არსებობს თუ არა “იდეალური” ოჯახი?

გააზიარე:

ბავშვობაში ალბათ ყველას წარმოგვედგინა იდეალური ოჯახი: ლამაზ სახლში მოსიყვარულე დედა, მამა და შვილები თამაშობენ, ჟრიამულობენ; ოთახში მადისაღმძვრელი სურნელია სადილისა, რომელიც დედამ სიყვარულით მოამზადა; ეზოში ფუმფულა ცუგა დარბის და ერთი სული აქვს, როდის დართავენ ნებას, საერთო მხიარულებას შეუერთდეს.

მაგრამ ალბათ ჯობს, ამთავითვე ითქვას, რომ იდეალური ოჯახი, ისევე როგორც იდეალური ადამიანი, არ არსებობს. საზოგადოდ, ოჯახი ცვალებადი ფენომენია. შესაძლოა, თქვენ სტერეოტიპულ, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც მამა დილიდან საღამომდე სამუშაოდ იყო წასული, ხოლო დედა-დიასახლისი ბავშვებსა და სახლის საქმეებზე ზრუნავდა, მაგრამ დღეს, როდესაც ქალები დასაქმებულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ, უფრო და უფრო იზრდება განქორწინებათა მაჩვენებელი და ასე ხშირია მარტოხელა დედის ან მამის ფენომენი, ოჯახის ტრადიციულმა “დედა-მამა-შვილი” სტრუქტურამ აქტუალობა დაკარგა და სხვა ფორმებმა წამოიწია წინა პლანზე.

თუ თქვენი ოჯახი არ ჰგავს იმ ოჯახს, სადაც აღიზარდეთ, ნუ მიიჩნევთ ამას პრობლემად. დღესდღეობით უამრავი განსხვავებული ოჯახური სიტუაცია არსებობს. ზოგ შემთხვევაში ოჯახს უძღვება მარტოხელა, ქვრივი, ქმარს ან ცოლს გაშორებული მშობელი, რომელიც ერთმანეთს უთავსებს მუშაობასა და ბავშვის აღზრდას. ბავშვების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს ოჯახში, რომელმაც იშვილა ან დედინაცვალთან მამინაცვალთან იყოფს ოჯახურ კერას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოჯახი ჯდება ტრადიციული ოჯახის ჩარჩოებში, ადრე თუ გვიან თქვენს შვილებს აუცილებლად ექნებათ შეხება ბავშვებთან, რომლებიც განსხვავებულ ოჯახურ სიტუაციაში ცხოვრობენ. დროდადრო თქვენი პატარა ასეთ კითხვებსაც დაგისვამთ: “რატომ შორდებიან მშობლები ერთმანეთს?”, “რატომ არ ცხოვრობენ ჩემი კლასელის მშობლები ერთად?”, “რატომ ცხოვრობს ჩემი კლასელის მამა არა დედასთან, არამედ სხვა ქალთან ერთად?” გახსოვდეთ, ოჯახი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ამიტომ ნუ შემოიფარგლებით მოკლე და შაბლონური პასუხებით. ამ კითხვების მეშვეობით ბავშვი ოჯახის შესახებ ორი რამის გარკვევას ცდილობს: სურს, გაეცნოს ოჯახის განსხვავებულ სტრუქტურებს და მიიღოს ის ფაქტი, რომ ოჯახური სიტუაცია, ცხოვრების სტილი და ურთიერთობები შესაძლოა შეიცვალოს.

ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც ერთად ცხოვრობს და პასუხისმგებლობას ინაწილებს, შეუძლია შექმნას ოჯახური კერა და იწოდებოდეს ოჯახად. მაგალითად, ქმარს გაშორებული ქალი შეიძლება ცხოვრობდეს მეგობარ, ასევე ქმარს გაშორებულ ქალსა და მის შვილებთან ერთად და ამ თანაცხოვრებას უწოდებდეს ოჯახურს. ბებია ან ბაბუა, რომელიც ცხოვრობს შვილთან, სიძესა და შვილიშვილებთან ერთად, მათი ოჯახის წევრად განიხილება. ოჯახის სტრუქტურული ვარიაციები შეიძლება უსასრულო იყოს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს საერთო მახასიათებლები: ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრება ემოციურად, მატერიალურად და ფიზიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან და ისინი ინაწილებენ ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობას.

 

ოჯახური კონფლიქტები

მართალია, ოჯახური ცხოვრება ხშირად რომანტიზებულია, მაგრამ რეალურად ის კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე წარმოუდგენელია. ცოლქმრული კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საკითხების გამოც, როგორიცაა ბავშვის აღზრდის მეთოდები ან ფინანსების განაწილება. ცოლქმრული თანაცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში ხშირია კონფლიქტი, რადგან ამ დროს ორივე მხარე აცნობიერებს, რომ უდარდელი, ვნებიანი სიყვარულის პერიოდი დასრულდა და ის ურთიერთგაგებამ და პასუხისმგებლობამ ჩაანაცვლა. მშობლებისა და შვილების კონფლიქტიც ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ოჯახში დაძაბულ სიატუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ახლო ნათესავები და ახლობლები მუდმივად სტაბილურობისა და სიმშვიდის მოლოდინში არიან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არარეალური მოლოდინი აქვთ სხვების ოჯახური ცხოვრების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, ყველამ გაიაზროს, რომ სტრესი, კონფლიქტი და უთანხმოება ოჯახური ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენებია და მათი მოგვარება შესაძლებელია.

 

სტაბილურობა არ ნიშნავს წარმატებას

ცვლილებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდაცვალება, ავადმყოფობა, ფინანსური პრობლემები – ეს ის მოვლენებია, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვატყდეს თავს. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ, განურჩევლად იმისა, რა განსაცდელის წინაშე დაგვაყენებს ცხოვრება, სტაბილურობა არ არის ოჯახის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. პირიქით, სწორედ ის, როგორ გადალახავს ოჯახი ერთობლივი ძალებით ამ უსიამოვნო სურპრიზებს, განსაზღვრავს მის წარმატებას და წინსვლას.

 

ჯანსაღი ურთიერთობები მნიშვნელოვანია

ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ალბათ ყველა ადამიანი ინტერესდება, რამდენად ჯანსაღია ურთიერთობები მათ ოჯახში, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ოჯახი ნორმალურად ფუნქციონირებს. ეს ძნელი სათქმელია, რადგან სიტყვა “ნორმალურს” სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა სხვადასხვა შინაარსი ჰქონდეს.

მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლებთ შეაფასოთ, რამდენად ჯანსაღია ურთიერთობები თქვენს ოჯახში:

* მიუხედავად ყოველდღიური რუტინისა, სუფევს თუ არა თქვენს ოჯახში ლაღი და ყველა წევრისთვის კომფორტული აურა?

* გაქვთ თუ არა მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესები, რომელთა შეცვლაც სიტუაციის ცვლილებასთან ერთად შესაძლებელია?

* ხომ არ ელის და მოითხოვს ოჯახი რომელიმე წევრისგან იმაზე მეტს, ვიდრე მას შეუძლია?

* არის თუ არა ოჯახის ყველა წევრი მოტივირებული, მიაღწიოს თავის პირად მიზნებს, ისევე როგორც ოჯახის საერთო მიზნებს? ხომ არ უშლის საერთო მიზნები ხელს ოჯახის წევრებს პირადი მიზნების მიღწევაში?

* დამყარებულია თუ არა ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე, მაშინაც კი, როცა მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა?

* ახერხებთ თუ არა სიახლეებსა და ცვლილებებთან შეგუებას და მორგებას ისე, რომ ოჯახის არც ერთი წევრი არ დაიჩაგროს და დაითრგუნოს?

 

შევინარჩუნოთ ჯანსაღი ოჯახი

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ყურადღება მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

* ყველა ბავშვს მოექეცით როგორც ცალკე ინდივიდს. თითოეულ ბავშვს საკუთარი ტემპერამენტი და სამყაროს აღქმის, მასთან ინტეგრირების საკუთარი გზა აქვს. რა თქმა უნდა, მშობლებს ყველა შვილი თანაბრად უყვართ, მაგრამ თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მიდგომა და ურთიერთობაა საჭირო. ჩამოაყალიბეთ თითოეულ შვილთან განსხვავებული, მათ ძლიერ მხარეებზე დამყარებული ურთიერთობა და არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთ და-ძმას, არ დააკნინოთ მათთან მიმართებით.

* შეიმუშავეთ რუტინა. ოჯახურ ჰარმონიას ქმნის ერთობლივი საუზმე ან ვახშამი, დილის რიტუალები, დაგეგმილი საოჯახო დღესასწაულები, დაბადების დღე, არდადეგები. ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, როდესაც მსგავს სიტუაციებში ოჯახი გარკვეულ სქემას მიჰყვება.

* გქონდეთ მუდმივი კონტაქტი ნათესავებსა და მეგობრებთან, ნუ მოსწყდებით და გაემიჯნებით ამ ურთიერთობებს. როდესაც გაქვთ ნათესავებისა და მეგობრების იმედი, იცით, რომ რთულ სიტუაციაში გვერდით დაგიდგებიან, ეს ოჯახურ ატმოსფეროზე დადებითად მოქმედებს.

* გქონდეთ რეალური მოლოდინები ოჯახის წევრებისგან. გახსოვდეთ, რომ არც თქვენი შვილები და არც თქვენ სუპერგმირები არ ხართ, ამიტომ ნუ მოსთხოვთ ნურც მათ და ნურც საკუთარ თავს იმას, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.

* არ დაივიწყოთ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. რა თქმა უნდა, ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ თუნდაც მცირე დრო იმისთვის, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ, იკითხეთ, იარეთ სპორტდარბაზში, განიტვირთეთ ისე, როგორც თქვენთვის მისაღებია. გახსოვდეთ, რომ ემოციურად გაწონასწორებული და მშვიდი მშობელი უკეთ ზრუნავს შვილებზეც და ოჯახის კეთილდღეობაზეც.

ლიკა ქათამაძე

 

გააზიარე: