ზეითუნის ზეთი – სილამაზის ელექსირი
გააზიარე:
ზეითუნის ზეთი ორგანიზმზე საუკეთესო გავლენას ახდენს, რადგან უხვად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს – ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს.
A, B, ჩ, D, E, F, K ვიტამინები აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას. მაგრამ ზეითუნის ზეთის მთავარი ღირსება მაინც მონოუჯერი მჟავების შემცველობაა. მაგალითად, ოლეინისა და პალმიტინის მჟავები ეფექტურად აქვეითებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, “კარგი” ქოლესტერინი კი ზეითუნის ზეთის რეგულარული მიღების შედეგად იმატებს. ამის კვალობაზე, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მონოუჯერი მჟავები ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის საშუალებაც არის.
ზეითუნის ზეთში ბევრია ლინოლის მჟავაც, რომელიც ამაგრებს უჯრედის მემბრანას და ლორწოვან გარსებზეც დადებითად მოქმედებს.
ზეითუნის ზეთს სუსტი ნაღველმდენი მოქმედებაც ახასიათებს, ამიტომ სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს, და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციასაც უხდება.
სახეობები
ზეთის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები მისი მიღების მეთოდებზეა დამოკიდებული.
ნედლეულისგან ზეთის მიღება შესაძლებელია დაწნეხითა და ექსტრაქციით. ექსტრაქციით მიღებული ზეთი უფრო იაფია, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებით გაცილებით ღარიბი, ამასთან, მასში მეტი მინარევია და შესაძლოა, გამხსნელი ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარჩენებიც იყოს მოხვედრილი. უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი, რომელიც მაქსიმალურად მდიდარია მჟავებით და ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, ცივად დაწნეხილი ზეთია. ზოგჯერ ნედლეულს დაწნეხამდე ხალავენ, – ამას დაწნეხის ცხელი მეთოდი ჰქვია, – თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალ ტემპერატურაზე ზეთი სასარგებლო თვისებებს ძნელად ინარჩუნებს.
გამოწურულ ზეთს წმენდენ. თუ ამ დროს მხოლოდ გაფილტვრისა და ნალექის მოშორების ფიზიკური მეთოდები გამოიყენეს, ზეთის ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ ხშირად იყენებენ ქიმიური წმენდის ანუ რაფინირების მეთოდსაც. ექსტრაქციის გზით მიღებული ზეთები ხშირად სრულ რაფინირებას გადის. რაფინირებული ზეთი უფრო მეტხანს ინახება და წამოდუღებისას არ ქაფდება, თუმცა ქიმიური გაწმენდისას ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. არც ის არის გამორიცხული, ამ დროს ზეთში არასასურველი ნივთიერებები მოხვდეს.
ზეთის ეტიკეტზე ზოგჯერ ასეთ წარწერებს ამოიკითხავთ: “გავლილი აქვს მხოლოდ ჰიდრატაცია” ან “მხოლოდ ვინთერიზაცია”, “დეზოდორაციის გარეშე”, “არომატიზატორების გარეშე”. ყველა ეს ტერმინი რაფინირების საფეხურებზე მიუთითებს. ამ წარწერებით მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ ზეთს ქიმიური წმენდა მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გავლილი და, ამის კვალობაზე, სრულად რაფინირებულ ზეთზე ცოტა უფრო სასარგებლოა.
როგორ შევარჩიოთ
თუ ზეთი მხოლოდ სალათისთვის ან ნიღბისთვის გინდათ, ეცადეთ, არარაფინირებული შეიძინოთ, ხოლო თუ წვნიანისთვის ან რამის შესაწვავად, რაფინირებული ჯობს.
რაფინირებული ზეითუნის ზეთი ორ წლამდე ინახება, არარაფინირებული კი – რვა თვემდე. თუ ეტიკეტზე შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადაა მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეთი სპეციალურ ქიმიურ დანამატებს – კონსერვანტებს შეიცავს. ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა ორ წელზე მეტია.
ზეითუნის ზეთი ყოველთვის ყვითელი არ არის – მისი ფერი, იმ ნიადაგისა და კლიმატური პირობების კვალობაზე, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ, ოქროსფერიდან მწვანემდე იცვლება, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი კი შენახვის დროსაც იცვლის ფერს.
ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სახეობას – ის ეტიკეტზე იქნება მითითებული:
* Vირგინ Oლივე Oილ არარაფინირებული ზეითუნის ზეთია, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით – დაწნეხით, დაყოვნებითა და ფილტრაციით, ქიმიური წმენდის გარშე. ის ყველაზე ძვირიც ღირს, რადგან ყველაზე სასარგებლოა.
* ღეფინედ Oლივე Oილ რაფინირებული ზეითუნის ზეთია.
* Pურე Oლივე Oილ რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
* Pომაცე Oლივე Oილ ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. ის მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისგან ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.
ზეითუნის ზეთის ხარისხის შესამოწმებლად ერთ ხრიკს გასწავლით: ზეთი ორი-სამი დღით მაცივარში შედგით. ზეითუნის ზეთი განსაზღვრული რაოდენობით ყოველთვის შეიცავს მყარ ცხიმებს. მაცივარში ეს ცხიმები იყინება. სუფთა ზეითუნის ზეთი თეთრ, ფიფქისებრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მალევე გაქრება, მაგრამ თუ სხვა ზეთიც ურევია, ასეთი ნალექი აღარ გაუჩნდება.
შენახვა და გამოყენება
ზეთმა სასარგებლო თვისებები რომ შეინარჩუნოს, უნდა შევინახოთ სიბნელეში, +5-დან +20 გრადუსამდე ტემპერატურაზე, სასურველია, მინის და არავითარ შემთხვევაში – ლითონის ჭურჭლით.
არარაფინირებული ზეთი უმჯობესია მაცივარში შევდგათ.
გახსნილ ბოთლში ზეთი უფრო სწრაფად ფუჭდება, ამიტომ ეცადეთ, გახსნის შემდეგ ორი თვის განმავლობაში გამოიყენოთ.
გახსნილი ბოთლი ყოველთვის ჰერმეტულად მოხუფეთ, რომ ზეთი ჟანგბადისა და ტენისგან დაიცვათ.
კოსმეტოლოგია
ზეითუნის ზეთს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ანოტივებს კანს და ავსებს ფორებს.
კანის მოსავლელი უამრავი საშუალება სწორედ ზეითუნის ზეთის საფუძველზე მზადდება. ეს საშუალებები თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ შინ.
ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად დაბანილი ან კარგად გაწმენდილი სახე კვირაში ორჯერ დაიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის თანაბარი ნარევით.
თბილი ზეითუნის ზეთით შეიძლება მაკიაჟის მოშორება. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, აღარ ჩამოიბანოთ, მთელი ღამით დაიტოვოთ.
აიღეთ თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, არაჟანი, მშრალი საფუარი, ლიმონის წვენი და თაფლი, ერთმანეთში აურიეთ, კარგად აზილეთ და სახეზე წაისვით. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანს უხდება.
მშრალი კანისთვის კარგია ხილის, კენკრის, ბოსტნეულისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. ერთი სუფრის კოვზი ზეთი უნდა შეურიოთ ფაფას და 15-20 წუთით წაისვათ სახეზე.
ზეითუნის ზეთს ოდითგანვე იყენებენ მასაჟისა და სხვა პროცედურებისთვის. ამ ზეთით ჩატარებული მასაჟი მართლაც რომ საოცრებებს ახდენს: ამაღლებს ტონუსს, აუმჯობესებს საოფლე და ცხიმის გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებათა გამოძევებას, ამკვრივებს და ანოტივებს კანს.
ზეითუნის ზეთი შესანიშნავად კვებავს თმას. შეიზილეთ დაბანილ თმაში და 20-25 წუთით შეიფუთნეთ, მერე კარგად ჩამოიბანეთ და ფენის გარეშე გაიშრეთ.
თუ აქამდე ზეითუნის ზეთს არ სწყალობდით, მისი სასარგებლო თვისებების უკეთ გაცნობის შემდეგ, იმედი გვაქვს, ხშირად ჩართავთ მას რაციონში და არც ნიღბების გაკეთებას დაიზარებთ – ეს თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.