შიში, რომელიც გვმართავს

გააზიარე:

პანიკური შეტევა, ალბათ, გაგიგონიათ. იქნებ თავადაც გამოგიცდიათ აუხსნელი, მტანჯველი შიში, როცა გული გიჩქარდება, სუნთქვა გეკვრის, კანკალი გივარდება და გგონია, სიკვდილს სულ რამდენიმე წამი გაშორებს...

დადგენილია, რომ კარდიოლოგების ასიდან თხუთმეტ და ზოგადი პრაქტიკის ექიმების ასიდან ოცდაშვიდ პაციენტს პანიკური აშლილობა აქვს. ასეთივე აშლილობა უდასტურდება ფსიქიკური პროფილის იმ ავადმყოფთა 5-25 პროცენტს, რომლებსაც ამბულატორიულად მკურნალობენ.

პანიკური აშლილობა ერთი შეხედვით უმიზეზო შიშის სპონტანური, მწვავე შეტევებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობაა. ამ შეტევებს პანიკურ შეტევებს ვუწოდებთ. შიშს თან ახლავს ვეგეტატიური სიმპტომებიც.

პანიკური აშლილობა უმეტესად ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ასაკში იჩენს თავს. ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს აქვს. ქალი მათ შორის მამაკაცზე ორჯერ მეტია.

 

რა იწვევს

პანიკური აშლილობის წარმოშობის შესახებ სამი ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს. პირველი ბიოქიმიურ დარღვევებს ეხება, მეორე – ჰიპერვენტილაციას, მესამე – კოგნიტიური პროცესების მოშლას.

  • ბიოქიმიური ჰიპოთეზის მომხრენი ამტკიცებენ, რომ პანიკურ შეტვებს ბიოქიმიური საფუძველი აქვს. არსებობს მონაცემები, რომ პანიკური აშლილობა უფრო ხშირად ემართებათ ამავე აშლილობის მქონე პირთა ნათესავებს, რაც დაავადებისადმი გენეტიკურ განწყობაზე მეტყველებს.
  • ჰიპერვენტილაციის შესახებ არსებული ჰიპოთეზა ეფუძნება დაკვირვებას, რომ ზოგ ადამიანთან სუნთქვის გახშირება პანიკური შეტევის მსგავს სიმპტომებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პანიკური შეტევა ზოგჯერ მართლაც აღმოცენდება ან მწვავდება ჰიპერვენტილაციის გამო, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ ჰიპერვენტილაცია პანიკური აშლილობის მთავარი მიზეზია.
  • კოგნიტიური ჰიპოთეზის არსი ის არის, რომ პანიკური აშლილობის დროს პათოლოგიური მდგომარეობა სპირალისებურად ვითარდება: შფოთვა იწვევს სომატურ სიმპტომებს, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებს დაავადების შიშს.

როგორ ვლინდება

პანიკური აშლილობის მთავარი ნიშანი პანიკური შიშის შეტევებია. ხშირად მათ თან ახლავს გარდაუვალი სიკვდილის შიშიც. პანიკა, წესისამებრ, უმიზეზოდ იჩენს თავს, ამიტომ შეტევის მოახლოების წინასწარგანჭვრეტა შეუძლებელია. არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთაგან, სულ მცირე, ოთხის არსებობა აუცილებელია პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად. ეს სიმპტომებია:

  • პულსაცია, გაძლიერებული გულისცემა, ტაქიკარდია;
  • ოფლიანობა;
  • ქოშინი;
  • ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება;
  • შემცივნება, ტრემორი, შინაგანი კანკალი;
  • თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა, თავში სიმსუბუქის შეგრძნება;
  • წამოწითლება (სახის ჰიპერემიის გარეშე), ბატის კანი;
  • დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში – პარესთეზია;
  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • გულისრევა ან აბდომინალური დისკომფორტი (უსიამოვნო შეგრძნება კუჭ-ნაწლავის არეში);
  • დერეალიზაცია და/ან დეპერსონალიზაცია;
  • სიკვდილის შიში;
  • გაგიჟების ან არაკონტროლირებადი საქციელის ჩადენის შიში.

ზოგს შეტევის დროს უჭირს კონცენტრაცია, ცდილობს, გაეცალოს იმ ადგილს, სადაც იმყოფება, ეძებს შველას.

პანიკური შეტევის დროს სიმპტომები სწრაფად წარმოიშობა და 10 წუთის განმავლობაში აღწევს პიკს. შეტევის შემდგომ პერიოდს ახასიათებს საერთო სისუსტე, დაღლილობის, ზოგჯერ – ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნება. შეტევა უმეტესად 15-30 წუთს გრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, საათზე მეტხანსაც გასტანოს.

პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ შეტევები სპონტანურია – ერთი შეხედვით, უმიზეზო. არსებობს პროვოცირებული შეტევებიც, რომელთა გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს აგზნება, ფიზიკური გადაძაბვა, სქესობრივი აქტივობა ან ზომიერი ემოციური განცდა.

 

ცუდის მოლოდინი

პანიკური შეტევა უმეტესად დილაობით ან საღამოობით იჩენს თავს. იშვიათია ღამის შეტევები, რომლებიც ძილის დროს აღმოცნდება და ადამიანს აღვიძებს. პირველი პანიკური შეტევა, წესისამებრ, წარუშლელ კვალს ტოვებს პაციენტის მეხსიერებაში. შეტევებს შორის ადამიანი წუხს და შფოთავს მოსალოდნელი შეტევის გამო. ამას მოლოდინის შფოთვას უწოდებენ. შფოთვა ზრდის შეტევათა განმეორების ალბათობას.

 

ავისმომასწავებელი ნიშნები

პანიკური შეტევების განმეორება ერთსა და იმავე სიტუაციაში (ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილას და ა.შ.) ხელს უწყობს ისეთი ქცევის ფორმირებას, როდესაც ავადმყოფი გაურბის პანიკური შეტევებისთვის საშიშ ადგილებსა და სიტუაციებს. ამას განრიდების ქცევა ეწოდება. ხშირად თავს იჩენს აგორაფობიული სიმპტომებიც – ავადმყოფს აშინებს მარტო დარჩენა, თავს არიდებს შინიდან გასვლას, მთელი არსებით ავადმყოფურ შეგრძნებებსა და განცდებზეა გადართული, რაც საქმიანობაშიც ხელს უშლის.

 

რას ველოდეთ

როგორც უკვე ვთქვით, პანიკურ აშლილობას ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადება პროგრესირებს, მდგომარეობა მძიმდება და რთულდება, ყველაზე ხშირად – დეპრესიით. დადასტურებულია, რომ პანიკური აშლილობისა და დეპრესიის თანაარსებობის დროს ორივე გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს.

პანიკური აშლილობის დროს ხშირია:

  • აგორაფობია;
  • დეპრესია;
  • გენერალიზებული შფოთვა;
  • სოციალური ფობია;
  • ალკოჰოლიზმი;
  • წამლების ბოროტად გამოყენება;
  • პიროვნული აშლილობა.

რა უწყობს ხელს პანიკური აშლილობის პროგრესირებას?

რაც უფრო კატასტროფულად აფასებს პირველ პანიკურ შეტევას ავადმყოფი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. პაციენტთა უმეტესობა შეტევას ადარებს მიოკარდიუმის ინფარქტს, მოგუდვას, “ტვინის კატასტროფის შეგრძნებას”.

პროგნოზი მძიმდება მაშინაც, როცა სამედიცინო პერსონალი თავისდა უნებურად უმძაფრებს პაციენტს კატასტროფის მოლოდინს. ჰოსპიტალიზაცია განამტკიცებს რწმენას, რომ საფრთხე რეალურია, ხოლო ავადმყოფობა – სერიოზული. ბევრი თავად მიმართავს ექიმს, გადის კონსულტაციას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, იტარებს უსარგებლო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს. ყოველივე ეს პაციენტს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი დაავადება რთული და უნიკალურია.

პანიკური აშლილობის გაქრონიკულებას ხელს უწყობს არაადეკვატური და არადროული სამკურნალო ღონისძიებებიც. აშლილობის დიაგნოსტირება ორიდან ერთ შემთხვევაში ხდება, დიაგნოსტირებულთა დაახლოებით 50% ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და მხოლოდ 30%-ს თუ უტარდება ადეკვატური თერაპია.

 

როგორ ამოვიცნოთ

პანიკური აშლილობის დიაგნოსტიკის დროს უნდა გამოირიცხოს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც პანიკური შეტევის მსგავს სიმპტომებს იწვევს. მაგალიათად, კოფეინიზმი, ჰიპერთირეოიდიზმი, ეპილეფსია და არითმია. ამისთვის საჭიროა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება და პანიკური აშლილობის დიფერენცირება დეპრესიისგან, შიზოფრენიისგან, პიროვნული აშლილობებისა და ორგანული ბუნების იმ ფსიქიკური აშლილობებისგან, რომლებიც შფოთვითა და ეპიზოდური პანიკური შეტევებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით ძნელია პანიკური აშლილობის აგორაფობიისგან გარჩევა.

გამოკვლევის დროს ექიმი  ვალდებულია, შეაფასოს პანიკური შეტევების რაოდენობა და სიმწვავე, მათი წინმსწრები შფოთვა, აგორაფობიული სიმპტომები, სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობები, სამსახურის ან სკოლის გაცდენა, სამსახურში ან სკოლაში წარუმატებლობა, სოციალური ქცევის ცვლილება, შესაძლებლობათა შეზღუდვა. შეფასება ხდება სპეციალური სკალით.

 

მკურნალობის სქემა

პანიკური აშლილობის სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ ფსიქოთერაპიასა და ფარმაკოთერაპიას. მკურნალობის გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელია, განკურნების რამდენად დიდი სურვილი აქვს პაციენტს, ასევე – დაავადების სიმწვავე, თანმხლები დაავადებები, წამალდამოკიდებულება და სუიციდის რისკი, ადრე ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა, მკურნალობის ხარჯები.

 

ფსიქოგანათლება

პაციენტისა და მისი ოჯახის ფსიქოგანათლება ეფექტური მკურნალობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიზნით:

  • პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პანიკური აშლილობის ბუნებისა და მიმდინარეობის შესახებ;
  • განემარტოს პანიკური შეტევების საფუძველი;
  • გაეცნოს მკურნალობის პრინციპებს, მოსალოდნელ დადებით დინამიკას და მკურნალობის ხანგრძლივობას;
  • განემარტოს, რომ მკურნალობის პროცესში მოსალოდნელია შფოთვის გაძლიერება და მკურნალობის დამთავრების შემდეგაც შეიძლება დარჩეს განსაზღვრული სიმპტომატიკა.
  • განემარტოს ცხოვრების სტილის შეცვლისა და მავნე ჩვევების დაძლევის აუიცლებლობა (მაგალითად, კოფეინის მოხმარების შემცირება).

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია პანიკური აშლილობის მკურნალობის უფრო ეფექტური და იაფი მეთოდია, ვიდრე მედიკამენტური თერაპია. მკურნალობის ეს მეთოდი სიმპტომზეა ორიენტირებული. მისი ძირითადი კომპონენტებია:

  • ფსიქოგანათლება;
  • პანიკის მონიტორინგი;
  • სუნთქვითი ვარჯიშები;
  • ცდარი სხეულებრივი შეგრძნებების კორექცია;
  • საშიშ სიტუაციებთან შეხება/ექსპოზიცია.

კოგნიტიურ-ბიჰევიორული მეთოდით მკურნალობა უფრო მეტხანს გრძელდება, მაგრამ უმეტესად შედეგიანია და მასზე უარსაც უფრო იშვიათად ამბობენ, ვიდრე მედიკამენტურ თერაპიაზე. დადებითი შედეგი, ჩვეულებრივ, 6-8 კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. ტიპური კურსი საშუალოდ 12 სესიას მოიცავს, თუმცა შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი თერაპიაც გახდეს საჭირო, მაგალითად, მწვავე აგორაფობიის დროს.

 

მედიკამენტური თერაპია

ეფექტური მედიკამენტური თერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფსიქოთერაპიასთან ერთად. პანიკური აშლილობის დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები თანაბრად ეფექტურია. მაღალი ეფექტურობა ახასიათებს ბენზოდიაზეპინებსაც, თუმცა მათ შეზღუდულად იყნებენ, ვინაიდან მაღალია წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი. თუ ასეთმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, წამლის დამატება ან ახლის დანიშვნა გახდება საჭირო.

თამარ არქანია

გააზიარე: