სწორი კვება – დედის პირველი საჩუქარი

გააზიარე:

ორსულობისას ჯანსაღი კვება აუცილებელია, როგორც არასდროს. ორსულის ორგანიზმს მეტი ცილა, რკინა, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა, იოდი და სხვა მიკროელემენტები სჭირდება – მან ხომ ერთის ნაცვლად ორი სიცოცხლის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. სწორედ ბალანსირებული კვება ახდენს ანემიის, მიკროელემენტთა დეფიციტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის ჰიპოტროფიის და სხვა გართულებების პრევენციას.
 
ჭამა ორის ნაცვლად?
როცა საქმე ორსულის დღიურ რაციონზე მიდგება, უმეტესობას ჰგონია, ამ დროს საკვების ორმაგი რაოდენობით მიღებაა მთავარი. სინამდვილეში, თუ რამის გაორმაგებაზე ვისაუბრებთ, ეს, უპირველესად, არა საკვების რაოდენობას, არამედ მის ხარისხს ეხება. ტკბილეული, შაშხი და სხვა არაჯანსაღი პროდუქტი ორმაგადაც რომ მიიღოთ, ბავშვს საჭირო ნივთიერებებით ნამდვილად ვერ უზრუნველყოფთ. შედეგად ნაყოფი აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს თქვენი სხეულიდან “მოიპარავს”, ეს კი დედის ორგანიზმს დაასუსტებს და დაავადებათა განვითარებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ჯანსაღი კვება თანაბრად საჭიროა როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

ზედმეტი კილოგრამები
ორსულობისას წონა თანდათან უნდა მოიმატოთ. პირველ ტრიმესტრში მისი ნამატი, წესისამებრ, უმნიშვნელოა, მესამე ტრიმესტრში კი მაქსიმუმს აღწევს. ექიმების რეკომენდაციით, მთელი პირველი ტრიმესტრის განმავლობაში წონის ნამატი 900-დან 1800 გრამამდე უნდა იყოს, მეორე და მესამე ტრიმესტრებში კი ყოველთვიურად 1360-1800 გრამის მომატებაა ნებადართული. ე.ი. მთელი ორსულობის განმავლობაში წონის ოპტიმალური ნამატი 10-15 კილოგრამია. თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი დაორსულებამდე ნორმაზე ნაკლები იყო, ორსულობისას მეტის მომატება მოგიწევთ და პირიქით.
ორსულთა უმეტესობა წონის ჭარბ ნამატს უჩივის. ხშირად ამას სწორედ “ორმაგად ჭამის აუცილებლობით” ხსნიან. ამით თავის დამშვიდებას არ გირჩევთ. საქმე ის არის რომ დედის ჭარბი წონა, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს, მრავალი ორგანული გართულების რისკფაქტორიც არის, მათ შორის – მეტად სერიოზულისაც, ამიტომ აუცილებელია, ქალმა დაორსულებამდე მოიწესრიგოს წონა და ორსულობის დროსაც ყურადღებით აკონტროლოს ნამატი, ოღონდ არა შიმშილობით, არამედ სწორი კვებით. თუ ჯანსაღ, ბალანსირებულ საკვებს მიიღებთ, თქვენი პატარა გართულებებისგან იქნება დაზღვეული, თქვენ კი – ზედმეტი კილოგრამებისგან. 

რა მივირთვათ?
თქვენი საკვები მეტ ცილას და  ნაკლებ ცხიმსა და შაქარს უნდა შეიცავდეს. მენიუდან ცხიმის სრულიად ამოღება არ შეიძლება – ის ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა და ტვინის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს. მისი რაოდენობა ქალის წონისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. 

პური, ბრინჯი, მაკარონი
ეს საკვები ნახშირწყლების წყაროა. მათი დაშლის შედეგად დედისა და ნაყოფისთვის საჭირო ენერგია წარმოიქმნება. გარდა ამისა, ბურღულეული შეიცავს ფოლიუმის მჟავასა და რკინას, რაც ანემიისა და ნაყოფის ნერვული სისტემის ანომალიების პრევენციას ახდენს. 

ბოსტნეული
ბოსტნეული A და C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რკინასა და მაგნიუმს შეიცავს, ამიტომ ორსულის მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, გარდა იმისა, რომ საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს, დედის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობასაც უწყობს ხელს. ეცადეთ, ბოსტნეულის დღიური ნორმის ნახევარი მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეულით შეავსოთ. 

ხილი  
ხილი ორგანიზმს A და C ვიტამინებით, პოტასიუმითა და ბოჭკოთი ამარაგებს. განსაკუთრებით სასარგებლოა C ვიტამინით მდიდარი ხილი – ციტრუსები, ნესვი.  ძალზე მარგებელია ახალგამოწურული ხილის წვენიც. ერიდეთ წვენებს რომლებიც შაქარს შეიცავს. ჯობს, თავად გამოწუროთ.

ხორცი
ხორცი და თევზი B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს და ანემიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, ხორცი სავსეა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამინმჟავებით. ბევრია მასში რკინა და თუთიაც. ასე რომ, საქონლისა თუ ფრინველის ხორცი და თევზი ორსულის მენიუს აუცილებელი კომპონენტებია. ერიდეთ ზედმეტად მსუქან, ცხიმიან თევზს, რომელშიც ბევრია ტყვია.

რძის ნაწარმი
რძის ნაწარმი ცილის, კალციუმისა და ფოსფორის საუკეთესო წყაროა. თუ კალორიების შეზღუდვა გსურთ, ნაკლებცხიმიანი ნაწარმი შეარჩიეთ. მაწონი, ყველი, იოგურტი, ხაჭო თქვენი ყოველდღიური მენიუს ნაწილი უნდა იყოს. 

ზამთარში თუ მარწყვი მოგინდათ...
ზოგჯერ ორსულს მეტად უცნაური გასტრონომიული სურვილები უჩნდება. ექიმები ამას ჰორმონულ ძვრებს უკავშირებენ და გვამშვიდებენ, სამი თვის შემდეგ ნელ-ნელა გაივლისო. მაგრამ თუ თქვენი სურვილები, ერთი შეხედვით, გასცდა ნორმალურ საზღვრებს, მაგალითად, ტალახის ან ცარცის ჭამა მოგინდათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ამ უცნაური სურვილების მიზეზი უმეტესად რკინადეფიციტური ანემიაა და სათანადო მკურნალობის შემდეგ ორსულის ოცნების მენიუში საპატიო ადგილს კვლავ საკვები პროდუქტები იკავებს. 

არასწორი კვების შედეგები
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ორსულის მენიუ? გარდა იმისა, რომ კალციუმის, იოდის, ვიტამინების გარეშე ნაყოფის ნორმალური განვითარება წარმოუდგენელია, არსებობს პრობლემათა წყება, რომელთა თავიდან აცილება ან საგრძნობი შემცირება ჯანსაღი კვებით არის შესაძლებელი. ეს თანაბრად ეხება როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.

პრობლემა #1 – ანემია
ანემიას, იმავე სისხლნაკლებობას, ორსულთა უმეტესობა უჩივის. ორსულობისას მას, წესისამებრ, რკინის დეფიციტი იწვევს. რკინა ჰემოგლობინის აუცილებელი კომპონენტია და მისი დეფიციტი საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ორგანიზმისთვის რკინის მთავარი წყარო სწორედ საკვებია. ვინაიდან ორსულობისას რკინაზე მოთხოვნა იმატებს, აუცილებელია რკინის შემცველი პროდუქტების რაოდენობის გაზრდაც. ეს ანემიის პრევენციის საუკეთესო გზაა. თუ ანემია არ აღმოიფხვრა, ის ნაყოფის ჰიპოქსიას, მისი განვითარების შეფერხებას, წონანაკლულობას და სხვა არასასურველ შდეგებს გამოიწვევს. ამასთან, საფრთხეს შეუქმნის დედის ჯანმრთელობასაც. რკინა ორგანიზმისთვის ოპტიმალური ფორმით ყველაზე მეტი ხბოს ხორცშია, ამიტომ ანემიის დროს აქცენტი არა ვაშლზე (როგორც ხშირად ხდება), არამედ ხბოს ან საქონლის ხორცზე უნდა დასვათ. მით უმეტეს, რომ ამ გზით ანემიის კიდევ ერთი მიზეზის – ვიტამინ B12-ის დეფიციტის, თავიდან აცილებაც შეიძლება.

პრობლემა #2 – შეკრულობა
ორსულობისას საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე გავრცელებული პრობლემა შეკრულობაა. ეს ორსულობისთვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში უხვად გამომუშავდება ჰორმონი პროგესტერონი, რომელიც, სხვა ეფექტებთან ერთად, კუნთების მოდუნებასაც იწვევს. მთელი ორსულობის განმავლობაში სწორედ პროგესტერონი უზრუნველყოფს, რომ საშვილოსნო არ შეიკუმშოს და ნაყოფი არ გამოაძევოს. მაგრამ საშვილოსნოსთან ერთად ის კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის კუნთთა ჰიპოტონიასაც განაპირობებს. ნაწლავებს კი განავლოვანი მასების გადასაადგილებლად ძალა სჭირდება. გარდა ამისა, ნაწლავებს გაზრდილი საშვილოსნოც აწვება და ხელს უწყობს მათში შიგთავსის დაგროვებას. ამავე დროს, ნაწლავები გაძლიერებულად შეიწოვს სითხეს, რის გამოც განავლოვანი მასები მაგრდება და ძნელი გამოსაძევებელი ხდება. ამგვარად იქმნება შეკრულობის განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელი გარემო. 
შეკრულობა თავადაც მრავალი პრობლემის სათავეა. ერთი მათგანია ბუასილი. ეს გახლავთ მეტად დელიკატური და, ამავე დროს, ძალზე შემაწუხებელი დაავადება, რომლის პრევენციის საუკეთესო გზა სწორედ  შეკრულობის თავიდან აცილება, ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგებაა. ამასთანავე, ხანგრძლივი ყაბზობა ორგანიზმის ინტოქსიკაციას, საშოს ბიოცენოზის შეცვლას და ზოგჯერ ნაადრევ მშობიარობასაც კი განაპირობებს. 
შეკრულობის თავიდან ასაცილებლად უნდა მიირთვათ წვნიანი კერძები, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ქლიავის, ლეღვის, გარგარის ჩირი, იოგურტი, მაწონი, საკვები მიიღოთ ხშირად, მცირე ულუფებით, ერიდოთ პროდუქტებს, რომლებიც ნაწლავებში აირების დაგროვებას უწყობს ხელს, თავი შეიკავოთ ზედმეტად ცხიმიანი საკვებისგანაც.

პრობლემა #3  – გულძმარვა
გასტროეზოფაგური რეფლუქსი – შესაძლოა, ეს ტერმინი ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ორსულთა უმრავლესობისთვის ნაცნობი პრობლემაა. საქმე ეხება გულძმარვას, უფრო სწორად, კუჭის შიგთავსის საყლაპავში ამოსვლას. ეს სიმპტომი თავს იჩენს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში, როცა გაზრდილი საშვილოსნო კუჭს აწვება. ამ დროს დაქვეითებულია კუჭის კუნთოვანი ტონუსიც, რის გამოც საკვები მასში მეტხანს გროვდება, აქ არსებული მარილმჟავა კი საყლაპავში გადადის და მის ლორწოვანს აღიზიანებს. ეს საკვების უკან ამოსვლის შეგრძნებას იწვევს. კვების რეჟიმის მოწესრიგებას აქაც დიდი როლი ეკისრება. ორსულობის გვიანდელ პერიოდში უნდა ერიდოთ ზედმეტად ცხარე, მჟავე საკვებს. მცირე ულუფებით ხშირი ჭამა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. სასარგებლოა გვირილისა და ჟოლოს ჩაი, რომელსაც დამაწყნარებელი ეფექტი აქვს. სითხე მცირე ყლუპებით უნდა სვათ. სასურველია, ჭამის შემდეგ ცოტა ხანს გაისეირნოთ. უკიდურეს შემთხვევაში, არ წამოწვეთ მაინც, ვინაიდან რეფლუქსი განსაკუთრებით წოლისას ძლიერდება. თავი მაღალ სასთუმალზე დადოთ და არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ დაწოლის წინ – ეს გულძმარვის მთავარი მიზეზია. 

პრობლემა #4 – ტოქსიკოზი
ტოქსიკოზი ორსულობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია. როცა ის ძლიერია, ორსულს არაფრის ჭამა არ უნდა, მაგრამ მენიუ ამ დროსაც მნიშვნელოვანია. რაციონიდან უნდა ამოიღოთ ძალზე ცხიმიანი, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტები. აქცენტი რძის ნაწარმსა და ბოსტნეულზე დასვათ. ტოქსიკოზი განსაკუთრებით დილაობით ვლინდება, ამიტომ გაღვიძებისთანავე ორცხობილა ან სხვა მსუბუქი საკვები მიიღეთ. ეცადეთ, დღის განმავლობაში არ მოგშივდეთ – შიმშილი გულისრევას უწყობს ხელს. მიირთვით რაც შეიძლება ხშირად და ცოტ-ცოტა.  
შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება მხოლოდ საკვებით ვერ მოხერხდეს და მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვაც გახდეს საჭირო, მაგრამ თუ მკურნალობას ხელი საკვებითაც არ შეუწყვეთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. დღეს, როდესაც თანამედროვე მედიცინა ორსულთა დემედიკალიზაციისკენ მიისწრაფვის, საკვების როლი ერთიორად დიდია. ასე რომ, გახსოვდეთ,  სწორი, ჯანსაღი კვება თქვენი და თქვენი შვილის ორგანიზმისთვის საუკეთესო საჩუქარია.
გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: