კალორიით მეტი, კალორიით ნაკლები

გააზიარე:

“კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ 
არაფერში გვჭირდება”,  – აი ყველაზე გავრცელებული და საფუძველს მოკლებული მოსაზრება. ასეთი კიდევ უამრავია. დიეტასა და საზოგადოდ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ მითებს ადამიანები დღეში ცხრას თხზავენ და საფუძვლად საკუთარ ინტერესებს უდებენ. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა, რას ერჩიან კალორიებს, რომლებიც, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, არავითარი გასასუქებელი ნივთიერება არ არის  – მხოლოდ და მხოლოდ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას გამოხატავს. ასეთი მახასიათებელი კი ყოველგვარ პროდუქტს აქვს, ზოგს –  მეტი, ზოგს – ნაკლები. თუ ენერგიით დამუხტვა არ გვინდა, მაშ რა გვრჯის, ვჭამოთ? ესეც პირველი გასტრონომიული მითის ლოგიკური აღსასრული! თუმცა არანაკლებ საინტერესოა სხვებიც. ასე, მაგალითად: 
 მკაცრი დიეტა იდეალურია წონის დასაკლებად
შესაძლოა, რამდენიმე კილოგრამი მართლაც მალე მოიკლოთ, მაგრამ შიმშილის რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებთ. გარდა ამისა, შეწყვეტთ თუ არა დიეტას, დამშეული ორგანიზმი ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს დანაკარგი.
მკაცრი დიეტა არც ჯანმრთელობას რგებს. წონის სწრაფი (კვირაში 1,5 კგ და მეტი) კლება საგრძნობლად ზრდის ნაღველკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბების რისკს, ხოლო თუ დღის განმავლობაში საჭიროზე 800 კალორიით ნაკლებს იღებთ, შესაძლოა, ამან გულის რიტმის ცვლილება გამოიწვიოს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ფაქტი მედიცინას პრაქტიკაში უხვად მოეპოვება.
თუ წონის დაკლება განიზრახეთ, უმჯობესია, ისეთი დიეტა შეარჩიოთ (კონსულტაციისთვის უთუოდ ექიმს მიმართეთ), კვირაში 200-800 გრამზე მეტი რომ არ მოიკლოთ. ეცადეთ, ნაკლებკალორიული, მაგრამ დაბალანსებული საკვები მიირთვათ და რაც მთავარია, მეტი ივარჯიშოთ. 
• ცილოვანი დიეტა უსაფრთხო და სასარგებლოა
ამგვარი დიეტის დროს ორგანიზმი ფაქტობრივად ვეღარ იღებს ნახშირწყლებს. არც კუჭ-ნაწლავს ანებივრებთ ხილ-ბოსტნეულით, ეს კი შეკრულობას იწვევს. ესეც რომ არ იყოს, ნახშირწყლების დეფიციტი არცთუ მთლად დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. ბოლოს და ბოლოს, ადეკვატური აზროვნებისთვის ტვინი შაქრებს ითხოვს!
ცილოვანი დიეტა წონის კლების თვალსაზრისით ეფექტიანია, თუმცა სასურველი შედეგით დიდხანს ტკბობის იმედი ნუ გექნებათ  – მალევე იგრძნობთ, როგორ ემატება კილოგრამს კილოგრამი...
სავსებით დასაშვებია, ცილოვან დიეტაში უმნიშვნელო ოდენობის ხილი, ბოსტნეული და სულ ცოტა ნახშირწყლოვანი საკვები (მაგალითად, მაკარონი) შეაპაროთ. წონას ასეც დაიკლებთ.


• გრეიპფრუტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
არამც და არამც! იმავე მითს თხზავენ ისპანახზე, კომბოსტოს წვენზე. დაიხსომეთ: არც ერთი საკვები არ წვავს ცხიმს. შესაძლოა, ყავამ მეტაბოლიზმი დააჩქაროს, მაგრამ ამას წონის კლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი გზა, რომელიც ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ, კალორიების ოდენობის შემცირება და ფიზიკური აქტიურობის გაზრდაა.
• არსებობს მცენარეული საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოდ დაგვაკლებინებს წონას
არამც და არამც არ შეიძლება წონის დასაკლები მცენარეული პრეპარატების თვითნებური, ხანგრძლივი მიღება. ბევრს მიაჩნია, რომ მცენარეული, ე.წ. ნატურალური (უფრო სწორად, ბუნებრივი) საშუალებები სრულიად უვნებელია, რაც სიმართლეს არ შეეფერება. წონის დასაკლები “ნატურალური” აბები შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა არადოზირებული მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა. 
ვიდრე წონის დასაკლებად რაიმე საშუალებას შეიძენდეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. სხვაგვარად რისკი დიდია!
• ნაკლებცხიმიანი და უცხიმო საკვები კალორიებს არ შეიცავს
შევთანხმდეთ: კალორიებს ნებისმიერი საკვები შეიცავს. შესაძლოა, ცხიმმოხდილი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება ცხიმიანისაზე შედარებით ნაკლები იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არის გამორიცხული. მაღალი ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ ცხიმს როდი აქვს – კალორიულია ნახშირწყლები (შაქარი ან მისი შემცვლელები), ცილა და სხვადასხვა დანამატიც კი, რომლებსაც მზა პროდუქტები უხვად შეიცავს. ასე რომ, ერთნაირი ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული ენერგეტიული ღირებულების ამსახველი ციფრები როგორც ცხიმიანი, ისე უცხიმო პროდუქტის შეძენის დროს.
 იშვიათად კვება წონის დაკლებას უწყობს ხელს
დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ისიც, ვინც საუზმეზე უარს ამბობს და ისიც, ვინც დღის განმავლობაში იშვიათად იკვებება, გაცილებით ძნელად ემშვიდობება ზედმეტ კილოგრამებს. თურმე ტრაპეზის გამოტოვების გამო ორგანიზმს ისე შივდება, რომ შესაძლოა, ვერც კი მოზომოს და ზედმეტი კალორიებით აღიჭურვოს.
წონის დაკლების უმჯობესი გზა ხშირი (დღეში 4-5-ჯერ მაინც), ზომიერი ულუფებით კვება და საკვების ენერგეტიკული ღირებულების კონტროლია.
 თხილეული მეტისმეტად კალორიულია და დიეტის დროს კვების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს
ამ მოსაზრების პირველი ნაწილი მართებულია – თხილი და კაკალი ცხიმს უხვად შეიცავს და, შესაბამისად, კალორიულიც არის, მაგრამ  მათში შემავალი ნაჯერი ცხიმი ორგანიზმისთვის მარგებელია და უჯერი ცხიმებისგან განსხვავებით, არც ათეროსკლეროზს იწვევს. გარდა ამისა, თხილსა და კაკალში სხვა სასარგებლო ნივღიერებებიც შედის, მაგალითად, ცილა, უჯრედისი, მანგანუმი, სპილენძი. ამდენად, კვების რაციონიდან მათი გამორიცხვა სასურველი არ არის.
გამოსავალი ასეთია: თუ წონის დაკლება განიზრახეთ, მიირთვით თხილეული რეგულარულად, ოღონდ მცირე რაოდენობით. გაითვალისწინეთ: მესამედი ჭიქა შერეული თხილეულის ენერგეტიკული ღირებულება 270 კალორიაა.
• ხორცი ჯანმრთელობისთვის დიდად მარგებელი არ არის და არც წონის კლებას უწყობს ხელს
ცხიმიანი ხორცი სავსეა მავნე ქოლესტეროლით, ამიტომ სჯობს, მჭლე მიირთვათ – გარდა იმისა, რომ წონის კლებაში დაგეხმარებათ, სხვა მხრივაც გარგებთ.
უხორცო დიეტის დაცვას, მით უმეტეს – დიდხანს, არ გირჩევთ, რადგან ეს პროდუქტი მდიდარია ცილით, იოლად ასათვისებელი რკინით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ელემენტებით.
• რძის პროდუქტები ყოველთვის სასარგებლო როდია
ალბათ მიგაჩნიათ, რომ დიეტის დროს რძის პროდუქტების მიღება ზედმეტია. ცდებით. რძის პროდუქტები იმდენად სასარგებლოა, რომ მათზე უარის თქმას ყველაზე მკაცრი დიეტის პირობებშიც კი არ გირჩევთ. თუ ცხიმს უფრთხით, გირჩევთ, კვების რაციონში ჩართოთ უცხიმო ვარიანტები: ნაღებმოხდილი რძე, ყველი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო...
დაიხსომეთ: 10-დან 18 წლამდე ასაკის და 50 წელს მიტანებულ ადამიანს დღეში სამი ულუფა რძის პროდუქტი სჭირდება, ხოლო 19-49 წლამდე ორიც ეყოფა. ერთი ულუფა უდრის ერთ ჭიქა რძეს ან იოგურტს, 50 გრამ ნაღებმოხდილ ყველს. 
• ვეგეტარიანული კვება სასარგებლოც არის და ჭარბი წონისგანაც იცავს
სტატისტიკამ ცხადყო, რომ ვეგეტარიანელების საკმაოდ შთამბეჭდავი ნაწილი გამხდარია და თუ დასჭირდა, წონის დაკლებასაც იოლად ახერხებს. სამაგიეროდ, მათი ორგანიზმი ხშირად განიცდის ისეთი ნივთიერებების დეფიციტს, როგორიც არის ცილები, კალციუმი, D ვიტამინი, თუთია. ისეც ხდება, რომ ვეგეტარიანელები ნახშირწყლების ხარჯზე ჭარბ კალორიებს იღებენ. ასე რომ, ვეგეტარიანელობა მოხდენილობის გარანტი არ არის.

გააზიარე: