ტკბილი ძილი – აუხდენელი ოცნება?

გააზიარე:

ორსულებმა კარგად იციან, რომ მას შემდეგ, რაც მათი პატარა ამ ქვეყანას მოევლინება, დიდი ხნით მოუწევთ ხანგრძლივ, უშფოთველ ძილზე უარის თქმა, ამიტომ ცდილობენ, ძილის "მარაგი" ორსულობისას დააგროვონ. სირთულეც სწორედ აქ იჩენს თავს: სანამ ნაყოფს დედის წიაღში ტკბილად სძინავს, შესაძლოა, დედას ტკბილი ძილი აუხდენელ ოცნებად ექცეს.

 

ჯანსაღი ძილის მნიშვნელობა

დიდი ხანია ყველამ იცის, რომ ძილი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბოლო ხანს კი აღმოაჩინეს, რომ უძილობა არაერთი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის, რისკფაქტორიც ყოფილა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ორსულისთვის. მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

ძილი ორის ნაცვლად

ორსულის სხეულში ყველაფერი ორჯერ მეტია: ორი გული, ორი თავი, ოთხი ხელი... ლოგიკურია, რომ გაორმაგებული მოცემულობისთვის თავის გასართმევად ორგანიზმს გაორმაგებული მუშაობა უწევს, შესაბამისად, ორმაგადაც იღლება, ამიტომ თუ ორსულობისას გამუდმებით გეძინებათ, არ გაგიკვირდეთ. ძილის მოთხოვნილება, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში, პათოლოგიად არ მიიჩნევა. ცუდი ის არის, რომ რაც უფრო იზრდება ნაყოფი, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება მით უფრო რთულდება, რადგან ქალის ორგანიზმში ძილისთვის ხელის შემშლელი პროცესები იკრებს ძალას.

 

რა გვიშლის ხელს

ძილის დარღვევის მთავარი მიზეზი ნაყოფის ზრდაა. ქალის მუცელში მოკალათებული "უცხო სხეული" მოხერხებული საძილე პოზის მიღებას ართულებს. თუ ზურგზე ან მუცელზე წოლას ხართ მიჩვეული, ჩვევაზე უარის თქმა მოგიწევთ. ზოგს ძილი ამის გამოც ერღვევა. ამას ემატება საწოლში გადაბრუნების სირთულეც, რაც წონის მატებისა და ძვალ-სახსართა პრობლემების შედეგია.

გარდა ამისა, ძილს ხელს უშლის:

* შარდვის გახშირება – ორსულობისას სისხლის მოცულობა იმატებს და მის გასაფილტრად თირკმელებს მეტი მუშაობა უწევთ. შედეგად იმატებს შარდის მოცულობაც. ამის გამო ორსულობის დასაწყისიდანვე ხშირდება შარდვა. მზარდი ნაყოფი უფრო და უფრო მეტად აწვება შარდის ბუშტს და დედაც უფრო და უფრო ხშირად გარბის ტუალეტისკენ. ღამით ვიზიტები შესაძლოა უფრო მეტადაც გახშირდეს, თუ ნაყოფი ამ დროს არის განსაკუთრებით აქტიური.

* გულისცემის აჩქარება  –  ორსულობისას, ბუნებრივია, სისხლით მომარაგება ყველაზე მეტად საშვილოსნოს სჭირდება, თანაც ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სხვა ორგანოებმა დანაკლისი არ იგრძნონ. გული იძულებულია, ორგანიზმში მეტი სისხლი გადატუმბოს, რაც გულისცემის აჩქარებას განაპირობებს. ეს კომპენსატორული მექანიზმი, რომელიც აუცილებელია როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, არასასურველ გავლენას ახდენს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.

* ქოშინი – ჰორმონების მომატების გამო სუნთქვა ღრმავდება. ორსულს ჰაერის ჩასასუნთქად თითქოს მეტი ძალისხმევა სჭირდება. სუნთქვას აძნელებს გაზრდილი საშვილოსნოს დიაფრაგმაზე ზეწოლაც.

* ქვედა კიდურებისა და წელის ტკივილი – წონის მატებამ შესაძლოა წელისა და ფეხების ტკივილი გამოიწვიოს. ორსულობის დროს იმატებს ჰორმონ რელაქსინის გამომუშავება. ესეც ადაპტაციური მექანიზმია, რომელიც მშობიარობის დროს მენჯის მყესების მოდუნებას უზრუნველყოფს, მაგრამ უსიამოვნო გვერდით ეფექტსაც იწვევს: რელაქსინის გავლენით ორსულები მეტად არიან მიდრეკილნი ტრავმებისკენ. განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ წელის ტკივილი. ამავე ჰორმონის მოქმედების შედეგია სიმფიზიტი – ბოქვენის სიმფიზის ანთება. ანთება იწვევს ბოქვენის ძვლების დაშორებას, რომელიც მტკივნეულია და ზოგჯერ იმდენად ძლიერი, რომ ქალს საწოლში გადაბრუნების შესაძლებლობას ართმევს.

* ქრონიკული ვენური დაავადება – ის იწვევს ტკივილს, ფეხების შეშუპებას და ფეხის კუნთების პერიოდულ კრუნჩხვას (კრამპს).

* გულძმარვა და ყაბზობა – მზარდი ნაყოფი სულ უფრო მეტად ავიწროებს ირგვლივ მდებარე ორგანოებს, მათ შორის – კუჭს. გარდა ამისა, ორსულობის დროს ნელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, რის გამოც საკვები კუჭსა და ნაწლავებში უფრო მეტხანს ყოვნდება.  ეს ყველაფერი გულძმარვასა და შეკრულობას იწვევს. გულძმარვის სიმპტომები ძლიერდება ღამით, წოლისას. კუჭში გაჩენილი ხანძარი, ბუნებრივია, ორსულს ძილს უფრთხობს. სიმპტომები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ქალი მჯდომარე ათევს ღამეს.

ძილის დარღვევას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალის ფსიქიკა ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში არანაკლებ გამოცდას გადის.  ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ორსულობისას უფრო მშფოთვარე სიზმრებს ხედავენ. არცთუ იშვიათია კოშმარები. ძილის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესიც, ამიტომ ორსულები სტრესულ სიტუაციებს განსაკუთრებით უნდა ერიდონ. 

 

"ძილისთვის არ მცალია"

ჯანსაღი ძილის კიდევ ერთი (და, ალბათ, ყველაზე ძლიერი) მტერი თანამედროვე ცხოვრების წესია. დიახ, ქალი ძილისთვის ვერ იცლის. ათასგვარ საოჯახო საზრუნავს ხშირად სამსახურიც ემატება. მისი დასვენების დრო მაშინღა დგება, როდესაც ოჯახის ყველა წევრი იძინებს. ბევრს ენანება ამ წუთების ძილში დახარჯვა. ექიმებს თუ დავუჯერებთ, ასეთი დამოკიდებულება არასწორია, მით უმეტეს – ორსულობის დროს. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, უნდა მოახერხოთ, რომ დღე-ღამეში 7-8 საათი იძინოთ.

 

საძილე რჩევები

როგორ ვისწავლოთ და მოვიპოვოთ ჯანსაღი ძილი? ორსულობის დასაწყისიდანვე მიეჩვიეთ გვერდზე წოლას. ეს ქვედა ღრუ ვენაზე ნაყოფის ზეწოლას შეამცირებს (ამ ვენას ქვედა კიდურებიდან სისხლი გულისკენ მიაქვს) და გულს მუშაობას გაუადვილებს. ზოგიერთი ექიმი მარცხენა გვერდზე წოლას გვირჩევს – ვინაიდან ღვიძლი მარჯვნივ მდებარეობს, მარცხენა გვერდზე წოლა საშვილოსნოს ამ დიდი ორგანოს ზეწოლისგან იცავს. ასე წოლა გულის სისხლმომარაგებასაც აუმჯობესებს და ნაყოფისა და საშვილოსნოს უკეთეს კვებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ზურგზე წოლა რეკომენდებული არ არის, ღამით თუ შემთხვევით ეს პოზა მიიღეთ, ნუ შეგეშინდებათ. ძილის დროს პოზის ცვლა ბუნებრივი და უსაფრთხო პროცესია და ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს. ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ამ "უნებლიე შეცდომების" ალბათობა საგრძნობლად შემცირდება, ვინაიდან ამ პერიოდში ზურგზე წოლა ძალიან მოუხერხებელია. მეტიც: ხშირად ძილის დარღვევის მიზეზი სწორედ ზურგზე გადაბრუნებაა – ორსულს დისკოფორტი აღვიძებს. პრობლემების მოგვარებაში სპეციალური ბალიში დაგეხმარებათ. 

 

ტკბილი ბალიში

ბალიში მოხერხებული პოზის შერჩევაში დაგეხმარებათ. მოსინჯეთ სხვადასხვა ვარიანტი – ამოიდეთ ბალიში ფეხებს შორის, ხელის ქვეშ, მუცლის ქვეშ. ზოგჯერ შვების მომგვრელია მისი წელის ქვეშ მოთავსებაც. ბაზარზე ორსულთა ბალიშების არცთუ მცირე არჩევანია.

 

როცა ვერ იძინებ

რა მიმზიდველიც უნდა მოგეჩვენოთ ურეცეპტოდ გასაცემი საძილე პრეპარატების, მათ შორის – მცენარეული საშუალებების, მიღების იდეა, გახსოვდეთ, ორსულობისას ეს არ შეიძლება, მით უმეტეს, თვითნებურად! სამაგიეროდ, გამოძინებაში დაგეხმარებათ შემდეგი რჩევები

* ერიდეთ კოფეინიან გაზიან სასმელებს, ყავას, ჩაის. უკიდურეს შემთხვევაში, ისინი დღის პირველ ნახევარში მიიღეთ.

* დაძინებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ნურაფერს შეჭამთ და დალევთ. ცხადია, შიმშილობას არ ვგულისხმობთ – სითხეც და ჯანსაღი საკვებიც ორსულის რაციონის აუცილებელი ელემენტებია; მთავარია, ყველაფრის ძილის წინ მიღება არ მოინდომოთ. ეს, ერთი მხრივ, კუჭის სისავსეს, დისკომფოტსა და გულძმარვას გამოიწვევს, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს შარდის მოცულობის გაზრდას. ძილის ხარისხზე არც ერთი მათგანი არ აისახება სასიკეთოდ. ამიტომ ეცადეთ, დღიური რაციონის უდიდესი წილი დღის პირველ ნახევარზე მოდიოდეს.

* შეიმუშავეთ რუტინა – დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს. რეჟიმს თქვენი ორგანიზმიც მიეჩვევა და ძილის დროი რომ მოახლოვდება, დასვენებისკენ თვითონვე გიბიძგებთ.

* მოერიდეთ ვარჯიშს და, საზოგადოდ, ძლიერ ფიზიკურ აქტიურობას ძილის წინ. ნაცვლად ამისა, წაიკითხეთ წიგნი ან დალიეთ თბილი უკოფეინო სითხე, მოეშვით და დასაძინებლად მოემზადეთ.

* თუ კრამპი გაწუხებთ, ფეხები კედელზე შეაწყვეთ ან წამოდექით, მერე კი გადაამოწმეთ, სათანადო რაოდენობით იღებთ თუ არა კალციუმს და მაგნიუმს. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის  შემდეგ არის ნებადართული.

* თუ უძილობის მიზეზი სტრესი და შფოთვაა, ესაუბრეთ მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრებს, გაუზიარეთ თქვენი საფიქრალი. გულახდილად ილაპარაკეთ პრობლემებზე. ერთად სცადეთ დაბრკოლების გადალახვა. თუ ამან არ გიშველათ, სინჯეთ ფსიქოლოგტან ურთიერთობა, ჩაეწერეთ მშობელთა სკოლაში.

* ერიდეთ უძილობას. თუ ორსულობამდე ცოტა გეძინათ, დაორსულების შემდეგ აუცილებლად გაზარდეთ ძილის ხანგრძლივობა. დაიძინეთ ერთი საათით ადრე და გაიღვიძეთ ერთი საათით გვიან.

* არის ისეთი წუთებიც, როდესაც დაძინება უბრალოდ არ შეგიძლიათ. ასეთ დროს აქეთ-იქით ტრიალის, შფოთვის და მაღვიძარას მოლოდინში წუთების თვლის მაგივრად წამოდექით და რამე გააკეთეთ: წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, დაათვალიერეთ ელექტრონული ფოსტა... ეს უფრო ადვილად მოგვგრით ძილს, ვიდრე საწოლში ნერვულად წრიალი.

* თუ შესაძლებელია, დღისით 30-60 წუთით წათლიმეთ. ეს მთელი დღის განმავლობაში დაკარგული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ამასთან, თავისუფალ შუალედებში ძილსაც მიეჩევევით, რაც ბავშვის დაბადების შემდეგ ძალიან დაგჭირდებათ.

 

რა ხდება ორსულობის შემდეგ?

ძილის პრობლემები არც ორსულობის შემდეგ ქრება. მიზეზი მარტივია: პატარას დაბადებას ჩვენს ცხოვრებაში დიდ სიხარულთან ერთად დიდი აურზაურიც შემოაქვს. ახალი წევრი ოჯახს ახალ წესრიგს ჰკარნახობს და ღამე დასვენებისა და რელაქციის მაგივრად მუხლჩაუხრელად ფუსფუსის პერიოდად იქცევა. ეს, ბუნებრივია, ძილის უკმარისობას იწვევს და პირდაპირ აისახება დედის განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. პრობლემის მოსაგვარებლად, წესისამებრ, ცოტაოდენი დასვენებაც საკმარისია. მაგრამ ლეთარგიული განწყობა ყოველთვის არ ნიშნავს ძილის სურვილს – მისი მიზეზი ზოგჯერ მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა. როგორ განვასხვაოთ ერთი მეორისგან?

* დაღლილობის შეგრძნება მშობლებისთვის ბუნებრივი რამაა. მათი 76% გამოუძინებლობას უჩივის. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს კი დაქანცულობის მიზეზი არა ძილის ნაკლებობა, არამედ მისი ცუდი ხარისხია – ქალებს უბრალოდ ცუდად სძინავთ.

* ცხადია, უძილობა გაღიზიანებას და გუნება-განწყობის დაქვეითებას იწვევს, მაგრამ თუ ქალი ჯანმრთელია, რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ განწყობა, წესისამებრ, უმჯობესდება. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს კი დთრგუნულობის შეგრძნება, გაღიზიანება, შფოთვა დიდხანს, ზოგჯერ კვირების განმავლობაშიც კი გრძელდება.

* დატვირთული რეჟიმის გამო ერთიორად მეტი ენერგია იხარჯება. ლოგიკურია, ახალნამშობიარებ ქალს მადაც მოამატოს, მით უმეტეს, თუ პატარას ძუძუს აწოვებს, მაგრამ მატება ზომიერი უნდა იყოს. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს დროს მადა არაბუნებრივად იმატებს ან, პირიქით, მცირდება.

* დედების უმეტესობა, დაღლილობის მიუხედავად, ახალშობილთან მჭიდრო სულიერ კავშირს გრძნობს. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს დედა-შვილს შორის სულიერი კავშირი სუსტია. ამასთანავე, ქალი გამუდმებით შფოთავს იმის გამო, რომ ცუდი დედაა და პატარას სათანადოდ არ უვლის.

თუ თავს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები შეატყვეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ფსიქოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ.

დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი ძილი თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა, ამიტომ ამ საკითხისადმი გულგრილობა დანაშაულია. გახსოვდეთ, როცა ორსულს ძილი აკლია, მის ორგანიზმში ავადმყოფობა იღვიძებს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: