ჩვენი მოხუცები

გააზიარე:

სიბერე ზოგისთვის სიცოცხლის გარდაუვალი ეტაპია, ზოგისთვის – დაძაბული ცხოვრების შემდეგ განტვირთვისა და დამსახურებული დასვენების ხანა, ზოგისთვის კი მრავალ საშიშ დაავადებაზე უფრო საშიში მდგომარეობა, განაჩენი, რომლის გასაჩივრება ან შეცვლა შეუძლებელია. სამწუხაროდ, მართლაც არსებობს მდგომარეობები, რომელთა შემსუბუქება ან თავიდან აცილებაც ვერ ხერხდება და, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამ დროს გვახსენდება ცნობილი გამოთქმა იმის შესახებ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, მაგრამ, საბედნიეროდ, ადეკვატური მიდგომით ასაკთან ასოცირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრა ან მართვაა შესაძლებელი. მთავარ თემაში სწორედ ასეთი მიდგომების შესახებ გვინდა გესაუბროთ.

შესაძლოა, სიბერეს მრავალი წელი გაშორებთ და ჯერ ცხოვრებით ტკბებით. ასეც რომ იყოს, ჟურნალის ცივად დაკეცვას და გვერდზე გადადებას არ გირჩევთ. მეტიც – ჩვენი რჩევები თქვენ უფრო გამოგადგებათ, ვინაიდან ჯანმრთელ სიბერეზე ზრუნვა, არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდობიდან უნდა დაიწყოთ. საკუთარ ჯანმრთელობაში დაბანდებული კაპიტალი დივიდენდებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოგიტანთ, მიღებული სარგებლით ყველაზე მეტად სწორედ სიბერეში გაიხარებთ, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცდით ამ ანდაზის ჭეშმარიტებას: რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

რატომ ვბერდებით?

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო სიბერის დამარცხებას ცდილობს და ამისთვის მილიარდობით დოლარსაც ხარჯავს, კითხვაზე, რატომ ვბერდებით, პასუხი ჯერ კიდევ არ გაუციათ. გავრცელებული თეორიის მიხედვით, ასაკობრივი ცვლილებები გენომში წინასწარ პროგრამირებული მექანიზმით მიმდინარეობს. სხვები სიბერის მიზეზად შემთხვევითი მუატციების ანუ გენეტიკური შეცდომების დაგროვებას მიიჩნევენ. ზოგი მეცნიერი დაბერებას ნერვული იმპულსების მიმართ ჰიპოთალამუსის დაქვეითებულ მგრძნობელობას აბრალებს, ზოგს კი მთავარ “დამნაშავედ” ქრომოსომის დაბოლოებები – ტელომერები მიაჩნია, რომლებიც უჯრედის ყოველი დაყოფის შემდეგ მოკლდება. როდესაც მათი ზომა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, უჯრედის დაყოფა შეუძლებელი ხდება – უჯრედი თანდათან კარგავს სიცოცხლისუნარიანობას და კვდება.

ასეა თუ ისე, სიბერე ყველასთან მოდის. მთავარია, ჩვენ როგორ დავხვდებით ამ არცთუ სასურველ სტუმარს.

 

სიბერე განაჩენი არ არის

წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა და ექიმებმა ასე ნანატრ მიზანს მიაღწიეს და სიბერე დაამარცხეს. ერთი მხრივ, რამდენ უსიამოვნებას დავაღწევთ თავს – უამრავი დაავადებისგანაც დაზღვეულნი ვიქნებით, არც შრომის უნარის დაკარგვისა თუ სხვის იმედად დარჩენისა შეგვეშინდება, არც საზოგადოებისგან გარიყვისა, არც იმაზე დარდი შეგვაწუხებს, რომ არავის ვჭირდებით და საკუთარ ოჯახსაც კი ტვირთად ვაწევართ, არც ჩვენივე ხანში შესული მეგობრების გასაჭირი გვატკენს გულს და ასე უდარდელად გავატარებთ მარადიულ ახალგაზრდობას. მაგრამ დაბერების გაქრობასთან ერთად გაქრება საზოგადოების ის ნაწილიც, ყველაზე თბილ, საყვარელ და მზრუნველ ადამიანებად რომ მოვიხსენიებთ. აღარ იქნებიან ფუმფულა ბებოები, ბავშვობაში ასე რომ გვანებივრებდნენ, სკოლიდან დაბრუნებულებს ცხელ-ცხელ ხაჭაპურებსა და ფუნთუშებს რომ გვახვედრებდნენ, დედების უჩუმრად დავალებების მომზადებაში რომ გვეხმარებოდნენ, ერთ დაცემინებაზეც კი ათასგვარ წამალსა თუ სამკურნალო ჩაის რომ გვაძალებდნენ, მშობლებისგან დატუქსვას ჩვენზე მეტად რომ განიცდიდნენ და მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდნენ, ჩვენთვის ესიამოვნებინათ. აღარც საყვარელი ბაბუები იქნებიან, გაზეთით ხელში გამუდმებით ხმაურს რომ უჩიოდნენ, წუწუნებდნენ, ბუზღუნებდნენ, მაგრამ შვილიშვილის მიერ წარმოთქმულ უბრალო ლექსზეც კი ცრემლი ადგებოდათ. აღარც საზოგადოების ყველაზე “ბრძენი ნაწილი” იარსებებს, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ რომ განსწავლა და მრავალი განსაცდელის გადალახვის შემდეგ იმ საკითხებზე აუხილა თვალი, რომლებსაც ახალგაზრდობაში ვერც კი ამჩნევდა.

ერთი სიტყვით, სიბერის გაქრობა კაცობრიობას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს. სიცოცხლის ყოველ ეტაპს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. ასეა სიბერეც, რომელიც უდიდეს ტკივილსა და სიხარულს აერთიანებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი არა მისი გაქრობა, არამედ მანკიერ გამოვლინებათა გამოსწორება უნდა იყოს.

მაშ ასე, ვზრუნავთ სიბერეზე!

 

გული არ ბერდება?

გული ყოველწამიერად არანორმალურ დატვირთვას უძლებს. ჰოდა, რა გასაკვირია, მრავალი წლის შეუსვენებელმა შრომამ გადაღალოს და გამოფიტოს... მით უფრო – მასზე გავლენას ახდენს უამრავი მავნე ფაქტორი, რომლებსაც ჩვენ თვითონ დაუღალავად ვუქმნით ჩვენსავე თავს. ყოველივე ამის შედეგად თავს იჩენს დაავადებები, რომელთა გამოვლენის სიხშირე და სიმძაფრე ასაკის პირდაპირპროპორციულად  იზრდება და რომლებიც მთავარ როლს ასრულებს ხანდაზმულთა  სიკვდილობაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელი მსოფლიოსთვის, განვითარებისა და ცხოვრების დონის მიუხედავად, ნომერ პირველ პრობლემად რჩება.

 

გულის დანიშნულება და მნიშვნელობა ყველამ კარგად იცის, ამიტომ ადამიანის ცხოვრებაში მის როლზე აღარ შევჩერდებით, მაგრამ ამ არაჩვეულებრივ ორგანოს ერთი დიდი “ნაკლი” აქვს – მისი უჯრედები არ რეგენერირდება. თუ დაზიანდა, მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს, რომელიც, რბილად რომ ვთქვთ, იდეალური თვისებებით არ გამოირჩევა. სწორედ ეს უდევს საფუძვლად გულიდან მომდინარე პრობლემებს, რომლებიც ასე ხშირად აწუხებთ ხანდაზმულებს.

 

ქოლესტეროლი, ქოლესტეროლი და კიდევ ერთხელ ქოლესტეროლი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი მთავარი მტერი ქოლესტეროლია. როდესაც სისხლში მისი კონცენტრაცია დასაშვებზე მაღალია, ის სისხლძარღვებში ლაგდება, ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის და სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებას, ზოგჯერ კი დახშობასაც იწვევს. თუმცა ყველა პრობლემის ქოლესტეროლისთვის დაბრალება არ ივარგებს. ის ჰორმონთა წარმოქმნას,  ვიტამინის სინთეზს, ნერვული იმპულსის გატარებას, კარგ მხედველობას, გუნება-განწყობის ამაღლებასაც უზრუნველყოფს. ბოლოს და ბოლოს, ქოლესტეროლი ნაღვლის მჟავების შემადგენლობაში შედის, რომელთა გარეშეც საჭმლის მონელება ძალიან გაგვიჭირდებოდა.  მოკლედ, ზომიერი რაოდენობით ეს ნივთიერება ორგანიზმისთვის მეტად საჭირო რამაა, მაგრამ თუ ძვირფასი წლები სხვადასხვა არაჯანსაღი საკვებით ქოლესტეროლის უსაზღვრო მარაგის შექმნას დაუთმეთ, სიბერეში პრობლემები გარანტირებული გექნებათ. მეტიც – შესაძლოა, უსიამოვნებამ უფრო ადრეც იჩინოს თავი. სტატისტიკური მონაცემებით, სისხლში ქოლესტეროლის 200 მგ`დლ-ის შემდეგ ყოველი 50 მგ`დლ-ით მატება ინფარქტის ალბათობას ორჯერ ზრდის.  გულზე არანაკლებ მავნე გავლენას ახდენს თამბაქოს წევა, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი სმა, სიმსუქნე, ადინამია, მაღალი წნევა... დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს და დაავადებებსაც.

 

გავრცელებული პრობლემები

გულის ანგინა – ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელიც ქვედა ყბას, მხარს, ზურგს, ეპიგასტრიუმსა და ხელს გადაეცემა. გამოწვეულია გულის მკვებავ არტერიებში სისხლის ნაკადის შემცირებით. მიზეზი უმეტესად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანებაა. მიოკარდიუმის ინფარქტისგან განსხვავებით, რომელიც გულის უჯრედების კვდომას იწვევს, სტენოკარდიული შეტევა დროებითია და ნიტროგლიცერინის მიღების და`ან დატვირთვის მოხსნის შემდეგ, წესისამებრ, გაივლის. ასეთი სიმპტომების შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს – შესაძლოა, ისინი საყლაპავის, გულმკერდის ან ფილტვის პათოლოგიები თიყოს გამოწვეული.

არითმია – გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა განვითარდეს მალნუტრიციის, ქრონიკული ინფექციის, ანემიის გამო (ხშირია სისხლის კარგვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან) ან როგორც სხვადასხვა დაავადების გართულება (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის ქრონიკული უკმარისობა). არითმიის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, წინაგულების ფიბრილაცია, ადვილად მართვადია, მაშინ როდესაც პარკუჭთა ფიბრილაცია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობაა და სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.

არტერიული ჰიპერტენზია –  მაღალი წნევა ლამისაა ხანდამულთა სავიზიტო ბარათად იქცეს. მართალია, პრობლემამ შესაძლოა ფაქტობრივად ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, მაგრამ 65 წლიდან მისი სიხშირე წარმოუდგენლად იმატებს – დაახლოებით 50-60%-თან გვხვდება. არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი ჯერაც არ დაუდგენიათ (თუ ის მეორეული, ე.ი. რომელიმე დაავადების შედეგად აღმოცენებული არ არის), მაგრამ ცნობილია, რა უწყობს ხელს მის განვითარებას – არასწორი კვება, ჭარბი წონა, ადინამია, მავნე ჩვევები.  არამართვადი  ჰიპერტენზია ინფარქტისა და ინსულტის რისკს ზრდის. არცთუ იშვიათად ზარალდება სხვა ორგანოებიც – თირკმელები, თვალები და სხვ.

გულის ქრონიკული  უკმარისობა –  ზემოხსენებული პრობლემები გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარებას იწვევს. სტატისტიკური მონაცემებით, 75 წელს გადაცილებულებთან ეს მდგომარეობა 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებთან. ტერმინი გულის ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას მოიაზრებს. ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებით ორგანოთა მომარაგებას გული ვეღარ უზრუნველყოფს. შედეგად მთელი ორგანიზმი ზიანდება. რამდენად სწრაფად ამოიწურება გულისმიერი რეზერვი, ორგანიზმის თანდაყოლილ, ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული და იმაზეც, როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა უმრავლესობის განვითარებას ხელს უწყობს ცხოვრების არაჯანსაღი წესი. მართალია, გენეტიკურ განწყობას და სქესს ვერ შევიცვლით, მაგრამ ცხოვრების წესის შეცვლა ნამდვილად შეგვიძლია:

* მიირთვით ჯანსაღი საკვები;

* ივარჯიშეთ – ზომიერი ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის საწინდარია. მთავარია, საკუთარი ასაკი და შესაძლებლობები არ დაივიწყოთ და მეტისმეტი არ მოინდომოთ. ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

* აკონტროლეთ წნევა, წონა, სისხლში ქოლესტეროლის დონე.

* როგორც კი წნევის მაჩვენებლები 140`90 მმ ვწყ სვ-ს ასცდება, მიმართეთ ექიმს

* თუ ქოლესტეროლი ნორმაშია, ის 5 წელიწადში ერთხელ უნდა შეიმოწმოთ, მაგრამ თუ დიაბეტი, თირკმელების ან გულის პრობლემები გაქვთ, მისი შემოწმება უფრო ხშირად მოგიწევთ.

* გადაეჩვიეთ თამბაქოს წევას, ალკოჰოლის მიღებას.

* თუ 65 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცი ბრძანდებით და ეწევით ან ეწეოდით, ჩაიტარეთ სკრინინგი გულის მკვებავი სისხლძარღვების ანევრიზმაზე.

* რეგულარულად მიმართეთ ექიმს და ზედმიწევნით შეასრულეთ მისი რეკომენდაციები.

 

რა ემართებათ ძვლებს?

სიარულსა და ტანდეგობის ცვლილება ხანდაზმულებთან საკმაოდ ხშირია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მოხუცები სიმაღლეშიც იკლებენ. ამის მიზეზი ორგანიზმის გაღარიბება ყოფილა. ხერხემლის მალები ერთმანეთს გელისმაგვარი ბალიშით, ე.წ. დისკოთი უერთდება. სითხის კარგვის გამო დისკო უფრო და უფრო თხელდება, რაც ხერხემლის დამოკლებას იწვევს. ასევე თხელდება თითოეული მალაც. ხერხემლის სვეტი მრუდდება და იჭმუხნება. ტერფის თაღები სიმკვეთრეს კარგავს, რაც ასევე იწვევს სიმაღლის შემცირებას. ატროფიის გამო მცირდება კუნთოვანი მასაც. ასაკთან ერთად იკარგება ძვლის მასა და სიმკვრივე, განსაკუთრებით – ქალებთან. ძვლები მყიფე ხდება, რის გამოც ხშირდება მოტეხილობები. სახრების დაშლა შესაძლოა საფუძვლად დაედოს ანთებას, ტკივილს, დეფორმაციებს. სიარული რთულდება და იზღუდება. მოხუცები ადვილად იღლებიან და უფრო ნაკლებს დადიან. ასეთ ცვლილებებს განიცდის ფაქტობრივად ყველა, მაგრამ სხვადასხვაა ართრიტის გამოვლენის ხარისხი – უმნიშვნელოდან მძიმე ფორმებამდე. ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით – ქალებთან, ოსტეოპოროზი, ვინაიდან მენოპაუზის შემდეგ მთელ ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი იწყება. ხშირია ოსტეოართრიტიც.

 

როგორ მოვიქცეთ?

ვარჯიში ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებათა პრევენციის საუკეთესო გზაა. ასევე აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების მიღება და გაზიან სასმელებზე უარის თქმა. შესაძლოა დაგჭირდეთ კალციუმის პრეპარატიც. ჯანმოს რეკომენდაციით, 65 წლიდან ყოველდღიურად 1200 მგ კალციუმი უნდა მივიღოთ.

 

კარგი მხედველობა ყველა ასაკში

მხედველობის დარღვევა ხშირად იჩენს თავს ასაკთან ერთად და სერიოზულ დაბრკოლებებს წარმოშობს. პრობლემათა ნუსხა მრავალფეროვანია – ზოგს სიბნელეში უჭირს ხედვა, ზოგს სინათლიდან სიბნელეში გადასვლისას ან პირიქით, ზოგი მხედველობის ველში ლაქების გაჩენას უჩივის, ზოგი კი შორ თუ ახლო მანძილზე გამოსაყენებელი სათვალეების ცვლით დაიღალა.

რით ვუშველოთ თვალებს?

ასაკის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა კატარაქტაა. მას თვალის ბროლის შემღვრევა იწვევს. ნორმაში ბროლი გამჭირვალე წარმონაქმნია. ის ბიოლოგიური ლინზის ფუნქციას ასრულებს და ამოზნექილობის ცვლილების წყალობით სხივს ისე გარდატეხს, რომ ფოკუსი ბადურაზე გასწორდეს. ასაკთან ერთად ბროლი ელასტიკურობას კარგავს. ეს პრობლემა ასაკობრივი შორსმხედველობის, პრესბიოპიის სახელით არის ცნობილი. მისი კორექცია მარტივია – საკმარისია სათანადო სათვალის შერჩევა, რომ მხედველობა გამოსწორდეს, მაგრამ თუ ბროლს სხვა საფრთხე დაემუქრა – გამჭვირვალობა დაკარგა, ვითარდება კატარაქტა, რომლის ეფექტური მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაცია, ხელოვნური ბროლის ჩანერგვაა. მკურნალობის უახლეს მეთოდებს საქართველოშიც წარმატებით იყენებენ. ოპერაცია პაციენტის საფუძვლიან მომზადებას არ მოითხოვს, უმტკივნეულოა, რამდენიმე წუთს გრძელდება, რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლე აქვს და ძალზე ეფექტურია.

კიდევ ერთი, მეტად გავრცელებული დაავადება გლაუკომაა. ის თვალშიგა წნევის მატების შედეგად ვითარდება. ასაკთან ერთად თვალის სადრენაჟო სისტემის სტრუქტურა იცვლება, წინააღმდეგობა ძლიერდება, რაც წყალწყალა ნამის დინებას უშლის ხელს. შედეგად წნევა იმატებს და გლაუკომა ვითარდება. კატარაქტისგან განსხვავებით, თუ გლაუკომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგვიანდა, მხედველობა ვეღარ აღდგება. ჯანმოს მონაცემებით, ამ დიაგნოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 5500-მდე ადამიანი ბრმავდება. გლაუკომის მთელი სივერაგე ისაა, რომ შეუჩნევლად იწყება. ამიტომაც უწოდებენ მას ჩუმ მკვლელს. უკვე დაკარგულ მხედველობას ვერავითარი მკურნალობით ვეღარ აღვადგენთ, მაგრამ დროული დიაგნოსტიკით პროცესის შეჩერება და მართვა შეგვიძლია.

ვინაიდან თვალისჩინის შენარჩუნებაში თვალშიგა წნევას ასეთი დიდი როლი ეკისრება, 40 წლიდან 6 თვეში ერთხელ მისი მონიტორინგია რეკომენდებული.

მხედველობის დაქვეითებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტიც, რომელიც, თავის მხრივ, ასაკდამოკიდებული დაავადებაა. სისხლში გლუკოზის მატება დიაბეტურ რეტინოპათიას ანუ ბადურას დაზიანებას იწვევს. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში ბადურა შესაძლოა სრულიად ჩამოიშალოს. მკურნალობა ქირურგიული და ლაზერული მეთოდებითაა შესაძლებელი, პრევენციის მთავარი საშუალება კი სისხლში გლუკოზის კონტროლია. აუცილებელია პერიოდულად თვალის ფსკერის დათვალიერებაც.

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია – სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ ეს პრობლემა ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება. დაავადებას მაკულის ანუ ყვითელი ხალის არეში განვითარებული ცვლილებები იწვევს. ეს ცვლილებები ცენტრალურ მხედველობას აუარესებს, პერიფერიული კი უმეტესად შენარჩუნებულია. მართალია, დაავადების მიზეზი უცნობია, მაგრამ, მეცნიერთა აზრით, მის განვითარებაში ისევ და ისევ ცხოვრების წესსა და მავნე ჩვევებს მიუძღვის ბრალი. ასე რომ, სწორი კვება, ჯანსაღი აქტივობა და ექიმთან კონსულტირება თვალისჩინის შესანარჩუნებლადაც აუცილებელი ყოფილა. ასევე უნდა ერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

 

ტელევიზორს აუწიე, კიდევ გაიმეორე...

დაბერების რთულ და მრავალმხრივ პროცესს ვერც ყური აღწევს თავს. სმენის დარღვევის სიხშირე ასაკთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და 40-50 წლისთვის თუ ის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აწუხებს, 60-70 წლისთვის სმენის დაქვეითებას 40% უჩივის, 70 წელს გადაცილებულთა ნახევარზე მეტი კი სმენანაკლულია. მიზეზი, როგორც წესი, ერთი და იგივეა – მოხუცებულობითი სმენაჩლუნგობა. ასაკობრივი შორსმხედველობისგან განსხვავებით, რომლის კორექციაც ადვილად შეიძლება სათვალით, მოხუცებულობითი სმენაჩლუნგობა გაცილებით ვერაგია. ის ძალიან ნელა ვითარდება. პირველად ახლობლები ამჩნევენ, თავად ხანდაზმული კი სმენის დაქვეითებას კატეგორიულად უარყოფს. თუ სმენის სხვა ტიპის დარღვევისას პროცესი უმთავრესად ლოკალური ხასიათისაა, მოხუცებულობითი სმენაჩლუნგობა სმენაში მონაწილე ყველა ორგანოს აზიანებს: შუა ყურს, რომელიც ბგერის გაძლიერებას იწვევს, შიგნითა ყურს, რომელიც ბგერით იმპულსებს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის, ნერვებს, რომელთა საშუალებით  ელექტრული სიგნალი თავის ტვინამდე აღწევს. თამაშგარე მდგომარეობაში არც თავის ტვინის ქერქში არსებული სმენის ცენტრი რჩება, რომლის დანიშნულებაც მიღებული სიგნალის გაშიფვრაა. პროცესში თავისი წვლილი თავის ქალას ძვლების ელასტიკურობის დაქვეითებასაც შეაქვს – ამ ცვლილების შედეგად ძვლები ცუდად ატარებენ ბგერას.

ამ ყველაფრის მიზეზისთვის მედიცინას ჯერაც ვერ მიუგნია. შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი ხმაური, გადატანილი დაავადებები, მიღებული წამლები უკვალოდ არ ქრება და სმენაჩლუნგობა ამ ფაქტორთა ჯამური მოქმედების შედეგია. არც გენეტიკური ფაქტორის გამორიცხვა შეიძლება.

ოტორინოლარინგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა სასმენი აპარატის შეძენა დაგჭირდეთ. აქვე უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სასმენი აპარატები ის მოუხერხებელი, პრაქტიკულად უსარგებლო ნივთები აღარ არის, რომლებიც მოხუცს თითქმის ვერ უბრუნებდა სმენას, გარშემო მყოფებს კი გულის შემაწუხებელი ხმაურით აყრუებდა. მოკლედ, სმენის დაქვეითება განაჩენად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. მთავარია მისი დროული დიაგნოსტიკა და მართვა. რეკომენდებულია სმენის გამოკვლევა წელიწადში ერთხელ. თუ დარღვევა სერიოზულია, შესაძლოა კოხლეარული იმპლანტატი დაგჭირდეთ – პატარა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ყურის უკან, კანში იდგმება.

 

კიდევ რა?

დისფაგია – ასაკობრივმა ფიზიკურმა ცვლილებებმა, მედიკამენტთა გვერდითმა ეფექტებმა, დემენციამ და სხვადასხვა დაავადებამ შესაძლოა ყლაპვის გაძნელება გამოიწვიოს. ეს მალნუტრიციას და ისედაც გამოფიტული ორგანიზმის უფრო მეტ გამოფიტვას უწყობს ხელს. შედეგად იმუნიტეტი უფრო მეტად სუსტდება, სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი კი იზრდება.  აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუ ყლაპვის დროს ტკივილი ან დისკომფორტი იგრძენით. პრობლემა შესაძლოა სულ ადვილად მოგვარდეს. თუ მიზეზი სერიოზული დაავადებაა, ადრეული დიაგნოსტიკა მის გამოსავალზეც დადებითად იმოქმედებს.

მალნუტრიცია – მართალია, ჯანმრთელობაზე მზრუნველი ყველა ორგანიზაცია, ექიმი თუ ახლობელი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად წონის კორექციას მიიჩნევს, მაგრამ ხანდაზმულ ასაკში წონის მნიშვნელოვანი კლება ყურადსაღები სიმპტომი უფროა, ვიდრე ჯანმრთელობის მაჩვენებელი. ასე რომ, თუ თქვენი ოჯახის ხანდაზმულმა წევრმა წონა დაიკლო ან მადა შეეცვალა, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

შარდის შეუკავებლობა – საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მას სფინქტერის ასაკობრივი დაზიანება იწვევს. ქალებთან ამის მიზეზი უმეტესად ხშირი მშობიარობაა, მამაკაცებთან – პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. შარდის შეუკავებლობას იწვევს საშარდე გზების ინფექცია, გულის დაავადებები, დიაბეტი, დემენცია, მედიკამეტთა გვერდითი ეფექტები და ზოგჯერ საპირფარეშოსთან დროულად მისვლის შეუძლებლობაც კი. შარდის შეუკავებლობა ხშირად დეპრესიისა და იზოლაციის მიზეზად იქცევა და პაციენტთა უმრავლესობას მისი გამხელისა ექიმთანაც კი რცხვენია, არადა სულ ტყუილად – მისი მართვა უმეტესად ძალიან ადვილია.

ხშირი ინფექცია – დაავადებათა რისკფაქტორებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ რისკჯგუფებს უმეტესად ხანდაზმულები შეადგენენ. რატომ? ასაკთან ერთად ორგანიზმის იმუნური სისტემა უფრო და უფრო სუსტდება და კარგავს უნარს, ამა თუ იმ პრობლემას თავი გაართვას. სწორედ ამ დროს შეიძლება იჩინოს თავი მრავალმა ისეთმა ინფექციამ, რომლებიც ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში ვერ მოგვერეოდა. ხანდაზმულ ასაკში ყველაზე გავრცელებული ინფექციების ხუთეული ასე გამოიყურება: საშარდე გზების ინფექციები, კანის ინფექციები (ჰერპესი, ტერფის ბაქტრეიული ან სოკოვანი დაზიანება, სხვადასხვა წარმოშობის წყლულები), ბაქტერიული პნევმონია, გრიპი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები (ძირითადი გამომწვევებია ჰელიკობაქტერია და კლოსტრიდიუმი). მათგან განსაკუთრებით საშიში გრიპისა და პნევმონიების ერთობლიობაა, რომელიც, მაგალითად, აშშ-ში სიკვდილობის მიზეზთა ნუსხაში მე-6 ადგილზე დგას. ამიტომ ექიმები ხანდაზმულებს ყოველწლიურად, ოქტომბერში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის გართულებებმა შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ვფიქრობ, იმის თაობაზე, აიცრათ თუ არა, დავა არ ღირს.

ძილის დარღვევა – ხანდაზმულებს უძილობის იმდენიუ მიზეზი აქვთ, რომ ამ ასაკში ჯანმრთელი, უშფოთველი ძილი ლამის სასწაულად მიიჩნევა – სტრესი, გაღიზიანება, ფსიქიკური პრობლემები, დელირიუმი, დემენცია, მედიკამენტები, სხვადასხვა წარმოშობის ტკივილი, ართრიტი, სუნთქვის გაძნელება, გულის უკმარისობა... ექიმს უნდა მიმართოთ არა მარტო უძილობის დროს, არამედ მაშინაც, თუ გიჭირთ ჩაძინება, ხშირად იღვიძებთ, ძილში შფოთავთ, გიჭირთ გამოღვიძება, დღის განმავლობაში ძილი გერევათ, ხვრინავთ, ძილის დროს წამიერად სუნთქვას წყვეტთ (ე.წ. ღამის აპნოე). რამდენად შველის უძილობას საძილე პრეპარატები, ამას ჟურნალის მმდევნო გვერდებზე, ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ალცჰაიმერის დაავადება

 

“კონსტანტინე ნავროზაშვილი არ გაგიგონიათ? კონსტანტინე ნავროზაშვილი! მთელმა ქალაქმა იცის... მაგან იცის,  სად ვცხოვრობ!” – ალბათ ყველას გახსოვთ ფილმ “უძინართა მზის” პერსონაჟი მოხუცი ქალი, რომელიც ვერც საკუთარ მისამართს იხსენებს,  ვერც ნათესავების ვინაობას და თავისი ახალგაზრდობის ფოტოებით იწონებს თავს. ყველასგან მიტოვებული, ელგუჯა ბურდულის გმირს ბოლოს თავისთან  მიჰყავს.

ჩვენ გარშემო, შინ თუ გარეთ, უამრავი ასეთი მოხუცია. მათ ზოგჯერ საკუთარი სახელიც კი ავიწყდებათ, კარგავენ დროსა და სივრცეში ორიენტაციას, ხშირად ბრუნდებიან ბავშვობაში, დღეში რამდენჯერმე შეცდომით სვამენ წამლებს, გამუდმებით შიათ და წუწუნებენ, რომ მთელი დღეა არაფერი უჭამიათ,  ჯიბით ტკბილეულს დაატარებენ,  ჩუმად აგროვებენ და მათი ბალიშის ქვეშ შესაძლოა ტკბილეულის მთელ გროვას წააწყდეთ. მათი ოჯახის წევრები ჩივიან, რომ მოხუცს “სკლეროზი” დაემართა და ძნელი მოსავლელი გახდა.

რითია გამოწვეული ქცევისა და ხასიათის ამგვარი ცვლილება? რა ვიცით ალცჰაიმერის დაავადების შესახებ? ქვემოთ სწორედ ამაზე გესაუბრებით.

ალცჰაიმერის დაავადება თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა,  რომელსაც თავის ტვინის უჯრედების დაზიანება და ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითება ახასიათებს. ის პირველად გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა აღწერა 1906 წელს. მან შეისწავლა იმ გარდაცვლილი პაციენტის თავის ტვინი, რომელსაც მეხსიერებისა და მეტყველების დარღვევით და ქცევის ცვლილებით გამოხატული უცნაური მენტალური დაავადება ჰქონდა. მას შემდეგ მრავალი მეცნიერი ცდილობდა და დღემდე ცდილობს ამ ვერაგი დაავადების დამარცხებას.

 

ჰიპოთეზები

ალცჰაიმერის დაავადება ბოლომდე შეუსწავლელია და მისი განვითარების მექანიზმის შესახებ უამრავი ჰიპოთეზა არსებობს. გარეგან ფაქტორებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გენეტიკურსაც. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, დაავადებას საფუძვლად უდევს თავის ტვინის უჯრედებში, ნეირონებში, სპეციფიკური ცილის – ე.წ ბეტა-ამილოიდური ფოლაქების დაგროვება, რაც არღვევს ნეირონის ფუნქციას და მის სიკვდილს იწვევს. გენი (AAP), რომლის მუტაციის (ცვლილების) შემდეგაც იწყება ბეტა ამილოიდის სინთეზი, 21-ე ქრომოსომაშია მოთავსებული. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ მეცნიერებმა შეისწავლეს დაუნის სინდრომის მქონე პაციენტები,  რომელთაც 40 წლის ასაკში გამოაჩნდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომატიკა, დაუნისსინდრომიან პაციენტებს კი 21-ე ქრომოსომულ წყვილში ხშირად აქვთ ზედმეტი ქრომოსომა და, შესაბამისად, ზედმეტი AAP გენიც.

ტაუ ჰიპოთეზის თანახმად, დაზიანება ტაუ ცილის სტრუქტურაში ხდება, რის შემდეგაც ეს ცილები ერთმანეთს “ეწებებიან” და ე.წ. ნეიროფიბრილურ ხვეულებს წარმოქმნიან. უჯრედის სანტრანსპორტო ფუნქცია ირღვევა და ნეირონიც კვდება.

 

რა ემართება თავის ტვინს

თავის ტვინი ნელ-ნელა ზიანდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სანამ სიმპტომები თვალში საცემი გახდება, პროცესი დახლოებით ათ წელიწადს მიმდინარეობს. თავდაპირველად ზიანი ადგება ჰიპოკამპს, სადაც მეხსიერების ცენტრი მდებარეობს, მერე კი დაზიანება თანდათან მთელ თავის ტვინს მოიცავს.

 

რამდენად ხშირია

აშშ-ის მონაცემებით, 5,3 მილიონ ამერიკელს ალცჰაიმერის დაავადება აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად კი დაავადებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 24 მილიონამდე აღწევს. მოხუცებულთა სიკვდილის მიზეზებს შორის ალცჰაიმერის დაავადებას მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ. ის უმთავრესად 60-65 წლიდან იჩენს თავს და უმეტესად – ქალებთან. გაგიკვირდებათ და ზოგი მეცნიერი ამას მენოპაუზის შემდეგ ესტროგენების კლებას უკავშირებს. თუმცა ალცჰაიმერი მხოლოდ მოხუცებულთა დაავადება არ არის. დაავადებულთა 5%-ის ასაკი 30-დან 60 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ დაავადება მემკვიდრეობითია. აღსანიშნავია ისიც, რომ შავკანიანებს ალცჰაიმერის განვითარების შედარებით დაბალი რისკი აქვთ.

 

როგორ ამოვიცნოთ

ალცჰაიმერის დაავადების ნიშნებია:

* მეხსიერების დაქვეითება. ავადმყოფს ავიწყდება ახლახან მომხდარი ამბები, რაც ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უუნარობითაა განპირობებული. ხანმოკლე მეხსიერების ცენტრი ჰიპოკამპში მდებარეობს, ალცაიმერის დაავადება კი ყველაზე ადრე, როგორც ითქვა, ტვინის ამ ნაწილს აზიანებს. ამიტომაა, ადამიანს თავდაპირველად უახლოესი წარსული რომ ავიწყდება,  ხოლო ძველი ამბები კარგად ახოვს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მეხსიერების პრობლემებიც მძიმდება. ავადმყოფები ვეღარ სცნობენ ოჯახის წვერებს,  რამდენჯერმე ჰყვებიან ერთსა და იმავე ამბავს. ექიმთან ვიზიტის დროს პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან გულმავიწყობას,  დაბნეულობას და, საზოგადოდ, ფსიქიკური ფუნქციების გაუარესებას, – მაგალითად, შესაძლოა ავიწყდებოდეთ ტელეფონის ნომრები ან უჭირდეთ გადაწყვეტა, რომელ ავტობუსს გაჰყვნენ,  იბნეოდნენ მაღაზიაში ფულის გადახდისას,  საუბრისას სიტყვებს ვერ პოულობდნენ (უმთავრესად ავიწყდებოდეთ სახელები),  – თუმცა კონკრეტულად მეხსიერების გაუარესებაზე არაფერს ამბობენ.

* ენობრივი შესაძლებლობების გაუარესება – ანომია, სიტყვების მიგნების შეუძლებლობა. ავადმყოფი ვერ იხსენებს ამა თუ იმ საგნის სახელს. დაავადების მძიმე სტადიაში მოსალოდნელია მეტყველების გაღარიბება. ზოგი პაციენტი საერთოდ აღარ ლაპარაკობს.

* დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია. ავადმყოფებს ავიწყდებათ, რომელი წელია,  წელიწადის რომელი დრო, ხშირად ვერ აცნობიერებენ, სად იმყოფებიან, ვეღარ აგნებენ სახლს, ზოგჯერ – საკუთარ ქუჩაზე ყოფნის დროსაც კი; სივრცითი დეზორიენტაციის გამო უჭირთ კიბეზე ასვლა-ჩასვლა.

* ხასიათის ცვლილება. ის შესაძლოა გამოიხატოს დეპრესიით, ემოციური ლაბილურობით, აგრესიით. თავს იჩენს პიროვნული ცვლილებები და ქცევითი დარღვევები. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში ახლობლები ხშირად ითხოვენ დახმარებას პაციენტის აგრესიული ან სახიფათო ქცევის გამო, რომელმაც შესაძლოა ხანძარი ან სხვაგვარი ზიანი გამოიწვიოს.

* პიროვნების დაქვეითება ან სოციალური ქცევის მოშლა-დეზადაპტაცია. ავადმყოფები არ იცავენ პირად ჰიგიენას, აცვიათ ამინდთან შეუსაბამოდ. ზოგჯერ უჭირთ ჩაცმა.

* მიზანდასახული აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვა. ავადმყოფებს აღარ აინტერესებთ საქმე, რომელიც წლების განმავლობაში სიამოვნებას ჰგვრიდათ. აღარ უნდათ ახლობლებთან,  მეგობრებთან ურთიერთობა, მარტოობას ამჯობინებენ.

* ე.წ მზის ჩასვლის სინდრომი (შუნდოწნინგ)- ხეტიალი,  ღამის აღგზნება,  დღე-ღამის ციკლის არევა.

* მძიმე შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ჰალუცინაციებმა,  ილუზიებმა,  გულყრებმა, ძილიანობამ. პაციენტი დამოუკიდებლად ვეღარაფერს აკეთებს.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის, უწინარესად, მნიშვნელოვანია ანამნეზი და კლინიკური სურათი. გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს სხვა დაავადებები,  რომლებმაც შესაძლოა მეხსიერებისა და ქცევის პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, ჰიპოთირეოზი,  ვიტამინ B12-ის დეფიციტი,  სიმსივნე,  ნეიროსიფილისი... ამისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რამდენიმე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა. მართალია, თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანების დიაგნოსტირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის შეკრებასა და ფიზიკურ გასინჯვას, მაგრამ დაავადების მიზეზების მეტი სიზუსტით დადგენა მხოლოდ ნეიროვიზუალური გამოკვლევებითაა შესაძლებელი, რომელთა შორის აღსანიშნავია კომპიუტერული ტომოგრაფია (CT),  მაგნიტურ-რეზონანსული ნეიროვიზუალური გამოკვლევა (MRI),  ერთფოტონური ემისიური კონტროლირებადი ტომოგრაფია (SPEST), რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, არ ტარდება, და პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია (PET). აუცილებელია ნეიროფსიქოლოგიური ტესტებიც: მინი მენტალური ტესტი,  სამი პუნქტის გამეორების ტესტი,  ცხოველების დასახელების ტესტი. ამ დროს პაციენტი ასრულებს სხვადასხვა დავალებას, მაგალითად, იმახსოვრებს სიტყვებს,  კითხულობს,  ამოიცნობს ნივთებს,  ცხოველებს სურათებზე,  ხსნის მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს.

 

 რისკფაქტორები

* ასაკი

* ოჯახური ანამნეზი

* დისლიპიდემია

* შაქრიანი დიაბეტი

* მწეველობა

* სიმსუქნე

* არტერიული ჰიპერტენზია

* დაუნის სინდრომი

* თავის ტვინის ტრავმული დაზიანება

 

მკურნალობა

ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია – ჩივილების შემსუბუქებას ისახავს მიზნად. მისგან განკურნება დღესდღეობით, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ამერიკის სურსათისა და და წამლების მაკონტროლებელი ორგანოს (FDA) მიერ რეკომენდებული პრეპარატებია ქოლინესთერაზის ინჰიბიტორები (გალანტამინი, რივასტიგმინი,  დონეპეზილი) და NMDA ანტაგონისტები (მემანტინი). ეს პრეპარატები მეხსიერებას აუმჯობესებს,  თუმცა მრავალი გვერდითი ეფექტი აქვს. მეორეული სიმპტომების სამართავად იყენებენ ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ პრეპარატებს,  ნეიროლეპტიკებს.

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია, პაციენტი ჩაერთოს აქტიური ცხოვრების რიტმში,  ხელი მოჰკიდოს რაიმე საქმიანობას, მაგალითად, ხელსაქმეს, ცხოველების მოვლას. აუცილებელია გარემოს კომფორტულად მოწყობა, ადეკვატური განათების,  ტუალეტთან იოლად მისვლის, სააბაზანოს კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

დაბოლოს

ცნობილია,  რომ ადამიანებს,  რომლებიც თამაშობენ ჭადრაკს,  ავსებენ კროსვორდებს,  იციან რამდენიმე ენა,  უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე,  კითხულობენ ბევრს, ალცჰაიმერის დავადების განვითარების შედარებით დაბალი რისკი აქვთ. მნიშვნელოვანია ასევე სწორი კვების რეჟიმი, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის,  თევზის, ზეითუნის ზეთით მომზადებული კერძების,  წითელი ღვინის,  B ჯგუფის ვიტამინების,  ფოლიუმის მჟავასა და მიკროელემენტების მიღება. მეცნიერებმა დაადგინეს ინდური სანელებლის აუცილებელი ინგრედიენტის, კურკუმის, დადებითი გავლენა დაავადების დროს. კურკუმა (იგივე ყვითელი კოჭა, ინდური შაფრანი) უხვად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს,  ხოლო კურკუმინი, მისი ძირითადი ნივთიერება,  მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებით გამოირჩევა. არ უნდა უგულებელვყოთ ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ასე რომ, მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს,  ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების აღმოჩენისას დროულად მივმართოთ ექიმს. მართალია, განკურნება – არა, მაგრამ დაავადების დროულად აღმოჩენისას მისი პროგრესირების შენელება შესაძლებელია.

 

დაიწყეთ მცირედით, იარეთ ნელა!

როგორ მოვიქცეთ, რომ დაბერების ტემპი შევანელოთ და ჯანმრთელობა სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნოთ? ეს კითხვა ალბათ თითოეულ თქვენგანს გასჩენია. პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ, რეალობის გათვალისწინებით, ამ რჩევის შესრულებას ცოტა თუ ახერხებს. ზოგს ათასგვარი მედიკამენტის მიღება ჰგონია უზრუნველი სიბერის საწინდარი, ზოგს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული და ყოველგვარი გარეგანი ძალისხმევა ამაოა.

მაშ, შეგვიძლია თუ არა, გავლენა მოვახდინოთ დაბერების ტემპზე? ან როგორ ვმართოთ ხანდაზმულ ასაკში თავჩენილი პრობლემები? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ნევროლოგი გიორგი გეგელაშვილი.

 

– რაზეა დამოკიდებული დაბერების ტემპი?

– სამედიცინო გაგებით, ხანდაზმულობა 65 წლიდან იწყება. განასხვავებენ კალენდარულ და ბიოლოგიურ ასაკს. იდეალურ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ბიოლოგიური ასაკი უსწრებს კალენდარულს, ნაადრევ დაბერებაზე ვსაუბრობთ. დაბერების პროცესი ძალზე რთული ბიოლოგიური და ბიოქიმიური კასკადისგან შედგება. ფიზიოლოგიურ პირობებში ის ნელა, დუნედ მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ფაქტორთა მთელი წყება, რომელმაც შესაძლოა დაბერების ტემპი დააჩქაროს. მისი სიჩქარე, უპირველესად, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამასთან, ადამიანს აბერებს ნებისმიერი არასასურველი პროცესი: მუდმივი სტრესი, ქრონიკული ავადმყოფობა, სოციალური ფაქტორები, – ერთი სიტყვით, ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური თუ სამედიცინო პრობლემები.

დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად აფასებს თუ არა ექიმი სიბერის გამოხატულებას. სპეციალისტის თვალი ნორმიდან გადახრას ყოველთვის ამჩნევს. ასევე ამჩნევენ გარშემო მყოფებიც – იტყვიან, როგორ დაბერებულა, რამე ხომ არ სჭირსო. მაგრამ გასინჯვის დროს მხოლოდ ემოციებს და სუბიექტურ აღქმას არ უნდა დავეყრდნოთ. არსებობს მარტივი სპეციალური ინსტრუმენტები: ყოველდღიური ძირითადი საქმიანობის შეფასება, მინი ფსიქიკური ტესტი, მონრეალის აზროვნების სკალა და სხვა. კვლევის სხვადასხვა მეთოდით აზროვნების მინიმალურ დაზიანებასაც კი ვავლენთ. მხოლოდ ამ ტესტებით დადასტურების შემდეგ ვსაუბრობთ კონკრეტულ პრობლემაზე.

– როდის და როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ჯანმრთელი სიბერისთვის ზრუნვა?

– სიბერისთვის ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჯანმრთელი სიბერის ერთადერთი გარანტია ცხოვრების ჯანსაღი წესია. ის მოიცავს კვების, წყლისა და ღვინის სმის, ძილის, დასვენებისა და შრომის ჰიგიენას. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება და ჰარმონიული შეჯერება აუცილებელია, რათა მშვიდად გავატაროთ სიბერე.

 

კვება

– ადამიანი, განსაკუთრებით – ხანდაზმული, დღეში, სულ მცირე, ოთხჯერ უნდა იკვებებოდეს, ზედმიწევნით მრავალფეროვნად, რაც შეიძლება მოხერხებულ სივრცეში, დადებით გარემოში, სიმშვიდეში, ერთსა და იმავე დროს. თითოეულ ამ ფაქტორს საჭმლის მონელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე ორგანიზმი, მომნელებელი ფერმენტები შეწყობილად მუშაობენ და ნივთიერებათა ცვლა რეგულირდება. მიირთვით თუნდაც ძალიან ცოტა, მაგრამ ერთსა და იმავე დროს. რამდენიმეჯერ მომიწია უცხოეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტში, დიპლომის შემდგომი განათლების მიღება. თვეობით ვცხოვრობდი იქ და არ მახსოვს, ერთხელ მაინც ჩემს რომელიმე პროფესორს სადილის დროს ან რაიმე დავალება მოეცეს, ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი. სწორი კვება იქ კულტურის ნაწილია. საქართველოში კი დიდი ყურადღება ექცევა საღამოს ტრაპეზს და არა იმას, როგორ ვიკვებებით მთელი დღის განმავლობაში.

– არსებობს თუ არა საკვები, რომლის მიღებისგანაც ხანდაზმულებს თავის შეკავება უჯობთ?

– თუ ავადმყოფობა არ უშლის ხელს, ხანდაზმულს ზომიერად ყოველგვარი საკვების მიღება შეუძლია. ერთი კია – იმპორტულ პროდუქტს, უმჯობესია, ერიდოს, რადგან ის უმეტესად ქიმიურად დამუშავებული და გენმოდიფიცირებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, ბანანი ან ანანასი ეკრძალებათ – იშვიათად, გასახალისებლად, შეიძლება, მაგრამ ყოველდღიური რაციონი ადგილობრივი სურსათისგან უნდა შედგებოდეს.

 

წყალი

– ისევე როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, ხანდაზმულმაც ბევრი წყალი უნდა სვას. ქართველი ხალხი ოდესღაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წყლის სმის კულტურას. წყაროსთან შეჩერება და შესვენება ერთგვარი რიტუალი იყო. დღეს შესაძლოა წყალი არც კი შემოგთავაზონ, სამაგიეროდ უხვად მოგამარაგებენ ყავით ან გაზიანი სასმელებით.

– წყლის დღიური ნორმა ხანდაზმულისთვისაც იგივეა, რაც ახალგაზრდისთვის?

– დიახ, ხანდაზმულმა უნდა მიიღოს დაახლოებით 2-3 ლიტრი სითხე (ცხადია, თუ ეს ავადმყოფობის გამო უკუნაჩვენები არ არის). სითხის უმეტეს ნაწილს წყალი ან ისეთი პროდუქტები უნდა შეადგენდეს, რომლებიც უმთავრესად წყალს შეიცავს. გაითვალისწინეთ, ხანდაზმულებს წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ, ფაქტობრივად არ სწყურდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალი არ სჭირდებათ. მოხუცს თუ პირი უშრება, უნდა მიხვდეთ, რომ სითხე მიაწოდოთ.

 

დაიძინეთ დღეს, გაიღვიძეთ ხვალ

– რას გულისხმობს ძილის ჰიგიენა?

– ძილის ჰიგიენას ადამიანის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვენლობა აქვს. სამწუხაროდ, მას სათანადოდ არ აფასებენ. მე ხშირად ვიყენებ ერთ გამოთქმას, რომელიც ჩემს კოლეგებს ძალიან მოსწონთ: თუ გსურთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, უნდა დაიძინოთ დღეს და გაიღვიძოთ ხვალ. არ შეიძლება, ადამიანი ხვალ იძინებდეს. ჩვენში ეს მანკიერი პრაქტიკა ყოველდღიურობად იქცა. ამის გამო უმეტესობა დილის საათებს საწოლში ატარებს. ეს სრულიად დაუშვებელია. ასე ვერც ქვეყანას ავაშენებთ და ვერც ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ. არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ იწყებს დღეს ჩვენსავით გვიან. იქ სამსახურში 11 საათზე მისვლა წარმოუდგენელია. დილა ყველაზე ნაყოფიერი დროა და ის ფუჭად არ უნდა დავკარგოთ.

– ახალგაზრდობაში ადრე გაღვიძება, როგორც ბრძანეთ, ჯანმრთელი სიბერის ერთ-ერთი წინაპირობაა. ხანდაზმულებს უძილობა უფრო აწუხებთ. შეიძლება თუ არა ასეთ დროს საძილე პრეპარატების მიღება?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუტის წამყვანი მიმართულება ფსიქონევროლოგიაა, ჩვენც კი ძალიან იშვიათად ვუნიშნავთ საძილე პრეპარატებს. ისინი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ძილის ეპიზოდური დარღვევის დროს, მაგალითად, თუ ადამიანი დაბრუნდა სხვა გეოგრაფიული სარტყლიდან და დარღვეული აქვს ბიოლოგიური საათი ან სხვა ცვლაში იმუშავა და ა.შ. ხანგრძლივი უძილობა არა ცალკეული სიმპტომი, არამედ რომელიმე დაავადების გამოხატულებაა, ამიტომ აუცილებელია მიზეზის დადგენა და მკურნალობა, სხვაგვარად შედეგს ვერ მივიღებთ.

 

დასვენება

– ორგანიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანია დასვენების კულტურა. სწორად დასვენების მთავარი პირობაა, შაბათ-კვირის დღის სტრუქტურა დანარჩენი დღეებისას არ ჰგავდეს. სასურველია, ის განსხვავდებოდეს კლიმატური პარამეტრებითაც, მაგრამ მთავარია ისეთი მოტივაციის გაღვიძება ან გაზრდა, რომელიც კვირის დანარჩენ დღეებში არ გვქონდა. მაგალითად, ლაშქრობა. რამდენი ახალი თავსატეხი ჩნდება ამ დროს, მაგრამ, მიუხედავად დაღლილობისა, შინ მაინც კმაყოფილი ვბრუნდებით. ეს იმიტომ, რომ ადამიანი მისთვის უცხო პრობლემებზე გადაერთვება, ეს გადართვა კი, სტრესულიც რომ იყოს, სასიამოვნო სტრესია და არა დისტრესი, ამიტომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

– კიდევ რა აფერხებს დაბერებას?

– უკვე უმაღლესი სანდოობის მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული, რომ ინტელექტუალური აქტივობა მოხუცებულობით ჭკუასუსტობას ამცირებს. ყოველგვარი შემეცნებითი საქმიანობა, გონებრივი ვარჯიში: კროსვორდების შევსება, ტელევიზორის ყურება, გაზეთისა თუ წიგნის კითხვა, ლექსების გამეორება – მეხსიერებისთვის ძალზე სასარგებლოა. ასე რომ, თუ ბებია და ბაბუა შვილიშვილს ლექსების სწავლასა და გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარებიან, გვიან დაბერდებიან.

 

დაცემა – სერიოზული საფრთხე

– ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებით ხშირია სხვადასხვა ტიპის მოტეხილობა...

– დიახ, ასეა და ზოგჯერ ელემენტარული ტრავმა მეტად მძიმე შედეგსაც იწვევს სიცოცხლის ხელყოფის ჩათვლით. დაცემას ხელს უწყობს სრიალა ფეხსაცმელი, წნევის წამლების გადაჭარბება, გაუწყლოება, ქართველი მძღოლების დაბალი კულტურა, კუნთოვანი სისუსტე, წონასწორობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები და მხედველობის დაქვეითება. ხშირია მხრის ამოვარდნა წამოყენების დროს, ამიტომ მოხუცი ნაზად უნდა წამოაყენოთ. მინდა, ყველა გავაფრთხილო: ხანდაზმული ბოლომდე გააცილეთ, ჩასვით მანქანაში. სტუმარი, ტრადიციულად, მიდის საღამოს, როდესაც ბნელა. თუ დავუკვირდებით, სინათლიდან სიბნელეში გადასვლის დროს (მაგალითად, გვირაბში შესვლისას) რამდენიმე წამით ვბრმავდებით. მოხუცებს კი სიბნელესთან შეგუების უნარი უფრო მეტად აქვთ დაქვეითებული. ამიტომაა აუცილებელი მათი მანქანაში ჩასმა – ისინი ამ დროს შესაძლოა ფაქტობრივად ვერ ხედავდნენ.

თუ მოხუცი წაიქცა, სწრაფად არ უნდა წამოაყენოთ, პირიქით, უნდა ჩაიცუცქოთ, პულსი გაუსინჯოთ, თავი გაუსწოროთ, გამოელაპარაკოთ, უთხრათ, რომ ააყენებთ და ნელა მიეხმაროთ წამოდგომაში. მაგრამ თუ ხილული დაზიანება შეამჩნიეთ, მოხუცის წამოყენებას ნუ ეცდებით, ჯობს სასწრაფო გამოიძახოთ. არასწორად წამოყენების შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა გონება დაკარგოს.

 

დაიწყეთ მცირედით, იარეთ ნელა

– რა თავისებურებები ახასიათებს ხანდაზმულ ასაკში ავადმყოფობის მიმდინარეობას და როგორ უნდა მოხდეს მათი მართვა?

– ხანდაზმულებთან ყველა ავადმყოფობა გაცილებით დუნედ მიმდინარებს. მაგალითად, ცისტიტი – ტკივილის გარეშე, ფილტვების ანთება – სიცხის გარეშე, სიმსივნე – შეუმჩნევლად. ჰემოგლობინი ისე შეიძლება ჩამოვიდეს კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ, რომ სიმპტომები არც კი გამოვლინდეს. წყურვილის შესახებ უკვე მოგახსენეთ... ეს იმის ბრალია, რომ ორგანიზმის რეაქტიულობა დაქვეითებულია, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს, რათა რამე არ გამოგვეპაროს. ეს განსაკუთრებით ექიმებს ეხება.

რაც შეეხება წამლებს, ხანდაზმული ისედაც მრავალმოავადეა, ბევრი საწუხარი აქვს. რამდენიმე მედიკამენტის მიღება მისთვის ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ ზედმეტი დანიშნულებისგან თავი უნდა შევიკავოთ. პირდაპირ გეტყვით: ბევრი წამლის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ბევრს მუშაობს ფარმაცევტული კომპანია და ცოტას კითხულობს ექიმი. მოხუცისთვის ნებისმიერი წამლის მიცემა მცირე დოზებით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა მოვუმატოთ. აგრესიული მიდგომა ამ ასაკს არ უყვარს. სტატისტიკური მონაცემებით, მოხუცთა სიკვდილობის გამომწვევ მიზეზთაგან გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური პათოლოგიების შემდგომ მესამე-მეოთხე ადგილებზე დაცემა და არასწორი დანიშნულება ან წამლების გართულება დგას. არასწორი დანიშნულება გულისხმობს როგორც ზედმეტ და უსარგებლო წამლებს, ასევე არასწორ დოზირებასაც. ხანდაზმულისთვის დოზის შერჩევა არც ისე ადვილია – შესაძლოა, ადამიანი სხვა პარამეტრებით არ დაბერდეს, მაგრამ დაუბერდეს თირკმელი. უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკთან ერთად კუნთოვანი მასა მცირდება და ფიზიოლოგიურად კრეატინინიც ქვეითდება, ამიტომ, მისი მაჩვენებელი დაბალიც რომ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ თირკმელები სათანადოდ ფუნქციობს. წამლის დოზის გაანგარიშებისას უნდა გავითვალისწინოთ წონა, სიმაღლე, თირკმლის ფილტრაციის უნარი და სიმჭლევის ინდექსი. ეს უკანასკნელი ორგანიზმში ცხიმისა და კუნთის თანაფარდობას გამოხატავს. ერთგვარი პარადოქსია, რომ გამხდარი მოხუცი ფარმაკოლოგიურად შესაძლოა, ასე ვთქვათ, მსუქანი იყოს. ამ ასაკში გახდომა არა ცხიმოვანი ქსოვილის, არამედ კუნთისა და ძვლის განლევის ხარჯზე ხდება. შესაბამისად, გამხდარ მოხუცს ცხიმოვანი ქსოვილი პროპორციულად უფრო მეტი აქვს. ამიტომ, თუ წამალი ცხიმში ხსნადია, მისი კარგვაც უფრო მაღალი იქნება და პირიქით. ეს ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, თუ თირკმლის გამოყოფის უნარი შემცირებულია, წამალი დიდხანს დარჩება ორგანიზმში. ეს კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ მცირე დოზა მივცეთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხანდაზმულებს ცილაც ნაკლები აქვთ. შესაბამისად, ცილასთან შეკავშირებული ფრაქციების რაოდენობა მცირდება, ხოლო “თავისუფლად მონავარდე” ნაწილაკებისა – იზრდება. ხანდაზმულ ასაკში წამლის მონელების 4 ძირითადი მახასიათებლიდან: ადმინისტრაცია (მიღება), დისტრიბუცია (განაწილება), მეტაბოლიზმი (გადამუშავება) და ელიმინაცია (გამოყოფა), – ოთხივე შეცვლილია. მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებას კინეტიკისა და დინამიკის ცოდნა სჭირდება და ეს მოსახლეობისთვის გზავნილად ვერ გამოდგება. დასავლეთში მარტივად, სხარტულით გადმოსცეს და ერთგვარ ლოზუნგად აქციეს  START  LOW,GO  SLOW – დაიწყე მცირედით, იარე ნელა.

 

ვრცელი დანიშნულება = გამოჯანმრთელებას?

– ახალი წამლების გამოყენება დიდი ცდუნებაა ექიმისთვის, მაგრამ ბევრი წამლის დანიშვნას უფრო წარსულის გადმონაშთად განვიხილავ. მარავალფურცლიანი დანიშნულება, რომელიც ჩვენში ასე გავრცელებულია, განვითარებულ დასავლეთში წარმოუდგენელი რამაა. დაბერებასთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ხშირად ერთვის რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც საგრძნობლად ართულებს მდგომარეობას და აუარესებს პაციენტის ფუნქციობის უნარს. რამდენიმე დაავადების თანაარსებობის გამო ხანდაზმულ პაციენტებს ჩანთა ხშირად წამლებით აქვთ სავსე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იღებენ. ჩვენს სინამდვილეში ისიც დასაშვებია, რომ მათ სხვადასხვა წამალს სხვადასხვა ექიმი უწერდეს ისე, რომ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის დანიშნულებაზე. ხანდაზმული პაციენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ეუბნება ახალ ექიმს ძველი დანიშნულების შესახებ. ასე რომ, მას შესაძლოა განმეორებით დაენიშნოს წამალი, რომელსაც უკვე დიდი ხანია სვამს და ორმაგი დოზით გააგრძელოს მკურნალობა, ან ექიმმა ისეთი პრეპარატი გამოუწეროს, რომლის გამოყენება უკვე დანიშნულ წამალთან ერთად არ შეიძლება. ამ ფონზე იზრდება მედიკამენტების არასწორ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკი, რაც ხანდაზმული პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას შესამჩნევად აუარესებს.

ხანდაზმულის მდგომარეობის გაუარესების დროს უპრიანია, ყველა არა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტი მოიხსნას. ცხადია, გონივრულად, რათა აღკვეთის მდგომარეობა არ განვითარდეს. უნდა მოიხსნას ყველა წამალი, რომლის მოხსნაც შეიძლება და ძალიან ხშირად პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ესეც კმარა. მედიცინაში არსებობს ასეთი ტერმინი: კასკადში ჩაყოლა. ვთქვათ, ექიმმა დანიშნა წამალი, მისი გვერდითი მოვლენის მოსახსნელად – მეორე წამალი, ამ უკანასკნელის გვერდითი ეფექტის საწინააღმდეგოდ – მესამე და ა.შ. ამ დროს პირველი წამალი უნდა შეცვლილიყო ან სრულიად მოხსნილიყო და პრობლემა აღარ იქნებოდა. დასავლეთში კასკადში ჩაყოლა ძალზე ცუდ ტონად ითვლება, ჩვენთან მოწონებული და წახალისებულიც კია. უცხოელი ექიმები პირდაპირ გვეუბნებიან, ასეთი უხვი დანიშნულება არსად გვინახავსო. ჯანდაცვის ბიუჯეტის 40% მედიკამენტებზე იხარჯება და ფიზიოთერაპიას, ცხოვრების ჯანსაღ წესს ნაკლები ყურადღება ექცევა, ამას კი საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ ევროპაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმატებს, ჩვენთან კი არ იცვლება, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ იკლებს.

ამასთან, ექიმები უნდა გადაეჩვიონ გამოთქმებს “ჩემი დანიშნულება” და “შენი დანიშნულება”. ორივე დანიშნულება პაციენტისაა. თუ აუცილებელია, ერთმა ექიმმა უნდა მოხსნას მეორის დანიშნული წამალი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანიშნულება მცდარი იყო, მაგრამ შესაძლოა, იმ პერიოდისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდეს სხვა წამალი, რომელთან ერთადაც ძველის მიღება აღარ შეიძლება.

ასევე აუცილებელია, დანიშნულება იყოს მარტივად გასაგები და შესასრულებელი. მაგალითად, თუ მოხუცი მთელი დღე მარტოა შინ და ოჯახის წევრებს მხოლოდ დილა-საღამოს ნახულობს, დღეში 3-ჯერ მისაღები წამალი არ უნდა დავუნიშნოთ. ან თუ, მაგალითად, ვარფარინს წესების დაცვით ვერ მიიღებს და INR-ს ვერ გაიკონტროლებს, ჯობს, ასპირინი მიიღოს, ვიდრე სისხლის ჩაქცევით დაგვეღუპოს. უნდა გვახსოვდეს, რომ დანიშნულებას პაციენტისთვის ვწერთ და ის ზედმიწევნით უნდა იყოს მორგებული მას.

დასასრულ, გათავაზობთ ჯანმრთელობის ინსტიტუტის სხარტულას:

 

მოერიდე სახიფათო მედიკამენტებს

ოდნავ მაინც გაამარტივე დანიშნულება

ხშირად შეამოწმე დანიშნულების შესრულება

ურჩიე ბევრი სითხის მიღება

ცოტა წამალი, მცირე დოზა

ივარაუდე წამლის გართულება.

 

მთავარი თემა მოამზადეს: გვანცა გოგლაძემ, თამარ არქანიამ, თეონა ირემაძემ.

გააზიარე: