ნატო ინგოროყვა: “სამყარო დიდია, ყველას გვეყოფა”

გააზიარე:

ნატო ინგოროყვას პოეზიას ინდივიდუალური ხელწერით ყველასგან გამოარჩევთ. ის ლექსებით გვესაუბრება ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს... ბევრ სხვა სფეროშიც მოსინჯა ძალა, მაგრამ, როგორც თავად მითხრა, პოეზიას ვერ უღალატა.

ვიდრე საკუთარ ლექსებს ფართო აუდიტორიას წარუდგენდა, ავსტრიელი პოეტის რაინერ მარია რილკეს თარგმანები გამოაქვეყნა. თარგმანებს პირველი ლირიკული კრებული “...და სახლობს ჩემში პოეტი ევა” მოჰყვა.

ამჟამად უკვე ოთხი პოეტური კრებული აქვს გამოცემული, მათ შორის – “ხმელები და ნედლები” (გამომცემლობა “დიოგენე”) და “Porcellanae” (გამომცემლობა “ინტელექტი”). მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, ლიტვურ, ბელორუსიულ და უკრაინულ ენებზე, შესულია ბრიტანული გამომცემლობის Francis Boutle Publishers-ის კრებულში “უკარო სახლი. ათი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალი” და გერმანული გამომცემლობის Corvinus Presse-ის კრებულში “კარტოფილის ამოღება. ახალი ქართული ლირიკა”.

 

– სასიხარულოა, როცა შენი ლექსები ქვეყნის საზღვრებს ტოვებენ და სხვა ენაზე აჟღერდებიან. ახლახან ჩემი პოეზია მკითხველს ბერლინსა და ლაიფციგში გავაცანი. ისე ორგანულად მიიღო მსმენელმა, ვერ წარმოვიდგენდი, ქართული კონტექსტი ასე იოლად აღსაქმელი თუ იქნებოდა მათთვის. კარგი უკუკავშირი დიდი სტიმულია, დღესასწაულია ავტორისთვის.

 

“ყველა ჩვენგანი

ვიღაცისთვის

ერთხელ მაინც ხდება

იუდა”.

 

– ძნელია იყო ადამიანი და იუდას შეცდომა ერთხელ მაინც არ დაუშვა. ვინ იცის, იქნებ ღმერთიც ამ შეცდომით შექმნა... ყოველ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავში – და არამხოლოდ საკუთარ თავში – შექმნას და მოკლას კიდეც ის.

მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში შეცდომა უფრო მეტია, ვიდრე სწორად გადადგმული ნაბიჯი და ასე ვიზრდებით, ასე ვსწავლობთ... მთავარია, სამყარო ისეთი მივიღოთ, როგორიც არის და მის მრავალფეროვნებასთან თანაცხოვრება შევძლოთ. ის სამყარო შევიყვაროთ, რომელიც გვაქვს – ფერადი, ჭრელი, სხვადასხვაგვარი – და არ შეგვეშინდეს, ვიცოდეთ, რომ ის საკმარისად დიდია და ყველას გვეყოფა.

 

რა დრო გასულა,

რაც დამარიგეს:

“უკვე დიდი გოგო ხარ,

აღარ იტიროო!”

 

– ბავშვობა იყო ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ჰქონოდა გურიის ერთ პატარა სოფელში გაზრდილ გოგოს, ვისთვისაც სამყარო იყოფოდა მაკვანეთად, სადაც დაიბადა, და სხვა დანარჩენად.

რომელსაც ჰქონდა ბევრი კითხვა და ეძებდა პასუხებს წიგნებში, ფილმებში, ბებიასთან, დედასთან, მამასთან, ამბებში, რომლებსაც სოფლის ორღობეებში მოხუცებისა თუ ახალგაზრდებისგან ისმენდა.

რომელიც მერე დიდი ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ახალ სამყაროს, ახალ გამოწვევებს შეეჯახა. ახალი ინტერესები გაუჩნდა. სტუდენტური ცხოვრება სტანდარტული – ახალი პასუხები ახალ კითხვებად.

გავიზარდე მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ სხვის კითხვებზეც აღმომაჩნდა პასუხები – ეს უკვე იყო დიდობა. ეს კომფორტული, თუმცა საპასუხისმგებლო მდგომარეობაა.

 

ვექტორი, რომელიც მუდმივად იცვლება

დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. არის სოციალური მეცნიერებისა და მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაწიგნიერებას და ინფორმაციის მენეჯმენტს ასწავლის. 2009 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ “მასწავლებლის”, ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის “განათლების მეცნიერების” მთავარი რედაქტორია.

– მნიშვნელოვანია იცოდე, როდის უნდა შეცვალო ცხოვრებისა და საქმიანობის ვექტორი; სწორად გათვალო, ხვალ და ზეგ რაზე შეიძლება იყოს მოთხოვნა და პროფესიული უნარ-ჩვევებიც ამ მოთხოვნების შესაბამისად განივითარო. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი და ვსწავლობ და ამაში გასაკვირი არაფერია. ხვალ თუ ახალი საქმიანობის შესწავლას და ახალი უნარის განვითარებას მივიჩნევ საჭიროდ, არც ამაზე ვიტყვი უარს. არ შემიძლია, ვიყო იმ სფეროში, სადაც საკუთარ მნიშვნელობას და დანიშნულებას ვერ ვიგრძნობ.

მაქვს განცდა, რომ იქ, სადაც ვარ, ახალს, სასარგებლოს და მნიშვნელოვანს ვემსახურები – საგანმანათლებლო რესურსებს ვქმნით მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა ადამიანებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ბევრი სასარგებლო პროექტი ხორციელდება – “მასწავლებლის ბიბლიოთეკა”, რომელიც ყოველწლიურად მასწავლებლის საჭიროებათა გათვალისწინებით ახალი წიგნებით ივსება, ლიტერატურული კონკურსი “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე” მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის, განათლების მეცნიერების ხელშეწყობა, სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც განათლების მკვლევარებსა და მკვლევარ მასწავლებლებს სხვადასხვა კვლევის შედეგების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება.

 

მედიაწიგნიერება

– მედიაწიგნიერება გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ, გავფილტროთ, გადავამოწმოთ, შევქმნათ, გავავრცელოთ ინფორმაცია, ვიკისროთ პასუხისმგებლობა მის გავრცელებაზე და, რაც მთავარია, კრიტიკულად შევაფასოთ ყოველგვარი ინფორმაცია და ყველა მედიუმი. დღეს მედიუმი უამრავია. უნდა ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ მათგან სანდო და სასარგებლო და როგორ ვაქციოთ ინფორმაცია ცოდნად.

უფროსი თაობის მედიამომხმარებლებისთვის ინფორმაციის დეფიციტი იყო პრობლემა. ახლანდელ თაობას მეორე უკიდურესობასთან უწევს გამკლავება. ის იმ ადამიანს ჰგავს, რომელმაც ცურვა იცის, მაგრამ ნაპირს ვერ აგნებს - რაც უნდა კარგად ცურავდეს, სადღაც მაინც დაიღლება, სადღაც მაინც ჩაიძირება. ამიტომ უნდა ისწავლოს, რომელ მედიუმებს შეეხოს, როგორ და რატომ.

ძალიან კარგია, რომ სიტყვა “ მედიაწიგნიერებამ” უკვე დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაჩნდა ჩანაწერი მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების როგორ აუცილებელი კომპეტენციის შესახებ, რომელიც უნდა განუვითარდეს მოსწავლეს სასწავლო პროცესში ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების გზით. აუცილებელია, შეიქმნას საგანმანათლებლო რესურსიც – ქართულ ამბებზე შედგენილი სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, მედიაწიგნიერებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

 

ქართული მედიასივრცე

– ზედმეტი ინფორმაცია სტრესს იწვევს, მით უფრო – თუ ის ნეგატიურია. ჩვენს ქვეყანაში კი სწორედ ასეთი სიახლე იყიდება: მედიას არ აინტერესებს, თუ ძაღლმა დაკბინა ადამიანი, მაგრამ დაინტერესდება, თუ ადამიანი უკბენს ძაღლს. მედიას აქვს მარკეტინგული გათვლა, ცდილობს, მოიძიოს მეტი მაყურებელი თუ მკითხველი. ამ ინტერესსზე უარს ვერ ვათქმევინებთ, მაგრამ შეგვიძლია ვაიძულოთ, მოგვაწოდოს სანდო ინფორმაცია და არა ჭორი. თუ ვიქნებით უფრო კრიტიკულები, თუ უარს ვიტყვით უხარისხო გადაცემებზე, მათი რეიტინგი დაეცემა და არხი იძულებული გახდება, შეცვალოს პოლიტიკა. ეს მომხმარებლის ძალაცაა და უფლებაც, ჩააყენოს მედია თავის სამსახურში.

 

პოპკულტურა მაღალი ხელოვნების წინააღმდეგ

– დაბალი ხარისხის შოუებს, რომლებსაც დღევანდელი მედია გვთავაზობს, ჰყავს მაყურებელი. ცხადია, ასეთ კულტურასაც აქვს არსებობის უფლება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ მაღალი ხელოვნების ნიმუშები რომ არსებობდეს, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად წყვეტდეს, რისი მომხმარებელი იყოს.

 

წიგნი და თანამედროვე მკითხველი

– არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ადამიანი წიგნს მოსწყდა. უბრალოდ, ბიბლიოთეკებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. ნაბეჭდი წიგნისადმი ინტიმური დამოკიდებულება მაქვს: მიყვარს სანიშნი, გადაფურცვლა, გახაზვა, ჩანაწერების გაკეთება, გადაჩხაპნა, მაგრამ დღეს “გლობალური სოფლის” მოქალაქეები ვართ. დროს თავისი მოთხოვნები აქვს და მას ფეხი უნდა ავუწყოთ. თუ ამაზე უარი ვთქვით, მოგვაკლდება ყველაზე მნიშვნელოვანი – ინფორმაცია. დღეს ცოდნის მიღება იმაზეა დამოკიდებული, ვიცით თუ არა ინფორმაციის მოპოვება და ვახერხებთ თუ არა მის ტრანსფერს ჩვენს საქმიანობაში.

 

ოჯახი

მეუღლე, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ქიმიკოსია, ქალიშვილი, მარიამი –  არქიტექტორი. დიდი ოჯახი გვაქვსო, მითხრა ქალბატონმა ნატომ, რადგან ოჯახი იმ ადამიანების ერთობლიობაა, ვინც ყველაზე მეტად გვეძვირფასებაო:

– დიდ ოჯახად ცხოვრება არ გვიჭირს, რადგან ერთმანეთის საქმიანობას და ინტერესებს პატივს ვცემთ, ერთმანეთს ვეხმარებით. რაც მთავარია, გვესმის, რომ არ შეიძლება, ადამიანმა, რომელიც გიყვარს, მხოლოდ შენთვის იცხოვროს.

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: