წელის ტკივილი – XXI საუკუნის პრობლემა

გააზიარე:

გადაჭედილი ტრანსპორტით მოუხერხებლად მგზავრობა, სამსახურში მთელი დღე ერთსა და იმავე პოზაში დგომა ან ჯდომა – ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას აზარალებს და ისიც ტკივილით გვპასუხობს. რა თქმა უნდა, წელის ტკივილი შეიძლება დაავადების ნიშანიც იყოს, მაგრამ დღესდღეობით ის უმეტესად პროფესიულ ფაქტორსა და უმოძრაო ცხოვრების წესს უკავშირდება. ასეთი ტკივილი თავისთავად გაივლის და მკურნალობას არ მოითხოვს.
ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ერთხელ მაინც განუცდია წელის ტკივილი. ის ექიმთან კონსულტაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

  • სხეულის საყრდენი


ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მთავარი ნაწილი ხერხემალია, რომელიც ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 33 მალისგან შედგება. დგომა, ჯდომა, მიხრა-მოხრა უმთავრესად სწორედ მასზეა დამოკიდებული. იმავდროულად, ხერხემალი საიმედოდ იცავს დაზიანებისგან მისსავე სვეტში მოთავსებულ ზურგის ტვინს. ამრიგად, ძლიერი კუნთები და ძვლები, მოქნილი მყესები და მგრძნობიარე ნერვები ხერხემლის სიჯანსაღეს განაპირობებს, ხოლო რომელიმე ამ სტრუქტურის გადაძაბვა, ტრავმული დაზიანებამ ან დაავადება ტკივილს იწვევს.
წელის ტკივილზე საუბრისას ვგულისხმობთ ზურგის ქვედა ნაწილს და ხერხემლის სვეტის წელის სეგმენტს შესაბამისი მალებითურთ (L1-L5), რომლებიც სხვა მალებისგან მასიურობითა და სიმტკიცით გამოირჩევა. სხეულის მასის დატვირთვა უმთავრესად სწორედ ამ ნაწილზე მოდის. გასაკვირი არ არის, რომ ტკივილიც ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიდამოში პროეცირდება.

  • მოწყვლადი ასაკი


წელის ტკივილს უმეტესად 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები უჩივიან. საქმე ის არის, რომ ასაკის მატებასთან ერტად ორგანიზმში ცვლილებები ხდება: ხერხემლის მალებს შორის არსებული სითხე, რომელიც მოძრაობისას ხახუნს ამცირებს. თანდათან იკლებს და მალათაშუა დისკოები ხახუნის შედეგად ღიზიანდება. მცირდება კუნთების ტონუსიც, რაც ზურგის დაზიანების რისკს ზრდის.

  • მწვავე თუ ქრონიკული


წელის ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით.
მწვავე ტკივილი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, ქვემწვავე – 4-12 კვირა, ხოლო ქრონიკული ტკივილი 12 კვირას და მეტხანსაც გასტანს.

  • რა იწვევს


ყველაზე ხშირად – ზურგის კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა, ხერხემლის და ორგანული პათოლოგიები.
* ზურგის კუნთები და მყესები შესაძლოა დაიჭიმოს და დაზიანდეს კიდეც გადაჭარბებული აქტიურობის: მძიმე ტვირთის აწევის, უხეში მოძრაობის, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს დარჩენის შედეგად. დამახასიათებელია ტკივილის უეცარი დასაწყისი.
* მალათაშუა დისკოები ხერხემლის მალებს შორის მდებარეობს და ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. მათ გამოვარდნას (მალათაშუა თიაქარი) და გახეთქვას ტკივილი მოჰყვება. გამოვარდნილი დისკო აწვება ზურგის ტვინის ნერვებს, მათ შორის – საჯდომ ნერვს, რომელიც ხერხემლის სვეტს ქვედა კიდურებთან აკავშირებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს წელის, ქვედა კიდურების და ტერფების ტკივილი.
* რადიკულოპათია ზურგის ტვინის ნერვების დაზიანებაა ანთებითი პროცესის, ზეწოლის ან ტრავმის შედეგად.
* ხერხემლის სტენოზის – ხერხემლის სვეტის შევიწროების – შედეგად ზურგის ტვინი და ნერვები ზეწოლას განიცდის, რაც იწვევს ტკივილს და დაბუჟების შეგრძნებას სიარულის დროს, მოგვიანებით – ქვედა კიდურების სისუსტეს და მგრძნობელობის დაკარგვას.
* სკოლიოზი, ლორდოზი და კიფოზი თანდაყოლილი პათოლოგიებია, რომლებიც ხერხემლის გამრუდებას იწვევს. ისინი უმეტესად ბავშვობასა და მოზარდ ასაკში დიაგნოსტირდება. გამრუდებული ხერხემალი ზრდის ზეწოლას კუნთებზე, მყესებსა და მალებზე, რაც ტკივილს იწვევს.


წელის ტკივილის შედარებით იშვიათი მიზეზებია:
* ართრიტი;
* ფიბრომიალგია (სახსრების, კუნთებისა და მყესების გახანგრძლივებული ტკივილი და დაჭიმულობა);
* სპონდილიტი (ხერხემლის მალებს შორის არსებული სახსრის ანთება);
* სპონდილოზი (ხერხემლის დეგენერაციული დაავადება, რომელმაც შესაძლოა ხერხემლის სტრუქტურისა და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს);
* ოსტეოპოროზი (ძვლების მეტაბოლური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლების მასისა და სიმკვრივის შემცირება);
* თირკმლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები;
* ორსულობა;
* ენდომეტრიოზი;
* საკვერცხის ცისტა;
* საშვილოსნოს კიბო;
* სიმსივნე;
* ინფექციური პროცესები.

  • რისკფაქტორები


ტკივილის განვითარების ალბათობას ზრდის:
* ასაკი (30-დან 50 წლამდე). ასაკის მატებასთან ერთად ძვალი იფიტება და ადვილად ტყდება. მცირდება კუნთთა ტონუსი და ელასტიკურობა. მალათაშუა დისკო შრება და მოქნილობას კარგავს, ამორტიზატორის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ხერხემლის სტენოზიც ასაკთან ერთად ვითარდება;
* ცხოვრების უმოძრაო წესი. წელის ტკივილს უმეტესად ის ადამიანები უჩივიან, რომლებიც პასიურ ცხოვრების წესს მისდევენ. ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია, მაგრამ ზომიერად;
* ორსულობა. წელის ტკივილს განაპირობებს მენჯის ცვლილები და წონის მატება. მშობიარობის შემდეგ ის თავისთავად გაივლის;
* ჭარბი წონა;
* გენეტიკა. წელის ტკივილის გამომწვევ ზოგიერთ პათოლოგიას, მაგალითად, მაანკილოზებელ სპონდილიტს, გენეტიკური საფუძველი აქვს;
* პროფესია. სამუშაო, რომელიც მოითხოვს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას ან დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში ჯდომას ან დგომას;
* მძიმე ზურგჩანთა. ამერიკის ქირურგ ორთოპედთა აკადემიის რეკომენდაციით, ზურგჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სხეულის მასის 15-20%-ს.

  • დიაგნოსტიკა


თავდაპირველად გასინჯვით ადგენენ ტკივილის ლოკალიზაციას, ინტენსივობას და ხასიათს. ამოწმებენ რეფლექსებს და მგრძნობელობას ნერვის დაზიანების გამოსავლენად. თუ სიმპტომები სუსტად არის გამოხატული, ექიმი ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებამდე შესაძლოა დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას, რადგან ტკივილს უმეტესად მარტივი მკურნალობაც შველის. თუ მას თან ახლავს სისუსტე, ცხელება და წონის კარგვა, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი კვლევები:
* რენტგენოგრაფია;
* კომპიუტერული ტომოგრაფია;
* ულტრაბგერითი კვლევა;
* მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ამ გზით ექიმი დაათვალიერებს ძვლებს, მალათაშუა დისკოებსა და მყესებს.
ძვლების პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ელექტრომიოგრაფია, ხოლო ნერვის დაზიანებისას მომწდება ნერვში ელექტრული სიგნალების გადაცემის სიჩქარე.

  • მკურნალობა


ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კუნთების დაჭიმულობით, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის. მის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ დაიდოთ წელზე თბილი საფენები, მიიღოთ თბილი აბაზანა ან დალიოთ ტკივილგამაყუჩებელი (იბუპროფენი, აცეტამინოფენი).
ხერხემლის დაზიანებისას პირველი 24-48 საათის განმავლობაში კარგია ჯერ ცივი, მერე თბილი საფენები. გაახვიეთ ყინული პირსახოცში ან ტანსაცმელში და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ყინული შეამცირებს შეშუპებას, კუნთების სპაზმს და ტკივილს. შემდეგ დაიდეთ თბილი საფენი, რომელიც მტკივნეულ ადგილს გაათბობს და მოადუნებს.
თუ ტკივილი სამი თვის განმავლობაში არ გაქრა, შესაძლოა, იოგაც დაგეხმაროთ.
საწოლში დიდხანს ნუ დარჩებით, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდით ყოველდღიურ აქტიურობას, რადგან შესაძლოა, ტკივილი დამძიმდეს, კუნთების ტონუსმა და მოქნილობამ იკლოს.
მიზეზის შესაბამისად, იყენებენ მკურნალობის სხვადასხვა საშუალებას: მედიკამენტებს, სამედიცინო ელექტროხელსაწყოებს, ფიზიკურ თერაპიას.
სიმპტომების გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ მიორელაქსანტები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები ტკივილის გასაყუჩებლად, სტეროიდები ანთების შესამცირებლად.


ზოგჯერ საჭიროა ფიზიკური თერაპია, მაგალითად, ბიოფიდბექთერაპია (ბიოფსიფიკაცია), რომელიც რელაქსაციის მეშვეობით სტრესული მდგომარეობის შესუსტებას გულისხმობს. ამ დროს ადამიანს შეუძლია, თავად აკონტროლოს სხეულის სხვადასხვა ფუნქცია: გულისცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე, არტერიული წნევა, კანის ტემპერატურა, კუნთების აქტივობა... მაჩვენებლები კანზე დამაგრებული ელექტროდების მეშვეობით კომპიუტერს გადაეცემა და მონიტორზე ჩანს. ეს მეთოდი უმეტესად სხვა სამკურნალო მეთოდებთან ერთად გამოიყენება.
რთულ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის ყველა მეთოდი უშედეგოა, ხდება ქირურგიული ჩარევა.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან


ტკივილის პრევენცია ადვილია. საკმარისია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ტკივილის რისკფაქტორების ზემოქმედება. ხშირად ავარჯიშეთ მუცლისა და ზურგის კუნთები, ჭარბწონიანობის შემთხვევაში აუცილებლად დაიკელით წონა, არ ასწიოთ მძიმე ტვირთი, ეცადეთ, შეინარჩუნოთ შესაბამისი პოზა.
კომფორტული და ჯანსაღი ძილისთვის სწორად უნდა შეარჩიოთ ლეიბი. უმეტესად რეკომენდებულია მყარი საგები, თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული წელის ტკივილის დროს ნახევრად რბილი ჯობია. ხერხემლისთვის საუკეთესოა ბუნებრივი პოზიცია, ამიტომ რბილ ლეიბზე წოლას ექიმები არ გვირჩევენ.
იჯექით საზურგიან სკამზე.


ნუ ჩაიცვამთ 1-2 სანტიმეტრზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს – შესაძლოა, ამან წელის არეში დაჭიმულობა და ტკივილი გამოიწვიოს, თუმცა არც მთლიანად ბრტყელძირიანი ფეხსაცმელია რეკომენდებული. თუ მწეველი ხართ, გირჩევთ, თავი დაანებოთ, რადგან ნიკოტინი იწვევს მალათაშუა დისკების სტრუქტურულ გადაგვარებას და ამცირებს სისხლის ნაკადს, რის შედეგადაც ქსოვილების კვება უარესდება და ვითარდება იშემია. თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, დიდია ალბათობა, ტკივილი თავიდან აიცილოთ.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: