სანატრელი სიჩუმე - რაზე მიუთითებს ხმაური ცალ ყურში?

გააზიარე:

ქალაქის მკვიდრთათვის სიჩუმე ფუფუნებაა. ჩვენი ყურთასმენა ისეა შეგუებული მანქანების გუგუნს თუ ელექტრომოწყობილობების ზუზუნს, რომ ხმაურად ვეღარც კი აღიქვამს, მაგრამ თუ ქალაქგარეთ მოგვიხდა გასვლა, განსაკუთრებით – გვიან საღამოს, მას შემდეგ, რაც ცხოველები, ფრინველები, მწერები გაყუჩდებიან, სიჩუმის ხმიანობა გვაოცებს და მაშინღა ვხვდებით, როგორ გვაკლია ეს თითქოსდა უბრალო რამ.

სამწუხაროდ, არსებობს პათოლოგიები, რომლებსაც ტინიტუსი, ყურებში ხმაურის შეგრძნება ახასიათებს. ადამიანს გამუდმებით ჩაესმის ხმები – ძილსა თუ ღვიძილში, შრომისა თუ დასვენებისას. ზოგი ეგუება ამ ხმებს, ზოგისთვის კი ძლიერი სტრესის წყაროდ იქცევა – ადვილი ხომ არ არის მონოტონური ხმაურის განუწყვეტლივ მოსმენა...

საინტერესოა, რა იწვევს ტინიტუსს და შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაღწევა. ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმი, ნევროლოგ– ნეიროოტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნანა თევზაძე გვესაუბრება:

– ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ასიდან 10-15 კაცს აღენიშნება, მთელ მსოფლიოში კი მილიონობით ადამიანს აწუხებს. ზოგ მათგანს ხმაური დიდ სირთულეს უქმნის – ხელს უშლის ყოველდღიურ აქტივობაში, გავლენას ახდენს სმენაზე, შრომისუნარიანობაზე, ზოგჯერ – ძილზეც. ასაკთან ერთად მისი სიხშირე იმატებს და 55-დან 65 წლამდე ასაკის პირთაგან ტინიტუსს უკვე ყოველი მეხუთე უჩივის.

ტინიტუსი წარმოადგენს ხმაურის სუბექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს. პაციენტები მას სხვადასხვანაირად აღწერენ – არქმევენ ზუილს, წუილს, კაკუნს, შიშინს, სტვენას... საგულისხმოა, რომ სიტყვა tinnire, რომლისგანაც მომდინარეობს ტინიტუსის სახელწოდება, ლათინურად „ზარების ხმას“ ნიშნავს.

– უმეტესად რისი ბრალია ტინიტუსი?

– ვინაიდან სმენითი სისტემა  ძალიან მგრძნობიარეა და  ადვილად ზიანდება,  ტინიტუსის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული, ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.

ტინიტუსს იწვევს როგორც დაავადებები, ისე გარეგანი ფაქტორებიც, ამ უკანასკნელთაგან ყველაზე ხშირად – მუდმივი ხმაური. ასეთი ხმაურის ზემოქმედებით პროფესიული შუილი უვითარდებათ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს – მშენებლებს, მუსიკოსებს, მსროლელებს, დისკოთეკის თანამშრომლებს. ზოგჯერ ტინიტუსი შედეგია აკუსტიკური ტრავმისა, რომელიც შეიძლება მივიღოთ, მაგალითად, ბარში ან რესტორანში, სადაც არ კონტროლდება მუსიკის სიმძლავრე, ანდა ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღლა მოსმენისას. კიდევ ერთი მიზეზია ბაროტრავმა, რომელსაც ფრენისას ან ყვინთვისას იღებენ.

რაც შეეხება დაავადებებით გამოწვეულ ტინიტუსს, აქ გამოყოფენ ოტოლოგიურ ხმაურს, რომელიც უშუალოდ სმენითი სისტემის დაზიანების შედეგია და სომატურ ტინიტუსს, როდესაც ხმაური ორგანოთა სხვა (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ან ენდოკრინული) სისტემის დაზიანებას უკავშირდება.

ასაკოვანთა ოტოლოგიური ტინიტუსი ხშირად სმენის აპარატის ფიზიოლოგიური დეგენერაციითაა განპირობებული, ჩვეულებისამებრ, სმენის ასაკობრივ დაქვეითებასთან ასოცირდება და ზოგჯერ სმენაჩლუნგობის პირველ ნიშანს წარმოადგენს.

შუილი ზოგჯერ თან ახლავს გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ოტიტებს. ხშირად ტინიტუსი და სმენის დაქვეითება თავბრუხვევასთან ერთად ვითარდება. ყურების შუილი შეინიშნება ვირუსული და ბაქტერიული ნეიროლაბირინთიტების დროს. ოტოსკლეროზი, სასმენი ძვლების უმოძრაობა, ხშირად ტინიტუსით იწყება. გარდამავალი შუილი მენიერის დაავადების სადიაგნოსტიკო მნიშვნელოვანი სიმპტომია. შუილი შესაძლოა ყურის ან თავის ტრავმამაც გამოიწვიოს.

ტინიტუსის კიდევ ერთი მიზეზია მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება – სამასზე მეტი რეგისტრირებული პრეპარატის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი სწორედ ყურების შუილია. ასეთი პრეპარატებია, მაგალითად, ოტოტოქსიკური (ყურზე უარყოფითად მოქმედი) ანტიბიოტიკები, ასპირინი, დიურეტიკები (შარდმდენები).

ყურების შუილი ქრონიკული დაავადებების დროსაც შეინიშნება. ზოგჯერ ის სისხლის სიბლანტის მომატების ან არტერიული ჰიპერტენზიის შედეგია. გარდა ამისა, ხშირად ახლავს თან ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს.

ტინიტუსის მიზეზთა ნუსხაში შედის აგრეთვე ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, თამბაქოს წევა.

განსაკუთრებით ხშირია ყურების შუილი ფსიქოლოგიური პრობლემების დროს – გაღიზიანება, სტრესი, დეპრესია, ძილისა და კონცენტრაციის დარღვევა მუდმივ თუ გარდამავალ ხმაურთანაა დაკავშირებული. ის შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარს აღენიშნება. არსებობს ფუნქციური ტინიტუსი, რომელიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ძლიერი უეცარი ტინიტუსი, სმენისა და წონასწორობის  დარღვევასთან ერთად, ზოგჯერ გაფანტული სკლეროზის გამწვავების ნიშანია. შუილი თავბრუხვევასთან ერთად შესაძლოა, ვესტიბულურ ეპილეფსიაზეც მიანიშნებდეს. ზოგჯერ ნეიროპათიებსა და აუტოიმუნურ დარღვევებსაც ახლავს თან. 

– რაზე მიუთითებს ხმაური ცალ ყურში?

– ცალმხრივი ხმაური შესაძლოა ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნის გამოხატულება იყოს. უმეტესად ეს არის ნევრინომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ადრეულ სტადიებზე მხოლოდ ტინიტუსითა და სმენის ცალმხრივი დაქვეითებით ვლინდება და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევით სავსებით იკურნება. ნებაზე მიშვებული მზარდი სიმსივნე აზიანებს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრუქტურებს და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. ამავე მიდამოში ხშირია ქოლესტეატომები და მენინგეომებიც, ამიტომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ტინიტუსით თანხლებული სმენის ცალმხრივი დაქვეითება აღმოაჩნდება, უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ამ მიდამოს სიმსივნის გამოსარიცხავად.

უეცარი ცალმხრივი ტინიტუსი, ცალ ყურში ხმაურის უეცარი წარმოშობა, ზოგჯერ ლაბირინთულ იშემიას და ტვინის ღეროს იშემიურ დაზიანებას ახასიათებს.

– შესაძლებელია თუ არა ტინიტუსის გამოკვლევით დადასტურება?

– როგორც მოგახსენეთ, ხმაური, წესისამებრ, სუბექტურია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის ობიექტურადაც ვლინდება. უმეტესად – სისხლძარღვოვანი პათოლოგიების: უმართავი არტერიული ჰიპერტენზიის, ვასკულიტებისა და არტერიიტების, – დროს. ცალმხრივი ობიექტური მოპულსირე ტინიტუსი საძილე ან სხვა არტერიის ანევრიზმისა და განშრევების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ხმაური კარგად ისმის არტერიაზე ფონენდოსკოპის დადებისას. თავად პაციენტიც აღნიშნავს, რომ შუილი გულისცემას უკავშირდება.

– როგორი გამოკვლევა უტარდება პაციენტს, რომელსაც ტინიტუსი აწუხებს?

– ასეთი პაციენტი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმთან ხვდება. სწორედ მან უნდა დაადგინოს ტინიტუსის მიზეზი  და დიფერენცირება. დიაგნოსტიკაში უდიდეს როლს ასრულებს ანამნეზი – ავადმყოფობის ისტორია. გასათვალისწინებელია, უეცრად წარმოიშვა ტინიტუსი თუ თანდათანობით, ცალმხრივია თუ ორმხრივი, რა ტიპისაა – მოპულსირე, მერყევი, მუდმივი თუ პერიოდული, როგორია მისი სიხშირის დიაპაზონი – ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო თუ დაბალი, სუფთა ტონალობისაა თუ არა, მრავალი ხმის ერთიანობით ხომ არ არის გამოხატული, იცვლება თუ არა მისი დიაპაზონი დროთა განმავლობაში და სხვა.

თუ ექიმმა მიიჩნია, რომ ჩივილი ყურის პრობლემას უკავშირდება, პაციენტს ოტოლარინგოლოგთან გაგზავნის. აქ მას ჩაუტარდება ოტოსკოპია და აუცილებელი აუდიოლოგიური კვლევა. ოტოსკოპიით ადგენენ გარეთა ყურის პრობლემებს და შუა ყურის ზოგიერთ მწვავე და ქრონიკულ პათოლოგიას. აუდიოლოგი აფასებს სმენის ნერვის მდგომარეობას სუბიექტური და ობიექტური აუდიომეტრიით. თუ ტინიტუსის მიზეზი კვლავ გაურკვეველი დარჩა, კვლევას განაგრძობენ ნევროლოგი ან ნეიროოტოლოგი.

– როგორია მკურნალობის პრინციპები?

– მკურნალობა ტინიტუსის მიზეზზეა დამოკიდებული. თავად პაციენტებიც სხვადასხვაგვარად რეაგირებენ შუილზე, ზოგჯერ დროულად არ აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ სიყრუის დროს მიმართავენ ექიმს. მძიმე პათოლოგიის დაგვიანებული დიაგნოსტიკა მკურნალობასაც ართულებს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ყურებში შუილის მატება ნებისმიერ შემთხვევაში რომელიმე პათოლოგიაზე მიუთითებს და ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასაკსა და სმენის ორმხრივ დაქვეითებასთან დაკავშირებული ტინიტუსის დროს, როდესაც აუდიომეტრია ორმხრივ კოხლეარულ ნეიროსენსორულ პათოლოგიას ავლენს, პროცესს მედიკამენტური მართვა და შეჩერება სჭირდება. დაგვიანებულ სტადიებზე კი პაციენტმა უნდა გამოიყენოს სასმენი აპარატი.

– შესაძლებელია თუ არა მკურნალობით ყურებში ხმაურის გაქრობა?

–  მკურნალობა გამომწვევი ფაქტორის რაობაზეა დაფუძნებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს. მაგალითად, როცა ტინიტუსი ინტოქსიკაციითაა გამოწვეული, მის მოხსნასთან ერთად ხმაურიც ქრება. თუ ტინიტუსი ჰორმონული ცვლილებების შედეგია, ჰორმონული ფონის მოწესრიგების შემდეგ გაივლის.

ნებისმიერ შემთხვევაში ტინიტუსი ის სიმპტომია, რომელსაც დროული ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება.

თუ დაზიანება შეუქცევადია და ვეღარ აღმოიფხვრება (მაგალითად, დაზიანებულია კოხლეარული ნერვი), ხმაური დარჩება, მაგრამ შესაძლებელია მისი მედიკამენტოზური მართვა  და ინტენსივობის შემცირება.

თუ შეუქცევადი დაზიანების გამო ტინიტუსის მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ხმაურის დონემ აღარ მოიმატოს, ასწავლოს პაციენტს, როგორ შეეეგუოს არსებულ ხმაურს, როგორ მოახდინოს მისი იგნორირება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა, სპეციალური ტრენინგი და ზოგჯერ – ანტიდეპრესანტის გამოყენება. ხდება ასეც: როდესაც პაციენტი საფუძვლიან გამოკვლევებს ჩაიტარებს და დარწმუნდება, რომ საშიში არაფერი სჭირს, მშვიდდება და შუილი მოკლე ხანში თავისთავად უქრება. ეს იმიტომ, რომ დაძაბულობა, სტრესი, ნევროზი ტინიტუსს ხშირად თან ახლავს და ამძაფრებს.

– როგორ შეიძლება ტინიტუსის პრევენცია?

– ტინიტუსის პრევენციის გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და დღის რეჟიმი. მნიშვნელოვანია პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულება. ასაკოვნებს სჭირდებათ სიმშვიდე, სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან დაცვა. მან, ვისაც ხმაურიან გარემოში უხდება ცხოვრება და მუშაობა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყურის საცობები, რადგან ძლიერი, მაღალი ბგერები ტინიტუსის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: