ხელოვნება, რომელიც სულს კურნავს

გააზიარე:

ევროპის ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მონაცემებით, დეპრესიული ფონი პიკს თებერვალში აღწევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი უამინდობა და დღესასწაულის შედეგებია – ფინანსების გადაჭარბებული ხარჯვა, ზედმეტი კილოგრამები და დაღლილობა, რომელიც დადებითმა ემოციებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან, ყოველდღიურად იმდენ სტრესსა და ჭარბ ინფორმაციას ვეჯახებით, რომ, დამეთანხმებით, ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანსაც კი გაუჭირდება ნებისყოფის დაუძაბავად ტონუსის შენარჩუნება.

ასე რომ, როგორც ჩანს, დასავლელ ფსიქოლოგებს თებერვალში ბევრი სამუშაო აქვთ. ფსიქოლოგთან ვიზიტის კულტურა ბოლო ხანს საქართველოშიც იკიდებს ფეხს, თუმცა არა იმ ინტენსივობით, როგორითაც ევროპასა და ამერიკაში, რადგან სტრესსა და რყევებთან ადაპტირებული ხალხი ვართ და დეპრესიის დროს, წესისამებრ, არა პროფესიონალს, არამედ თვითრეაბილიტაციას მივმართავთ: სილამაზის სალონში მივდივართ გულის გადასაყოლებლად, მეგობარს ვუშლით გულს ან მოძღვარს ვესაუბრებით – საყოველთაოდ ცნობილია, რომ აღსარება ფსიქოთერაპიის ელემენტებს შეიცავს. დროდადრო ქალაქგარეთ გასვლასაც ვახერხებთ – ისიც ყველამ ვიცით, რომ ბუნებასთან კონტაქტი ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს – და, ასე თუ ისე, ვინარჩუნებთ ემოციურ სტაბილურობას.

გვინდა, კიდევ ერთ ნაცად და საინტერესო მეთოდზე – არტთერაპიაზე გესაუბროთ, რომელიც საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის უკვე აპრობირებული და დანერგილია დასავლეთის კლინიკებში, უკუჩვენება არ გააჩნია და ფსიქოთერაპევტები მას მძიმე დეპრესიის მკურნალობის დროსაც იშველიებენ. არტთერაპიის მეთოდებს ხშირად იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრებსა და კლინიკებში, რადგან მათთვის არტთერაპია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, არამედ საზოგადოებასთან ინტეგრირების საშუალებაც არის.

არტთერაპიის შესახებ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელს ნათია ფანჯიკიძეს ვესაუბრეთ:

 

– ჩვენს ცენტრში ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ დახმარებასთან ერთად მოქმედებს სპეციალური ჯგუფური თერაპიის სქემაც, რომლის ავტორი ამერიკელი ფსიქიატრი, პროფესორი ანათინა მიშერია. მქონდა ბედნიერება, ორი წელიწადი ნიუ-იორკში, ბელვიუ-ჰოსპიტალში, მის კლინიკურ ასისტენტად მემუშავა. პროგრამა ერთი მიზნის მისაღწევად გაერთიანებული ფსიქოთერაპიული მოდულების, დინამიკური, კრეატიული თერაპიებისა და ფსიქოანალიზის ნაკრებია, რომელშიც აქტიურად არის ჩართული არტთერაპიაც.

 

  • რა არის არტთერაპია

 

– არტთერაპია კრეატიული თერაპიის ერთ-ერთი სახეობაა. თერაპიის ამ მოდულს განსაკუთრებული ძალა და ეფექტი აქვს. არტთერაპია არ გახლავთ ხატვის ან ძერწვის გაკვეთილი; არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უხატია თუ არა ადამიანს ოდესმე – ამ თერაპიაში ჩაბმა შეუძლია ნებისმიერს, განურჩევლად ასაკისა და პრობლემისა. ის პაციენტის დახელოვნებას არ ისახავს მიზნად, თუმცა უნდა ითქვას, რომ თერაპიის პროცესში პაციენტები ხშირად ქმნიან ძალიან საინტერესო და ღირებულ ნამუშევრებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ნამუშევრები, პროფესიონალ ხელოვანთა ნამუშევრებისგან განსხვავებით (თუ გენიალურ მხატვრებს არ ვიგულისხმებთ), სრულიად თავისუფალია წესებისგან, ცოდნისგან და დაბადებულია ღრმა შინაგანი აუცილებლობით. დღეს აუთსაიდერ არტისტებს აქვთ შანსი, პროფესიონალი მხატვრების ტოლადაც კი დაიმკვიდრონ თავი. მსოფლიო უკვე იცნობს არაერთ ასეთ არტისტს – ჰენრი დარჯერს, ბასკიას და სხვებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ხელოვნება ერთგვარად ავტოთერაპიას დაემსგავსა, ვიზუალურ მხარეზე მნიშვნელოვანი გახდა ის შინაგანი რეალობები, რომელთა გავლითაც შესაძლებელი ხდება სამყაროს აღქმის განზოგადება. ალბათ ამიტომ არის, რომ აუთსაიდერმა არტისტებმა ყურადღება მიიქციეს სწორედ როგორც შემოქმედებმა და არტთერაპიის ფორმატში შექმნილი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა.

არტთერაპიის ტექნიკების საშუალებით ადამიანის სულში უნდა გაიხსნას სადინარები და გადმოედინოს ზოგიერთი ისეთი მივიწყებული, ადრეული გამოცდილების ტრავმა, რომლებიც ცნობიერად არასოდეს გაუზრებია. ხშირად თავად პაციენტისთვისაც კი აღმოჩენად იქცევა მის მიერ კონკრეტულ სიმბოლოდ გაფორმებული ესა თუ ის შინაარსი.

არსებობს ასეთი გამოთქმა: “ვხატავთ იმას, რასაც ვერ გამოვთქვამთ”. ეს სიტყვები განსაკუთრებით ზუსტია ბავშვებთან მიართებით, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ საკუთარი განცდების ასოციაციური აზროვნებით გამოხატვა, ამიტომ ბავშვთა ფსიქოანალიზისთვის ყველაზე ეფექტურ კომუნიკაციად თამაში და არტთერაპია რჩება.

არსებობს სხვა გამოთქმაც: “ვქმნი – ეს ნიშნავს, ვიქმნები”. ამ სიტყვებთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს თანხმობა. ადამიანი შემოქმედებითი არსებაა, მისი მთავარი უნარი, შეცვალოს, გადააკეთოს, სხვადასხვანაირად გაიაზროს ერთი და იგივე რეალობა და მოცემულობა, ის უნიკალური თვისებაა, რომელიც მას პლანეტის სხვა ბინადრებისგან განასხვავებს. თავისთავად ასოციაციური აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარება მას გაუადვილებს ნებისმიერი ჩიხიდან გამოსვლას, საკუთარი თავის შეცნობა კი მისთვის სამყაროში ბევრ რამეს გახდის ნათელს. რაც მთავარია, არტი “კეთდება” ყველაფრისგან, ნებისმიერი მასალისგან, ნებისმიერი ფორმა ჰგავს უამრავ სხვა ფორმას, რისი აღმოჩენითაც სამყაროს ერთიანი ქსოვილის აღქმა ყალიბდება და შეიგრძნობა შესაძლებლობა, რომ თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ თავად ადამიანის ხელშია. შესაბამისად, იზრდება თვითშეფასება და საკუთარი ძალის რწმენა.

არტთერაპიის პროცესში ჩართულია ტვინის ორივე ნახევარსფერო, ნეირონები გამალებით მუშაობს და ფერის, ფორმის, კონსტრუქციის განმტკიცების გზით ამას გამაჯანსაღებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია ემოციაზე, ფიქრზე, აზროვნებაზე.

თერაპიის ეს მოდული პოპულარობასთან ერთად თანდათან კვალიფიციურობასაც იძენს საქართველოში და იმედი მაქვს, უფრო მეტი თერაპევტი მიიღებს ამ მხრივ საფუძვლიან პროფესიულ განათლებას.

  • – შეიძლება თუ არა ამ მეთოდის გამოყენება დამოუკიდებლად, სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე?

– აკრძალული არაფერია, უბრალოდ, სპეციალისტის დაუხმარებლად პაციენტი ამ მეთოდს ვერ გამოიყენებს, თუ ოდესმე ან არ გაუვლია, ან არ უსწავლია ეს თერაპია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, არტთერაპია არ არის უბრალოდ ხატვა. არტთერაპია ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტექნიკა, რომელსაც კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობის კონკრეტული მიზანი აქვს, დაწყვილებულია ფსიქოთერაპიის რომელიმე მოდულთან, ფსიქოანალიზი იქნება ეს თუ დინამიკური თერაპიები.

თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, უბრალოდ ხატოს, ძერწოს, შექმნას ხელოვნების ნაწარმოები და ამით უდიდესი სიამოვნება მიიღოს. სიამოვნების განცდას და შემოქმედებას თავისთავად აქვს ძლიერი გამაჯანსაღებელი, ავტოთერაპიული ეფექტი.

  • – არტთერაპიას ხშირად იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრებში...

– არტთერაპიას ნებისმიერი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებთან მუშაობისას იყენებენ მისი განსაკუთრებული უნარის გამო, ილუსტრირებულად, მატერიალიზებულად, განსხეულებულად აღაქმევინოს პიროვნებას საკუთარი მდიდარი სულიერი სამყარო და გახსნას მისი უნიკალური შესაძლებლობები.

 

უგუნებობის დასაძლევად

  • – სპეციალისტისგან დამოუკიდებლად რა ხერხს შეიძლება მივმართოთ განწყობის ასამაღლებლად?

– უგუნებობა და მოწყენილობა, თუ, რა თქმა უნდა, კლინიკურ საფუძველსა და ღრმა სტრესულ მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე, ადამიანმა თავად უნდა დაძლიოს. უპირველეს ყოვლისა, საყვარელი საქმე გაიჩინოს, რომელსაც მისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია და სხვაგვარად ჰობის ეძახიან.

ყოველთვის არსებობს საჭიროებაც და საშუალებაც, გავალამაზოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯის გარეშე, ყვავილის გახარებით იქნება ეს თუ დეკორაციის შეცვლით, და, რაც მთავარია, გული სიყვარულით გვქონდეს სავსე, რათა რაც შეიძლება მეტი იყოს სიხარულის წყარო. ჩვენ ხომ გვახარებს სიახლოვე ყველაფერთან, რაც გვიყვარს, ამიტომ მეტი და მეტი გვიყვარდეს. ხანდახან კი მოწყენილობაც არ არის ცუდი. ეს ფიქრის დროა, შეჯამების, შეფასების, სულის ვარჯიშისა და განვითარების. მოაზროვნე ადამიანისთვის სევდა აუცილებელია.

 

საუკეთესო განწყობისთვის

 

– უფალმა ადამიანი ხატად თვისა შექმნა და შემოქმედის უნარითაც დააჯილდოვა. ზოგი ავლენს ამ უნარს, ზოგს კი დრო არ აქვს, რომ პოტენციური ნიჭი განივითაროს... ვინ იცის, თქვენც არარეალიზებული გენიალური მწერალი ან მხატვარი ბრძანდებით, უბრალოდ, ოჯახური შტამპის გამო რუტინულ და თქვენთვის სრულიად უინტერესო პროფესიას დასჯერდით. თუმცა, თვითგამოხატვა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია.

შემოქმედებითი მუშაობის პროცესში ასოციაციურ-ხატოვანი აზროვნება ვითარდება. შესაბამისად, ვითარდება ადამიანის უნარი, ცხოვრებასაც შემოქმედებითად მიუდგეს, პრობლემები უფრო მსუბუქად აღიქვას. თუ საკუთარი ემოციური მდგომარეობით უკმაყოფილო ბრძანდებით, გაღიზიანებული ხართ და ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, წონასწორობა დაგაკარგვინოთ, მიმართეთ არტს, დაიხარჯეთ ბოლომდე და გუნება აუცილებლად გამოგიკეთდებათ.

განწყობის ასამაღლებლად სცადეთ ხატვა, ძერწვა, ხეზე კვეთა, ქარგვა, ქსოვა და ცეკვა. ბოლო ხანს ხელნაკეთი ნივთების, სამშვენისების, ნაძვის ხის სათამაშოების კეთება და ინტერიერის დიზაინიც პოპულარულ მიმართულებებად იქცა.

ეფექტური მეთოდია ზღაპრის შეთხზვა, უფრო სწორად, ამბების მოგონება, სადაც თქვენი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი ფრთებს გაშლის. ეს მიმართულება ქართველებისთვის, ალბათ, თვისებრივადაც ახლობელია – ჩვენ ხომ განსაკუთრებით გვიყვარს გაზვიადება, შელამაზება... ბავშვებს ეს მეთოდი ძალიან მოსწონთ.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის უსაფრთხო და შედეგიანია ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი უნარის გამოვლენაც:

იმღერეთ ხმამაღლა. მუსიკა დეპრესიის საწინააღმდეგო ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია. ემოციურ მდგომარეობას სასიამოვნო მელოდიის მოსმენაც აუმჯობესებს, თუმცა უკეთეს ეფექტს მიიღებთ, თუ თავად დაიხარჯებით. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სიმღერის პროცესში ადამიანის ორგანიზმი ადრენალინს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, იოგები იძაბება, ინტენსიურად მუშაობს და 15-20-წუთიანი სიმღერით ფაქტობრივად იმავე შედეგს იღებთ, რასაც ერთსაათიანი სპორტული სიარულით.

იცეკვეთ. საუკეთესოა ლათინოამერიკული ცეცხლოვანი ცეკვები. ეფექტს ახდენს არა ფიზიკური დატვირთვა, არამედ რიტმული, მსუბუქი და მხიარული მუსიკაც, რომელიც მაღლა სწევს ტონუსს და ენერგიის მოზღვავებასა და დახარჯვაშიც გეხმარებათ. უმჯობესია, ცეკვის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწეროთ, მაგრამ თუ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, სახლში იცეკვეთ, თუნდაც ნახევარი საათი. განწყობის ასამაღლებელი სეანსის დროს კი შეეცადეთ, სარკის წინ განასახიეროთ მღელვარება, მრისხანება, სიმტკიცე, შეუპოვრობა, გამარჯვება, სიხარული და დასვენება – ამ მდგომარეობათა თანმიმდევრულად ცეკვით გამოხატვას თუ შეძლებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არათუ გახალისდებით, არამედ უფრო თავდაჯერებულიც გახდებით და თვითპრეზენტაციის უნარსაც განივითარებთ, ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ემოციების მართვა შეძლოთ, წყენა და გაბრაზება შინაგანად, უსიტყვოდ არ გადაიტანოთ, რაც დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისთვის.

არსებობს განწყობის ამაღლების კიდევ ერთი საუცხოო მეთოდი – მაკიაჟი. დაბრძანდით სარკესთან, მოიმარაგეთ სრულყოფილი მაკიაჟისთვის აუცილებელი კოსმეტიკა: ფუძე, ტონალური კრემი, ფანქარი, ლაინერი, ტუში, რუჟი, ჩრდილები, ტუჩის კონტური, ტუჩსაცხი, – და დაიწყეთ ხატვა. ეს მეთოდი ბოდყპაინტ-ის ელემენტებს მოიცავს. გამოსახეთ თქვენს სახეზე სხვადასხვა განწყობა: შიში, აღშფოთება, ბრაზი, მოწყენილობა, სიმკაცრე, – და თანდათან დადებით ემოციებზე გადადით. შემოქმედებითი პროცესი ბედნიერი გამომეტყველების შექმნით დაასრულეთ.

კერვა თუ გეხერხებათ, გაიმრავალფეროვნეთ გარდერობი. თუ მოინდომებთ, სულაც არ არის ძნელი ძველი შარფისგან ულამაზესი ბლუზის ან ქვედაკაბის შექმნა. ორიგინალური სამკაულის შექმნაც შეიძლება – არ არის აუცილებელი, ძვირფასი ქვებისა და ლითონისგან დამზადებული აქსესუარი გეკეთოთ, მთავარია, ის გემოვნებიანი იყოს და თქვენს გარდერობს ეხამებოდეს. მოქსოვეთ მაჯაზე მოსარგები მაქმანი და ფერადი ღილები მიაკერეთ. მოხდენილი აქსესუარიც გექნებათ და იმაშიც დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი სამკაული უნიკალური და განუმეორებელია.

შემოქმედებითი პროცესი ახალი გზების ძიებაში გეხმარებათ და არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალას გამოიყენებთ ამისთვის – რკინას, ობობას ქსელს, თევზის ფხებს, მანქანის საბურავს თუ შენობის კედელს.

თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: