როგორ ვლინდება დრესლერის სინდრომი – ინფარქტის გართულება

გააზიარე:

როგორც ამბობენ, მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი არ არის. ყველაზე გავრცელებული დაავადებებიც კი ზოგიერთ შემთხვევაში არაკლასიკური, ატიპური სიმპტომებით ვლინდება და სხვადასხვა ფორმით რთულდება კიდეც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ იშვიათ სნეულებებზე, რომლებიც ერთეულების ხვედრია.
მინდა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ გართულებაზე გესაუბროთ, რომელიც დრესლერის სინდრომის სახელით არის ცნობილი.

  • რა არის?

დრესლერის სინდრომი პერიკარდიტის მეორეული ფორმაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ავტოიმუნური მექანიზმი უდევს საფუძვლად. უილიამ დრესლერი კი პოლონელი კარდიოლოგი გახლდათ, რომელმაც პირველად აღწერა ეს მდგომარეობა 1956 წელს.
დრესლერის სინდრომი ვითარდება გულის კუნთის ან მისი გარეთა გარსის, პერიკარდიუმის, ქსოვილის დაზიანების პასუხად. ამ ქსოვილის დაზიანება კი შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტმა, პერიკარდიუმის ქირურგიულმა გაკვეთამ ან ტრავმამ, ამიტომ დრესლერის სინდრომს ხშირად იხსენიებენ როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის ან პერიკარდიუმის გაკვეთის შემდგომ სინდრომს.

  • რისი ბრალია

უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დრესლერის სინდრომი ავტოიმუნური პროცესების შედეგია. პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ დროს სისხლში აღინიშნება მიოკარდიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი ტიტრი. ანტისხეულებს იმუნური სისტემა წარმოქმნის გულის ქსოვილის დაზიანების საპასუხოდ, თუმცა დრესლერის სინდრომის შემთხვევაში ისინი არა მარტო დაზიანებულ, არამედ ჯანსაღ უჯრედებსაც უტევენ, რასაც პერიკარდიუმის ღრუში ანთებითი პროცესი მოჰყვება.

  • რამდენად ხშირია

დრესლერის სინდრომი იშვიათი გართულებაა. 1956 წელს, როდესაც პირველად აღწერეს, ის მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პაციენტთა 3-4 პროცენტთან გამოვლინდა, ხოლო 1980 წელს სულ 242 ასეთი პაციენტი აღირიცხა. უკანასკნელი წლების ზუსტი მონაცემები დადგენილი არ არის.

  • ვის ემუქრება

დრესლერის სინდრომის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:
* გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზიანდება გულის კუნთის დიდი ნაწილი;
* გადატანილი დრესლერის სინდრომი;
* მორეციდივე ვირუსული ინფექციები. საქმე ის არის, რომ შეინიშნება სინდრომის დამოკიდებულება წელიწადის დროზე. სისხლის გამოკვლევა გამოავლენს ისეთ ვირუსებს, როგორებიცაა კოქსაკის B ვირუსი, ადენოვირუსი, ციტომეგალოვირუსი;
* გულზე გადატანილი ქირურგიული ოპერაცია (რისკი განსაკუთრებით მაღალია მიოკარდიუმის დიდი ნაწილის დაზიანებისას, თუმცა გართულება შეიძლება მცირე დაზიანებასაც მოჰყვეს);
* ახალგაზრდა ასაკი;
* გადატანილი პერიკარდიტი;
* გლუკოკორტიკოიდ პრედნიზონით მკურნალობა;
* ანესთეზია ჰალოთანით;
* სისხლის გადასხმა;
* ოპერაციამდე სისხლში ინტერლეიკინებისა და ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა და თრომბოციტოპენია.

  • როგორ ვლინდება

დრესლერის სინდრომი მოგვიანებით გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ 1-დან 6 კვირამდე ხანგრძლივობის პერიოდში ვითარდება.
სინდრომისთვის დამახასიათებელია:
* ცხელება, რომელიც ოპერაციის შემდგომ პირველ კვირას 38-39 გრადუსს აღწევს და ზოგ შემთხვევაში 40-მდეც იმატებს, თუმცა შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა სინდრომით არც იყოს გამოწვეული და 2-3 კვირაში ნორმას დაუბრუნდეს;
* გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია პლევრაში მიმდინარე ანთებითი პროცესით;
* საერთო სისუსტე;
* გაღიზიანებადობა;
* უმადობა;
* ზოგჯერ – დისპნოე (სუნთქვის გაძნელება) ან ართრალგია (სახსრების ტკივილი) .


დრესლერის სინდრომი – თუმცაღა კიდევ უფრო იშვიათად – გვხვდება ბავშვებშიც. მისი გამოვლენის ალბათობას ზრდის ქირურგიული ჩარევა გულის სარქვლოვანი ან სხვა სახის პათოლოგიის დროს. ასეთ პაციენტებთან ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია ღებინება, რომელიც გულის მოსალოდნელი ტამპონადის მანიშნებელია. დრესლერის სინდრომის მქონე ბავშვებს, მოზრდილთა მსგავსად, შესაძლოა აწუხებდეთ ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ჩასუნთქვისას ან დაწოლისას მძაფრდება. ზოგიერთ მათგანთან გამოვლინდება პნევმონიტის ნიშნებიც: ხველა, სატურაციის (სისხლის ჟანგბადით გაჯერების) დაქვეითება, ცხელება.
პნევმონიტი პნევმონიაში რომ არ აგერიოთ, გეტყვით, რომ ეს არაინფექციური დაავადებაა და ალერგიულ რეაქციებს მიეკუთვნება, თუმცა ორივე შემთხვევაში ანთებითი პროცესი ფილტვის ალვეოლებში ვითარდება.

  • დიაგნოსტიკა

დრესლერის სინდრომია სავარაუდო, თუ ჩამოთვლილი 5 კრიტერიუმიდან 2 მაინცაა გამოხატული:
1. ცხელება;
2. ტკივილი გულმკერდის არეში (გამოწვეული პერიკარდიტით ან პლევრიტით);
3. პერიკარდიუმის ან პლევრის ხახუნის ხმიანობა;
4. სითხე პერიკარდიუმის ღრუში;
5. პერიკარდიუმში სითხის არსებობა, შეუღლებული ჩ-რეაქტიული ცილის მატებასთან.
დიაგნოზის დასადასტურებლად ყველაზე მგრძნობიარე ინსტრუმენტული კვლევაა ექოკარდიოგრაფია. ეს არის სტანდარტული დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის საშუალებითაც ამოწმებენ პერიკარდიუმში სითხის არსებობა-არარსებობას და ადგენენ გულის წუთმოცულობის შემცირების ზუსტ მიზეზს. ასევე აფასებენ პარკუჭების კუმშვადობას და ტამპონადის განვითარების პოტენციურ რისკს.


თუ ულტრაბგერით პერიკარდიუმის უკანა ნაწილის დათვალიერება ვერ მოხერხდა, სითხის არსებობა-არარსებობის დასადგენად არჩევის მეთოდია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ნაკლებად ინფორმაციულია, მაგრამ, თუ ხსენებულ კვლევებზე ხელი არ მიგვიწვდება, შეიძლება მივმართოთ რენტგენოგრაფიას და მისი მეშვეობით შევაფასოთ გულის საზღვრები.
ინფორმაციულია ელექტროკარდიოგრამა, რომელზეც ჩანს პერიკარდიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.
ლაბორატორიული კვლევებიდან ადრეულ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს სისხლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი ინფექციური პროცესის გამოსარიცხად, სისხლის საერთო ანალიზი, რომელმაც შესაძლოა გამოავლინოს ლეიკოციტების რაოდენობის მატება.
დრესლერის სინდრომის დროს მკვეთრად იმატებს ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) და ჩ-რეაქტიული ცილა. სეროლოგიური ანალიზით დასტურდება მიოკარდიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულების მკვეთრი მატება.
თუ შესაძლებელია, უნდა შეფასდეს პერიკარდიუმში არსებული სითხე

  • მკურნალობა

დრესლერის სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობას ამბულატორიული მკურნალობა ენიშნება, თუმცა საჭიროა განსაზღვრული პერიოდულობით ექიმთან სიარული, სანამ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები: არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე, სატურაცია, – არასტაბილურია.
მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (NშAIDს), უმთავრესად – ასპირინით, იბუპროფენით, ნაპროქსენით. მკურნალობა ოთხიდან ექვს კვირამდე გრძელდება, სანამ არ დაიწყება პერიკარდიუმის ღრუში დაგროვილი სითხის შემცირება.
როცა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობა უშედეგოა, შესაძლოა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდების ოთხკვირიანი კურსი.
სინდრომის უფრო მძიმე ფორმის დროს, როდესაც თავს იჩენს გულის ტამპონადისა და კონსტრიქციული პერიკარდიტის ნიშნები, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა პერიკარდიუმიდან სითხის გამოღებით. 24-48 საათში უნდა ჩატარდეს პერიკარდიოცენტეზი (პერიკარდიუმის ღრუდან სითხის დრენირება), პარალელურად კი დაიწყოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შეყვანა. სითხის დრენირების შემდეგ, თუ სიმპტომები შემსუბუქდა, პაციენტს შეუძლია, მკურნალობა ამბულატორიულად გააგრძელოს. ერთი წლის თავზე აუცილებელია მდგომარეობის ხელახალი შეფასება.

  • გართულებები

გამოთავისუფლებულმა იმუნურმა კომპლექსებმა დრესლერის სინდრომის დროს შესაძლოა პლევრის ღრუში სითხის დაგროვება გამოიწვიოს, თუმცა მოსალოდნელია უფრო სერიოზული გართულებებიც, მათ შორის:
* გულის ტამპონადა (ანთების შედეგად პერიკარდიუმში გროვდება სითხე, რომელიც აწვება გულს. ეს ხელს უშლის პარკუჭების სისხლით ავსებას და სისხლძარღვებში გადატუმბვას);
* კონსტრიქციული პერიკარდიტი (მორეციდივე ან ქრონიკულმა ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიკარდიუმის გასქელება ან დანაწიბურება, რაც ასევე ხელს უშლის გულის მუშაობას).

  • პროგნოზი

დრესლერის სინდრომი უმეტესად მსუბუქი ფორმით ვლინდება და ერთ კვირაში ალაგდება. იშვიათად სიმპტომები ექვს თვემდე გრძელდება.
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის შემცირებისას პაციენტთა 10-15 პროცენტთან მოსალოდნელია რეციდივი.
სინდრომის მიმდინარეობის სიმძიმე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაწყების დროზეა დამოკიდებული. მძიმე გართულების რისკის გამო რეკომენდებულია ავადმყოფის მდგომარეობის პერიოდული შეფასება. მაგალითად, ნებაზე მიშვების შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს გულის ტამპონადა, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გამოჯანმრთელების საწინდარია.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: