სახელი იცვლება, პრობლემა რჩება – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გააზიარე:

არც ისე დიდი ხანია, გასტროენტეროლოგიაში ახალი ტერმინი დამკვიდრდა – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს). არ გეგონოთ, ახალი დაავადება შემოგვმატებოდეს – ეს დარღვევა დიდი ხანია არსებობს, თუმცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვანაირად იხსენიებდნენ. დარწმუნებული ვარ, კოლიტი გაგიგონიათ. დიახ, ის, რასაც წინათ კოლიტს ეძახდნენ, დღეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომად იხსენიება. მას ასევე უწოდებდნენ მუკოზურ კოლიტს, სპასტიკურ კოლიტს, ნევროზულ ნაწლავს, სპასტიკურ ნაწლავს... ტერმინ “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით” კი მედიკოსებმა იმაზე სცადეს ყურადღების გამახვილება, რომ ეს დარღვევა მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მიზეზებს და არ არის პაციენტის წარმოსახვის ნაყოფი, როგორც ზოგიერთ მკვლევარსა თუ ექიმს მიაჩნდა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ გასტროენტეროლოგი და ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია გვესაუბრება.


– ბატონო თენგიზ, რას წარმოადგენს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი?
– ტერმინი “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი” (გნს) აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებულ ქრონიკულ პათოლოგიას, რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც პაციენტს, ისე მის მკურნალ ექიმს. ეს არის დაავადება, რომელიც მუცლის ტკივილითა და ნაწლავური მოქმედების ცვლილებით მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავ, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის აუცილებელი პირობაა, ნაწლავური მოქმედების ცვლილება – დიარეა (კუჭის აშლილობა) ან ყაბზობა (შეკრულობა) – მუცლის ტკივილთან ან დისკომფორტთან იყოს შერწყმული. მხოლოდ მუცლის ქრონიკული ტკივილი ან მხოლოდ დიარეა/ყაბზობა არ ნიშნავს გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაწლავური მოქმედების ცვლილებასთან შერწყმული მუცლის ქრონიკული ტკივილიც ყოველთვის არ არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ნიშანი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი სხვა პათოლოგიაც შეიძლება მიმდინარეობდეს ქრონიკულად, მუცლის ტკივილითა და ნაწლავური მოქმედების ცვლილებით. ამ შემთხვევაში გამოცდილი გასტროენტეროლოგი დიაგნოსტიკურ კრიტერიუმთა მთელი წყების გათვალისწინებით ადგენს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს პაციენტს თუ სხვა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მიერ არის გაწერილი და მთელი მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა მეთოდურ რეკომენდაციას წარმოადგენს. გარდა ამისა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და, საზოგადოდ, კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადებების სრულყოფილი შესწავლისთვის მოქმედებს რომის ორგანიზაციული არაკომერციული გასტროენტეროლოგიური საბჭო პროფესორ დროსმანის ხელმძღვანელობით. ეს საბჭო იძლევა მუდმივ, განახლებად რეკომენდაციებს ამ დაავადების შესახებ.


– რამდენად პრობლემურია ეს სინდრომი მსოფლიო მედიცინაში? 
– საკმაოდ პრობლემური და გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს პათოლოგია მსოფლიოს მოსახლეობის 10-15%-ს აქვს. აშშ-ში დაავადების გავრცელება ქალებში 14-24%-ს შეადგენს, ხოლო მამაკაცებში – 5-19%-ს. აქვე მოვიყვან ერთი საინტერესო ფაქტსაც: აშშ-ში გასტროენტეროლოგთან პაციენტთა ვიზიტების 20-50% სწორედ გნს-ს წილად მოდის. ამ პათოლოგიით სპეციალისტებს ყველაზე ხშირად 25-50 წლის ადამიანები მიმართავენ. უფრო ასაკოვან პაციენტებში გნს-ის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი იკლებს. საქართველოში დაავადების გავრცელების სარწმუნო სტატისტიკა არ მოიპოვება, თუმცა ზემომოყვანილი მონაცემები და კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ აქტუალურია.


– რა მიიჩნევა გნს-ის მიზეზად, რა მექანიზმით ვითარდება ეს დარღვევა?
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის უშუალო მიზეზის დადგენას თანამედროვე მედიცინა ვერ ახერხებს. ცნობილია, რომ ამ დარღვევის დროს არ ვლინდება ორგანული პათოლოგიები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებები, წყლულები, სიმსივნეები, თუმცა დაავადების მიმდინარეობა პაციენტს საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის.
თანამედროვე მონაცემებით, დაავადება უნდა უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ და მგრძნობელობის აღქმის დარღვევებს, ასევე – კვებით ალერგიებს და ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებებს. გასათვალისწინებელია დაავადებისადმი გენეტიკური განწყობაც. არცთუ იშვიათად გნს-ის გამშვები, მაპროვოცირებელი ფაქტორი ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციაა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრესები და ძლიერი ემოციური ფონიც.


– თქვენ დაავადების ძირითადი ნიშნები – მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა ახსენეთ. რა შემთხვევაში მიგვანიშნებს ისინი გნს-ზე? კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
– კლინიკურად დაავადება ვლინდება ქრონიკული, პერიოდული გამწვავებით მიმდინარე მუცლის ტკივილით, რომელიც ნაწლავის მოქმედების ცვლილებებთან – პერიოდულ დიარეასთან ან ყაბზობასთან – არის შერწყმული. სწორედ ამის გამო განასხვავებენ დიარეულ გნს-ს და ყაბზობასთან ასოცირებულ გნს-ს. დიაგნოსტიკისთვის აუცლებელია, ბოლო სამი თვის განმავლობაში სიმპტომები თვეში სამჯერ მაინც იყოს გამოვლენილი. ზოგიერთი პაციენტი მუცლის ტკივილის ფონზე დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობას აღწერს. შესაძლოა, ჩივილები ეხებოდეს ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნებასაც (თუმცა ამ დროს ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ არ გამოეპაროს მსხვილი ნაწლავის სხვა, პოტენციურად საშიში მიმალული დაავადება). არც თანმხლები დისპეფსიური მოვლენებია გამორიცხული – გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ბოყინი, აირების დაგროვება. არცთუ იშვიათად პაციენტები გამწვავების ეპიზოდებს ცალკეულ პროდუქტებს უკავშირებენ.


– როგორ სვამენ გნს-ის დიაგნოზს, როგორ მიჯნავენ მას მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებებისგან?
– დაავადების დიაგნოზს გასტროენტეროლოგი კლინიკური სიმპტომების მიხედვით, რომის კონფერენციის მიერ მოწოდებული კრიტერიუმებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სვამს. მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა გაითვალისწინოს ცალკეული საგანგაშო გასტროენტეროლოგიური ნიშნების არსებობა, ისეთებისა, როგორებიცაა წონის უმოტივაციო კლება, სისხლიანი განავალი, ღამის მუცლის ტკივილები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
აქვე უნდა ითქვას, რომ გნს-ის დროს დიაგნოსტიკური გამოკვლევის მონაცემები, წესისამებრ, ნორმის ფარგლებშია, თუმცა პათოლოგია მოითხოვს მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარე სხვა ორგანული დაავადებების გამორიცხვას, რისთვისაც საჭიროა ლაბორატორიული და კლინიკური გამოკვლევების წყება, მათ შორის – რადიოლოგიურ-ენდოსკოპიური გამოკვლევაც. ვითარებას ისიც ართულებს, რომ არცთუ იშვიათად პაციენტს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ერთად აქვს მსგავსი სიმპტომატიკის გამომწვევი ორგანული პათოლოგიაც. მაგალითად, მსხვილი ნაწლავის გაურთულებელ დივერტიკულურ დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ყაბზობით მიმდინარე გნს-იც. სწორედ ამიტომ არის საჭირო, პათოლოგია კვალიფიციურმა გასტროენტეროლოგმა მართოს.


– სახელდობრ, რომელი პათოლოგიებისგან გიწევთ გნს-ის გამიჯვნა?
– იმ დაავადებათა სპექტრი, რომლებიც გნს-ის მსგავსი კლინიკური სურათით მიმდინარეობს, ფართოა, მარტივი გრძელი ნაწლავის სინდრომით დაწყებული, მსხვილი ნაწლავის კიბოთი დამთავრებული. ამ ნუსხაშია მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, გახანგრძლივებული მიმდინარეობის ნაწლავური ინფექციები, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება, რძის შაქრის აუტანლობა, ცალკეული კვებითი აუტანლობები, ენდოკრინოპათიები, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევით მიმდინარე ნევროლოგიური და სისტემური პათოლოგიები, ცელიაკია (პურის ცილის მოუნელებლობა), მედიკამენტური აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნური პროცესი და სხვა.


– როგორ მკურნალობენ გნს-ს და რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
– მას შემდეგ, რაც დაისმება სწორი დიაგნოზი, განისაზღვრება გნს-ის ტიპი და გამოირიცხება სხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგია ან დადგინდება თანმხლებ დაავადებათა სპექტრი, სპეციალისტებს მრავალი სამკურნალო საშუალების გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის – კვების სწორი რეჟიმისა, სხვადასხვა ჯგუფის სპაზმოლიტიკური პრეპარატებისა, საკვები ბოჭკოებისა, საფაღარათო საშუალებებისა, დიარეის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული მედიკამენტებისა, ასევე – პრობიოტიკებისა და პრებიოტიკებისა. თუ საჭიროებამ მოითხოვა, აუცილებელია, მკურნალობის პროცესში ჩაერთოს ფსიქონევროლოგი და მისი რეკომენდაციით ანტიდეპრესანტი, სეროტონინის უკუშეწოვის ინჰიბიტორი ან სხვა მედიკამენტი დაინიშნოს.


– დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
– ძნელი სათქმელია. გნს-ის მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მოითხოვს პაციენტისა და ექიმის სრულ ურთიერთნდობასა და მჭიდრო კომუნიკაციას.


– რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს გნს-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის?
– ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მარტო ამ დაავადების, არამედ ყველა პათოლოგიის მართვაში ასრულებს განუზომლად დიდ როლს. უმჯობესისა, პაციენტმა ეს საკითხიც ინდივიდუალურად განიხილოს მკურნალ ექიმთან.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: