თამუნა ნიკოლაძე: “ყოველი სპექტაკლი მაყურებლისთვის დიდი გაკვეთილია”

გააზიარე:

მსახიობობა არ ამირჩევია, ჩემი პროფესია მომყოლივით თან დამყვაო, ამბობს თამუნა ნიკოლაძე. მიაჩნია, რომ ეს გზა მხოლოდ მათვისაა, ვისაც თეატრის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. თავადაც სცენით ცოცხლობს, სცენით სუნთქავს... ამ პატარა ფიცარნაგიდან დაუღალავად შეუძლია ესაუბროს მაყურებელს მარადიულ თემებზე, უთხრას თავისი სათქმელი...

– სპექტაკლში “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე” ბავშვი დასჭირდათ. ბებია მარჯანიშვილის თეატრის თანამშრომელი იყო. შესთავაზეს, თამუნა მოიყვანე, იქნებ არ იტიროსო. ასე აღმოვჩნდი სამი წლისა სცენაზე.

მშობლებს უნდოდათ, ექიმი გავმხდარიყავი. ამ პროფესიისთვის აუცილებელი თვისებები – ადამიანის დახმარების სურვილი, სიყვარული – მართლა მაქვს, მსიამოვნებს მათზე ზრუნვა, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

გამოპრანჭული, თეთრ პერანგში გამოწკეპილი და მთელი დღე კომპიუტერს მიჩერებული საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

ბედმა გამიღიმა – ბევრმა რეჟისორმა გამოთქვა ჩემთან მუშაობის სურვილი. მიმუშავია სამეფო უბნის თეატრში, მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის სახელობის თეატრებში, თეატრ “გლობუსში”, თეატრალურ სარდაფში... თოთხმეტი წელია, თავისუფალი თეატრის დასის წევრი ვარ.

თეატრის ცხრა სარეპერტუარო სპექტაკლში ვთამაშობ. თითქმის ყველა ჟანრის სპექტაკლებია: დრამა, ფსიქოლოგიური დრამა, კომედია, ტრაგიკომედია... გარდა ამისა, მიღებენ ტელესერიალში – სიტუაციურ კომედიაში. თუ რამეზე მიცონებია, ყველაფერი ამიხდა.

დრამატულ როლზე მუშაობა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე კომედიურზე – უფრო საინტერესოა, ღრმა, საფიქრალიც მეტია და სიტყვის ძალაც – უფრო დიდი.

 

თეატრი არის...

– ადგილი, სადაც შეიძლება ყოველდღე ილაპარაკო მარადიულ თემებზე და იქადაგო. ყოველი სპექტაკლი მაყურებლისთვის დიდი გაკვეთილია.

მეამაყება ჩემი თეატრი. ყოველდღე ანშლაგია. ორშაბათობითსაც კი იმართება სპექტაკლები და ბილეთის შოვნა ჭირს.

ყველას ეხსომება დრო, როცა თეატრს, საზოგადოდ, ხელოვნებას ძალიან უჭირდა. თეატრალური ცხოვრება რუსთაველზე გახსნილმა სარდაფმა გამოაცოცხლა. მერე თავისუფალი თეატრი დაარსდა... თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პატარა თეატრებმა გადაარჩინეს თეატრის სიყვარული. თავისუფალ თეატრს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ეყოლება მაყურებელი.

თბილისის ყველა თეატრში საინტერესო რეპერტუარია, ყველას შემდგარი დასი ჰყავს, მაგრამ ჩვენს თეატრს ბედიც სწყალობს. თუმცა, ვფიქრობ, ისიც არის ჩვენი წარმატების მიზეზი, რომ ვხვდებით, რა უჭირს, რა ულხინს, რა უხარია და სტკივა მაყურებელს.

 

მსახიობობა არის...

– იღბალი, თავდაუზოგავი შრომა და რეჟისორის მახვილი თვალი. მსახიობი მხოლოდ ის უნდა გახდეს, ვისაც სცენის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, რადგან ამ პროფესიით ვერ გამდიდრდები.

მსახიობობა დიდი გონებრივი და ფიზიკური შრომაა, მაგრამ, ამასთანავე, დიდი შვება და სიამოვნებაც. მძიმე პერიოდებიც მქონია და ყოველთვის ჩემს პროფესიას გადავურჩენივარ.

ძნელია, ყოველთვის გქონდეს თამაშის განწყობა, ამიტომ პრიორიტეტები სწორად უნდა გაანაწილო, ერთმანეთისგან განასხვაო მეორეხარისხოვანი და მთავარი. შესაძლოა, შინ საყვარელი ადამიანის ცხედარი გესვენოს და სცენაზე გამოსვლა მაინც მოგიწიოს. ეს დიდ სულიერ ძალას და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს.

მსახიობობა პოპულარობასაც ნიშნავს, მით უმეტეს, თუ ტელევიზორშიც ჩანხარ – ცისფერ ეკრანს ჯადოსნური ძალა აქვს, მაგრამ ეკრანზე ერთხელ გამოჩნდები თუ ასჯერ, მაყურებელი საუკეთესო შემფასებელია – იცის, ვინ შეიყვაროს.

 

წარმატება არის...

– ის, რომ სადაც უნდა ვიყო – კურორტზე თუ კაფეში, ხალხის უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ.

მსახიობი მაყურებელს ეკუთვნის. ბედნიერი ვარ, რომ მან დამაფასა და შემიყვარა. დღეს ხომ ყველაზე ძნელი ადამიანების ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაა.

მყავს ძალიან ცოტა ახლო მეგობარი, ბევრი თანამშრომელი და უამრავი კარგი ნაცნობი. თითოეული მათგანით ვამაყობ და მიყვარს, როდესაც მათ სიხარულს ვჩუქნი. სიურპრიზს ერთი თვით ადრე მაინც ვგეგმავ, ვემზადები, ვემზადები... საჩუქრის მიღებისას მათი სიხარული საოცრად ძლიერი მუხტით მავსებს.

დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, შემიძლია დავეხმარო ოჯახს, ბევრ ადამიანზე ვზრუნავ და ესეც მეამაყება.

 

ჩემი ოჯახი

– ...არის დედა, მამა, და, სიძე და სამი წლის დისშვილი. “თათა, მიყვარხარ!” – ყოველთვის ამ სიტყვებით მაცილებს ბიჭუნა სპექტაკლზე და ეს ძალას მმატებს.

დას მშობიარობას დავესწარი, ხელიც კი ჩამოვართვი პატარას, არ შემშინებია. ხომ გითხარით, ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა...

 

ჯანმრთელობა

– ბავშვობიდან ვცდილობ და ჩემი პროფესიაც მოითხოვს, ჯანმრთელი ვიყო. ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებსაც ვიზიარებ და შეძლებისდაგვარად მივდევ: არც ვეწევი, არც ყავას ვსვამ, საუზმის გარეშე შინიდან არ გავდივარ. დატვირთული რეჟიმი მაქვს, ამიტომ ხანდახან გარეთ წახემსებაც მიწევს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვცდილობ ვჭამო წვნიანი, ბოსტნეული, სალათა... ყოველ დილით 15-20 წუთის განმავლობაში ვავარჯიშებ მხრებსა და ხერხემალს. სცენაზე ხან 3-4 საათი მიწევს დგომა, ამიტომ ყველა კუნთი და სახსარი ფორმაში უნდა იყოს. დრო რომ მქონდეს, სპორტზეც სიამოვნებით ვივლიდი. მაგალითად, ცურვაზე. ზღვაზე ვგიჟდები, მაგრამ წყლისა მეშინია და მორიდებით შევდივარ ხოლმე ზღვაში. მიუხედავად ამისა, აგვისტოს უმეტესად ზღვაზე ვატარებ. შვებულებას იმისთვის ვიყენებ, რომ ბუნებისგან რაც შეიძლება მეტი ენერგია მივიღო. მთაში დასვენებაც მიყვარს.

– ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზებაზე. როგორ ფიქრობთ, მარიხუანას მიმართ ლოიალური პოლიტიკა ხომ არ გამოიწვევს იმავე ეფექტს, რაც თამბაქოს შემთხვევაში გამოიწვია, სულ უფრო მცირე ასაკიდან ხომ არ გახდებიან მისი მომხმარებლები?

– ბევრ ჩემს თანატოლს და ჩემზე უმცროსსაც, ალბათ, გაეცინება, მაგრამ არასოდეს მქონია ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი. მიუხედავად ამისა, რადიკალური ვერ ვიქნები, რადგან ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ. არც წრეს აქვს მნიშვნელობა, არც ოჯახს – თუ ადამიანს კანაფის გასინჯვა უნდა, ვერაფერი შეაჩერებს. მეტიც, აკრძალვა ხშირად საპირისპირო რეაქციას იწვევს. ყოველი ადამიანი საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად ცხოვრობს. მაგალითად, ჩემთვის სიამოვნებაა შინ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ჯანსაღი საკვების მომზადება, საკუთარი კარადის დალაგება, კარგი წიგნის კითხვა, სხვას შესაძლოა კლუბში სიარული, მარიხუანას მოწევა და მეგობრებთან ერთად გართობა ერჩივნოს. ერთმანეთი კი არ უნდა გავრიყოთ, არამედ პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ.

 

ჯანმრთელობის რეცეპტი

– ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხოვრებისა და ადამიანების სიყვარული, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ – ერთხელ მოვედით ამქვეყნად და ამ ერთხელ უნდა ვიყოთ ბედნიერები.

თამარ ციბალაშვილი 

გააზიარე: