გსურთ უფრო მარტივად გაუგოთ თქვენს პატარას - გაიგეთ მეტი მათ წარმოსახვით მეგობრებზე!

გააზიარე:

ერთ დღესაც შეიძლება თქვენმა პატარამ თავისი ახალი მეგობრის გაცნობა შემოგთავაზოთ, მანამდე კი აღგიწეროთ, ამბებიც მოგიყვეთ და როდესაც გაცნობის დღე მოვა, აღმოაჩინოთ რომ ახალი მეგობარი არ არსებობს.

ბავშვების ფანტაზია ხომ უსაზღვროა და გამუდმებით იცვლება, ყოველი ახალი გამოცდილება და გამოგონება კი მას საკუთარ, ინდივიდუალურ მიმართულებს სძენს. მუდმივი ცვლილების პროცესში, ზოგი ბავშვის წარმოსახვა შეიძლება შორს წავიდეს. დაიწყონ ახალი სამყაროს გამოგონება და ცხოვრება ამ ახალ, მისეულ სამყაროში განაგრძოს ან, უბრალოდ წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინოს.

და როდესაც თქვენი პატარა წარმოსახვით მეგობარს გაიჩენს, არ შეგეშინდეთ, მოუსმინეთ მათ ურთიერთობას და თქვენც დაუმეგობრდით, რადგან წარმოსახვითი მეგობარი ბევრ რამეს გეტყვით ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

როგორი შეიძლება იყოს წარმოსახვითი მეგობარი?

ფსიქოლოგები გვეუბნებიან რომ წარმოსახვითი მეგობრის სამი ტიპი არსებობს:

  1. თქვენმა პატარამ შეიძლება საყვარელი სათამაშო ან ნივთი აქციოს სულიერ არსებად.
  2. თქვენმა პატარამ შეიძლება ფანტაზიას სრული თავისუფლება მისცეს და სრულიად ახალი პერსონაჟი შექმნას.
  3. ყველაზე იშვიათ შემთხვევაში კი შეიძლება თავად იქცეს „სხვად“ და ურთიერთობაც მხოლოდ წარმოსახვითი პერსონაჟის როლიდან შეძლოს.

 

გაიგეთ მეტი წარმოსახვით მეგობარზე და გაიგებთ უფრო მეტს საკუთარ პატარებზე

რასაც წარმოიდგენ შეიძლება ერთ დღეს რეალობა გახდეს, მაგრამ ბავშვის ფანტაზიაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს და მან რეალობა თავის წარმოსახვით სამყაროში გააცოცხლოს. წარმოსახვითი მეგობარი დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი თქვენს პატარაზე.

როდესაც შეამჩნევთ რომ გამოგონილი მეგობარი სუსტია, ხოლო ბავშვი მას ჩაგრავს და უხეშად ექცევა, შეიძლება ამის მიზეზი მისი ჩაკეტილობა და დათრგუნული ხასიათი იყოს. შესაძლოა მისი საუკეთესო მეგობარი ან თავადაც ჩაგვრის მსხვერპლია და ცდილობს თავისი მდგომარეობა „ახალ მეგობარზე“ გადაიტანოს.

ბავშვები, რომლებიც  მზრუნველი და ყურადღებიანი ურთიერთობების დეფიციტს განიცდიან, ცდილობენ ძლიერი მეგობარი შექმნან. მათ ფანტაზია ეხმარება წარმოსახვით მეგობარში იპოვონ დაცულობის განცდა.

ყველაზე ხშირად კი ბავშვები თანატოლ მეგობრებს ქმნიან, რომლებთანაც თავიანთი მარტოობის განცდას აკომპენსირებენ.

მაშინ როდესაც მეგობრების გამოგონების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლიათ ვთქვათ -  ფანტაზიის გამრავალფეროვნებასთან ერთად ის ბავშვს პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებაში ეხმარება. საკუთარ მეგობართან კონტაქტით უფრო თამამად იღებს გადაწყვეტილებებს.

 

დაუმეგობრდით თქვენი პატარას ახალ მეგობარს

წარმოსახვითი მეგობრის გაცნობით ბავშვები თავიანთი სამყაროსკენ მიმავალ კარს აღებენ, ამიტომ თუ ცდილობენ ეს სამყარო დამალონ, ესე იგი არ გენდობიან. თუ ფიქრობთ რომ თქვენი პატარა მეგობარს გიმალავთ, მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი. თქვენც ხომ გაგიჭირდებოდათ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. ნდობის მოპოვება რთული არაა: გამოხატეთ წარმოსახვითი მეგობრის გაცნობის სურვილი და ამ პროცესით ისე ისიამოვნეთ, როგორც თქვენი პატარა მასთან ურთიერთობისას. თქვენ უკვე მისი დიდი და მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილი ხართ, თუმცა სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოთ, ამ სამყაროში მხოლოდ ბავშვის შუამავლობით უნდა გაიკვლიოთ გზა.

შეიძლება ბავშვი ყველაზე კარგად გამოგონილ მეგობარს უგებს, მაგრამ ჩვენც ხომ კარგად ვიცით რომ ყველაზე კარგად თქვენ გესმით თქვენი შვილის. თუმცა თქვენნაირ სუპერ დედებსაც სჭირდებათ პროფესიონალის  რჩევები და დახმარება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც პატარა მთელ დროს გამოგონილ მეგობართან ატარებს და თანატოლებთან ურთიერთობა არ სურს ან დანაშაულს და დასჯად საქციელს წარმოსახვით მეგობარს აბრალებს. ამ დროს აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს რეკომენდაციისთვის, რათა შეძლოთ დაეხმაროთ თქვენს პატარას სოციალიზაციაში.

 

როდის „მიდიან“ წარმოსახვითი მეგობრები?

თუ უკვე შეაბიჯეთ თქვენი პატარას წარმოსახვით სამყაროში და მისი მეგობარიც გაიცანით, ალბათ გაინტერესებთ, როდის მოხდება მათი განშორება. მიზეზები უცნობია, თუმცა ხშირად ისინი უბრალოდ ქრებიან ბავშვების წარმოსახვიდან. ზოგჯერ ეს განშორება ბაღში მისვლისთანავე ხდება. ამ დროს პატარა თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობს და გამოგონილი მეგობრის არსებობა მნიშვნელობას კარგავს.

სკოლის ასაკში წარმოსახვითი მეგობრები, უმეტესად, ახალ გარემოსთან ადაპტაციისას და ახალი ურთიერთობების დამყარებისას გამოწვეული სტრესის ნიადაგზე ჩნდებიან. თუმცა 8 წლისთვის მოსწავლეთა 90%-ში წარმოსახვითი მეგობრები უგზოუკვლოდ ქრებიან.

 

და მაინც, ყველაზე მთავარია დააკვირდეთ ურთიერთობას წარმოსახვით მეგობართან. გაიცანით თქვენი პატარას ფანტაზიები და თუ საშიშს ვერაფერს აღმოაჩენთ, უბრალოდ დააცადეთ ბავშვებს თავად დაემშვიდობონ თავიანთ მეგობრებს. ყველაზე კარგად ხომ თქვენ გესმით თქვენი ბავშვის.

გააზიარე: