გარდატეხის ასაკის თავისებურებანი

გააზიარე:

Teenage-კოსმეტიკა
13-14 წლის გოგონა კოსმეტიკურ საშუალებებს რომ იყენებს, ამაში გასაკვირი არაფერია – სახის კანს, რომელიც პუბერტატულ ასაკში ათას უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებს პატრონს, მართლაც რომ სჭირდება მოვლა.
თინეიჯერი გოგონა მუდამ კეკლუცი და ხალისიანი რომ იყოს, სახის კანი უთუოდ უნდა გაინებივროს სახის გამწმენდით, ტონიკით, დღის დამცავი 
კრემებითა თუ გელებით, ოღონდ ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: ის კოსმეტიკური საშუალებანი, რომელთაც ზრდასრული ქალბატონები იყენებენ, მის სათუთ კანს არამც და არამც არ გამოადგება.
მოკლედ, დავიწყოთ გაწმენდით.
სახის გამწმენდი, რომელსაც მოზარდი იყენებს, არ უნდა შეიცავდეს საპონს, სპირტს და უთუოდ pH-ნეიტრალური იყოს (ამ მონაცემებს ფლაკონზე ამოიკითხავთ).
სასურველია, ამ კრემებისა და ლოსიონების შემადგენლობაში შედიოდეს ისეთ მცენარეთა ნაკრები, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენენ.
სახის გამწმენდის გამოყენება სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. გამოყენების წესი ასეთია: გამწმენდს ხელისგულზე ვისხამთ და სველ სახეზე ვისვამთ, შემდეგ კი ნაზი წრიული მოძრაობით შევიზელთ კანში.
თუკი სახე ფერიმჭამელებით არის სავსე, უმჯობესია, სპეციალური, გაცილებით მძლავრი ეფექტის მქონე ლოსიონი შეიძინოთ, რომელიც, გარდა გამწმენდისა, სამკურნალო ეფექტსაც ავლენს.
გაწმენდილ კანს ტონუსის ამაღლება სჭირდება. ამისთვის სპეციალური ტონიკი ან ლოსიონი გამოგვადგება, რომელიც სპირტს ძალიან მცირე კონცენტრაციით (25%-ზე ნაკლებს) შეიცავს.
ტონიკის გამოყენების შემდეგ სახეზე დღის კრემი უნდა გადავისვათ, რომელიც ეფექტურად  დაგვიცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, დაამშვიდებს და დაარბილებს კანს. გარდა ათასგვარი დამცავი კრემისა, არსებობს ასეთივე ეფექტის მქონე გელებიც, რომლებიც არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების ფუნქციას, ძალიან სწრაფად შეიწოვება და სახეს  ჯანსაღ ელფერს სძენს.
თუკი მოზარდ გოგონას მეტისმეტად ცხიმიანი სახის კანი აქვს, სასურველია, კვირაში ორჯერ კოსმეტოლოგთან ე.წ. პილინგი, ჩვენებურად კი ხეხვა-ხვეწის პროცედურა ჩაიტაროს. სახის საფუძვლიანი გაწმენდა შინაც გახლავთ შესაძლებელი – შეიძინეთ სქრაბი და ენერგიულად შეიზილეთ კანში.
თუკი სახის კანი გაღიზიანებულია და ფერიმჭამელებით არის მოფენილი, სქრაბის გამოყენებას არ გირჩევთ.
თუკი, მიუხედავად მცდელობისა, თითო ოროლა ფერიმჭამელა სახეზე მაინც შემოგრჩათ, ნუ დაღონდებით; გამოსავალი არსებობს – სანამ პაემანზე გაიქცევით, გამონაყარზე სპეციალური სამკურნალო ფანქარი წაისვით, რომელსაც შემნიღბავი ეფექტიც აქვს.

 

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: