უსაფრთხო წამალი – უსაფრთხო ორსულობა

გააზიარე:

დამეთანხმებით, ყოველგვარი წამლის გამოყენება სიფრთხილესა და დასაბუთებას მოითხოვს. არასწორად შერჩეული მედიკამენტი არათუ ვერაფერს გვარგებს, გვერდითი ეფექტების გამო შესაძლოა მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ზოგი გართულება თავად იმ პრობლემაზე საშიშიც კია, რომლის გამოც მკურნალობა დავიწყეთ. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა წამლის გამოყენების რაციონალიზაციას ცდილობს. გაჩნდა ტერმინები “მონოთერაპია” (“ერთი წამალი – ერთ დაავადებას”), “დემედიკალიზაცია” და სხვა. ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ეს ყველაფერი ერთიორად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ორსულს ეხება.

მედიკამენტებს ორსულობისთვის უსაფრთხო და საფრთხის მომტან კატეგორიებად ყოფენ. მთელი სირთულე სწორედ ამა თუ იმ მედიკამენტის კონკრეტული ჯგუფისთვის სწორად მიკუთვნებაა. როგორც ირკვევა, ისეთი გავრცელებული და “უწყინარი” მედიკამენტიც კი, როგორიც პოლივიტამინების კომპლექსია, ორსულისთვის ერთმნიშვნელოვნად უსაფრთხო არ ყოფილა, ამიტომ მხოლოდ აუცილებლობისას უნდა დაინიშნოს, ხოლო ორსულობისას ფაქტობრივად უკუნაჩვენები ჰორმონი ესტროგენი შესაძლოა თავად ორსულობის შესანარჩუნებლად გახდეს საჭირო. მაგალითად, ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ. ამრიგად, საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურ გადაწყვეტას მოითხოვს. გადაწყვეტილების სისწორე კი ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენც გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს, დავით გაგუას კლინიკის საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური სექტორის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს ბესო ტყეშელაშვილს ვესტუმრეთ. საგულისხმოა, რომ ბატონი ბესო წიგნის “ორსულობა და უსაფრთხო წამალი” მთავარი რედაქტორია. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, წამალი საწამლავად რომ არ გვექცეს და არის თუ არა მედიკამენტებით დახუნძლული დანიშნულება გამოჯანმრთელების საწინდარი?

 

– რითია არის საშიში ორსულობისას მედიკამენტების გამოყენება, რა სირთულემ შეიძლება იჩინოს თავი წამლების არარაციონალური მიღებისას?

– სხვადასხვა წამალს სხვადასხვა უსიამოვნო გვერდითი ეფექტი აქვს. მათ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედონ ნაყოფის განვითარებაზე, ორგანოგენეზზე, ფეტოგენეზზე, აღმოჩნდნენ ტოქსიკურნი. მედიკამენტთა უმრავლესობა გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მოქმედებს ნაყოფზეც. ამიტომ ორსულობისას მათი გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ექიმმა ყოველ ჯერზე უნდა შეაფასოს რისკი და სარგებელი და ასე მიიღოს გადაწყვეტილება.

არასწორად დანიშვნის შემთხვევაში მედიკამენტების უმრავლესობა სხვადასხვა ტიპის გართულებებს იწვევს. თუ დიაგნოზი მცდარია, გარდა იმისა, რომ მკურნალობით დაავადებას არ ეშველება, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტადაც დამძიმდეს. სამწუხაროდ, დღეს სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით პარადოქსულ მიდგომებს ვაწყდებით. მაგალითად, პროგესტერონი, რომელიც ორსულობის შემანარჩუნებლად არის მიჩნეული, არცთუ იშვიათად ორსულობის შეწყვეტას იწვევს, ამიტომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. პაციენტი დაზღვეული რომ იყოს, საჭიროა ექიმის მაღალი კვალიფიკაცია როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის კუთხით. ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ მკურნალობისას მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი უგულებელყოფილია, რასაც არასასურველ შედეგამდე, ზოგჯერ პაციენტის სიკვდილამდეც კი მივყავართ. რა თქმა უნდა, მასობრივად ასე არ ხდება, თანაც ჩვენი ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ასეთ საბედისწერო შემთხვევებს ბუნებრივად ვერ ექნება ისეთი მასშტაბი, როგორიც ევროპაში ან ამერიკაში. იქ კი არცთუ იშვიათდ ვლინდება სხვადასხვა პრეპარატის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ასე რომ, მედიკამენტების გამოყენებისას ზედმიწევნითი სიფრთხილე და დიდი ცოდნაა საჭირო.

– ორსულობის რომელ პერიოდშია განსაკუთრებით საშიში მედიკამენტების მიღება?

– ნებისმიერი პერიოდი საფრთხილოა. ზოგი მედიკამენტი პირველ ტრიმესტრში არ ინიშნება, მესამეში კი თამამად შეიძლება მისი დანიშვნა და პირიქით. ეს, ცხადია, წამალზეა დამოკიდებული. ამ კუთხით ყველაზე უსაფრთხო, შეიძლება ითქვას, ჩასახვის შემდგომი პერიოდია, დაახლოებით მანამდე, სანამ ორსულობა გამოვლინდება. ხშირად ქალი დაორსულებამდე იღებს განსაზღვრულ წამლებს, ისეთებსაც, რომელთა მიღება ორსულობისას საფრთხილოა. ჩასახვიდან ორსულობის დადგენამდე, ბუნებრივია, დრო გადის და ამ ხნის განმავლობაში წამლის მიღება გრძელდება. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მიღებული მედიკამენტები ნაყოფზე უარყოფით გავლენას არ ახდენს და ორსულობას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ, ცხადია, უფრო მეტი ყურადღებითა და დაკვირვებით.

– რომელი წამლის დანიშვნაა გარდაუვალი ორსულობის დროს?

– რუტინულად, ესე იგი ყოველგვარი წინაპირობისა და კვლევის გარეშე, ინიშნება ფოლიუმის მჟავა. ის ნაყოფს ნერვული მილის განვითარების ანომალიებისგან იცავს. ფოლიუმის მჟავას შესწევს უნარი, სხვა პრობლემებისგანაც დაგვიცვას. მაგალითად, თრომბოფილიისგან,  განსაკუთრებით – თუ B ჯგუფის ვიტამინებთანაა კომბინირებული. ამასთან, ორსულობისას სისხლნაკლებობის პრევენციასაც ახდენს. თუ წყვილი დანამდვილებით აპირებს შვილის გაჩენას, სასურველია, ის დაორსულებამდე 6 თვით ადრე დაინიშნოს. პროფილაქტიკური დოზები 0,4-დან 0,6 მკგ-მდე მერყეობს.

ორსულობაში ასევე რუტინულად ინიშნება იოდი. მისი მიღებაც შეიძლება ვიტამინ B12-თან ერთად. იოდის დანიშვნა გარდაუვალია, მეტადრე – საქართველოში, რომელიც იოდის დეფიციტის ენდემური კერაა.

– ორსულს ხშირად უნიშნავენ პოლივიტამინების კომპლექსებს. ისინი ყველა ორსულისთვისაა აუცილებელი?

– უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ცნება “კარგი პრეპარატი” არ არსებობს; არსებობს პრეპარატის გამოყენების გარდაუვალი აუცილებლობა. რაც შეეხება პოლივიტამინებს, მათი რუტინული დანიშვნისკენ არ მოგვიწოდებს არც ერთი პროფესიული ასოციაცია (ვგულისხმობ ამერიკის, ბრიტანეთის და ა.შ. ასოციაციათა რეკომენდაციებს). უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა A ვიტამინის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას რკინაზეც, რომლის გამოყენებაც მხოლოდ მაშინაა საჭირო, როცა დედას მისი დადასტურებული დეფიციტი აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ორსულთა უმეტესობას ასეთ კომპლექსებს ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე უნიშნავენ. ამის მაგივრად ჯობს, ორსული სწორად იკვებოს. ექიმის ძირითადი დარიგება სწორედ ის უნდა იყოს, რომ “საკვები არის წამალი და წამალი არის საკვები”. ჰიპოკრატეს ეს გენიალური გამონათქვამი დღესაც აქტუალურია.

– რომელი პრეპარატია უსაფრთხო გაციების, თავის ტკივილის ან სხვა გავრცელებული ჩივილების დროს? ყოველთვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია თუ არსებობს ისეთი წამლებიც, რომელთა მიღება ორსულს უექიმოდაც შეუძლია?

– თუ ცნობილი არ არის რაიმე სხვა შემაკავებელი ინფორმაცია ანუ ქალს არ აქვს ინდივიდუალური აუტანლობა, გაციების, ტკივილის დროს შეუძლია მიიღოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ესენი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებებია. დაახლოებით იმავე რანგში გადის ანტიჰისტამინების ის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მგზავრობის დროს. მაგალითად, დრამინა. საძილედ შეიძლება მივიღოთ დოქსილამინის სუქცინატი, რომელიც დონორმილის სახელით გამოდის. ყაბზობის დროს ინიშნება ლაქტულოზა. ეს პრეპარატები ძალიან კარგად არის შესწავლილი და მათი უსაფრთხოება დადგენილია, ასე რომ, მათ მისაღებად ექიმის დამატებითი კონსულტაცია არ არის საჭირო.

– გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბევრი წამალი გამოჯანმრთელების საწინდარია. მეორე მხრივ, არსებობს მონოთერაპიის ცნება – ერთი პრეპარატი ერთ დაავადების სამკურნალოდ. საკითხისადმი რომელი მიდგომაა მართებული?

– ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ განკურნების საწინდარი, უპირველეს ყოვლისა, სწორი დიაგნოზია. გარდა ამისა, აუცილებელია ექიმის ცოდნა და გამოცდილება და იმ კანონების გაზიარება, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი პროტოკოლების სახით. რაც შეეხება მონოთერაპიას, ერთ დაავადებას უმეტესად მართლაც ჰყოფნის ერთი წამალი, მაგრამ მონოთერაპიას ყოველთვის ვერ მივმართავთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დაავადების მიზეზი უცნობია. ასეთ დროს იძულებულნი ვართ, ჩავატაროთ არა მიზეზსა და მექანიზმზე ორიენტირებული, არამედ სიმპტომური მკურნალობა, ხოლო სიმპტომებისა და მათი გამოვლენის ხარისხის მიხედვით შესაძლოა დაგვჭირდეს მკურნალობაში რამდენიმე მედიკამენტის ჩართვაც, მაგრამ მათი რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. ბევრი წამალი თავისთავად დიაგნოზის არარსებობაზე მიუთითებს, რაც ექიმის მცირე განათლებისა და ძირითადი გზამკვლევების არცოდნის შედეგია. გარდა ამისა, “დიდი” დანიშნულება შესაძლოა უბრალოდ არაკეთილსინდისიერი სამედიცინო პრაქტიკის ნაწილიც იყოს. სამწუხაროდ, ასეც ხდება.

– მიიჩნევენ, რომ ორსულისთვის ყველაზე უსაფრთხო მცენარეული პრეპარატებია. მართებულია ეს შეხედულება?

– პრეპარატის მცენარეული წარმოშობა ერთმნიშვნელოვნად მის უსაფრთხოებას არ ნიშნავს. მედიკამენტების დიდი ნაწილი ადრეც და დღესაც მცენარეებისგან მიიღება, მაგრამ ზოგმა მათგანმა შესაძლოა გაცილებით ძლიერი გვერდითი ეფექტი მოგვცეს, ვიდრე ქიმიურმა საშუალებამ. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო.

– რას იტყოდით ჰომეოპათიური საშუალებების შესახებ?

– უსაფრთხოების თვალსაზრისით ჰომეოპათია გაცილებით სანდოა. ამ დროს პაციენტი უფრო მეტადაა დაზღვეული, ვინაიდან წამლის კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ გვერდით ეფექტებს ვერ იწვევს. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო – თუ წამალი არასწორად იქნა შერჩეული, შესაძლოა, გართულება მაინც მივიღოთ. სამწუხაროდ, ჰომეოპათიური მედიკამენტების ეფექტურობა მაღალ დონეზე არ არის შესწავლილი, რადგან ამას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. ასე რომ, თუ ექიმი პირადი პრაქტიკით დარწმუნებულია ამა თუ იმ ჰომეოპათიური წამლის ეფექტურობაში, ორსულისთვის მცირე ვადებზე მისი დანიშვნა თამამად შეუძლია. მაგალითად, განსაზღვრულ შემთხვევებში (კერძოდ, ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ) ინიშნება ესტროგენი, რომელიც X ჯგუფის პრეპარატად მიიჩნევა (ეს ის პრეპარატებია, რომელთა გამოყენება ორსულობისას არ შეიძლება). ასეთ დროს, ბუნებრივია, ჯობს, არჩევანი ჰომეოპათიურ ესტროგენზე შევაჩეროთ, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აქვს.

– როგორია მიდგომა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიმართ?

– აქაც სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, ინგრედიენტები უსაფრთხო იყოს. ჯობს არჩევანი შეაჩეროთ ისეთ ცნობილ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ომეგა 3, ომეგა 6, კარნიტინი...

– თუ დაორსულებამდე ქალი მედიკამენტურ მკურნალობას იტარებდა, როგორ შეიცვლება დანიშნულება ორსულობისას?

– ცხადია, ეს იმ ქრონიკულ დაავადებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორსულს აქვს. ბუნებრივია, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამისი დარგის სპეციალისტთან და ერთობლივად ვადგენთ ეფექტურ და უსაფრთხო დანიშნულებას. მაგალითად, ეპილეფსიის დროს ანტიეპილეფსიური წამლის დოზირებას და მირების რეჟიმს ორსულის მდგომარეობას შევუსაბამებთ. კერძოდ, დოზა ნაწევრდება და ქალს ისე ეძლევა, რომ პიკური მაჩვენებელი არ მივიღოთ. მაგალითად, თუ ქალი სვამდა ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ, ორსულობისას მიიღებს მეოთხედ აბს დღეში ოთხჯერ.

– აქვს თუ არა ნაყოფზე ზემოქმედებისთვის მნიშვნელობა წამლის შეყვანის გზას?

– ყველა პრეპარატს შეყვანის საკუთარი გზა აქვს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება წამლის როგორც სისტემური, ისე ადგილობრივი ფორმის გამოყენებაც. ცხადია, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება, მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი. მაგალითად, ზოგიერთი ვაგინალური საშუალება მაინც ხვდება დედის სისხლის მიმოქცევაში. ზოგ შემთხვევაში ესა თუ ის გზა უკუნაჩვენებია. მაგალითად, კალციუმის მიღება ინტრავენურად (ვენაში შეყვანით) ან ინტრამუსკულარულად (კუნთში შეყვანით) სრულიად დაუშვებელია, პერორალურად კი უსაფრთხო. რაც შეეხება სხვა პრეპარატებს, ზოგიერთი ის ანტიბიოტიკი, რომელთა მიღებაც ორსულობისას უკუნაჩვენებია, თავისუფლად გამოიყენება ადგილობრივად. ამრიგად, განსაზღვრულ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანის გზასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ის სწორად უნდა შეირჩეს.

– საზოგადოდ, რამდენად მიზანშეწონილია ორსულობისას ანტიბიოტიკოთერაპია?

– ორსულობისას ანტიბიოტიკების ზოგიერთი ჯგუფის, მაგალითად, ფთორქინოლონების, ტეტრაციკლინების, ქლორამფენიკოლის, გამოყენება არ შეიძლება. ნაკლებად სახიფათოა და აუცილებლობისას ვიყენებთ ბეტა-ლაქტამებს ანუ პენიცილინსა და ცეფალოსპორინებს და მაკროლიდებს. ვფიქრობ, მოსახლეობა არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისგან მომდინარე საფრთხის შესახებ კარგადაა ინფორმირებულია და ხელახლა ამის ახსნა საჭირო არ არის. თავისთავად ცხადია, ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ და მხოლოდ მაშინ, როცა დაავადების ბაქტერიული ბუნება დადასტურებულია.

– შეიძლება თუ არა, ორსულმა დამამშვიდებელი პრეპარატი მიიღოს?

– აფორიაქების, ნერვული სტრესისა და მსგავი ჩივილების მოსახსნელად შეიძლება კატაბალახას ან სხვა ცნობილი ბალახეული დამამშვიდებლის გამოყენება. არსებობს მათი ჰომეოპათიური ფორმებიც. თუ ორსულის ფსიქოემოქციური ფონი სერიოზულად შეიცვალა და საჭირო გახდა უფრო სერიოზული ჩარევა, ფსიქოტროპული წამლების მიღება მხოლოდ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ან ნევროლოგის რეკომენდაციით შეიძლება, ისიც – მხოლოდ მაშინ, თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა.

– რომელი პრეპარატების მიღება იკრძალება კატეგორიულად ორსულობსი დროს?

– ასეთი პრეპარატი არც ისე ცოტაა. მათ რიცხვვშია, მაგალითად, ანტიქოლესთერინული საშუალებები, ციპროტერონი (რომელსაც შეიცავს დიანე), ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ტესტოსტერონი, ოვულაციის სტიულატორები (კლომიფენი) დანაზოლი, ესტროგენები, გონადოტროპინები, მეტოტრექსატი, რიბავირინი, ვარფარინი.

– სტომატოლოგთან ვიზიტი თუ შეიძლება?

– ორსულობის პირველ ტრიმესტრში არასასურველია, მეორე-მესამე ტრიმესტრებში კი პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობისას ორსულმა შეიძლება სტომატოლოგიურ დახმარებას პირველ თვეებშიც მიმართოს.

– რომელი ინსტრუმენტული კვლევის ჩატარებაა მიზანშეწონილი და რომლისა – არა?

– ულტრაბგერით კვლევას უკუჩვენება არ გააჩნია და ის ორსულობისას არაერთხელ ტარდება. რაც შეეხება რენტენოლოგიურ კვლევებს, მათი გამოყენება დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, დასხივების ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია. ორსულის რენტგენოლოგიური კვლევა აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს, ხოლო თავად პროცედურის დროს აუცილებელია ორსული საშვილოსნოს, ფარისებრი ჯირკვლის დაცვა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც რენტგენოლოგმა უნდა იცოდეს. კუჭ-ნაწლავისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევა შეიძლება სათანადო ჩვენებითა და განსაზღვრული წესების დაცვით ჩატარდეს.

– ბოლო ხანს დამკვიდრდა ტერმინი “ორსულთა დემედიკალიზაცია”. რას გულისხმობს ის?

– ორსულთა დემედიკალიზაცია გულისხმობს ორსულობის ფაქტობრივად უწამლოდ წარმართვას. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ქალს, გარდა ფოლიუმის მჟავასი და იოდისა, არავითარი პრეპარატი არ სჭირდება. ორსულობა არ არის ავადმყოფობა და მკურნალობას არ მოითხოვს. ცხადია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ცალმხრივი, მედიკამენტების მიღების შემცირებას (ბუნებრივია, გონიერების ფარგლებში) თან უნდა ახლდეს ჯანსაღი კვება. ხარისხიანი, ჯანსაღი საკვები საუკეთესო წამალია, ექიმისა და მოსახლეობის ინფორმირება კი იმის საწინდარი, რომ ეს პრინციპები დაცული იქნება. მედიცინის კორიფეები გვასწავლიდნენ: კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც იცის, როდის დანიშნოს წამალი და როდის ჩაატაროს ოპერაცია, არამედ ის, ვინც იცის, როდის არ უნდა გააკეთოს ეს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: