ოპერაცია, რომელიც დიაბეტს აჩერებს

გააზიარე:

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეათედი შაქრიანი დიაბეტითაა ავად. დაავადება სისხლში გლუკოზის დონის მატებას იწვევს და თანდათან აზიანებს სხვადასხვა ორგანოს: გულს, სისხლძარღვებს, თირკმელებს, თვალებს... გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაავადების დროული და სწორი მკურნალობა. სისხლში შაქრის შემცველობას, ტრადიციისამებრ, მედიკამენტებით ან ინსულინის ინექციებით არეგულირებენ. თანამედროვე მედიცინა კი დიაბეტის (ტიპი 2-ის) მკურნალობისადმი სრულიად ახალ – ოპერაციულ მიდგომას გვთავაზობს. წელიწადზე მეტია, ეს ქირურგიული მეთოდი წარმატებით დანერგა ჩვენმა რესპონდენტმა, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მამუკა გონჯილაშვილმა. საქართველოში უკვე ოცდაათზე მეტმა პაციენტმა გადაიტანა ეს ოპერაცია და თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობა გაუმარტივდათ და აღარც დაავადების მოსალოდნელი გართულება აშინებთ. თუმცა ჯობს, თავად ბატონ მამუკას მოვუსმინოთ:

 

– მეორე ტიპის დიაბეტის ქირურგიული მკურნალობის აკვანი ბრაზილიაში დაირწა. პროფესორ აურეო ლუდოვიკო დე პაულას, ვიდრე ამ ოპერაციის მეთოდიკას შეიმუშავებდა, დიდხანს მოუწია მუშაობა. მან კარგად შეისწავლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, დაყო სეგმენტებად და აღმოაჩინა მონაკვეთი, რომლის ბუნებრივი ადგილიდან გამორთვა და სხვა ადგილას ჩართვა წვრილი ნაწლავის ჰორმონ ინკრეტინის გააქტიურებას იწვევს.

აურეო ლუდოვიკო დე პაულას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. მეთოდიკა პირველად ინდოეთში აიტაცეს. პროფესორ სურენდა უგალეს დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ პროფესორ დე პაულასთანაც ვურთიერთობთ, მაგრამ უფრო ხელშესახები კონტაქტი სწორედ პროფესორ უგალესთან დავამყარეთ. სტაჟირება გავიარეთ ინდოეთში, დავესწარით ოპერაციებს, შევისწავლეთ, გავაანალიზეთ, შესაბამისი მასალები ჩამოვიტანეთ, პროფესორი საქართველოში მოვიწვიეთ. პირველი ოპერაცია სწორედ მან  ჩაატარა, მას შემდეგ კი უკვე ჩვენ ვატარებთ.

2003 წლიდან, როცა ბრაზილიაში დიაბეტის ოპერაციული მკურნალობის კომპლექსური მეთოდი დაინერგა, მსოფლიოში უკვე ხუთი ათასზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. ლიდერობს ინდოეთი, თუმცა ოპერაციები ტარდება აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, პორტუგალიაში, ტაილანდში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებშიც. იაპონიაში მეტაბოლური ტიპის ქირურგიული ჩარევა გაიდლაინებში შეიტანეს. ბოლო ხანს კარგი შედეგები გამოაქვეყნა ბულგარეთმა... ქირურგებს ყველგან დიდად უწყობენ ხელს ამ მეთოდიკის დანერგვაში, საქართველოში კი, სამწუხაროდ, მხარდაჭერას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობთ.

ამჟამად ეს ერთადერთი მეთოდია, რომლის მეშვეობითაც დიაბეტის მართვა-შეჩერებაა შესაძლებელი – მოგეხენებათ, მედიკამენტებით ამ დაავადების მხოლოდ კონტროლი ხერხდება. 2015 წლის სექტემბერში, ინგლისში გამართულ დიაბეტის მეორე მსოფლიო კონგრესზე, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით, გაირკვა, რომ დიაბეტის მკურნალობის კუთხით ყველაზე შედეგიანი სწორედ მეტაბოლური ქირურგიაა.

მეტაბოლური ქირურგიული ჩარევა სირთულის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: კუჭის ვერტიკალური რეზექცია, კუჭის ლაპაროსკოპული შუნტირება, ბილიოპანკრეატული შუნტირება, თეძოს ნაწლავის ინტერპოზიცია. ამ უკანასკნელს მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 14 ადამიანი ვატარებთ. ოპერაცია რთულია, ხანგრძლივი, სკრუპულოზურად შესასრულებელი. ის ლაპაროსკოპულად ტარდება, რაც მის ხანგრძლივობას 7-8 საათამდე ზრდის.

ჩვენი საუბარი უმთავრესად შეეხება მეტაბოლური ოპერაციის შედარებით რთულ და საიმედო შედეგის მქონე მეთოდებს – თეძოს ნაწლავის ინტერპოზიციას, კუჭის ვერტიკალურ რეზექციასა და სიმპათიკექტომიას.

– ვისთვისაა ეს ოპერაცია განკუთვნილი, რა არის მისი ჩვენება?diab

– ერთმნიშვნელოვნად, დიაბეტი ტიპი ორი, – დიაბეტის ათიდან ცხრა შემთხვევაში სწორედ ამ ფორმასთან გვაქვს საქმე, – მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაიბეტი ტიპი 1-ის გამორიცხვა არ არის საკმარისი, რათა ოპერაცია საუკეთესო შედეგით დასრულდეს. ბევრი დარწმუნებულია, რომ მეორე ტიპის დიაბეტი აქვს, სინამდვილეში კი შესაძლოა ჰქონდეს დიაბეტის აუტოიმუნური ფორმა, რომლის დადგენა მხოლოდ სპეციალური ანტისხეულების განსაზღვრის გზითაა შესაძლებელი.

– როგორ ხდება დიაბეტის ამ ფორმის დიაგნოსტიკა და ოპერაციამდე კიდევ რომელი გამოკვლევების ჩატარება უწევს პაციენტს?

– აუტოიმუნური დიაბეტის დასადგენი ლაბორატორიული ტესტები უცხოეთში იგზავნება. გარდა ამისა, ფუნდამენტურად ვიკვლევთ ყველა ორგანოს მდგომარეობას, რათა ეს საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია უსაფრთხოდ ჩატარდეს და თავი დავიზღვიოთ პოსტოპერაციული პერიოდის ამა თუ იმ გართულებისგან. ამ გამოკვლევების წყალობით ბევრი ისეთი დაავადება აღმოვაჩინეთ, რომელთა შესახებ პაციენტებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მაგალითად, ორ შემთხვევაში – ონკოპათოლოგიის საწყისი სტადია. ოპერაციას მანამდე არ ვატარებთ, სანამ საერთო მდგომარეობა არ გამოსწორდება და დარღვევები არ დარეგულირდება. ყველაფერი ეს უამრავ დროს მოითხოვს. შესაძლოა, რომელიმე დარღვევა უშუალოდ ოპერაციის წინ აღმოვაჩინოთ და ამის გამო ქირურგიული ჩარევა ისევ გადაიდოს. ასე რომ, ყველაზე ძნელი ოპერაციამდე მისვლაა.

– როგორ ტარდება ოპერაცია?

– ოპერაცია ხუთ ეტაპად არის დაყოფილი.

პირველი ეტაპი ყველაზე მარტივია. ის მოიცავს კუჭის ვერტიკალურ რეზექციას, რომელსაც სლივ-გასტრექტომიას უწოდებენ. ოპერაციის დროს იკვეთება კუჭის ფუნდალური ნაწილი. უდიდესწილად სწორედ აქ წარმოიქმნება შიმშილის ჰორმონი გრელინი. ოპერაციის მიზანიც ამ ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვაა. ქირურგიული ჩარევიდან 6-8 თვის შემდეგ მისი წარმოქმნა აღდგება, მაგრამ არა საწყის დონემდე. ოპერაციის ეს ეტაპი ნებისმიერ შემთხვევაში ტარდება, განურჩევლად სმი-ს ( სხეულის მასისი ინდექსის) მაჩვენებლისა. ეტაპის დასასრულს ხდება თორმეტგოჯა ნაწლავის მობილიზაცია.

მეორე ეტაპზე იკვეთება სიმპათიკური ნერვული წნული, ანუ ხდება დესიმპათიზაცია. ამისთვის ვაშიშვლებთ ღვიძლის არტერიას, ქვედა ღრუ ვენას, გამოვყოფთ სიმპათიკურ ნერვულ წნულს და გადავკვეთთ.

მესამე ეტაპზე ნაწლავთა ინტერპოზიცია ხდება. ნაწლავის კონკრეტული სეგმენტი, რომელიც მის ილიალურ ნაწილში მდებარეობს, ამოიკვეთება და ზედა სართულში, მისთვის უჩვეულო ადგილას ჩაეკერება. ამ გზით ხდება გლუკაგონმსგავსი პეპეტიდ 1-ის (GLP-1) სტიმულაცია, რაც თავიდან გვაცილებს მოუნელებელი ცხიმების შეწოვას.

მეოთხე ეტაპზე უკვე მობილიზებული თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწილი ჩამოგვაქვს მეზოგასტრიუმში და ვაკერებთ თეძოს ნაწლავს, ანუ ვქმნით თორმეტგოჯა-თეძოს ნაწლავის ანასტომოზს. ამის კვალობაზე, საჭმლის მონელების პროცესიდან ვთიშავთ თორმეტგოჯა ნაწლავის დარჩენილ ნაწილს.

მეხუთე და არანაკლებ რთული ეტაპია ლაპაროსკოპულ რეჟიმში ყველა ამ ცვლილების ისე დაფიქსირება, რომ სადმე თიაქარი არ განვითარდეს.

შესაძლოა, პაციენტს ხუთივე ეტაპი არ დასჭირდეს. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში არ არის აუცილებელი თორმეტგოჯა ნაწლავის მობილიზაცია და ჩამოტანა. ჩვენი გუნდი განიხილავს პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებს და არჩევს ოპერაციის ტიპს.

– რამდენი ხანი სჭირდება ორგანიზმის სრულ გადაწყობას და როგორია საბოლოო შედეგი?

– მყარი შედეგის მისაღებად ორი წელია საჭირო. მანამდე მოსალოდნელია გლიკემიური პროფილის ცვლილებები. ოპერაციის შემდეგომ პერიოდში პაციენტი მკურნალი ექიმისა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პროცესში ჩართულია გასტროენტეროლოგიც.

დადგენილია, რომ ამ მეთოდით ასიდან 89 შემთხვევაში ვიღებთ საუკეთესო შედეგს, ანუ პაციენტთა 89%-ს ოპერაციის შემდეგ დიაბეტის მკურნალობა უმარტივდება. მდგომარეობა დანარჩენ 11%–თანაც უმჯობესდება, თუმცა შესაძლოა, დაიბეტის დროს გამოსაყენებელი რომელიმე ტაბლეტირებული მედიკამენტის მიღება დასჭირდეთ. ჩვენ ერთი შემთხვევაც არ გვქონია, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ინსულინის კეთება გაეგრძელებინოს. გვყავს პაციენტი, რომელიც 16 წელი ინსულინის მომხმარებელი იყო, დღეს კი ჯანმრთელია, აღარაფერს იღებს.

alkდადგენილია, რომ ოპერაცია აჩერებს დიაბეტით გამოწვეულ დაზიანებებს – რეტინოპათიას, ნეფროპათიას, კარდიომიოპათიას... მსოფლიოში ამ მეთოდიკის გამოყენების უკვე თორმეტწლიანი გამოცდილება არსებობს და, სტატისტიკის გათვალისწინებით, შედეგების სანდოობა აღარავის აეჭვებს.

– რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია?

– არის ხალხი, ვისაც შეუძლია, გადაიხადოს ოცი ათასი ლარი (ჯერჯერობით ამდენი ღირს ოპერაცია) გარანტიისთვის, რომ დიაბეტის გამო არ დაბრმავდება, თირკმელები არ წაერთმევა, კარდიომიოპათია არ განუვითარდება, მაგრამ საქართველოს საშუალოსტატისტიკური მოქალაქისთვის ეს მიუწვდომელი თანხაა. იმედი გვაქვს, სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს ახალ მეთოდიკას და დაიწყებს ამ ოპერაციების დაფინანსებას, ისევე როგორც უკვე მრავალ ქვეყანაში ხდება.

 

გააზიარე: