გაზაფხულის თავბრუხვევა – ვესტიბულური ნევრიტი

გააზიარე:

პათოლოგია, რომელსაც შეეხება ეს ინტერვიუ, საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით – გაზაფხულზე, როდესაც იმუნური სისტემა სუსტდება. არ გაგიკვირდეთ, თავბრუხვევა ზოგჯერ თურმე ორგანიზმის თავდაცვითი სისტემის მდგომარეობას უკავშირდება. როგორ და რანაირად, ან რატომ უნდა მივმართოთ ასეთი თავბრუხვევის დროს კვალიფიციურ ექიმს, ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმი ნეიროოტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნანა თევზაძე გვესაუბრება:

– ვესტიბულური ნევრიტი, იგივე მწვავე ნაწილობრივი ცალმხრივი ვესტიბულური დეფიციტი, არის პერიფერიული ვესტიბულური სისტემის უხშირესი პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა თანმხლები გულისრევითა და ღებინებით. ვესტიბულური ნევრიტი უმეტესად ვითარდება 30-დან 60 წლამდე, თანაბარი სიხშირით ვლინდება ქალებსა და მამაკაცებთან, იშვიათად გვხვდება ბავშვებთან, თუმცა გამოხატულია ხანდაზმულებთანაც.

ვესტიბულური ნევრიტი, ფაქტობრივად, ჰერპესვირუსით გამოწვეული ნეიროინფექციაა. ჰერპესვირუსის გააქტიურებაც, როგორც სხვა ლატენტური ინფექციებისა, იმუნური სისტემის დასუსტებას უკავშირდება, რაც განსაკუთრებით ხშირად ხდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ პერიოდში სტაციონარში ვესტიბულური ნევრიტის დიაგნოზით ბევრი პაციენტი გვიწევს – ადამიანები ადვილად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით, სხვა ინფექციების ფონზე ჰერპესვირუსი განსაკუთრებით მძვინვარებს და ვესტიბულურ ნევრიტსაც ხშირად იწვევს, რადგან ვესტიბულური სისტემა ორგანიზმის ერთ-ერთი სუსტი წერტილია, სადაც ჰერპესული ინფექცია ადვილად ვითარდება. სავარაუდოა დაავადების სხვა ვირუსული გამომწვევებიც: ადენოვირუსი, წითელასა და წითურას ვირუსები, ზედა სასუნთქი გზების  სხვა ინფექციები.

– ვესტიბულური ნევრიტი მხოლოდ ინფექციის შედეგად ვითარდება?

–    ვესტიბულური ნევრიტი ზოგიერთი პათოლოგიის ერთ-ერთი პირველი ნიშანიც არის. მაგალითად, გაფანტული სკლეროზი შესაძლოა პირველად სწორედ ვესტიბულური ნევრიტით გამოვლინდეს. როდესაც სიმპტომები გაივლის, განსაზღვრული ხნის შემდეგ ჩნდება სიმპტომატიკა, რომელიც სხვა ნერვების დაზიანებაზე მიუთითებს – მაგალითად, შესაძლოა, წარმოიშვას მხედველობის დეფიციტი და ისიც აღდგეს, აგრეთვე – ხელ-ფეხის სისუსტე... შემდგომ კი აღმოჩნდება რომ ეს ყველაფერი გაფანტული სკლეროზის სიმპტომები იყო. ამიტომ რადიოლოგიურ კვლევას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ვესტიბულური ნევრიტის სიმპტომატიკას (განსაკუთებით – გულისრევასა და ღებინებას) ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ და თავბრუხვევას ალიმენტურ ფაქტორს აბრალებენ – საკვებს, სასმელს, ნაბახუსევს; ასეთი პაციენტები თავსდებიან ინფექციურ სტაციონარებში. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, ვესტიბულური ნევრიტის დასაწყისი ხშირად ერევათ სისხლძარღვოვან პათოლოგიებში – ინსულტში, ინფარქტში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდი შესაბამისი რადიოლოგიური გამოკვლევებით გამოირიცხება ხოლმე.

– რა ნიშნები მიუთითებს ამ პათოლოგიაზე, როგორ იწყება?

– პაციენტი უეცრად ცუდად ხდება, ეწყება ძლიერი თავბრუხვევა ღებინების თანხლებით, ვერ იცავს წონასწორობას, განსაკუთრებით ცალ მხარეს ვარდება.  წევს თვალდახუჭული, უჭირს მზერის ფიქსაცია და ფოკუსირება, ერიდება თავის გატოკებას, ეუფლება შიშის შეგრძნება. თავბრუხვევას და ღებინებას ყოველი მოძრაობა აძლიერებს. თავბრუხვევა მცირდება, როდესაც პაციენტი ერთ წერტილს უყურებს. ღებინება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. პირველი სამი დღე პაციენტი სუბიექტურად ძალიან ცუდად გრძნობს თავს, თუმცა რომელიმე სხვა ნევროლოგიური სიმპტომი არ არის გამოხატული. მწვავე სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღეს, უხეში სპონტანური ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა) დაკავშირებულია მზერის ფიქსაციისა და ფოკუსირების გაძნელებასთან. ნისტაგმი დროთა განმავლობაში მცირდება, ამიტომ კლინიკური სურათი ერთი კვირის თავზე საკმაოდ წაშლილია, რაც შემდგომ ართულებს ვესტიბულური ნევრიტის დიაგნოზირებას.

ამრიგად, რამდენიმედღიანი მწვავე სიმპტომატიკის შემდეგ კიდევ დაახლოებით ათი დღე გრძელდება წონასწორობის დარღვევა და ფოკუსირების გაძნელება. დაავადების ქვემწვავე პერიოდში პაციენტს მხოლოდ მკვეთრი მოძრაობისას წააქანებს, რაც ახალგაზრდას ბევრ სირთულეს უქმნის – ამის გამო ერიდება ვარჯიშს, აქტიურ მოძრაობას; ვეღარ მართავს მანქანას. მკვეთრ მოძრაობაზე, მიხრა-მოხრაზე წონასწორობის დარღვევის ხანგრძლივ დეფიციტს პაციენტი იქამდე მიჰყავს, რომ იგი თავს არიდებს ცხოვრების ყოველდღიურ, ჩვეულ რიტმს, რაც აქვეითებს მის შრომის უნარს. ამას ხშირად მოჰყვება დეპრესიული მდგომარეობა, პაციენტს ჰგონია, რომ უკურნებელი დაავადება სჭირს... ეს ვესტიბულური დეფიციტი შესაძლოა ექვს თვემდე გაგრძელდეს. 

– როგორ განასხვავებენ ამ დაავადებას მსგავსი პათოლოგიებისგან?

– ამ კუთხით საყურადღებოა ვესტიბულური ნევრიტის განვითარება და კლინიკური მონაცემები ცალ მხარეს ნისტაგმი და მეორე მხარეს ვარდნა წონასწორობის დარღვევის გამო (ატაქსია).

ნისტაგმი ვესტიბულური სისტემის დაზიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი და გამოხატული ნიშანია.  თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობის მიხედვით მრავალი პათოლოგიის ამოცნობაა შესაძლებელი. ნისტაგმოლოგია ვესტიბულოლოგიაში ცალკე მეცნიერებაა; იკვლევენ ნისტაგმის მიმართულებას, ხანგრძლივობას, სიფართოვეს, ამპლიტუდას. გამოცდილმა სპეციალისტმა ნისტაგმის ვიზუალური დათვალიერებით შესაძლოა პირდაპირ მიუთითოს ამა თუ იმ პერიფერიულ ან ცენტრალურ პათოლოგიაზე. ვესტიბულური ნევრიტის ნისტაგმი ცალმხრივია, ყველა თავისი მონაცემით პერიფერიულ დაზიანებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ ვესტიბულური ნევრიტის დროს აუდიოლოგიური (სმენასთან დაკავშირებული) სიმპტომატიკა არ არის გამოხატული. სმენის პრობლემები ან ყურიდან გამონადენი ვესტიბულურ ნეიროლაბირინთიტზე მიუთითებს, რომლის დროსაც ნერვის დაზიანებას კოხლეარული პათოლოგიაც ერთვის. 

მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი მოსულა დაავადების დაწყებიდან ორი-სამი კვვირის თავზე. ამ შემთხვევაში დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება პაციენტის ანამნეზი, სპეციალური ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვესტიბულოოკულარული და ვესტიბულოსპინალური რეფლექსები არასრულყოფილია. ამ ტესტების შედეგები კლინიკურ ნიშნებთან, ობიექტურ მონაცემებთან, საჭიროების შემთხვევაში _ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის შედეგებთან ერთად ვესტიბულური ნევრიტის დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. 

– რით შეიძლება გართულდეს ვესტიბულური ნევრიტი?

– ვესტიბულურ ნევრიტს ძალიან ხშირად, ასიდან 17 შემთხვევაში, თან ახლავს კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის სინდრომი, რაც აგრეთვე ხშირად არასწორად დიაგნოზირდება და, შესაბამისად, არასწორადვე მკურნალობენ. მოგეხსენებათ, ამ პათოლოგიის დროს ლაბირინთის რკალოვან არხებში ხვდება მისი კარიბჭიდან მოწყვეტილი კრისტალები – ოტოლიტები. ეს კიდევ უფრო აუარესებს პაციენტის მდგომარეობას, აღარ იცის, რა ქნას, გაუნძრევლად ზის. არადა გამათავისუფლებელი მანევრებით – სპეციალური ვარჯიშებით – პრობლემა ადვილად გვარდება.

გართულება, რომელიც ხშირად მოჰყვება ვესტიბულურ ნევრიტს, არის ფობიური პოსტურული თავბრუხვევის სინდრომი – ფლუქტუირებადი (მფეთქავი), პერსისტირებული (მუდმივი) თავბრუხვევის შეგრძნება, რასაც შიში და სპეციფიკური ქცევითი თავისებურებები ახლავს თან. 

– შესაძლებელია თუ არა, ვესტიბულური ნევრიტი თავისთავად განიკურნოს?

– ვესტიბულური ნერვი ძალზე ფაქიზია და ძნელად აღდგება, თუმცაღა მისი ანთება კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და სათანადო მკურნალობის ფონზე, ზოგჯერ – მკურნალობის გარეშეც, სიმპტომები სწრაფად ალაგდება. არასწორი მკურნალობისა და რჩევების შესრულების დროს კი სიმპტომები გრძელდება, რაც აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ვესტიბულური ნერვის ვირუსული დაზიანება ასე ადვილად არ გაივლის უკვალოდ, ხოლო რაც უფრო ადრე დაიწყება ამ პათოლოგიის სწორი მართვა და მკურნალობა, მით უფრო მეტად დაჩქარდება რეაბილიტაციის პროცესი. 

– როგორ მკურნალობენ ვესტიბულურ ნევრიტს?

– მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებსა და სპეციალურ ვარჯიშებს. პირველი სამი დღე საჭიროა წოლითი რეჟიმის დაცვა თავის იმობილიზაციითა და მკვეთრი მოძრაობის თავიდან აცილებით. ტარდება გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო თერაპია. ძალიან მნიშვნელოვანია კორტიკოსტეროიდებით დროული მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაიწყება სტეროიდული თერაპია, მით უფრო მალე ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები და მომჯობინდება პაციენტი. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ადვილად აღდგება ნერვი. მოკლე კურსი მდგომარეობას ძალიან მალე გამოასწორებს. მკურნალობის 3-5 დღის თავზე პაციენტი ისევე გრძნობს თავს, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული გრიპის შემდეგ. ხოლო თუ ორგანიზმში სხვა, თანდართული პათოლოგიებიც არის, თუ ადამიანი ასაკოვანია, მიმდინარეობს ატროფიული პროცესები ან მხედველობა არ უვარგა და ა.შ., რეაბილიტაციაც ჭიანურდება.

ვესტიბულური ნევრიტის მკურნალობა სტაციონარულ პირობებში ტარდება. ყველა არსებული გაიდლაინით, პირველი რიგის მკურნალობა ვესტიბულური ნევრიტის დროს კორტიკოსტეროიდული თერაპიაა. სტაციონარში მყოფ პაციენტს ინტრავენურ სტეროიდულ მკურნალობას ვუტარებთ, რაც ძალიან სწრაფ გაუმჯობესებას იწვევს. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია პერორალური მკურნალობაც ამბულატორიულად, თუმცა მაინც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ჯობს. 
პროცესის გენერალიზების შემთხვევაში ანუ მაშინ, როცა ორგანიზმში ვირუსული ინფექცია მძვინვარებს, სეროლოგიურად ვიკვლევთ ანტისხეულების ტიტრს და სტეროიდულ თერაპიასთან ერთად ანტივირუსულ მკურნალობასაც ვიწყებთ.

ვესტიბულური ნევრიტის დროს პაციენტი ერიდება თავის გატოკებას, რადგან ისევ თავბრუხვევის და გულისრევის განვითარებისა ეშინია, ეს კი უარესად ამძიმებს მდგომარეობას. პირიქით, ამ დროს მოწოდებულია ვესტიბულური ვარჯიშების ჩატარება. არსებობს სქემები, სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც დათრგუნული რეფლექსების სტიმულაციისკენ არის მიმართული. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ვარჯიშს, მით უფრო მალე დაუბრუნდება ადამიანს შრომის უნარი. პირველი 3-5 დღის განმავლობაში ჯერ კიდევ მწოლიარე პაციენტს ვუტარებთ ვესტიბულოოკულარული, ვესტიბულოსპინალური რეფლექსებისა და პოსტურური კონტროლის სტიმულაციისთვის გამიზნულ ვარჯიშებს. მომდევნო 5-7 დღის განმავლობაში ეს ვარჯიშები რთულდება. რეკომენდებულია, დაახლოებით 2-3 კვირა ყოველდღიურად შესრულდეს კომპლექსური ვესტიბულური სისტემის სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი პროგრამები.

ვესტიბულური ნევრიტის არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში პაციენტი გამოსავალს ალკოჰოლში პოვებს – მიღებიდან მცირე ხნის განმავლობაში ის თითქოს ხსნის დაავადების სიმპტომებს, მაგრამ ორი საათის შემდეგ მდგომარეობა უარესდება, რადგან შიგნითა ყურს ალკოჰოლის დაგროვებისადმი მიდრეკილება აქვს, ამიტომ პაციენტს ვუხსნით მისი პათოლოგიის არსს, ვურჩევთ  ცხოვრებისა და კვების რეჟიმის დაცვას და ვთავაზობთ სარეაბილიტაციო ვარჯიშების პროგრამას. რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში 10-14 დღეში ის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, უამისოდ კი ვესტიბულური ნევრიტით გამოწვეული დისკომფორტი შესაძლოა ნახევარი წელიწადიც კი გაგრძელდეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: