რა იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას?

გააზიარე:

მენსტრუაციას ხშირად დისკომფორტი ახლავს თან, ზოგჯერ – იმდენად ძლიერი, რომ ქალს გაჩენის დღეს აწყევლინებს. როგორც ჩანს, ამიტომაც შეარქვეს თვის რამდენიმე გაუსაძლის დღეს კრიტიკული. 

კრიტიკული დღეების მოახლოებას ხშირად ოჯახის წევრებიც კი გრძნობენ – ქალს განწყობა რადიკალურად ეცვლება, კაპასობს, ჭირვეულობს, ზოგჯერ კი მენსტრუაცია იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცევა, რომ სპეციალისტსაც კი საგონებელში აგდებს. 
მაინც რა იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს? შესაძლებელია თუ არა პრობლემის თავიდან აცილება? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის გინეკოლოგი თეონა სალუქვაძე.

  • ქალბატონო თეონა, რამდენად  ხშირია მენსტრუაციული ციკლის დარღვევა?

– მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ  პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს. 

  • უპირატესად რომელი დარღვევის გამო მოგმართავენ ქალბატონები?

– არსებობს მენსტრუაციული ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი: შემცირებული მენსტრუაცია ანუ  ოლიგომენორეა – ამ დროს მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია; ხშირი მენსტრუაციები – პოლიმენორეა, როდესაც შუალედი 25 დღეზე ნაკლებია; არარეგულარული ციკლი – დისმენორეა; მენსტრუაციის არარსებობა  – ამენორეა; მტკივნეული მენსტრუაცია  – ალგოდისმენორეა; ჭარბი მენსტრუაცია  – ფაქტობრივად სისხლდენა ანუ მენორაგია. მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ზემოთ ჩამოთვლილი ტიპებიდან ყველაზე ხშირია ალგოდისმენორეა.

  • შეიძლება თუ არა, ყოველგვარი დარღვევა პათოლოგიად ჩაითვალოს და მკურნალობა დაინიშნოს?

– არარეგულარული მენსტრუაცია მოზარდ გოგონებში პირველი მენსტრუაციიდან (მენარქედან) და კლიმაქსის დადგომამდე ორი წლის განმავლობაში არ ითვლება პათოლოგიად, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არ არის გამოხატული სისხლდენით. ამ შემთხვევაში მკურნალობა საჭირო არ არის. ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევების ჩატარება, მიზეზის დადგენა და დროული სათანადო მკურნალობა. ახალგაზრდა ქალები უყურადღებობამ შესაძლოა უშვილობამდე  მიიყვანოს.  

  • რომელი ასაკის ქალებისთვის არის უფრო ჩვეული მენსტრუაციული ციკლის დარღვევა? ხშირია თუ არა ეს პრობლემა მოზარდ გოგონებში?

– მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყველა ასაკში გვხვდება. ყველაზე  ხშირად, დაახლოებით 35-57%-ში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ალგოდისმენორეა აღინიშნება, ამ პათოლოგიას კი უპირატესად 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალები უჩივიან. 18-45%-ში ალგოდისმენორეა შერწყმულია უშვილობასთან, რაც ხშირად ენდომეტრიოზით არის გამოწვეული. დისფუნქციური ანუ იუვენილური სისხლდენები 12-დან 19 წლამდე ასაკში ასიდან 15 გოგონას აქვს და გამოწვეულია რეპროდუქციული სისტემაში  ჰორმონული ბალანსის დარღვევით, უფრო ზუსტად, ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვალ-საკვერცხეების სისტემაში ჩამოუყალიბებელი ჰორმონული ფონით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხშირი ინფექციური პროცესი, ძლიერი  ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვა.
რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში დისფუნქციური სისხლდენა და, საზოგადოდ, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა უფრო ხშირია  – ასიდან დაახლოებით 20 შემთხვევაში გვხვდება. ამ ასაკის ქალებს ხშირად აქვთ პათოლოგიური სისხლდენაც მენსტრუაციის შეფერხებიდან 1,5-6 თვის შემდეგ.  ამის მიზეზი ხშირად  ორგანული პათოლოგიაა, უმეტესად  – ენდომეტრიუმის პოლიპი და`ან  ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომა.

  • ალბათ, სხვადასხვა ტიპის დარღვევას სხვადასხვა  მიზეზი და რისკის ფაქტორი აქვს. არის თუ არა ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცხოვრების რიტმი? კვება? კონტრაცეპტივების არასწორი მიღება?

– მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა,  ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური  ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე.  არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. 
რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენებს ზოგჯერ მათი მართებული მიღებაც იწვევს. ეს დარღვევა დროებითია და თავისთავად დგება მწყობრში, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ჰორმონების უფრო მაღალი შემცველობის მქონე კონტრაცეპტივზე გადასვლა. დაიხსომეთ: კონტრაცეპტივების არასწორი მიღება და ექიმის რჩევის გარეშე თავის დანებება მენსტრუაციის დარღვევას, ზოგჯერ სისხლდენასაც კი იწვევს.

  • რამდენად საშიშია აღნიშნული პრობლემის უყურადღებოდ დატოვება ან თვითმკურნალობა? 

– თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გამოხატულია სისხლდენით, ეს გამოიწვევს ანემიას, ორგანიზმის დასუსტებას, საშვილოსნოს და მისი დანამატების ინფექციურ დაავადებებს, საბოლოოდ კი ჰემორაგიულ შოკს. სხვა სახის დარღვევებმა შესაძლოა უშვილობამდეც მიგვიყვანოს. თვითმკურნალობა,  მეგობრის  რჩევით ჰორმონული პრეპარატების მიღება დაუშვებელია. ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო დაამძიმოს, არადიაგნოსტირებული დარჩეს ისეთი ორგანული პათოლოგიები, როგორიც არის საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპი, ჰიპერპლაზია, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს სიმსივნე, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.

  • როგორია მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები?

– მკურნალობა მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, ხშირად არაერთი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი (მენსტრუაციული ციკლის პირველ და მეორე ფაზაში), ჩატარდეს ფუნქციონალური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა (მცირე მენჯის ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის).  ამასთან ერთად ზოგჯერ საჭიროა ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის ჩარევა, თავის ტვინის რენტგენოგრაფია თურქული კეხის აღწერით და  კომპიუტერულ-რეზონანსული  ტომოგრაფია. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენეტიკური  ფაქტორებიდან  გამომდინარე. ზოგიერთი პათოლოგია ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, ზოგიერთი კი ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობას. ავიტამინოზით, მასის დეფიციტით (ხანგრძლივი დიეტის შედეგად) გამოწვეულ ამენორეას კვების მოწესრიგებითა და ვიტამინებისა და საჭირო მიკროელემენტების შევსებით  მკურნალობენ.

  • რას ურჩევდით ქალბატონებს? 

– ვურჩევდი, მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიემართათ გინეკოლოგისთვის. ეს თავიდან ააცილებს მრავალ გართულებას, მათ შორის – უშვილობას, ნაადრევ კლიმაქსს, ანემიას, ინფექციურ დაავადებებს, ოპერაციულ ჩარევას და ა.შ.

გააზიარე: