მეცნიერება სიცოცხლისთვის, სიცოცხლე მეცნიერებისთვის

გააზიარე:

მას სწამდა, რომ მეცნიერება მხოლოდ მეცნიერებისთვის არ უნდა არსებობდეს – ის სიცოცხლეს უნდა ემსახურებოდეს. “ყველაფერი, რაც არსებობს, მეცნიერების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ყველაფერი, რასაც მეცნიერება მიაღწევს, ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს”, – ივანე თარხნიშვილის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში თითებზე ჩამოითვლება იმ მეცნიერთა სახელები, რომელთა აღმოჩენებსა და თეორიებს იმდენი პრაქტიკული გამოყენება ეპოვოს, რამდენიც ივანე თარხნიშვილის გამოგონებებს ერგო წილად. დიდი ქართველი ფიზიოლოგის შესახებ ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვიამბობს:

 

– ივანე თარხნიშვილი, იგივე ივანე თარხან-მოურავი ან თარხანოვი, 1846 წლის 15 ივნისს დაიბადა თბილისში, გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, რუსეთის არმიის გენერლის ოჯახში. სამშობლოს წინაშე გამოჩენილი დამსახურებისთვის გიორგი სააკაძეს თავადის ტიტული და თარხნობა უბოძეს, რაც გადასახადებისგან გათავისუფლებას ნიშნავდა. სწორედ ასე გახდნენ სააკაძეები თარხან-მოურავები ან თარხნიშვილები... მოგვიანებით ივანემ გვარის შეცვლა მოინდომა, თუმცა გვიანი იყო – სამეცნიერო წრეებში მას უკვე თარხანოვად იცნობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა ქალიშვილმა დაიბრუნა სააკაძის გვარი.

 

ბავშვობა და სტუდენტობა

– მომავალმა მეცნიერმა ბავშვობაშივე მიიპყრო ყურადღება. მოგეხსენებათ, 1857 წელს ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობდა. საქართველოში ყოფნისას ის ნუხის მხარის მმართველს, ივანეს მამას, გენერალ-ლეიტენანტ რამაზ თარხან-მოურავს ესტუმრა. მოგვიანებით თავის წიგნში “მოგზაურობა კავკასიაში” ის აღწერს მიყრუებულ სოფელში მცხოვრებ პატარა ბიჭუნას, რომელმაც სრულყოფილი ფრანგულითა და ინტელექტით გააოცა. პატარა ვანოს კარგი განათლება და ფრანგული ენის ცოდნა პარიზიდან საგანგებოდ მისთვის მოწვეული აღმზრდელის დამსახურება იყო.

ივანეს დედა ერთი წლისას გარდაეცვალა. დაქვრივებული რამაზ თარხნიშვილი პატარა ვანოს მზრუნველობას არ აკლებდა და ცდილობდა, მისთვის საუკეთესო განათლება მიეცა. მამა შვილის სამხედრო მომავალზე ოცნებობდა. ივანე ჯერ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, თუმცა შინ მიღებული განათლების შემდეგ იქ ყოფნა მისთვის არაფრის მომცემი აღმოჩნდა, მოგვიანებით კი პეტერბურგში გაგზავნეს სასწავლებლად. იქ გიმნაზია ექსტერნად დაასრულა და უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც, მამის სურვილით, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. ივანე მალე მიხვდა, რომ საბუნებისმეტყველო საგნები უფრო აინტერესებდა, ვიდრე სამხედრო მუნდირი. არც ფიზიკა და მათემატიკა იყო მისი სფერო. დიდხანს აღარ უფიქრია – 1864 წელს სწავლა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში განაგრძო.

პეტერბურგში ივანე თარხნიშვილს დახვდნენ ცნობილი თანამემამულეები: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკისა და ილიას მეგობარი ბესარიონ ღოღობერიძე, რომელიც საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს პატრონობდა.

 

პირველი წარმატება

– ივანე თარხნიშვილმა ნიჭიერებით ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გამოიჩინა თავი. აკადემიაში მან ფიზიოლოგიის კორიფეს ივან სეჩენოვის ყურადღება მიიპყრო. ივანემ დაიწყო ექსპერიმენტული კვლევები ფიზიოლოგიის დარგში დიდი მეცნიერის ხელმძღვანელობით, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს. მოგვიანებით იხსენებდა, რომ სეჩენოვს ქართველებზე კარგი წარმოდგენა არ ჰქონია – ზერელე ხალხი ხართ და სწავლის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება გაქვთ, ევროპული ცოდნის მიღება არ შეგიძლიათო. ივანეს ეს სიტყვები გულზე მოხვედრია და განუზრახავს, დიდი მეცნიერისთვის საპირისპირო დაემტკიცებინა: “ჩემი მოვალეობა ჩემი სამშობლოს წინაშე მე ასე მესმის: მე უნდა დავუმტკიცო რუსის ხალხს, რომ ქართველი კაცის ნიჭსა და გონიერებას შეუძლია არამცთუ რუსის უმაღლეს მეცნიერს გაუწიოს კამათობა, არამედ თვით ევროპის საუკეთესო მეცნიერებსაც არ ჩამოუვარდეს. მე თავის დღეში არ დამავიწყდება პროფესორ სეჩენოვის ცუდი აზრი, შედგენილი ჩვენ ხალხზე: თქვენ სად შეგიძლიათ ევროპის მეცნიერების ტვირთვაო, თქვენს დაძაბულ გონებას არ მოუხერხდება უმაღლეს წერტილამდე მიღწეული მეცნიერული კვლევაო. თქვენ “ხალატნიკები” ხართო“.

მართლაც, ახალგაზრდა ქართველი ელვის სისწრაფით მიიწევდა მეცნიერების კიბეზე. სამხედრო სამედიცინო აკადემია წითელ დიპლომზე დაამთავრა. მალე მამა გარდაეცვალა. ამავე პერიოდში მის მასწავლებელს ივან სეჩენოვს ცარიზმის საწინააღმდეგო თამამი და შეუპოვარი განცხადებების გამო სამხედრო სამედიცინო აკადემიიდან წასვლა აიძულეს. ივანე, მიუხედავად ყველაფრისა, ბეჯითად მუშაობდა. აკადემიის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რის შემდეგაც კვლევა ევროპის მოწინავე სამეცნიერო დაწესებულებებში განაგრძო. მუშაობდა გოლცის, ჰოფეს, რეკლინჰაუზენისა და კლოდ ბერნარის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიებში. ღრუბელივით იწოვდა ცოდნას, მიისწრაფოდა, მრავალმხრივ და კომპლექსურად გამოეკვლია ფიზიოლოგიური პროცესები, ჩასწვდომოდა ბიოლოგიურ მოვლენათა მექანიზმს.

 

სტუმრობა სამშობლოში

– ევროპის დაპყრობამდე ივანე თარხნიშვილი თბილისში ჩამოვიდა ლექციის წასაკითხად. სამშობლოში ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 25 წლის მეცნიერის გამოსვლას 400-500 კაცი ესწრებოდა. იქ იყო მთელი ქართული ინტელიგენცია: გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე... ივანე თარხნიშვილი დიდი ორატორი აღმოჩნდა. მთელი საქართველო ამაყობდა მისით. ილია “ჩასაფრებული” იყო, “ივერიის” თითქმის ყოველ ნომერში წერდა საამაყო თანამემამულის წარმატებების შესახებ. ივანე თარხნიშვილის ლექციის შემდეგ თურმე ბევრ ქართველ ახალგაზრდას აენთო გულში სწავლის სურვილი და ბევრმა გადაწყვიტა განათლების მისაღებად ევროპაში წასვლა. მათ შორის იყვნენ ქალებიც.

 

მწვერვალები

– ხანგრძლივი საზღვარგარეთული მივლინებებიდან დაბრუნების შემდეგ ივანე მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებს კი არ აქვეყნებდა და სიახლეებს ნერგავდა, არამედ თავისი დროის უდიდეს მეცნიერთა მიღწევების პოპულარიზებასაც ეწეოდა.

1875 წელს ივანე თარხნიშვილი სამხედრო სამედიცინო აკადემიის პრივატ-დოცენტად აირჩიეს (აკადემიის რექტორ ოვსიანიკოვს უთქვამს, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ჯერ არ გვყოლიაო), 1877 წელს – პროფესორად და აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად (ამ თანამდებობაზე მან დაახლოებით თვრამეტი წელი იმუშავა), ხოლო 1881 წელს, 35 წლისა – აკადემიკოსად.

სწორედ ამ პერიოდში გაიშალა მისი სამეცნიერო საქმიანობა ფართოდ და მრავალმხრივ. მან დაიწყო მუშაობა მედიცინის მეტად აქტუალურ საკითხებზე. ექიმები მიისწრაფოდნენ, მის კათედრაზე დაემუშავებინათ თემა. მის ლექციებზე დარბაზი სტუდენტებით იყო სავსე...

 

ცუდას რად უნდა მტერობა

– გასაკვირი არ არის, რომ წარმატებულ ქართველს უცხო ქვეყანაში მოშურნეები გამოუჩნდნენ. ზოგი დაუფარავად ებრძოდა, ზოგი კი შეფარვით. ყველაფრის თავიდათავი ივანე თარხნიშვილის თავისუფლებისა და სამართლიანობისადმი სწრაფვა იყო. იგი არასოდეს შეგუებია ცარიზმის მარწუხებს და ყოველთვის თამამად გამოთქვამდა კრიტიკულ აზრს მეფის მთავრობის შესახებ. ვინაიდან სამხედრო სამედიცინო აკადემია ემორჩილებოდა არა განათლების, არამედ სამხედრო სამინისტროს, მიდგომაც შესაბამისი იყო: ადმინისტრაცია ცდილობდა, ახალგაზრდები ცარიზმის ყურმოჭრილ მონებად აღეზარდა. ივანეს ეს არ მოსწონდა. იგი ვერ ითმენდა ჩაგვრას და ყოველთვის სამართლიანობის დამცველად გამოდიოდა, არ იყო კონფორმისტი და შემგუებელი. ამიტომაც უყვარდათ სტუდენტებს. მისი ლექციები არნახული პოპულარობით სარგებლობდა.

ივანე თარხნიშვილის ასეთი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული სამხედრო სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციას თვალში არ მოსდიოდა. ყოველივე ამას ერთი უსიამოვნო ფაქტიც დაერთო: აკადემიის სტუდენტი რევოლუციური საქმიანობის გამო დაიჭირეს; იგი ციხეში გარდაიცვალა. მის სამგლოვიარო პროცესიაზე დასწრება ბევრმა ლექტორმა ვერ გაბედა, ივანე თარხნიშვილი კი თურმე წინ მიუძღოდა მას.

ნობელის პრემიის ლაურეატი, უდიდესი ფიზიოლოგი ივან პავლოვი ივანე თარხნიშვილის თანამედროვე იყო. როცა თარხნიშვილი კათედრის გამგედ აირჩიეს, პავლოვი მეოთხე კურსზე გახლდათ. ნიჭიერი სტუდენტისთვის ივანეს ასისტენტობა შეუთავაზებია. პავლოვმა იუკადრისა ქართველი მეცნიერის წინადადება და განაცხადა, რომ განზრახული ჰქონდა, თავად გამხდარიყო ფიზიოლოგიის კათდრის გამგე... საინტერესოა, რომ დისერტაციის დაცვის დროს პავლოვის ოპონენტი თარხნიშვილი იყო. მან მოიწონა კოლეგის ნაშრომი, დადებითად შეაფასა იგი, თუმცა მისცა რჩევა, გამოყენებული ლიტერატურა სრულად წარედგინა და სხვისი აღმოჩენები საკუთარი თავისთვის არ მიეწერა. პავლოვი, ცხადია, გააბრაზა ამ სამართლიანმა შენიშვნამ.

ერთ დღესაც პავლოვმა სამხედრო სამედიცინო უწყების მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ დანიშვნა ითხოვა, მაშინ როცა ეს თანამდებობა უკვე ეკავა ივანე თარხნიშვილს. მის განცხადებას იმხანად რეაგირება არ მოჰყოლია. ივანე მაინც ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყო პავლოვის მიმართ, 1889 წელს მან, სხვა მოწინავე პროფესორებთან ერთად, უმცროს კოლეგას სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ გაუწია რეკომენდაცია.

 

მეცნიერის დევნა

– დადგა დღე, როცა აკადემიის ადმინისტრაციამ ივანე თარხნიშვილის დევნა დაიწყო. ვინაიდან მისი მოხსნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, საბაბის ძიებაზე გადავიდნენ. შეუძლებელი იყო, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მრავალი აღმოჩენის ავტორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი უმიზეზოდ გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან.

საბაბიც მოიძებნა. 1893 წლის სექტემბერში ვინმე ილინი დისერტაციას იცავდა. თარხნიშვილმა მას შეცდომებზე მიუთითა და შესწორება სთხოვა. ამის პასუხად აკადემიის დირექტორის ხალხმა ხმაური ატეხა, თუმცა სტუდენტებმა, რომლებიც დაცვას ესწრებოდნენ, ტაშით დააჯილდოეს ივანე თარხნიშვილის სამართლიანი გამოსვლა. აკადემიის დირექტორმა ვ. პაშუტინმა დაცვა ჩაშლილად გამოაცხადა, მეორე დღეს კი არეულობაში ივანე თარხნიშვილს დასდო ბრალი და სასტიკი საყვედური გამოუცხადა. ივანემ მეორე დღესვე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მინისტრმა დაუყოვნებლივ მოუწერა ხელი. ფორმალური საბაბიც იპოვეს – 25 წელია მუშაობს, რაც სამხედრო სამსახურისთვის ბევრიაო.

ქვეყნის საუკეთესო მეცნიერი 49 წლის ასაკში უმუშევარი დარჩა. იგი იძულებული გახდა, მეფე ლირივით ხან ერთ ყოფილ მოწაფეს შეკედლებოდა პეტერბურგში, ხან მეორეს პოლონეთში. რამდენიმე ხნის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტის თანამდებობა შესთავაზეს და საარსებო სახსარი გაუჩნდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო – უდიდეს მეცნიერს ლაბორატორია არ ჰქონდა კვლევების საწარმოებლად. სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ კი, ბედის ირონიით, სწორედ ივან პავლოვი დაინიშნა...

 იდეები, გამოგონებები

– მიუხედავად მოშურნეთა სიმრავლისა და უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორისა, ივანე თარხნიშვილმა კლინიკური თვალსაზრისით არაერთი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: მან დაადგინა სისხლის მასის განსაზღვრის მეთოდი; იგი შეიძლება ჩაითვალოს გასტროენტეროლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც თავისი ფუნდამენტური ნაშრომის გამო; ჰემოგლობინის დაშლის შედეგად ნაღვლის პიგმენტ ბილირუბინის წარმოქმნა მსოფლიოში პირველად მან აღწერა 1875 წელს სტრასბურგის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში; მისი გამოგონებაა ფიზიოლოგიური ხსნარით მკურნალობა დიარეისა და ქოლერით გამოწვეული გაუწყლოების დროს, რომელსაც მანამდე უამრავი ხალხი ეწირებოდა.

1887 წელს ივანე თარხნიშვილის იდეის საფუძველზე და მისივე უშუალო ხელმძღვანელობით მისმა მოწაფე ნ. ეკმა განახორციელა კარის ვენის გადაკვანძვა და პორტოკავალური ანასტომოზის დადება, რამაც მთელი ეპოქა შექმნა ჰეპატოლოგიაში, წარმოაჩინა ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქცია და საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას ჰეპატოენცეფელოპათიის შესახებ.

ივანე თარხნიშვილის მეცნიერული ინტერესის სფერო ძალზე ფართო და მრავალფეროვანი იყო. სწორედ მან აღწერა პირველმა კანის გალვანური რეფლექსი, რომელსაც თარხანოვის რეფლექსის სახელითაც მოიხსენიებენ. აღნიშნულ რეფლექსს საუძვლად უდევს თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა ბირთვებში ემოციური აღგზნების დროს წარმოქმნილი იმპულსების აღბეჭდვა სპეციალურ სკალაზე. ეს აღმოჩენა მომავალში საფუძვლად დაედო სიცრუის დეტექტორის შექმნას.

ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საქმიანობის ღერძი იყო ახლის ძიებისკენ სწრაფვა, თავისი დროის მეცნიერთა მიღწევებსა და აღმოჩენებზე ცოცხლად რეაგირების უნარი, პრაქტიკული მედიცინისა და ბიოლოგიის აქტუალური ამოცანების გადასაწყვეტად უახლესი მონაცემების გამოყენება, მეცნიერული ცოდნის პოპულარიზაცია.

1895 წელს ვილჰელმ რენტგენმა X-სხივები აღმოაჩინა. დაიწყო ამ იდუმალი სხივების შესახებ კვლევების ბუმი. ამ სამეცნიერო ტენდენციას, ცხადია, არც ივანე თარხნიშვილი ჩამორჩენია. 1896 წელს მან კვლევის პირველადი შედეგები გააცნო საზოგადოებას, გამოთქვა მოსაზრება, რომ X-სხივები, ფოტოგრაფირებასა და დიაგნოსტიკასთან ერთად, სასიცოცხლო პროცესებზეც ახდენდა გავლენას და ივარაუდა, რომ ახლო მომავალში მათ სამკურნალო მიზნითაც გამოიყენებდნენ. შეისწავლა კანსა და რეფლექსებზე X-სხივების ზემოქმედებაც, ფაქტობრივად, პირველმა აღწერა სხივური დაავადება და სპეციალური დამცავი ეკრანის საჭიროების შესახებაც გამოთქვა აზრი.

თარხნიშვილის მოსაზრებები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მარია კიური კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. მისმა კვლევებმა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. ცნობილი რუსი ბიოქიმიკოსი და რადიობიოლოგი ალექსანდრ კუზინი თარხნიშვილის პუბლიკაციებს ასე აფასებდა: „ჩაუკვირდით ამ სტრიქონებს! რა უფრო მეტია მათში – გენიალურობა თუ თავმდაბლობა? [თარხნიშვილის] გამოკვლევები მაიონიზებელი რადიაციის ბიოლოგიური მოქმედების შესწავლის საწყის წერტილად იქცა... ეს გახლდათ... რადიობიოლოგიის დაბადება”.

ხიროსიმისა და ნაგასაკის ატომური აფეთქების შემდეგ ივანე თარხნიშვილის სახელმა ახალი დატვირთვა შეიძინა. გამართლდა, რასაც ქართველი ფიზიოლოგი ნახევარი საუკუნის წინ წერდა.

თარხნიშვილის მიერ პოსტულირებულ დებულებათა უმრავლესობამ დროს გაუსწრო, მისი მიდგომები დღესაც სავსებით თანამედროვეა. ის არის ერთადერთი ქართველი ექიმი, რომლის სახელიც შეტანილია წიგნში “ყველა დროის 100 საუკეთესო ექიმი”.

 

 ტრაგიკული დასასრული

– ქართველ მეცნიერს პესიმიზმი შეეპარა. მართალია, ლექციების წასაკითხად ევროპის არაერთ დიდ უნივერსიტეტში იწვევდნენ და მისი სახელი კვლავაც დიდების მწვერვალზე იყო, მაგრამ საკუთარი ლაბორატორიის უქონლობამ და იმედგაცრუებამ მის სულს მძიმე დაღი დაასვა. ამას დაერთო ოჯახური პრობლემები. ივანე თარხნიშვილი პირველ ცოლს გაეყარა. მისგან ჰყავდა ერთი ქალიშვილი – ტატიანა, რომელსაც თავად თინათინს ეძახდა. ბედნიერება ვერც მეორე ცოლთან, ცნობილ მოქანდაკე ელენე ანტოკოლსკაიასთან პოვა.

ფართო იყო ივანე თარხნიშვილის მეგობართა წრე. ის მეგობრობდა გორკისთან, ჩეხოვთან, შალიაპინთან და რუსული ინტელიგენციის სხვა საუკეთესო წარმომადგენლებთან.

მოწაფის, ნიკოლაოს ციბულსკის მიწვევით, 1908 წელს ივანე კარპატებთან ახლოს გაემგზავრა დასასვენებლად. მადლიერმა ციბულსკიმ თავისი სახლის გვერდით უქირავა აგარაკი. ერთ დღეს ივანეს ინფარქტი მოუვიდა და 62 წლისამ მოწაფის ხელებში დალია სული.

მშობლიურ აკადემიაში დიდი გამოსათხოვარი ცერემონია მოუწყვიათ, პავლოვს სიტყვაც კი მიუძღვნია მისთვის...

დაკრძალეს პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ქართველ სტუდენტებს ძალზე უყოჩაღიათ – ფული შეუგროვებიათ და მეუღლის ნახელავი ქანდაკებით შეუმკიათ თანამემამულის საფლავი. ცნობილ ქართველ პოეტს გოგლა ლეონიძეს კი მისთვის მთაწმინდაზე ემეტებოდა სამარადისო განსასვენებელი:

“გეგებებით, გზადაღლილო, თავჩენილო ჩვენო მოძმევ,

მთაწმინდაზე საელვაროდ შენ ადგილი დაგიმოწმეთ”.

 

 კვალი წარუშლელი

– სამწუხაროდ, ივანე თარხნიშვილს საქართველოში მოღვაწეობა არ დასცალდა, ვინაიდან იმხანად ჩვენში ჯერ კიდევ არ იყო უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა კარგად იცნობდა ივანე ჯავახიშვილს, ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, ლექციებს კითხულობდა და ნატრობდა, ნეტავ იმ დროს მოვესწრო, როცა აქ შემეძლება მუშაობაო, მაშინ კი ვაჩვენებდით მსოფლიოს, რა შეგვიძლიაო...

ქართველმა ერმა არაფერი დაიშურა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად. ივანე თარხნიშვილის შესახებ დაიწერა უამრავი წიგნი. გაიცემა მისი სახელობის სტიპენდია, არსებობს მისივე სახელობის სტუდენტთა საზოგადოება. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ივანე თარხნიშვილის სახელი ეწოდა, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოს კი ცნობილი ქართველი მოქანდაკის კონსტანტინე მერაბიშვილის მიერ შესრულებული შესანიშნავი ძეგლი ამშვენებს.

1946 წელს, 100 წლის იუბილეზე, იოსებ გრიშაშვილმა გენიალურ მეცნიერს ლექსი მიუძღვნა:

“ვინც კი დახედავს შენს ქართულ სახეს, უგულოც იყოს –  შეუყვარდები,

სადაც ფეხს დგამდი, მყის ივსებოდა დარბაზი –  ხალხით, სცენა –  ვარდებით.

ძველი რუსეთი გვიცნობდა მხოლოდ ჩოხებით, ხმლებით და ლეკურებით,

შენ დაარწმუნე, რომ სხვა ნიჭიცა გვაქვს და დიად აზრებს ვემსახურებით.

ალბათ, ჩვენს დღეებს რწმენით ელოდი, წინ გედო დროშა აუმართველი,

შენ, ქართლის ჭკუავ, ქართლის ლაზათო, ეხლაც ჩვენთან ხარ დიდი ქართველი”.

 

თამარ არქანია

 

 

 

გააზიარე: