კაფსულებსაც ნახავთ.

დაფქული კურკუმას შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ის უნდა იყოს 100%-ით ნატურალური, მინარევების გარეშე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი, უმჯობესია, არა ჩინეთში, არამედ ინდოეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რომელიმე ქვეყანაში. კაფსულები სასურველია მცენარეული ბოჭკოს ცელულოზისგან იყოს დამზადებული და არა ჟელატინისგან.

რას უნდა ვუფრთხილდეთ

კურკუმათი ნებისმიერი საკვების შენელება შეიძლება, მაგრამ ტაბლეტს ან კაფსულას თვითნებურად ნუ მიიღებთ – უმჯობესია, ოჯახის ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რადგან ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ორსულობის დროსაც სასურველია, დოზა ექიმმა შეგირჩიოთ. ბავშვებთანაც სიფრთხილეა საჭირო. თუ ალერგიული ხართ, კურკუმას ნუ მიიღებთ. ერიდეთ მის მიღებას ძილის წინ, რადგან ნერვულ სისტემას ააქტიურებს და შესაძლოა, ჩაძინებაში ხელი შეგიშალოთ.

როგორ შევინახოთ

დაფქული კურკუმა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ, ნედლი ფესვი კი – მაცივარში.

როგორ გამოვიყენოთ

კურკუმა ბევრ კერძს უხდება. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მასში შემავალ ნივთიერებებს სასარგებლო თვისებები დაუკარგოს, ამიტომ უმჯობესია, კერძს ქურიდან რომ გადმოდგამთ, მერე დაამატოთ. კურკუმა ძალიან უხდება შავ პილპილს. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში შემავალი პიპერინი ხელს უწყობს კურკუმინის სისხლში გადასვლას.

კურკუმინი კარგად იხსნება ცხიმში, ამიტომ გირჩევთ, უჯერ ცხიმებთან ერთად მიიღოთ ან ზეთიან სალათას მოაყაროთ.

კურკუმამ შესაძლოა ხელები და ტანსაცმელი ყვითლად შეგიღებოთ. ლაქა რომ არ დაგრჩეთ, გირჩევთ, ხელები მაშინვე დაიბანოთ საპნით, ტანსაცმელი კი მაშინვე ამორეცხოთ.

სამზარეულოში

კურკუმა ძალიან უხდება ბრინჯს, ოსპს, კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულს.

თუ ყავისფერ ბრინჯს ქიშმიშს და აკაჟუს გულს დაამატებთ, კურკუმათი, ძირათი და ხმელი ქინძით შეაგემებთ, ნამდვილად დაიმსახურებთ ეგზოტიკური კერძების მოყვარულთა ქებას.

კურკუმა შეგიძლიათ ნებისმიერ კერძს მოაყაროთ, მაგალითად, მოწალულ ყვავილოვან კომბოსტოს, ბოსტნეულის სალათას.

ზამთრის ცივ დღებში კი ძალიან კარგია კურკუმას ცხელი ნაყენი: აიღეთ 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა, ამდენივე დაფქული ინგვა, მწიკვი შავი პილპილი და ცოტაოდენი თაფლი. ეს ყველაფერი 240 მლ ადუღებულ წყალში გახსენით და მიირთვით.

როცა ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით, მინერალებითა და საკვები ნივთიერებებითაა მომარაგებული, იმუნური სისტემაც ძლიერია, ძლიერი იმუნიტეტი კი ჯანმრთელობის საფუძველია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: