როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ბურღული

გააზიარე:

ბურღულის ფაფას, ტრადიციისამებრ, ბავშვის საკვებად მივიჩნევთ. გვავიწყდება, რომ ის ზრდასრული ადამიანისთვისაც არანაკლებ სასარგებლოა. გაგაცნობთ რამდენიმე ყველაზე ხშირად მოხმარებადი ბურღულის დადებით თვისებებს და შერჩევა-შენახვის თავისებურებებს.

 

  • წიწიბურა

ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულება წიწიბურას აქვს. ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილით, სახამებლით, B ჯგუფის და PP ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმით... მასში შემავალი რკინა სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს და სახის კანის ჯანსაღი ფერის საწინდარია. წიწიბურაში უხვადაა არგინინი და ლიზინი. ნახშირწყლების შემცველობა 30%-მდეა, ცხიმისა – 3%-მდე.

ექიმები წიწიბურას ურჩევენ დიაბეტით დაავადებულ და ჭარბი წონის მქონე პირებს. მისი ფაფა სასარგებლოა გულისა და ღვიძლის დაავადებების დროსაც. წიწიბურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ქოლესტეროლის, წიდისა და მძიმე ლითონების იონების გამოძევებას, რაც, დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

გლუტენის უხვი შემცველობის გამო წიწიბურამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, თუმცა ასე იშვიათად ხდება.

წიწიბურა დაბალკალორიული პროდუქტი არ არის – 100 გრამი 307 კილოკალორიას შეიცავს, თუმცა იმ ბურღულთაგანია, რომლებსაც დიეტური კვებისთვის იდეალურად მიიჩნევენ.

ერთი სიტყვით, თუ წიწიბურას მოყვარული არასოდეს ყოფილხართ, გირჩევთ, გადახედოთ საკუთარ პრიორიტეტებს და მისი ბურღული რაციონში ჩართოთ.

წიწიბურასგან რამდენიმე სახის ბურღული მზადდება: მთელმარცვლოვანი, მსხვილად დაღერღილი, წვრილად დაღერღილი, დაფქული. დაღერღილ წიწიბურას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, მაგრამ მასში სასარგებლო ნივთიერება უფრო ნაკლებია.

წიწიბურა მოუხალავიც იყიდება და მოხალულიც. გაითვალისწინეთ: მოუხალავი, მომწვანო-მოყვითალო მარცვალი უფრო ახალი და საღია, ბაცი ყავისფერი ერთხელაა მოხალული, ხოლო მარცვლის მუქი ყავისფერი შეფერილობა იმის მაუწყებელია, რომ ბურღული უკვე დაძველდა და სუნის მოსაცილებლად ხელმეორედ მოხალეს. ასეთ წიწიბურას დაბალი კვებითი ღირებულება აქვს. ამასთან, რაც უფრო ახალია ბურღული, მით უფრო სწრაფად იხარშება.

შეძენისას წიწიბურას კარგად დააკვირდით – თუ მასში ბევრია მინარევი და დამტვრეული მარცვალი, პროდუქტი დაბალი ხარისხისაა.

აუცილებლად დაყნოსეთ. თუ ნესტის ან ობის სუნი იგრძენით, ბურღული გაფუჭებულია.

თუ ბურღული არომატიზებულია, შესაძლოა, უცხო, წიწიბურასთვის უჩვეულო სუნი ჰქონდეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე. თუ არაარომატიზებულ ბურღულს თაფლის სუნი აქვს, ეს იმის ნიშანია, რომ წიწიბურას ტკიპა გაუჩნდა.

 

  • შვრია

შვრია წიწიბურაზე, ბრინჯზე, სიმინდზე იოლი მოსანელებელია. მასში განსაკუთრებით ბევრია შეუცვლელი ამინმჟავა, ბევრ სხვა ბურღულზე მეტია ცხიმი, B ჯგუფის და E ვიტამინები, მიკროელემენტები, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი. შვრიის ბურღულის სპეციალური დამუშავებით მიიღება ფანტელი, რომელსაც ბევრი უბრალოდ ჰერკულესს ეძახის.

სასურველია, შვრიის ბურღული ჰერმეტულად იყოს შეფუთული, ვინაიდან ადვილად ნესტიანდება და სასარგებლო თვისებებს კარგავს. გახსნილი პაკეტიდან ბურღული უმჯობესია თავდახურულ ქილაში გადაყაროთ.

შვრიის ფანტელის შეძენისას დააკვირდით ფერს და დაყნოსეთ. ხარისხიან ნაწარმს აქვს მონაცრისფრო-კრემისფერი ან მოყვითალო ფერი და მსუბუქი შვრიის სუნი. თუ ობის სუნი გეცათ, ნუ შეიძენთ.

მოუხარშავ შვრიის ფანტელს შესაძლოა ოდნავ მომწარო გემო ჰქონდეს, მაგრამ მოხარშვის შემდეგ სიმწარე აღარ უნდა იგრძნოთ.

 

  • ბრინჯი

ბრინჯი სახამებლით ყველაზე მდიდარია, მაგრამ მასში ცოტაა მცენარეული ცილა, ვიტამინი და მინერალური ნივთიერება. უჯრედისის მცირე შემცველობის გამო კუჭი მას ადვილად ამუშავებს, ინელებს და იწოვს, ამიტომ ბრინჯის ფაფა საუკეთესო კერძია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს.

ბაზარზე ბრინჯის რამდენიმე სახეობა გვხვდება. გარდა გრძელი და მრგვალი თეთრი ბრინჯისა, არსებობს გაწმენდილი, საგანგებოდ დამუშავებული ბრინჯი, რომელსაც დარჩევაც კი აღარ სჭირდება, აგრეთვე – ყავისფერი, ოქროსფერი და დამტვრეული. ყველა მათგანს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

ყველაზე სასარგებლო ყავისფერი ბრინჯია, რომელშიც ყველაზე მაღალია ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა, ამიტომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ბრინჯის ამ სახეობას მოიხმარენ, თუმცა საქართველოში მომხმარებელი უფრო მეტად თეთრი ბრინჯის გამოყენებასაა შეჩვეული.

ხარისხიანი ბრინჯის მარცვალი საღია, გამჭვირვალე, აქვს ასორტიმენტისთვის დამახასიათებელი ფერი. ნამტვრევებისა და ცარცისებრი მარცვლების არსებობა ბურღულის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია, თუმცა დამტვრეულ ბრინჯსაც, თუ ის ახალი და საღია, მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

 

  • მანანის ბურღული

მანანის ბურღული სხვებზე ნაკლებ უჯრედისს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია მცენარეული ცილითა და სახამებლით, თუმცა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით საგრძნობლად ჩამოუვარდება წიწიბურასა და შვრიას.

მანანი დიდხანს შედიოდა ბავშთა და დიეტური კვების ძირითადი პროდუქტების სიაში, მაგრამ ბოლო ხანს მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს დიეტოლოგთა უმრავლესობა გვირჩევს, ერთ წლამდე ასაკის ბავშვს საერთოდ არ ვაჭამოთ მანანის ფაფა, სამ წლამდე ასაკისას კი იშვიათად, რადგან მასში არსებული ცილა გლუტენი ხელს უშლის ნაწლავებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას.

ამასთან, მანანში ბევრია ფიტინი, რომელიც ბოჭავს კალციუმს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოძევებას.

ასე რომ, მანანს მთლიანად ნუ ამოიღებთ რაციონიდან, მაგრამ ნურც ყოველდღიური მენიუს ნაწილად აქცევთ.

მანანის ბურღულიც ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში უნდა შეინახოთ არა უმეტეს 12-14 თვისა. უფრო მეტხანს შენახვისას კოშტები უჩნდება და არასასიამოვნო გემოს იძენს.

ვინაიდან ბურღულის ყველა სახეობას შორის მანანს ყველაზე ხშირად უჩნდება ჩრჩილი, შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების დროს. თუ შესაფუთი პაკეტი გამჭვირვალეა, შეარხიეთ და დააკვირდით, ხომ არ არის მასში აბლაბუდა.

 

  • სხვა ბურღული

სიმინდი მდიდარია სახამებლით. მასში ცოტაა ფოსფორი და კალციუმი, მაგრამ ბევრია რკინა და PP ვიტამინი. ის დიდხანს უნდა ხარშოთ, რათა ორგანიზმმა იოლად აითვისოს.

ფეტვის ბურღული კვებითი ღირებულებით საგრძნობლად ჩამოუვარდება სხვებს, თუმცა ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი და რკინა მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ბრინჯსა და მანანის ბურღულში. საკვებად ვარგისი რომ გახდეს, ისიც დიდხანს უნდა ხარშოთ.

 

შეძენისას, გირჩევთ, უპირატესობა ჰერმეტულად შეფუთულ ნაწარმს მიანიჭოთ – არასათანადო პირობებში შენახვისას ჰერმეტულად შეუფუთავი ბურღული იოლად მძაღდება და ლპება.

 

  • როგორ შევინახოთ

ბურღულის შენახვა შეიძლება თიხის, მინის, პლასტმასისა თუ ლითონის ქილაში. ჭურჭელი ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული, რათა ბურღული არ დანესტიანდეს და მასში მწერებმა არ დაიბუდონ. შენახვა გრილ და მშრალ ადგილას ჯობს.

სხვადასხვა სახეობის ბურღულს ოთახის ტემპერატურაზე შენახვის ვადაც სხვადასხვა აქვს: ხორბლის, მანანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული 4-14 თვე ინახება, წიწიბურა – 20 თვე, ბრინჯი – 16-18 თვე.

თამარ არქანია

გააზიარე: