ჯანმრთელი თაობა — ნარკომანია

გააზიარე:

დევიზი უცვლელია
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე – ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მართლაც ძნელია, იპოვო დედამიწაზე ადგილი, ნარკოტიკის გემო რომ არ იცოდნენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!

ნარკო-ბუმის მიზეზი
 ნარკოლოგთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს. მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა, რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.

რაშია საქმე
ნარკომანიის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის უდიდესი მნიშვნელობა იმდენად აშკარაა, მასზე ლაპარაკიც არ ღირს. რაც შეეხება ნიშნებს, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებლებს ამხელს და რომლებიც ყველა მოზარდის მშობელმა უნდა იცოდეს, თქვენს ყურადღებას ნამდვილად შევაჩერებთ.
“რაღაცაშია საქმე”, თუ:
. მოზარდი, რომელიც აქამდე დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, თავის თავში ჩაიკეტა და გულჩახვეული გახდა.
. შინიდან უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება, სახლში კი გვიან ღამით ბრუნდება ― მაშინ, როდესაც, მისი აზრით, ოჯახის წევრებს უკვე სძინავთ. საშინლად ღიზიანდება, როდესაც ეკითხებიან: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”
. ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ფსიქოსტიმულატორების გამოყენებისას კი რული არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს.
. გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, ცუდად სწავლობს. მეცადინეობა აღარ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს, რადგანაც მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.
. ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), სრულებით აღარ ხიბლავს.
. წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა უხდება.
. აღენიშნება ხასიათის უჩვეულო ცვლილება: კონფლიქტურ სიტუაციაში, თუნდაც პიროვნული ღირსება შეულახონ, მეტისმეტად მშვიდია, სამაგიეროდ, შეიძლება უმიზეზოდ აფეთქდეს და ჩხუბი დაიწყოს. მეტწილად კი უგუნებოდ და დათრგუნულია.
. უფრო და უფრო მეტ ფულს გთხოვთ, თუმცა რაიმე ფასეული შენაძენი შინ არ მოაქვს. მეტიც: თქვენი საფულიდან იკარგება ფული, შინიდან კი – ძვირფასი ნივთები.
. ახალი მეგობრები ჰყავს, რომელთა თქვენთვის გაცნობას არ ჩქარობს, ტელეფონით კი მათთან ჩურჩულით საუბრობს.
ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ დროა, შვილს გულახდილად ესაუბროთ. გირჩევთ, საუბრისას სიმკაცრე არ გამოიჩინოთ. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ და მოზარდიც, სავარაუდოდ,  გულს გადაგიშლით.

საშიში ნიშნები
ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ნარკომანია დანაშაულად ითვლებოდა. ამჟამად გარკვეულია: ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანსაც (მათ ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენურ მომხმარებლებს უწოდებენ), ისევე როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება.
ვიდრე თერაპიაზე საუბარს დავიწყებდეთ, ჩამოვთვლით ნიშნებს, რომლებიც დაავადებაზე ან, უბრალოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს:
. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზინის;
. მომატებული ძილიანობა (ნარკოტიკების მომხმარებლებს ფაქტობრივად ფეხზე ეძინებათ, შეიძლება, თვალგახელილმაც ჩათვლიმონ);
. ძლიერი აგზნებულობა, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე, მოყვითალო ელფერი;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;
. მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა;
. ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;
. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით ინექცია შეიძლება ფეხებზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზე გაკეთდეს.
თუ მშობლები ამგვარ საეჭვო ნიშნებს შეამჩნევენ, კონსულტაციისთვის უთუოდ სპეციალისტს უნდა მიმართონ.

როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკებს
ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო ხანს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი ნარკომანიით დაავადებულისთვის გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერების – მეტადონის მიწოდებას გულისხმობს. თუ ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია.
რაც შეეხება დეტოქსიკაციის მეთოდს, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. დაიხსომეთ: მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების მხარდაჭერას. არ შეიძლება, ნარკომანიით დაავადებულს ეჩხუბო, შეურაცხყოფა მიაყენო, აიძულო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია, ოჯახის წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ მკურნალობა მოტივირებული გახადოს.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა სარეაბილიტაციო კურსია, რომელსაც, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ.
დევიზი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!

გააზიარე: