ტუბერკულოზი

გააზიარე:

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ტერმინ სტიგმას (ბერძ. ლაქა, დაღი), რომელიც ზოგიერთი დაავადების მქონეთა საზოგადოებისგან იზოლირების სინონიმად იქცა.
ძველთაგანვე ცნობილია, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. ვიდრე მისი მკურნალობის საშუალებებს აღმოაჩენდნენ, ის მომაკვდინებელ 
სნეულებად ითვლებოდა, ამასთანავე, რაკი ხშირად დაავადებულის ოჯახის წევრებზეც ვრცელდებოდა, მემკვიდრეობით სენად მიიჩნევდნენ. ყოველივე 
ამის გამო ტუბერკულოზით დაავადებულს საზოგადოება კეთროვანივით გაურბოდა.
ტუბერკულოზის შესახებ ცოდნის გაფართოებას თითქოს უნდა შეემსუბუქებინა დაავადებულთა ხვედრი, მაგრამ ხალხის ცნობიერებაში ფეხმოკიდებულმა წარმოდგენებმა XXI საუკუნემდე მოაღწია.
საზოგადოების მცდარი და უსაფუძვლო რეაქციის გამო ტუბერკულოზით დაავადებულებს ხშირად უჩნდებათ ავადმყოფობის დამალვის, მკურნალობაზე უარის თქმის სურვილი. ამის გამო მდგომარეობა მძიმდება, განკურნება ჭიანურდება ან შეუძლებელი ხდება, ეს კი არა მარტო პაციენტს, არამედ მასთან კონტაქტში მყოფ პირებსაც ვნებს.
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა – სწორედ 24 მარტს აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წლიდან ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს ყოველ წელიწადს ახალი დევიზი აქვს. 2007 წელს დევიზი ასეთია: “ტუბერკულოზი ერთგან ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან”.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნის უმთავრესი მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ პრობლემას, მხარი დაუჭიროს ტუბერკულოზით დაავადებულებს, მოსახლეობას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდოს დაავადებასა და მასთან ბრძოლის გზებზე და სტიგმის დაძლევაში დაეხმაროს.

ტუბ-სტატისტია:
• ყოველწლიურად ინფიცირდება მსოფლიოს მოსახლეობის 1%.
• ყოველწლიურად 8,5 მლნ დაავადებული აღირიცხება.
• ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანი იღუპება, მათ შორის – 100 000 ბავშვი.
• საქართველოში, ბოლოდროინდელი მონაცემებით, ყოველ 100 000 კაცზე ტუბერკულოზის 146 შემთხვევა აღირცხება, რომელთაგან 94 ახალია, სიკვდილიანობა კი 4-ს უტოლდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1993 წელს ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა და მსოფლიოს ქვეყნებს მასთან ბრძოლის ახალი, ე.წ. DOST სტრატეგია შესთავაზა. ამ დაავადების შესაჩერებლად არაერთი ინიციატივა და ორგანიზაცია შეიქმნა, რომელთა შორის თავისი გლობალური გეგმით უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორობა.
ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიაზე დაფუძნებული პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა, დაინერგა არაერთი პროექტი, რომლებიც უზრუნველყოფს ტუბერკულოზის დროულ გამოვლენას, მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.
ბოლო წლების მნიშნელოვან მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ  გაიმართა ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, აიგო ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ახალი შენობა. ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი გამძლეობაზე კვლევის დასრულება, ტუბერკულოზის კონტროლის ხუთწლიანი გეგმის შემუშავება, მწვანე შუქის კომიტეტის მიერ საქართველოს განაცხადის დაკმაყოფილება – ეს ყველაფერი შეიძლება წარმატებულ სტრატეგიად მივიჩნიოთ. თუმცა  გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ დაავადების დასაძლევად მთელი საზოგადოების მხარდაჭერაა აუცილებელი, რაშიც ლომის წვლილი მასმედიას მიუძღვის. სწორედ მან უნდა გაავრცელოს სწორი, გასაგები და აქტუალური ინფორმაცია და პოპულარული გახადოს ტუბერკულოზის თემა.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს თარიღი საქართველოში ისტორიულ ტუბსაწინააღმდეგო აქციასთან – თეთრი ყვავილის დღესთან ერთად აღინიშნება. ეს აქცია პირველად 1908 წელს შვედეთში გაიმართა. მას ევროპის მრავალმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის – რუსეთმა და საქართველომ. ჩვენს ქვეყანაში 1911-18 წლებში ხელოვნური გვირილების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით არაერთ ტუბერკულოზით დაავადებულს გაეწია სამედიცინო, სოციალური თუ იურიდიული დახმარება. ისტორიულად გვირილა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდება. ეს სიმბოლიკა ზრდის აქცენტს საზოგადოების როლზე, რომელსაც შეუძლია მიბაძოს წინაპრებს და ტუბერკულოზით დაავადებულებს XXI საუკუნეშიც გაუწიოს თანადგომა.
ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, MSCI-ისა და TB პროექტის წარმომადგენლებმა ღონისძიებები გამართეს: საინფორმაციო-სარეკლამო მანქანა თბილისის ქუჩებში ორი დღის განმავლობაში მოძრაობდა და საინფორმაციო ბროშურებს ავრცელებდა. ასეთივე ბუკლეტები თბილისის საზოგადოებრივ ტრანპორტშიც განათავსეს. ავტობუსებზე, მეტროს სალაროებსა და მონიტორებზე თეთრი გვირილები იწონებდა თავს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა – საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და ირგვლივ მყოფთა ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. 24 მარტს კი მუშტაიდის ბაღში პარლამენტის, თბილისის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროს სტუდენტური კავშირებისა და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით აქცია-კონცერტი გაიმართა. საინფორმაციო    მასალა აქაც უხვად დაარიგეს, ახალგაზრდებმა კი უფასო ატრაქციონებით ისიამოვნეს. სტუდენტებმა, მოსწავლეებმა,  გვირილისფორმიანმა გამავრცელებლებმა, პოპჯგუფმა “ალუბალმა” საკონცერტო და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს.
პარკი გვირილისგამოსახულებიანი პლაკატებით, ბუშტებით, ყვავილებით იყო მორთული.

გააზიარე: