აგრესიისგან თავდაცვა – რჩევები ბავშვებსა და მშობლებს

გააზიარე:

შეურაცხყოფა, მუქარა, ფიზიკური თუ ემოციური წნეხი, იძულება, ფულისა თუ ნივთების გამოძალვა – ბავშვის მიმართ აგრესიის უამრავი ფორმა არსებობს. ბავშვები ხშირად ხდებიან თანატოლებისა თუ უფროსების აგრესიის მსხვერპლნი, ამიტომ უნდა ავუხსნათ, როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში. “ხურდის დაბრუნება” გამოსავალი არ არის: ჯერ ერთი, ის, ვინც აგრესიას ამჟღავნებს, შესაძლოა მასზე გაცილებით ღონიერი იყოს; მეორე – ასეთი მიდგომა ზნეობრივად გაუმართლებელია, რადგან თავადაც აგრესიასა და ძალადობას გულისხმობს.

მაშ, როგორ დაიცვან თავი ბავშვებმა? ვეცდებით, ვუპასუხოთ ამ არცთუ მარტივ კითხვას. გაითვალისწინეთ – სტატიაში საუბარი იქნება სწორედ აგრესიასა და მასთან გამკლავების გზებზე და არა მუდმივ ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობაზე – ეს სულ სხვა საკითხია და სრულიად სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს.

 

ბავშვმა შესაძლოა დამალოს, რომ აგრესიის მსხვერპლია, ამიტომ უფროსებს ორმაგი ყურადღება გვმართებს. ნუ უგულებელყოფთ საეჭვო ნიშნებს – თუ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც შეატყვეთ ბავშვს, გულახდილად გაესაუბრეთ და საჭიროებისამებრ მოიქეცით:

* შფოთვა, მღელვარება, იმპულსურობა;

* დარდი, წუხილი, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა;

* მოწყენილობა, გარიყულობა, გულჩათხრობილობა;

* გადაჭარბებული მგრძნობიარობა;

* დაბალი თვითშეფასება;

* დეპრესიისადმი მიდრეკილება;

* თანატოლებთან ურთიერთობისთვის თავის არიდება;

* უფროსებთან ურთიერთობისკენ სწრაფვა;

* აგრესიულობა, დაძაბულობა ან შიში თანატოლების დანახვისას;

* სკოლისთვის თავის არიდება ან კონკრეტული საგნის გაკვეთილების გაცდენის მცდელობა;

* უმადობა, უძილობა.

მშობელი მუდამ შვილის გვერდით ვერ იქნება, ამიტომ ბავშვს თვითონვე უნდა შეეძლოს აგრესიისგან თავის დაცვა, თანაც ისე, რომ თავადაც აგრესორად არ იქცეს.

გთავაზობთ ფსიქოლოგთა რეკომენდაციებს იმის თაობაზე,  როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ მის მიმართ აგრესიას ამჟღავნებენ.

 

რჩევები მშობლებისთვის

უწინარეს ყოვლისა, უნდა ეცადოთ, ბავშვი გენდობოდეთ, იცოდეს, რომ თქვენთვის ყველაფრის თქმა შეიძლება, რომ არ არსებობს კითხვა, რომლის პასუხსაც თქვენი დახმარებით ვერ მიიღებს, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც თქვენი დახმარებით ვერ მოაგვარებს.

ბავშვის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. თუ ერთხელ მაინც არ მოუსმინეთ ან არასწორად მოიქეცით მას შემდეგ, რაც ბავშვმა გული გადაგიშალათ, მეორედ გულახდილობის სურვილი აღარ გაუჩნდება.

 

როგორ მოვიპოვოთ ნდობა

მიაჩვიეთ ბავშვი განვლილი დღის შეჯამებას. თავადაც მოუყევით, როგორ ჩაიარა თქვენთვის დღემ – რა მოხდა სასიამოვნო თუ უსიამოვნო, რა საინტერესო თუ უჩვეულო ამბავი შეგემთხვათ. იყავით გულახდილი. საკუთარი სისუსტისა თუ შეცდომის აღიარებისა ნუ შეგრცხვებათ. მერე მისი გამოცდილებით დაინტერესდით. თუ თავის ცუდ საქციელზე მოგიყვათ, თავდაპირველად მადლობა გადაუხადეთ გულახდილობისთვის, შეაქეთ, რომ არ დაგიმალათ, მერე კი მშვიდად აუხსენით, როგორი საქციელი იქნებოდა სწორი და რატომ. თუ ჩადენილის გამო ეჩხუბეთ, სხვა დროს აღარაფერს გეტყვით.

 

რჩევები ბავშვებისთვის

რომლებიც ხშირად უნდა ვუმეოროთ

* არავის მისცე შენი დაჩაგვრის უფლება. არავის აქვს უფლება, გაგაკეთებინოს ის, რაც არ გინდა, დაგემუქროს ან ტკივილი მოგაყენოს. თუ განსაზღვრულ სიტუაციაში თავი არაკომფორტულად იგრძენი, გამოხატე ეს სიტყვით ან მოქმედებით და შეეცადე, შეცვალო ეს ვითარება.

* თუ რამე არ მოგწონს, თამამად, მტკიცედ გამოთქვი აზრი. დაანახე სხვებს, რომ არასასურველ სიტუაციას არ შეურიგდები.

* გამოიყენე სხეულის ენა – თვალებში უყურე იმას, ვისაც ესაუბრები, თავი არ დახარო.

* ყოველთვის უკეთესის იმედი გქონდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩხუბს და ძალადობას ამჯობინებენ. იმავეთი ნუ უპასუხებ, ლანძღვა-გინებისა და ცემა-ტყეპის გარეშე გამოთქვი შენი აზრი და გაერიდე მათ.

* უფლება გაქვს, გქონდეს საკუთარი აზრი, უფლება გაქვს, ეს აზრი ზრდილობიანად გამოხატო! იყავი თავდაჯერებული და ისწავლე საკუთარი წარმოდგენებისა და პრინციპების დაცვა.

* საპასუხო ძალადობა საუკეთესო გამოსავალი არ არის, უმეტესად ამწვავებს კიდეც სიტუაციას.

* არ აჰყვე ბავშვებს, რომლებიც ვინმეს დასცინიან ან ჩაგრავენ. სხვისი ჩაგვრა არ არის ძლიერების ნიშანი. ეს სისუსტეა.

* “არას” თქმისა არ შეგეშინდეს! თუ რამის გაკეთება არ გინდა, ნუ გააკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისა გერიდება.

* როცა გჭირდება, თამამად ითხოვე დახმარება. მიმართე უფროსებს, გქონდეს მშობლების იმედი.

 

თავის დასაზღვევად

* ეცადეთ, იმეგობროთ შვილთან, გასაგებად აუხსნათ ყველა პრობლემის მიზეზი, მასთან ერთად ეძებოთ გამოსავალი, შეუქმნათ თბილი, ნდობით აღსავსე ოჯახური გარემო.

* ფიზიკური აღზრდა და სპორტი მეტად მნიშვნელოვანია პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა შეიმეცნოს ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობა. მიიყვანეთ სპორტის რომელიმე სახეობაზე. ეს თავდაჯერებას შემატებს.

* დააწესეთ შეზღუდვები განსაზღვრულ გადაცემებსა თუ ფილმებზე. ძალადობის ამსახველი კადრების ხშირი ყურება ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე. გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში მედიისგან ბავშვის იზოლირება შეუძლებელია, ამიტომ მასთან ერთად განიხილეთ ნანახი ფილმები და დაეხმარეთ, სიმართლე გამონაგონისგან განასხვაოს. ჰკითხეთ, რა აზრისაა ფილმზე, იქ ნანახ ძალადობის სცენაზე, ამა თუ იმ გმირის ხასიათზე და ეცადეთ, გარკვევით უპასუხოთ მის კითხვებს. აუხსენით, რომ სასტიკი ჩხუბი ეკრანზე სანახაობრივი და შთამბეჭდავია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამას მხოლოდ ტკივილი მოაქვს და დანაშაულია. ამ საკითხებზე საუბარი და ფილმებსა თუ მულტფილმებში ნაჩვენები სისასტიკის მიმართ მოზრდილთა ნეგატიური პოზიცია სათანადო შედეგს იძლევა: ბავშვები ნაკლებად მომთმენნი ხდებიან ძალადობის მიმართ, კინოგმირების ბრმად მიბაძვას აღარ ცდილობენ და პრობლემას უფრო მოწიფული ადამიანის პოზიციიდან უდგებიან.

* აჩვენეთ კარგი ქცევის მაგალითი. ბავშვები აკვირდებიან უფროსებს და გამოაქვთ დასკვნები იმის თაობაზე, რა არის კარგი და რა – ცუდი.

* ნურასოდეს დასჯით ფიზიკურად. ფიზიკური დასჯა, თუნდაც “მსუბუქი”: წამორტყმა, თმის მოწიწკნა, შეჯანჯღარება, – დაარწმუნებს ბავშვს, რომ სხვის წინააღდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება ნებადართულია, რომ მისაღებია, ზრდასრულმა დაარტყას პატარას ან ძლიერმა დაარტყას სუსტს, რომ პრობლემა მუშტით უნდა მოაგვარო. ბავშვი, რომლის ქცევასაც ძალადობრივი გზით მართავენ, დიდი ალბათობით, თავადაც იმავე მეთოდს გამოიყენებს და-ძმასა თუ თანატოლებთან, მეგობრებსა თუ თანაკლასელებთან ურთიერთობის დროს.

ნინო ლომიძე

 

გააზიარე: