სად ვიქნებოდით, რომ არა...

გააზიარე:

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა მეცნიერების განვითარების ტემპი ისეთი სწრაფი, როგორიც დღესაა. თითოეულ აღმოჩენასა თუ გამოგონებას უამრავი სხვა მოსდევს. მრავალ მათგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად დიდი ადგილი უკავია, წარმოდგენაც კი გვიჭირს, როგორი იქნებოდა სამყარო მათ გარეშე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამ მიღწევათა როლი მედიცინაში. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ფეხის უბრალო ნაკაწრის შემთხვევაშიც კი ექიმებს ხშირად ამპუტაციასა და სიკვდილს შორის უწევდათ არჩევანის გაკეთება, ვინაიდან არ არსებობდა ანტიბიოტიკები ინფექციასთან საბრძოლველად.

მოდი, ერთად გავიხსენოთ მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა და რომელთა გარეშეც ადამიანთა მოდგმას შესაძლოა დიდი ხნის წინ დაესრულებინა არსებობა.

 

პენიცილინი

ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა პირველი ანტიბიოტიკი – პენიცილინი, რომელმაც ექიმებს საშუალება მისცა, განეკურნათ მანამდე მომაკვდინებლად მიჩნეული ინფექციები. 1928 წლის სექტემბერში შოტლანდიაში გატარებული ორკვირიანი საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნებული დოქტორი ალექსანდრ ფლემინგი  ლონდონის წმინდა მერის სახელობის საავადმყოფოს ლაბორატორიაში თავის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და დაინახა, რომ პეტრის თასი, რომელშიც ოქროსფერი სტაფილოკოკის კოლონიებს ზრდიდა, ობს დაეფარა. ფლემინგმა ჭურჭელი ყურადღებით დაათვალიერა მიკროსკოპით და აღმოაჩინა, რომ პენიცილიუმის სოკოს გამრავლების შედეგად წარმოქმნილ ობს სტაფილოკოკების ზრდა დაეთრგუნა, კიდევ რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პენიცილიუმის ობში ნამდვილად იყო რაღაც ისეთი ფაქტორი, რომელსაც არა მხოლოდ ბაქტერიების ზრდის დათრგუნვა, არამედ გაცილებით მეტი – ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაც შეეძლო.

თოთხმეტი წლის შემდეგ, 1942 წლის მარტში, ენ მილერი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც წარმატებით უმკურნალეს პენიცილინით. მუცლის მოშლის შედეგად განვითარებული სტრეპტოკოკული სეპტიცემიის გამო ენი სასიკვდილოდ იყო განწირული.

პენიცილინის აღმოჩენის მნიშვნელობის სიდიადე მეორე მსოფლიო ომის დროსაც დადასტურდა. მიჩნეულია, რომ ომიანობის  დროს სიკვდილის მთავარი მიზეზი არა ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობები, არამედ ამ ჭრილობათა დაბინძურების შედეგად განვითარებული ინფექცია იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს ბაქტერიული პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანობა 18%-ს შეადგენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს მაჩვენებელი პენიცილინის წყალობით 1%-მდე შემცირდა.

მოგვიანებით ალექსანდრ ფლემინგი წერდა: “1928 წლის 28 სექტემბრის დილას, როდესაც თვალი გავახილე, მსოფლიო მედიცინაში რევოლუციის მოხდენა და პირველი ანტიბიოტიკის აღმოჩენა ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, მაგრამ, როგორც ვხვდები, სწორედ ეს გავაკეთე სინამდვილეში”.

1945 წელს ფლემინგს ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ანტიბიოტიკების კიდევ უამრავი ჯგუფი და რამდენიმე თაობა შეიქმნა, პენიცილინი მთელ მსოფლიოში კვლავ ყველაზე გავრცელებულ ანტიბიოტიკად მიიჩნევა.

 

ინსულინი

კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა, ჰორმონი ინსულინია. მანამდე დიაბეტი მიიჩნეოდა უაღრესად საშიშ დაავადებად, რომელსაც ადამიანი გარდაუვალ სიკვდილამდე მიჰყავდა. ექიმებმა იცოდნენ, რომ შაქარი მდგომარეობის გაუარესებას იწვევდა და დიაბეტიან პაციენტებს ძალიან მკაცრ დიეტას უნიშნავდნენ, რომელშიც შაქრის შემცველობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. საუკეთესო შემთხვევებში, ასეთი "მკურნალობა" მხოლოდ რამდენიმე წლით უხანგრძლივებდა სიცოცხლეს ადამიანს, მაგრამ ვერ კურნავდა. ხდებოდა ისეც, რომ მკაცრი და მძიმე დიეტა თვითონვე იწვევდა პაციენტის შიმშილით სიკვდილს.

დიაბეტის დროს ადამიანის ორგანიზმი ან საერთოდ არ გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს (I ტიპის დიაბეტის შემთხვევაში), ან გამოიმუშავებს, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც მისი ათვისებაა შესაძლებელი (II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში). ხელოვნურად შეყვანილი ინსულინის საშუალებით კი შეგვიძლია, სისხლში შაქრის ნორმალური დონე შევინარჩუნოთ. ხელოვნური ინსულინის შექმნის იდეა 1921 წელს დაებადა ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს, რომელსაც დოქტორი ფრედერიკ ბანტინგი ხელმძღვანელობდა. ამ იდეის ხორცშესხმისთვის ბანტიგს მოგვიანებით ნობელის პრემია მიენიჭა.

პირველი პაციენტი, რომელსაც ხელოვნური ინსულინის ინექცია ჩაუტარდა, 14 წლის ლეონარდ ტომპსონი იყო. ინექცია წარმატებული აღმოჩნდა. ლეონარდმა, რომელიც მანამდე თითქმის სიკვდილის პირას იყო, სწრაფად დაიწყო მომჯობინება, მალე ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა და კიდევ 13 წელი იცოცხლა.

მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტისგან განკურნება დღესაც ვერ ხერხდება, მისი მართვა შესაძლებელია.

ინსულინის აღმოჩენა იყო ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მედიცინის ისტორიაში. ადამიანები, რომლებსაც დიაბეტის შორს წასული ფორმის გამო რამდენიმე დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი, ინსულინის ინექციების წყალობით სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ და შესაძლებლობა მიეცათ, თითქმის ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრათ.

 

ვაქცინაცია

ყვავილის ეპიდემიამ საუკუნეების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ დაავადების  ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. მისი ნიშნები აღმოუჩინეს ეგვიპტურ მუმიებს, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის 1570-1085 წლებით თარიღდება. დაახლოებით ამავე პერიოდისაა უძველესი ჩინური და ინდური ტექსტებიც, რომლებიც იმდროინდელ აზიაში ყვავილის ფართო გავრცელების შესახებ გვამცნობს. ყვავილი ევროპაში V-VII საუკუნეებში გამოჩნდა და მალევე მიიღო ეპიდემიის სახე. მხოლოდ რომის იმპერიაში მან თითქმის 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. არაბთა დაპყრობებმა, ჯვაროსნულმა ომებმა, ამერიკის აღმოჩენამ მისი უფრო ფართო გავრცელება განაპირობა.

ინგლისელი სოფლის ექიმი ედუარდ ჯენერი იყო პირველი, ვინც ვაქცინა ყვავილის პრევენციის საშუალებად გამოიყენა. ის ჯერ კიდევ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, როდესაც შეამჩნია, რომ მწველავ ქალებს ყვავილი არ ემართებოდათ. ეს იმიტომ, რომ მათ შეხება ჰქონდათ ძროხის ყვავილთან. ადამიანის ყვავილისგან განსხვავებით, რომელიც კანის მძიმე დაზიანებას იწვევს, ძროხის ყვავილი ადამიანებში მსუბუქი სიმპტომატიკით შემოიფარგლებოდა და სამუდამო იმუნიტეტს ტოვებდა.

1796 წლის მაისში ჯენერმა ძროხის ყვავილისგან დამზადებული ვაქცინით რვა წლის ბიჭი აცრა. ბავშვი შეუძლოდ გახდა, მაგრამ მალევე გამოკეთდა და როდესაც მოგვიანებით ადამიანის ყვავილი შეუყვანეს, ფრჩხილიც არ წამოსტკივებია. ამრიგად, ვაქცინაცია წარმატებული აღმოჩნდა. ჯენერის ინოვაციური ტექნიკა მთელი ევროპის ექიმებმა აიტაცეს, რამაც ყვავილის გავრცელება საგრძნობლად შეამცირა.

უკვე XIX და XX საუკუნეებში მეცნიერებმა ჯენერის მოდელის საფუძველზე კიდევ ბევრი საშიში დაავადების ვაქცინა შექმნეს: პოლიომიელიტისა, ყივანახველისა, ტეტანუსისა, წითელასი, წითურასი, ყვითელი ცხელებისა, ტიფისა, B ჰეპატიტისა... მოგვიანებით ყვავილის ვაქცინა კიდევ უფრო დაიხვეწა და უკვე 1970 წლისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ამოქმედდა ვაქცინაციის საერთაშორისო პროგრამა, რომლის შედეგადაც ყვავილი სამუდამოდ აღმოიფხვრა.

 

რენტგენის სხივი

რენტგენული გამოკვლევა დღეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ურომლისოდაც თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია, მაგრამ თავის დროზე მისმა გამოგონებამ ამ სფეროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. რენტგენის სხივები იყო კვლევის პირველი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სხეულის შიგნით მდებარე სტრუქტურების დანახვა გაკვეთის გარეშე. ძვლის მოტეხილობისა და უამრავი სხვა პრობლების მიზეზის დადგენა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა მათ აღმოჩენამდე უაღრესად რთული, თითქმის შეუძლებელი გახლდათ.

რენტგენოგრაფიული კვლევა გერმანელი ფიზიკოსის ვილჰელმ რენტგენის სახელთანაა დაკავშირებული. 1895 წლის ნოემბერში მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ საექსპერიმენტოდ გამოყენებული კათოდის მილის საშუალებით უცნაური სურათების გადაღება იყო შესაძლებელი. ერთი კვირის შემდეგ რენტგენმა გადაიღო ცოლის ხელის მტევნის სურათი, რომელზეც მხოლოდ ძვლები და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭედი ჩანდა, კუნთები, ძარღვები, კანი კი გაუჩინარებულიყო. თავის აღმოჩენას რენტგენმა X-სხივები უწოდა, სადაც ასო “X” უცნობს აღნიშნავს. 1901 წელს რენტგენი ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოეს.

რენტგენის სხივები მალე იქცა უაღრესად მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებად. ამ დანიშნულებით ის პირველად 1897 წელს გამოიყენეს ბალკანეთის ომის დროს ბრძოლის ველზე ჯარისკაცების სხეულში მოხვედრილი ტყვიების, ჭურვის ნამსხვრევებისა და ძვლების მოტეხილობათა გამოსავლენად.

 

ანესთეზია

თუ ოდესმე მოხვედრილხართ ლონდონის მახლობლად, გრინვიჩის ნაოსნობის ისტორიის მუზეუმში, აუცილებლათ შეამჩნევდით ექსპოზიციას, რომელიც ასახავს, როგორ ატარებდნენ ქირურგიულ პროცედურებს გემებზე 1800-იან წლებში. ამპუტაცია ჩვეულებრივ მაგიდაზე ტარდებოდა, ხოლო პაციენტს ტკივილის ასატანად ხის ნაჭერი უნდა ჩაეკბიჩა.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ტკივილის გაყუჩების არცთუ უსაფრთხო არაერთ მეთოდს მიმართავდნენ. მაგალითად, პაციენტის მოგუდვას. ასე იქცეოდნენ ასურელები ბავშვების წინადაცვეთის დროს. ბავშვი ასფიქსიის გამო გონებას კარგავდა, ტკივილს ვეღარ გრძნობდა და ქირურგს პროცედურის მშვიდად ჩატარების საშუალება ეძლეოდა. მოგუდვით ანესთეზია აღწერილია გვიანი XVII საუკუნის იტალიურ წყაროებშიც. კიდევ ერთი ასეთი მეთოდი იყო პაციენტისთვის ტვინის შერყევა მძიმე ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით. თუ პირველი ცდა შედეგს არ გამოღებდა, პაციენტს მანამდე ურტყამდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. XVII, XVIII და ადრეულ XIX საუკუნეებში გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ ოპერაციის წინ პაციენტის დათრობაც.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ანესთეზია გამოიგონეს და მედიცინამ შვებით ამოისუნთქა. ერთ-ერთი პირველი საანესთეზიო საშუალება იყო ოპიუმი, რომელსაც ყაყაჩოს თესლის ექსტრაქტისგან იღებდნენ. საანესთეზიო თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტური გახლდათ, მაგრამ დამოკიდებულებას იწვევდა (ყაყაჩოს თესლის ეს თვისება დღესაც კარგად არის ცნობილი). კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი, აზოტის ოქსიდის ინჰალაცია, პირველად კბილის ამოსაღებად იქნა გამოყენებული – პროცედურამ სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიარა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაინერგა ანესთეზია ქლოროფორმით, რომელიც პირველად დოქტორმა ჯონ სნოუმ გამოიყენა დედოფალ ვიქტორიას მშობიარობის დროს, მაგრამ ეს მეთოდი მალევე ამოიღეს ხმარებიდან პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენების გამო.

საბედნიეროდ, ანესთეზიის თანამედროვე საშუალებები ეფექტურიცაა და, იმავდროულად, უსაფრთხოც. მათ წარმატებით იყენებენ როგორც პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებისთვის, ისე ოპერაციის პროცესშიც და ოპერაციის შემდგომი მოვლისთვისაც. თუმცა ანესთეზია და ტკივილის მართვა დღესაც კვლევისა და სიახლეთა ძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არეალს წარმოადგენს.

 

უამრავი სამეცნიერო მიღწევა ნამდვილად გვაძლევს საფუძველს, სამომავლოდ ისეთი დაავადებების დამარცხების იმედიც ვიქონიოთ, რომლებიც ჯერ კიდევ უკურნებლად მიიჩნევა. ვინ იცის, იქნებ სწორედ XXI საუკუნე აღმოჩნდეს ისტორიის ის გარდამტეხი წერტილი, რომელშიც კაცობრიობა პანაცეას მიაგნებს.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: