რატომ ხმაურობს ბავშვის გული?

გააზიარე:

მშობლებს შიში იპყრობთ, თუ გეგმური ვიზიტის დროს პედიატრმა პატარას გულის შუილი აღმოუჩინა. როცა საქმე გულს ეხება, ძნელია, არ შეგეშინდეს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ – გულის შუილი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ის ბავშვების უმრავლესობას ჰქონია. საბედნიეროდ, შუილი უმეტესად უწყინარია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

მაგრამ რისი ბრალია ეს უჩვეულო ხმაური?

მოდი, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს გული.

ნორმალური გული ოთხი საკნისა და ოთხი სარქვლისგან შედგება, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება. ორ ქვედა საკანს პარკუჭებს უწოდებენ, ორ ზედას კი – წინაგულებს.

სისხლი, რომელიც მთელი ორგანიზმიდან მარჯვენა წინაგულში, იქიდან კი მარჯვენა პარკუჭში გადადის, ჟანგბადით ღარიბია. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის გავლით სისხლი ფილტვში აღწევს, სადაც ხდება ნივთიერებათა ცვლა და სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. ჟანგბადით მდიდარი სისხლი მარცხენა წინაგულში გროვდება, საიდანაც მარცხენა პარკუჭისა და აორტის გავლით მთელ ორგანიზმს ამარაგებს.

ექიმი სტეთოსკოპით იკვლევს გულს, უსმენს მის ხმიანობას. და აი, ნაცნობ ბაგაბუგს უცხო ხმაური ერთვის... ამ ხმაურს ზოგჯერ სისხლის ნორმალური ნაკადი იწვევს, ზოგჯერ კი – გულის რომელიმე პრობლემა.

 

ვეძებთ მიზეზს

ამრიგად, გულის შუილს სტეთოსკოპით გულის მოსმენის დროს აღმოაჩენენ. ამისთვის პედიატრმა გულდასმით უნდა მოისმინოს გულისცემა გულმკერდის წინა კედლიდან. რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. როცა პატარა ტირის, ექიმს არ ემორჩილება, ხმაურიანად სუნთქავს, გულის შუილის მოსმენა შეუძლებელია. დიაგნოზის დასმა იოლდება, როდესაც ბავშვი წყნარადაა, ექიმს უსმენს, მის მითითებებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, გულის შუილი ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ მისი დიაგნოსტირება ჭირს. პატარას დასამშვიდებლად ექიმს  შესაძლოა მშობლის დახმარება დასჭირდეს. გამოცდილი და ეფექტური მეთოდია გამოკვლევის დროს ბავშვის მშობლის კალთაში ჩასმა.

გულის შუილები ინტენსივობის მიხედვით წარმოსახვით სკალაზე შეგვიძლია ექვს დონედ დავყოთ. პირველი დონის შუილი თითქმის არ ისმის, მაშინ როცა მეექვსე დონისა ძალიან ხმამაღალია. გარდა ამისა, სხვადასხვანაირად ისმის შუილი გულის მოსასმენ სხვადასხვა წერტილში. ექიმი ისტორიაში აუცილებლად მიუთითებს, რომელ უბანში ისმოდა შუილი ყველაზე მკაფიოდ და დაახასიათებს მას – უხეშია, მაღალი სიხშირის, ნაზი თუ შებერვისებრი, გულისცემის რომელ ფაზაში ჩნდება და იცვლება თუ არა მისი ინტენსივობა პოზის შეცვლისას. შუილის აღმოჩენის შემდეგ პედიატრმა შესაძლოა კარდიოლოგთან გადაგამისამართოთ შემდგომი კვლევისთვის.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ წინა გასინჯვის დროს გულის შუილი არ ისმოდა, დღეს კი გაისმა. ნუ დააბრალებთ ამას ექიმის არაკომპეტენტურობას. საქმე ის გახლავთ, რომ გულის მარტივი შუილი ჩნდება და ქრება. ის დამოკიდებულია მოცემულ მომენტში ბავშვის პოზაზე, გულისცემის სიხშირესა და სხეულის ტემპერატურაზე. ახალაღმოჩენილი შუილი შესაძლოა გულის ახალგანვითარებული პრობლემის ნიშანი იყოს. ზოგჯერ შუილი თანდაყოლილია – დაბადებიდანვე ისმინება. ასეთი შუილების მიზეზი, წესისამებრ, გულის თანდაყოლილი ანომალიებია. არის შემთხვევები, როდესაც შუილი თავდაპირველად სუსტია და თანდათან იმატებს.

გულის ყოველგვარი შუილი საშიში არ არის, მაგრამ მაინც ჯობს, დროულად დავადგინოთ, რა ტიპის შუილთან გვაქვს საქმე და რა სახის გამოკვლევები სჭირდება პატარას.

 

რა არის ფუნქციური შუილი

გულის შუილის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფუნქციური ანუ კეთილთვისებიანი შუილია. სიტყვა “ფუნქციური” ნიშნავს, რომ შუილს ჯანსაღ გულში სისხლის დინება იწვევს. მისთვის დამახასიათებელია გაქრობა და ხელახლა გაჩენა. ფუნქციური შუილი ასაკთან ერთად, წესისამებრ, გაივლის და არაფერს უქადის ჯანმრთელობას.

ბავშვებს, რომლებსაც გულის ფუნქციური შუილი აქვთ, სპეციალური დიეტა, აქტივობის შეზღუდვა და, საზოგადოდ, განსაკუთრებული მოპყრობა არ სჭირდებათ. ისინი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან.

განსაკუთრებით მშიშარა მშობლებს კიდევ ერთხელ ავუხსნით: გულის ფუნქციური შუილი პათოლოგიის ნიშანი არ არის, ეს გულსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ხმიანობაა, ისეთივე ბუნებრივი, როგორიც ჰაერის ან წყლის ნაკადის ხმა.

 

როცა მიზეზი გულის პრობლემაა

თუ ექიმმა იეჭვა, რომ შუილი არა ფუნქციური, არამედ პათოლოგიურია, პაციენტს აუცილებლად გაგზავნის ბავშვთა კარდიოლოგთან, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დამატებით გამოკვლევას მოითხოვს, მათ შორის – გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას. ექოკარდიოგრაფიის, იმავე გულის ექოსკოპიის დროს გულის საკნებს, კედლებს, სარქველებს ულტრაბგერითი აპარატით ათვალიერებენ. ის იწერს სისხლის დინებას, ზომავს სისხლის ნაკადის მიმართულებას, დინების სიჩქარეს და სხვა.

ცნობილია, რომ ასიდან ერთი ახალშობილი გულის სტრუქტურული პრობლემით, თანდაყოლილი ანომალიით იბადება. გულის მანკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ზოგჯერ სიცოცხლის პირველივე დღეებში მჟღავნდება, ზოგჯერ კი – გაცილებით გვიან. ზოგ ბავშვს გულის შუილის გარდა არავითარი სხვა სიმპტომი არ აღენიშნება, ზოგჯერ კი გულის მანკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეცდომით სხვა დაავადებას მიაწერენ ხოლმე.

ახალშობილებსა და ჩვილებთან გულის მანკის სიმპტომებია:

  • სწრაფი სუნთქვა;
  • კვებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ტუჩების სილურჯე (ციანოზი);
  • ზრდის შეფერხება.

შედარებით მოზრდილებსა და ზრდასრულებთან მოსალოდნელია:

  • დაღლილობა;
  • პრობლემები ვარჯიშის ან სხვა ფიზიკური აქტივობისას;
  • გულმკერდის ტკივილი.

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოაჩნდა, აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს.

გულის თანდაყოლილი პათოლოგიები გვხვდება 21-ე ქრომოსომის ტრისომიის (დაუნის სინდრომის) დროს. ის ზოგიერთ სხვა გენეტიკურ დაავადებასაც ახლავს თან. სხვა თანდაყოლილი პრობლემებით დაბადებულ ბავშვებს, მეტი შანსია, გულის თანდაყოლილი დეფექტიც აღმოაჩნდეთ. არსებობს მოსაზრება, რომ გულის თანდაყოლილი დეფექტი შესაძლოა გამოიწვიოს დედის მიერ ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის ან სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებამ. მიუხედავად იმისა, რომ გვხვდება ოჯახები, სადაც რამდენიმე ბავშვს აქვს გულის თანდაყოლილი დეფექტი, ამ დეფექტთა უმრავლესობა გენეტიკურად დეტერმინებული არ არის. შემთხვევათა უმრავლესობაში ვერც გამომწვევისა თუ ხელშემწყობი ფაქტორის გამოვლენა ხერხდება.

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაყოფის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დადგენილია რამდენიმე ფაქტორი, რომელთა ზემოქმედების დროსაც გულის თანდაყოლილი მანკის განვითარებაა მოსალოდნელი:

  • კონტაქტი წითურათი დაავადებულთან;
  • გაუკონტროლებელი ან არასათანადოდ მართული დიაბეტი;
  • ფენილკეტონურია ან სხვა მეტაბოლური გენეტიკური დარღვევა.

 

ყველაზე გავრცელებული მანკები

გულის შუილს გულის რამდენიმე ტიპის პათოლოგია იწვევს, მათ შორის – ძგიდის დეფექტები, სარქველთა პათოლოგიები, გულის კუნთის პრობლემები.

* ძგიდის დეფექტები. თუ გულის საკნებს შორის არსებულ ძგიდეში დეფექტმა იჩინა თავი, სისხლი ერთი საკნიდან მეორისკენ იწყებს დენას – წარმოიქმნება პათოლოგიური ნაკადი, არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთში ირევა. სწორედ ამის შედეგია პათოლოგიური შუილი. გარდა ამისა, ამ დროს გულს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა და ზომაზე მეტად იზრდება. ზოგიერთი დეფექტი იმდენად დიდია, რომ უფრო მნიშვნელოვან სიმპტომებსაც იწვევს, ზოგიერთი კი იმდენად პატარა, რომ დროთა განმავლობაში თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე იხურება.

* სარქველთა პრობლემები. გულის საკნებს შორის მდებარე სარქველები სისხლის სწორი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს. ნორმალური სარქველები მომცრო, ნაზი სტრუქტურებია. თუ რაიმე მიზეზით ფორმა იცვალეს, ვითარდება სისხლის ტურბულენტური ნაკადი ან უკუნაკადი. ორივე მათგანი პათოლოგიურ შუილს იწვევს.

* გულის კუნთის პრობლემები (კარდიომიოპათია). გულის კუნთი შესაძლოა პათოლოგიურად დასუსტდეს ან პირიქით – გასქელდეს. ამ დროს ირღვევა გულის მთავარი ფუნქცია – გულიდან აორტაში სისხლის გადასროლა.

გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გულის შუილის აღმოჩენა და მიზეზის დადგენა, ხოლო გულის პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში დაავადების მართვა ბავშვთა კარდიოლოგის კომპეტენციაა.

 

თამარ არქანია

 

გააზიარე: