რა როლს ასრულებს თამაში ბავშვის განვითარებაში?

გააზიარე:

ფუშფუშა კაბის, გვირგვინისა და ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით სამი წლის გოგონა ზღაპრული სამყაროს პრინცესად იქცევა, სადაც მისი საყვარელი ცხოველი, არც მეტი, არც ნაკლები, ფრთოსანი უნიკორნია. პრინცესა ვარდისფერი ღრუბლების გასინჯვას გთავაზობთ და თქვენც ეთანხმებით, რომ ღრუბლებს მარწყვის საღეჭი რეზინის გემო აქვს.

ოთხი წლის ბიჭი მთელ სახლში დარბის, ზურგზე მოდგებულ ზეწარს დააფრიალებს და გეძახით: “დედა, დავფრინავ!” ის სუპერგმირია, რომელმაც საკუჭნაოში დამალული დრაკონი უნდა დაამარცხოს და ოჯახის წევრები გადაარჩინოს.

ამ ასაკის ბავშვების მშობლები ამქვეყნად ყველაზე რეალისტური და, იმავდროულად, ყველაზე წარმოსახვითი თეატრის წინა რიგში სხედან. ბავშვის ტვინი ამ პერიოდში საკმაოდაა განვითარებული, რათა მსგავსი ისტორიები წარმოიდგინოს, მაგრამ არა იმდენად, რომ დაეჭვდეს და იკითხოს: “შესაძლებელია თუ არა, ასეთი რამ მართლა მომხდარიყო?”

მოდი გავარკვიოთ, რითია წარმოსახვითი თამაშები მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ.

 

როგორ აღიქვამენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები გარემოს

როცა რამეს ვერ ხვდებიან, პატარები ხშირად იგონებენ საკუთარ ვერსიებს “ცარიელი ადგილების” შესავსებად, უმეტესად – ჯადოსნურ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო.

განვითარების ამ პერიოდს, რომელიც პიკს სკოლამდელ ასაკში აღწევს, მედიცინის დოქტორმა სელმა ფრაიბერგმა “ჯადოსნური წლები” უწოდა და ამავე სახელწოდების წიგნიც გამოსცა 1959 წელს.

სამყაროს პატარები თავდაპირველად შეგრძნებების: შეხების, გემოვნების, ყნოსვის, მხედველობისა და სმენის, – საშუალებით შეიცნობენ. თანდათან ისინი მარტივ მიზეზშედეგობრივ კავშირებსაც ამჩნევენ, მაგალითად: “თუ ღილაკს ხელს დავაჭერ, სათამაშო სიმღერას დაიწყებს”.

სწორედ ამ ცოდნისა და მზარდი წარმოსახვის უნარის კომბინირებით ახერხებენ ბავშვები სამყაროს ჯადოსნურად წარმოდგენას.

როლური თამაშები ბავშვს სხვადასხვა როლის მორგების საშუალებას აძლევს. ერთ დღეს ის შეიძლება სუპერგმირი იყოს, მეორე დღეს პრინცად გადაიქცეს, მესამე დღეს კი ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად მოგვევლინოს. ეს მას, ერთი მხრივ, სირთულეების კრეატიული გზით მოგვარებას ასწავლის, მეორე მხრივ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკობრივი პრობლემის – მოზღვავებული ემოციების – დაძლევაში ეხმარება. ერთ დღეს შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თოჯინა სწორედ იმ საქციელისთვის დაისაჯა და დადგა კუთხეში, რისთვისაც წინა დღეს ბავშვს უხეშად მიეცით შენიშვნა, ან წარმოსახვით მეგობართან მის გულახდილ საუბარს მოჰკრათ ყური და გაიგოთ, როგორ ნანობს პატარა, რომ უფროსს არ დაუჯერა ან ბაღში ამხანაგს სცემა. ეს ის ემოციებია, რომლებიც ბავშვმა ვერც მეგობარს გაუზიარა და ვერც მშობელს, მაგრამ რომელთაგან დაცლაც მისთვის აუცილებელი იყო.

ემოციების კონტროლი ხშირად უფროსებსაც გვიჭირს, ბავშვებს კი ამ უნარის ჩამოყალიბებასა და იმ გრძნობებთან გამკლავებაში, რომლებსაც ემოციების მოზღვავება იწვევს, სწორედ წარმოსახვითი თამაშები ეხმარება.

 

როგორ წავახალისოთ

წარმოსახვითი თამაში ბავშვის გონებაში იწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშობლებს მასში ჩართვა ეკრძალებათ. პირიქით, ბავშვის წარმოსახვით თამაშში ჩართვით მშობლებს შანსი ეძლევათ, უკეთ გაიცნონ შვილი, გაიგონ მისი ფარული შიშები და სურვილები.

* აჰყევით. როდესაც ბავშვი სავარძელზე ხტუნავს და ბედნიერია, რადგან წარმოსახვით ცაში დაფრინავს, მიწაზე ნუ დააბრუნებთ. პირიქით, აჰყევით. შეაქეთ იმისთვის, რომ ასე მაღლა აფრინდა, შესთავაზეთ, თუ დაიღლება, ფუმფულა ღრუბლებზე წამოწვეს და დაისვენოს.

* მოარიდეთ ელექტრონულ სათამაშოებს. განურჩევლად ყველა ელექტრონული სათამაშო უზღუდავს ბავშვს წარმოსახვის უნარს. ეცადეთ, ისეთი სათამაშოები შეიძინოთ, რომლებითაც ბავშვი წარმართავს თამაშს და არა სათამაშო. თოჯინა, კუბიკები, სახატავი რვეული და ფანქრები შესაძლოა ყავლგასულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ის სათამაშოებია, რომლებიც ბავშვისგან შემოქმედებით აქტივობას მოითხოვს და ძალიან ეხმარება განვითარებაში.

* უკითხეთ წიგნები. კითხვისას დაუსვით წარმოსახვის გასავარჯიშებელი კითხვები: “ამ კალიის ადგილას შენ რას შეჭამდი?” ან “როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი?” ეს მეთოდი წარმოსახვასთან ერთად მეტყველებასაც ავარჯიშებს და, იმავდროულად, ბავშვს წიგნის მიმართ ინტერესსაც უღვივებს.

* მიაჩვიეთ დამოუკიდებლად თამაშს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვს ყოველდღე ჰქონდეს თავისუფალი დრო დამოუკიდებლად თამაშისთვის. ასე ის ისწავლის, როგორ გაერთოს საკუთარი რესურსებით.

* შეუზღუდეთ ეკრანთან გასატარებელი დრო. ტელევიზორის ყურებისას, თუნდაც საგანმანათლებლო პროგრამებისა, ბავშვი ისმენს და თავისდა უნებურად იზიარებს სხვის აზრებს, ნაცვლად იმისა, რომ თავად იაზროვნოს. სკოლამდელი ასაკის პატარები ნამდვილ გადაცემებს და რეკლამებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, ამიტომ შესაძლოა, რეკლამამ მათზე მეტისმეტად დიდი გავლენა მოახდინოს. ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, 2–დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები დღეში 1 საათზე მეტხანს არ დასვან ეკრანთან.

 

როდესაც ჯადოსნობა მთავრდება

დადგება დღე, როდესაც პატარა პრინცესას გვირგვინს მტვერი დაედება და სუპერგმირიც შეწყვეტს ფრენას. მშობლებისთვის ეს ტკბილ–მწარე მომენტია – ხშირად მოგენატრებათ სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ, იმავდროულად, უნდა იცოდეთ, რომ ეს თქვენი შვილის ტვინის სწორ განვითარებაზე მიანიშნებს.

განვითარებასთან ერთად ტვინის პრეფრონტალური ნაწილი უზრუნველყოფს სწორი ნეირონული კავშირების ჩამოყალიბებას, რისი მეშვეობითაც ბავშვი ხვდება, რომ სამყარო მთლად ისე არ არის მოწყობილი, როგორც აქამდე ეგონა.

მაგალითად, ავიღოთ მტვერსასრუტი. ორი წლის ბავშვმა შესაძლოა ისტერიკა მოაწყოს იმის შიშით, რომ მტვერსასრუტი მასაც ისევე შეისრუტავს, როგორც იატაკზე დაყრილ ნამცეცებს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს ნივთი მისი წარმოსახვითი თამაშის ნაწილი ხდება. ბავშვი ყვირილით მოვარდება თქვენთან, მტვერიჭამია მონსტრს ჩემი გადასანსვლა უნდაო, მაგრამ სინამდვილეში მშვიდადაა, რადგან უკვე იცის, რომ მტვერსასრუტი ვერაფერს დაუშავებს. ექვსი წლისთვის ბავშვი უკვე მტვერსასრუტის შიშის ირაციონალურობასაც აცნობიერებს და ეცინება – როგორ ეგონა აქამდე, რომ ამ პატარა მილში ჩაეტეოდა?! შესაძლოა, თვითონვე მოინდომოს მტვერსასრუტის დანიშნულებისამებრ გამოყენება. ამ ასაკში ბავშვის ტვინი უკვე თავ–თავის ადგილს მიუჩენს შესაძლებელს და შეუძლებელს.

ამავე ასაკში, რომელსაც “მიზეზების ასაკსაც” უწოდებენ, ბავშვებს უყალიბდებათ სინდისის გრძნობა, ასხვავებენ სწორსა და არასწორს, ასრულებენ დავალებებს არა იმპულსურად, არამედ იმიტომ, რომ იციან – ეს სწორი საქციელია.

მიზეზების ასაკში ბავშვები აღარ უმალავენ თავიანთ ნივთებს თანატოლებსა და მათზე პატარებს, რადგან ამ დროს უკვე შეუძლიათ სხვების გრძნობებისა და სურვილების გაზიარება. ამავე ასაკში მონსტრები, რომლებიც საწოლის ქვეშ იმალებოდნენ, ნელ–ნელა ქრებიან და ბავშვი ხვდება, რომ რაკი ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უნახავს არც ერთი მათგანი, ესე იგი ისინი არც არსებობენ.

ზრდასთან ერთად კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი ნელ–ნელა გადაიქცევა ხელოვნების – მუსიკის, წერის, ხატვის სიყვარულად, სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობა კი უბიძგებს ბავშვებს, ჩაეძიონ, იკითხონ, დაინტერესდნენ, ეძებონ პასუხები და საბოლოოდ მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: