პატარა ცრუპენტელა თუ უწყინარი ფანტაზიორი?

გააზიარე:

თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ, შეამჩნევდით, რომ გულუბრყვილო პატარა, რომელიც მუდამ თვალებში გიყურებდათ და რომლისთვისაც თქვენი სიტყვა კანონი იყო, 3-4 წლიდან ცდილობს, თავი აარიდოს თავის პატარ-პატარა მოვალეობებს და ამისთვის დაუჯერებელ მიზეზებს იგონებს, თუ რამე დააშავა, ათასგვარ ხრიკს მიმართავს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ზოგჯერ კი, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული, წარმოუდგენელ ამბებს ჰყვება. ამის შემყურე მშობლები საგონებელს ეძლევიან – როგორ გადააჩვიონ ბავშვი სიცრუეს ამთავითვე, რომ მომავალში მისგან გამოუსწორებელი მატყუარა არ დადგეს?
უპირველეს ყოვლისა, დამშვიდდით. ტყუილი ბავშვისთვის ბუნებრივი რამაა. ის იმის ნიშანია, რომ თქვენს პატარას მეტყველებასთან ერთად ფანტაზიაც უვითარდება. თუმცა არც ყურის მოყრუება და ყოველგვარ სიცრუეზე თვალის დახუჭვა ეგების. ეცადეთ მიხვდეთ, რატომ იტყუება ბავშვი და ისე იმოქმედოთ, როგორც ვითარება მოითხოვს.

  • სასურველი როგორც რეალობა

თუ თქვენმა უმცროსმა შვილმა დაინახა, რომ მისი უფროსი და ან ძმა რამისთვის შეაქეთ, ის აუცილებლად ეცდება, თავადაც ასე მოიქცეს, რათა ქება დაიმსახუროს, ხოლო თუ ეს ვერ მოახერხა, შესაძლოა ეშმაკობას მიმართოს. მაგალითად, თუ თქვენმა უფროსმა შვილმა ქება ლამაზი ნახატისთვის დაიმსახურა, უმცროსი კი ასე კარგად ვერ ხატავს, შესაძლოა მან სხვისი ნახატი გაჩვენოთ და თავის შემოქმედებად გაასაღოს.
ნუ უსაყვედურებთ და, მით უმეტეს, ნუ გაუბრაზდებით ბავშვს ამ ტიპის ტყუილისთვის, რადგან მის ამგვარ ქცევაში ბრალი თქვენც, მშობლებსაც მიგიძღვით. სასურველის რეალობად გასაღებისა და მშობლების აღფრთოვანების სურვილი უჩნდებათ ბავშვებს, რომლებსაც აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. უმჯობესია, ბავშვს არც კი აგრძნობინოთ, რომ ეშმაკობას მიუხვდით. ნაცვლად ამისა, უთხარით, რომ მისით ამაყობთ და შეუქეთ ნახატი, რომელიც მართლა მისი დახატულია. 

  • სასჯელის შიშით

არცთუ იშვიათად პატარები მშობლებს უმალავენ, რომ სკოლაში ცუდი ნიშანი მიიღეს. ისეც ხდება, რომ ბავშვი, რომელსაც შემთხვევით ჭიქა გაუტყდა ან ახალი ტანსაცმელი თამაშის დროს დაესვარა, ცდილობს, გატეხილი ნივთი ჩუმად ჩააგდოს ურნაში და დედის კითხვაზე, ვინ გატეხა ჭიქა, თავი ისე დაიჭიროს, თითქოს არაფერი იცის, დასვრილი სამოსი კი ჩუმად დამალოს კარადაში, რომ დედამ რაც შეიძლება გვიან მიაგნოს მას. თუ სიტუაცია გეცნოთ, იცოდეთ, რომ ასეთი საქციელის მიზეზი ტყუილისადმი მიდრეკილება კი არა, სასჯელის შიშია. გაიხსენეთ, მეტისმეტად მკაცრი რეაქცია ხომ არ გქონდათ, როდესაც თქვენმა პატარამ არასასურველი ნიშანი მიიღო, ან ახალი ტანსაცმელი დაილაქავა, ანდა თქვენი საყვარელი ლარნაკი გაუტყდა? გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა და ეცადეთ, ისე მოექცეთ შვილს, როგორც თავად ისურვებდით მოგქცეოდნენ. უთხარით, რომ მისი გჯერათ და ენდობით, რომ დარწმუნებული ხართ, არ მოგატყუებთ და აუხსენით, რომ სიმართლისთვის არასოდეს დასჯით. ასეთი მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

  • პატარა სიმულანტები

პატარები ტყუილებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებაც თხზავენ – ამბობენ, რომ მუცელი სტკივათ, სიცხე აქვთ... როგორ ვიქცევით ამ დროს მშობლები? თუ ბავშვისგან ასეთ ტყუილებს მიჩვეული ვართ, უნდობლად ვუყურებთ და ვეუბნებით, რომ არაფერიც არ სტკივა, ხოლო თუ ასეთი რამ პირველად მოხდა, შესაძლოა შევშფოთდეთ კიდეც და ექიმიც გამოვიძახოთ... მოდი, დავფიქრდეთ: რატომ იგონებენ პატარები ავადმყოფობას? ბავშვს, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს, ავად გახდომა არ მოუნდება. ამის სურვილი მაშინ შეიძლება გაუჩნდეს, როცა რამე აწუხებს, მაგალითად, ბაღში წასვლა არ უნდა. ასეთ დროს ავადმყოფობა საუკეთესო გამოსავალია, რათა თვითონაც შინ დარჩეს და დედაც აიძულოს, მთელი დღე მის გვერდით გაატაროს. რა სჯობია, როცა დედიკო გეფერება და ათასგვარ ნუგბარს გთავაზობს! ავადმყოფობის დროს ისეთ სათამაშოებსა და კანფეტებსაც კი შეიძლება გამოჰკრა ხელი, კარგად მყოფი რომ ვერც კი იოცნებებდი.
თუ ბავშვი განსაკუთრებით საზრიანია, შესაძლოა საკუთარი ავადმყოფობით ნაჩხუბარი და გაბუტული მშობლებიც კი შეარიგოს – პატარას ავადმყოფობის დროს ხომ ყველა სხვა პრობლემა უმნიშვნელო გვეჩვენება.
ასე რომ, როცა პატარა ფიქრობს, ავადმყოფობა ჯობს თუ კარგად ყოფნა, სასწორი აშკარად ავადმყოფობისკენ იხრება: ამ დროს ხომ არც დედა უბრაზდება, კბილები რატომ არ გაიხეხეო, არც მამა – მაღალი ნიშანი რატომ არ მიიღეო; პირიქით, ყველა ეფერება, ეალერსება... აი, კარგად რომ არის, მაშინ კი მისთვის არავის სცალია – ან საქმე აქვთ, ან დაიღალნენ და დასვენება უნდათ... ჰოდა, განა ავად გახდომა არ ჯობია?
ამიტომ თუ თქვენი შვილი ავადმყოფობას იგონებს, მაშინვე ზარმაცად და ცრუპენტელად ნუ ჩათვლით; ჯობს ჰკითხოთ, რამე ხომ არ აწუხებს, ბაღში ან სკოლაში უსიამოვნება ხომ არ შეემთხვა... იქნებ რომელიმე გაკვეთილის სწავლა ვერ მოასწრო? მიეცით საშუალება, გაიხსნას და ტყუილის თქმა აღარ მოუნდება.

  • ტყუილი როგორც ფანტაზია

ზოგჯერ ბავშვები დაუჯერებელ ამბებს გვიყვებიან. მათი მონათხრობი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი მეზღაპრეების შეთხზულ ისტორიებს.
სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარი პატარები ისე მკვეთრად ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან, როგორც ჩვენ. ბავშვს, რომელიც ცრუობს, ზოგჯერ თვითონვე სჯერა საკუთარი გამონაგონის და ვერც კი ხვდება, რომ ტყუილს ამბობს. ზოგჯერ კი პატარები ტყუილის მეშვეობით სიმნამდვილეს ნიღბავენ, წარმოსახვით ინაზღაურებენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ. მაგალითად, ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ჩვენთვის უხილავი მეგობარი, რომელიც მუდამ თან დაჰყვება, ეთამაშება, ზრუნავს მასზე და იქნებ ჭიქის გატეხვა და კაბის დალაქავებაც მას გადააბრალოს. ეს ნუ შეგაშინებთ; წარმოსახვითი სივრცე პატარებისთვის ის ადგილია, სადაც შეუძლია მიიღოს ის, რაც ძალიან უნდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მისთვის მიუწვდომელია. თუ თქვენმა შვილმა უხილავი მეგობარი გაიჩინა, ჰკითხეთ საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რამდენად კომუნიკაბელურია თქვენი შვილი, ხომ არ არის წარმოსახვით მეგობართან თამაში იმის ბრალი, რომ თქვენს პატარას რეალურ ბავშვებთან კონტაქტი უჭირს. ეცადეთ, მასთან უფრო ახლო და გულითადი ურთიერთობა გქონდეთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ მას და... მის “მეგობარს”. დააკვირდით თქვენი შვილის დამოკიდებულებას წარმოსახვითი მეგობრის მშობლების მიმართ – ბავშვი მას მიაწერს ყველა იმ თვისებას, რაც, სურს, თქვენც გქონდეთ. ასე რომ, კი ნუ გაკიცხავთ პატარას ფანტაზიორობის გამო, არამედ თავად იქეცით მის მეგობრად. 


ბავშვებმა რაც შეიძლება იშვიათად რომ მოგატყუონ, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები:


. ეცადეთ, თქვენი მოთხოვნები რეალისტური, გონივრული, სამართლიანი იყოს.
. პატივი ეცით ბავშვს, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. სხვისი პატივისცემის მაგალითი პატარებს თავად უფროსებმა უნდა მისცენ.
. გახსოვდეთ, “ტრაბახა ცრუპენტელა” ის ბავშვია, რომელსაც ქება აკლია.
. მოთოკეთ სიმკაცრე და ხშირად იპოვეთ ბავშვის შექების საბაბი.
. იყავით გულწრფელი. ბავშვები ქვეცნობიერად ითვისებენ უფროსებისგან ურთიერთობის სტილს და იმავეთი პასუხობენ.
. პატარას ხაფანგსა და დაკითხვას ნუ მოუწყობთ – სათქმელი პირდაპირ უთხარით.
. ნუ გექნებათ მძაფრი რეაქცია ბავშვის ტყუილზე, ნუ უყვირებთ, ნუ გამართავთ ისტერიკას. გახსოვდეთ, ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც ენდობა მშობელს, არ ეშინია მისი რისხვის, დარწმუნებულია, რომ რაც უნდა მოხდეს, მას არ დაამცირებენ.
. დაარწმუნეთ, რომ მის მხარეს ხართ. დაანახვეთ, რომ სასჯელი სამართლიანი იყო, რადგან პატარებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა.

გააზიარე: