გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

13.06.2018
შეხვედრა 25 წლის შემდეგ...

  1. სამედიცინო თემები >
  2. სამკურნალო მცენარეები
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google კატაბალახა
კატაბალახა

კატაბალახა

ჩვენი წინაპრები მის ფესვებს აგროვებდნენ და ნაყენს ამზადებდნენ. ჩვენ უკვე შეგვიძლია, აფთიაქში მისი ტაბლეტები ან წვეთები შევიძინოთ... ძნელად თუ მოიძებნება საოჯახო აფთიაქი, კატაბალახას წვეთებს მასში საპატიო ადგილი რომ არ ეკავოთ. მისი ეფექტიც და უეფექტობაც მრავალ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოუცდია. მით უფრო საინტერესოა, ჩვენი წარმოდგენების რა ნაწილს ადასტურებს მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა.

შეგახსენებთ: Pharmacist Letter-ის ვებგვერდის ბუნებრივი მედიკამენტების მონაცემთა სრული ბაზა თითოეული წამლის ეფექტიანობას შემდეგი შკალით აფასებს: ეფექტური – სავარაუდოდ ეფექტური – ალბათ ეფექტური – ალბათ უეფექტო – სავარაუდოდ უეფექტო – უეფექტო`ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის. კატაბალახას შეფასება კი ასეთია:

ალბათ ეფექტურია:
. უძილობისას. კატაბალახა უძილობას ისე სწრაფად ვერ შველის, როგორც ე.წ. “საძილე აბები”. ეფექტის შემჩნევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში (ზოგჯერ – მთელი თვეც კი) წამლის რეგულარული მიღებაა საჭირო. როგორც ჩანს, კატაბალახას წვეთები 
აუმჯობესებს ძილის ხარისხს იმ ადამიანებში, ვისაც საძილე აბების გამოყენებისთვის თავის დანებება სურს. თუმცა ყველა გამოკვლევის შედეგი დადებითი არ არის; ზოგიერთ მათგანს თუ ვერწმუნებით, უძილობაზე კატაბალახას გავლენა შაქრიანი აბისას (პლაცებოსას) არ აღემატება.

ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის:
. შფოთვა. შფოთვაზე კატაბალახას გავლენის შესახებ მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთი გამოკვლევა სტრესის შემცირებას ადასტურებს, ზოგიერთი კი არა.
. მოუსვენრობა. შესწავლილია კატაბალახასა და ბარამბოს სპეციფიკური კომბინაციის  ეფექტი მოუსვენრობის სიმპტომების შესამცირებლად 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამოკვლევის ადრეული შედეგები შესაძლო ეფექტურობაზე მიუთითებდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის მეტი გამოკვლევაა საჭირო.
. დეპრესია;
. კრუნჩხვა;
. მსუბუქი კანკალი;
. ეპილეფსია;
. ყურადღების დეფიციტის სინდრომი
. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
. კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
. თავის ტკივილი;
. მუცლის ტკივილი;
. მენსტრუაციული ტკივილი;
. მენოპაუზის სიმპტომები, მათ შორის – ალები და აღგზნებადობა.

უსაფრთხოების პროფილი
კატაბალახა უსაფრთხო უნდა იყოს იმ რაოდენობით, რაც, ჩვეულებრივ, საკვებში გვხვდება.
ალბათ უსაფრთხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის, როცა მოკლე ხნის განმავლობაში იღებენ როგორც წამალს. 12000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი უსაფრთხოება, როდესაც მიღების ხანგრძლივობა 28 დღეს არ აღემატება. ხანგრძლივი გამოყენებისას მისი უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. არსებობს ინფორმაცია, რომ ბავშვებში მისი 4-8 კვირით გამოყენება შესაძლოა უსაფრთხო იყოს.
კატაბალახამ ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა თავის ტკივილი, აღგზნებადობა, მოუსვენრობა და უძილობაც კი დამართოს. დილით მიღებისას ზოგჯერ მოდუნებას იწვევს. უმჯობესია, მისი მიღების შემდეგ მანქანის ან საშიში მექანიზმების მართვას მოვერიდოთ.
ხანგრძლივი მიღების შემდეგ კატაბალახას ერთბაშად შეწყვეტისას გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი. ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ერთი ან ორი კვირის განმავლობაში დოზა თანდათან შევამციროთ.
არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ვალერიანის წვეთების უსაფრთხოების თაობაზე, ამიტომ ჯობს თავი დაიზღვიოთ და მათ მიღებას თავი არიდოთ.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება 
საგრძნობი (არ გამოიყენოთ ამ კომბინაციით)
ალპრაზოლამი (ქსანაქსი)
პრეპარატი, რომელიც შფოთვის შესამცირებლად ინიშნება. კატაბალახა ამცირებს ღვიძლში ამ მედიკამენტის დაშლის სიჩქარეს, ამიტომ კატაბალახას და ალპრაზოლამის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ქსანაქსის ეფექტი და გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ძილიანობა გააძლიეროს.
დამამშვიდებლები (ბენზოდიაპინები, ცნს-ს დეპრესანტები)
ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ჭარბი ძილიანობა გამოიწვიოს

ზომიერი (სიფრთხილე გამოიჩინეთ შემდეგ კომბინაციასთან)
ღვიძლში დასაშლელი მედიკამენტები 
როგორც უკვე ვთქვით, კატაბალახა ამცირებს ღვიძლში მედიკამენტების დაშლის სიჩქარეს, ამიტომ ასეთ მედიკამენტებთან ერთად კატაბალახას წვეთების მიღებამ შესაძლოა წამლის ეფექტი და გვერდითი მოვლენები გააძლიეროს. ასე ტომ, თუ რომელიმე ღვიძლით დასაშლელ მედიკამენტს იღებთ, კატაბალახას მიღებამდე რჩევა ექიმს ჰკითხეთ.

კატაბალახა, ისევე როგორც ოპერაციისას გამოსაყენებელი საანესთეზიო მედიკამენტები, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მათი კომბინირებული ეფექტი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ ოპერაციის დაგეგმილ თარიღამდე 2 კვირით ადრე კატაბალახას მიღება შეწყვიტეთ.

ურთიერთქმედება საკვებთან
ალკოჰოლისა და კატაბალახას ერთროულმა მიღებამ შესაძლოა ძილიანობა გამოიწვიოს. ნუ დალევთ სპირტიან სასმელს, თუ კატაბალახას პრეპარატს იღებთ.


Print Page Digg Twitter Google კატაბალახა




ზემოთ