ფსიქიატრია – 21-ე საუკუნის სტიგმა

გააზიარე:

ადამიანის ფსიქიკა სამყაროს ერთ-ერთი გამოცანაა. ის საკმაოდ ფაქიზი სისტემაა, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. დღის განმავლობაში ადამიანი უამრავ უარყოფით ინფორმაციას იღებს, რომელიც გავლენას ახდენს მის ემოციებსა და ფსიქიკურ მდგრადობაზე, განსაკუთრებით – დღეს. ჩვენ ხომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც სტრესოგენული ფაქტორები მკვეთრად არის მომატებული.

ფსიქიკაზე ამ ფაქტორების გავლენა შემდგომ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით გამოიხატება, მაგალითად, დეპრესიით, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. ის ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთ უმძლავრეს რისკფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ფსიქიატრის დახმარება აუცილებელია, მაგრამ მთელ მსოფლიოში არსებობს ერთგვარი სტიგმა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესია სისუსტისა და სიზარმაცის ნიშანია, ამიტომ უმეტესობა მალავს თავის მდგომარეობას და ცდილობს, დამოუკიდებლად გაართვას თავი. ამან კი შესაძლოა სავალალო დასასრულამდე მიგვიყვანოს.

 

სად ვცდებით

ფსიქიატრიას ბევრი სიგიჟესთან აიგივებს, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობას მისი ხსენებაც კი უსიამოვნო შეგრძნებას, დაძაბულობას, შიშს ჰგვრის. შეუცნობლის მიმართ შიში ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტია, ამიტომ მათ, ვინც განსხვავებულად აზროვნებდა ან იქცეოდა, საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში რიყავდა. ცოტამ თუ იცის, რომ რეალობა სრულიად არ შეესაბამება არსებულ წარმოდგენებს.

ფსიქიატრია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

 

ფსიქიატრია გუშინ და დღეს

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზაცია შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ისტორია მოწმობს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის საუკუნეების განმავლობაში მიუღებელნი იყვნენ. შუა საუკუნეების ევროპაში მიაჩნდათ, რომ ფსიქიკურ ავადმყოფობას დემონური ძალები იწვევდნენ, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს კოცონზე წვავდნენ “ეშმაკეულ ძალებთან კავშირის” გამო, ხოლო ცოტა უფრო გვიან სპეციალურ დაწესებულებებს აშენებდნენ მათი იზოლირებისთვის.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, ანტიკური ეპოქის ბერძენმა ექიმმა, განაცხადა, რომ ფსიქიკური აშლილობა ტვინის ავადმყოფობაა, გაილაშქრა საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების წინააღმდეგ და სულით ავადმყოფთათვის საჭიროდ მიიჩნია ექიმის მზრუნველობა, თუმცა ევროპაში მხოლოდ მე-17 საუკუნიდან დაიწყო მეცნიერულად სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკური ფორმების სისტემატიზაცია და მკურნალობაც სცადეს.

მას შემდეგ წარმოდგენები საგრძნობლად შეიცვალა, ხოლო მიდგომები დაიხვეწა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გარშემო მყოფებისგან, ოჯახის წევრებისგანაც კი, ჯერაც განიცდიან ზეწოლას, რაც დამკვიდრებული სტიგმის შედეგია. საზოგადოების არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულება აკნინებს დაავადებულთა თვითშეფასებას და ართმევს მათ სოციალიზაციის უნარს.

 

მაშ, რა არის ფსიქიკური ავადმყოფობა? საიდან მოდის? როგორ დავიცვათ მისგან თავი ან როგორ გავუმკლავდეთ? როდის მივმართოთ სპეციალისტს? გვეშინოდეს თუ არა? არის თუ არა ეს განაჩენი?

 

რა არის ფსიქიკური ავადმყოფობა

იმის გასაგებად, რა არის ფსიქიკური ავადმყოფობა, უნდა გვესმოდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი თავის მოსავლელად ყოველდღიურად დგამს რუტინულ ნაბიჯებს, ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, რაც მთავარია, შეუძლია, თავი გაართვას ცხოვრებისეულ სირთულეებს.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ყველა ინდივიდს აქვს პიროვნული თვისებები, რომლებსაც ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამჟღავნებს. ეს თვისებები ზოგს მეტად აქვს გამოხატული, ზოგს – ნაკლებად. განწყობის დღეში რამდენჯერმე შეცვლაც ნორმალურია, მაგრამ როცა ცვლილებები უმიზეზოდ, ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირის გარეშე იწყება და ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, ხოლო ადამიანს ამის ფონზე ყოველდღიური, ჩვეული ფუნქციონირება უჭირს, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან გვქონდეს საქმე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მდგომარეობათა ფართო სპექტრს მოიცავს, უბრალო ფობიებით (შიშები) დაწყებული, მძიმე ფსიქიკური დარღვევებით (შიზოფრენია, დეპრესია...) დამთავრებული.

 

სად ვეძებოთ დამნაშავე

მენტალური დარღვევების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა გამოყოფენ ენდოგენურ (შიგნიდან მომავალ) და ეგზოგენურ (გარეგან) ფაქტორებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს

ფსიქიკურ დაავადებათა განვითარებაში. წამყვანი ადგილი უკავია კონსტიტუციურ-გენეტიკურ ფაქტორებს. არსებობს კავშირი ადამიანის სხეულის აგებულებასა და მის ხასიათობრივ ნიშან-თვისებებს შორის. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტრესი, აღზრდის პროცესში მავნე, მტრული მოვლენები. ზოგ შემთხვევაში ეგზოგენურ ფაქტორებად განიხილება ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფის ჩასახვას, სამშობიარო ტრავმები, თავის ტვინის დაზიანება ადრეულ ასაკში და სხვა.

 

გავრცელება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აქვს, საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ყველაზე ხშირად დეპრესიის დიაგნოზი ისმება.

მსოფლიოში თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი ამა თუ იმ თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას. მიუხედავად ასეთი სიხშირისა, დაავადებულები არცთუ იშვიათად ხდებიან სირცხვილისა და გარიყვის მსხვერპლი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სტიგმა და დისკრიმინაციაა, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან.

 

როდის და როგორ ვლინდება

ფსიქიკური დაავადებების შემთხვევათა 50% 14 წლიდან იწყება, ხოლო – ნაწილი – 24 წლიდან.

მენტალური დარღვევები მოიცავს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეულს სიმპტომების სპეციფიკური კომპლექსი აქვს, თუმცა არსებობს ზოგადი სიმპტომებიც: ასოციალურობა, ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, ხშირი სევდიანობა, შემაცბუნებელი ფიქრები, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გადაჭარბებული შიში, წუხილი ან დანაშაულის გრძნობა, გუნება-განწყობის სწრაფი ცვალებადობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, რეალობის აღქმის დარღვევა, პარანოია, ჰალუცინაცია, ყოველდღიურ პრობლემებთან ან სტრესთან გამკლავების უუნარობა, ალკოჰოლზე ან წამალზე დამოკიდებულება, კვებითი ქცევის დარღვევა, გადაჭარბებული ბრაზი, თვითმკვლელობისკენ მიმართული ფიქრები – ეს იმ სიმპტომთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაგან რამდენიმეს ერთდროული არსებობა შესაძლოა ფსიქიკურ დარღვევაზე მიუთითებდეს.

 

როდის მივმართოთ სპეციალისტს

თუ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრს ზემოთ ჩამოთვლილი მენტალური დარღვევების რომელიმე ნიშანს ატყობთ, მიმართეთ სპეციალისტს – მენტალურ დარღვევათა უმეტესობა თავისით არ იკურნება და თუ მკურნალობას დროულად არ დაიწყებთ, შესაძლოა მდგომარეობა დროდადრო გაუარესდეს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

 

გვეშინოდეს თუ არა

რასაკვირველია, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეუძლია, ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა შანსი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია. მაგალითად, დამნაშავეების კვლევისას აღმოჩნდა, რომ დანაშაულის მომენტში მხოლოდ 6%-ს აღენიშნებოდა ფსიქიატრიული პრობლემა, უფრო მეტიც – ეს ადამიანები არათუ მოძალადეები არ არიან, არამედ 2.5-ჯერ მეტად გვევლინებიან მსხვერპლის როლში.

 

განაჩენია თუ არა         

მართალია, ძნელია იცხოვრო ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ მძიმე აშლილობებს ეხება, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შიზოფრენიის შემთხვევათა უმრავლესობაც, სხვა მენტალური დარღვევების მსგავსად, მკურნალობას ექვემდებარება. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ამ დიაგნოზით. მკურნალობა ასუსტებს სიმპტომებს და ადამიანი ახერხებს სრულყოფილ ფუნქციონირებას სახლში, სამსახურში, სასწავლებელსა თუ საზოგადოებაში.

უნდა გვახსოვდეს, ფსიქიკურ დაავადებებთან წარმატებული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია დაავადებულთა მხარდაჭერა, როგორც ამ კუთხით უკვე გამოცდილი ადამიანებისა, ასევე ოჯახებისა და საზოგადოებისა.

არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თუ არა ჩვენ ან ჩვენს ახლობელს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი – ყველა ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, დაავადებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. საზოგადოებაში უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა შეიცვალოს დამოკიდებულება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ. კი არ გავრიყოთ, არამედ მხარი დავუჭიროთ, რათა ებრძოლონ თავიანთ დაავადებას და საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ.

 დასაქმება რეაბილიტაციის გზაა

ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის მთავარი მიმართულებაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სპეციალისტების განმარტებით, დეპრესიას ერთ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის შიში იწვევს, მეორეში კი უმუშევრობა.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ფსიქიატრები დამსაქმებლებს რეკომენდაციებს აძლევენ.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

2014 წლიდან ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი მიზანია მთელს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი მხარდასაჭერა.

ეს დღე შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ღიად ისაუბრონ არსებულ საკითხებსა და საჭიროებებზე, რომელთა მოგვარებითაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ხელმისაწვდომი და რეალური გახდება მოსახლეობისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ მენტალურ დარღვევაში არაფერია სამარცხვინო. ის ჯანმრთელობის ისეთივე პრობლემაა, როგორიც, მაგალითად, გულის დაავადება ან დიაბეტი. ამიტომ არ უნდა გავრიყოთ ასეთი ადამიანები, უნდა დავეხმაროთ, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: