მიხეილ ასათიანი – მეცნიერული ფსიქიატრიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, ანტიკური ეპოქის ბერძენმა ექიმმა, გაილაშქრა ხალხში გავრცელებული წარმოდგენების წინააღმდეგ და სულით ავადმყოფთათვის საჭიროდ მიიჩნია ექიმის მზრუნველობა, თუმცა ამ საკითხზე მეცნიერულად სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება ევროპაში მხოლოდ მე-17 საუკუნიდან დაიწყო, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკური ფორმების სისტემატიზაცია და მკურნალობაც სცადეს.

საქართველოში უმაღლესი ფსიქიატრიული განათლების დანერგვა, ფსიქიატრიის კვლევითი ინსტიტუტის დაარსება და ამ დარგის განვითარება დიდი მეცნიერის, მიხეილ ასათიანის სახელს უკავშირდება.

მიხეილ ასათიანის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ "მენტალვიტას" დირექტორს გიორგი ნანეიშვილს. სწორედ მისი რედაქციით დაიბეჭდა ალმანახი "ქართული ფსიქიატრიის ისტორია" (ნარკვევები). ბატონმა გიორგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ ასათიანის ბიოგრაფიის მრავალი საინტერესო ფაქტის დადგენაში დიდი წვლილი მიუძღვის აწ განსვენებულ ბატონ ზურაბ ბერიას – შესანიშნავ ექიმ ფსიქიატრს, პედაგოგსა და მეცნიერს.

მიხეილ ასათიანი 1881 წლის 10 მაისს თბილისში, გამოჩენილი პედაგოგების მიხეილ ასათიანისა და ეკატერინე ჭრელაშვილის ოჯახში დაიბადა. მეცნიერის მამა, უფროსი მიხეილი, პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველიც ყოფილა. პატარა მიხეილი სამი თვის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა.

მიხეილმა და მასზე ერთი წლით უფროსმა ძმამ სოსომ ბავშვობა თბილისში გაატარეს, ზაფხულობით კი დედის მშობლიურ სოფელ მაღაროში ისვენებდნენ ბიძაშვილ სანდრო ჭრელაშვილთან ერთად. მიხეილი იმ წლების მოგონებებს და სოფლის სიყვარულს მთელი ცხოვრება თან ატარებდა.

სიყრმის წლები

9 წლის მიხეილ ასათიანი თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს, უფროსი ძმის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი, 1983 წელს, თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში გადაიყვანეს, სადაც მისი ბიძაშვილი სანდრო სწავლობდა. პატარა მიხეილი სწავლისადმი დიდ ინტერესს იჩენდა, გამოირჩეოდა სიბეჯითით და ცნობისმოყვარეობით. ფსიქოლოგიით მოწაფეობის წლებშივე დაინტერესდა. ბევრს კითხულობდა და თვალს ადევნებდა ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება, რათა მომავალში ექიმი ფსიქიატრი გამხდარიყო.

თბილისის მეორე გიმნაზიაში სწავლის წლებს ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა. პედაგოგებიდან გამორჩეულად ემადლიერებოდა ისტორიის მასწავლებელს გიორგი გეხტმანს – სწორედ მან დააარსა გიმნაზიაში ისტორიულ-ფილოსოფიური წრე, სადაც მიხეილი ხშირად გამოდიოდა საინტერესო მოხსენებებით.

1900 წელს მიხეილ ასათიანმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. მისი კლასი, 7 ოქროს და 14 ვერცხლისმედალოსანი მოსწავლით,  ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა სასწავლებლის ისტორიაში. მიხეილთან ერთად გიმნაზია დაამთავრეს ირაკლი (კაკი) წერეთელმა – მომავალში ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, სოციალ– დემოკრატიული პარტიის ერთ– ერთმა ლიდერმა და ბრწყინვალე ორატორმა, და ალექსანდრე ელჩანინოვმა – ცნობილმა ისტორიკოსმა, ლიტერატორმა, პარიზის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა. 1900 წლის კურსდამთავრებული იყო იაკობ როზენფელდიც, ბოლშევიკი რევოლუციონერი, რომელიც ისტორიაში ლევ კამენევის სახელით შევიდა. მიხეილს განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა თანაკლასელ პავლე ფლორენსკისთან – პოეტთან, მეცნიერთან, რელიგიურ ფილოსოფოსთან, შემდგომში – რუსეთის ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელთან. ფლორენსკი ბოლშევიკებმა რამდენჯერმე დააპატიმრეს, 1937 წლის მასობრივი რეპრესიების დროს კი დახვრიტეს.

სწორედ პავლე ფლორენსკის უმცროსი და იულია გახდა მიხეილ ასათიანის პირველი მეუღლე, თუმცა 1911 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იულია ფლორენსკაია შვეიცარიაში გაემგზავრა, ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და ცნობილი ექიმი ფსიქიატრი და ლოგოპედი გახდა.

სტუდენტური ქარტეხილები

1901 წელს მიხეილი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ორ წელიწადში სტუდენტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მომავალი ექიმი ჯერ დააპატიმრეს, მერე კი სასწავლებლიდან გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ მიხეილმა შეძლო უმაღლესში დაბრუნება და სწავლის დასრულება.

ახალგაზრდა მიხეილ ასათიანს ფართო ინტერესთა სფერო ჰქონდა, რაშიც კარგი მეხსიერება და სისტემური შრომის უნარი უწყობდა ხელს. სტუდენტობის დასაწყისში ჰისტოლოგიამ გაიტაცა და 12 თვის განმავლობაში თავაუღებლად მუშაობდა კათედრაზე. ფსიქიატრიის მიმართ ინტერესი დიდი მეცნიერის, ფსიქიატრიის პროფესორის ვლადიმირ სერბსკის ლექციებმა დაუბრუნა. პროფესორსაც შეუმჩნევია მონდომებული სტუდენტი და 1907 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ასათიანი თავის კლინიკაში ორდინატორად დაუტოვებია. სამწუხაროდ, ამ კლინიკაში მიხეილის პროფესიული კარიერა ხანმოკლე გამოდგა – 1911 წელს ვლადიმირ სერბსკიმ პროტესტის ნიშნად დატოვა ფსიქიატრიის კათედრა და კლინიკა. პროტესტი მაშინდელი განათლების მინისტრის ლევ კასოს არადემოკრატიული რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ვინაიდან მიხეილმა მასწავლებელს დაუჭირა მხარი, მასაც მოუწია პერსპექტიულ თანამდებობაზე უარის თქმა. თუმცა უმუშევრად დიდხანს არ დარჩენილა, მალევე მიუწვევიათ მოსკოვის მახლობლად, დაბა ოსტანკოვოს ფსიქონევროლოგიურ სანატორიუმში, სადაც ახალგაზრდა ექიმმა დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. მან მოქალაქეებისთვის უფასო კონსულტაციები დააწესა.

მიხეილი უფრო და უფრო იხვეჭდა სახელს. ხშირად იწვევდნენ რთული შემთხვევების საკონსულტაციოდ. მნიშვნელოვანი გამოკვლევა მიუძღვნა ფსიქოთერაპიის არაერთ საკითხს. ზოგიერთს ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს.

მწვერვალისკენ

მიხეილ ასათიანმა მოსკოვში დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა. აღსანიშნავია, რომ ფსიქოანალიზსა და მკურნალობის ფსიქოანალიტიკურ მეთოდს რუსეთში პირველმა სწორედ მან მიაქცია ყურადღება. მანამდე, 1909 წელს, მიხეილი შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა ცნობილ ფსიქიატრს  იუგენ ბლეილერს და გამოჩენილ ფსიქოთერაპევტს პოლ შარლ დიუბუას. მიხეილ ასათიანი მუშაობდა კლინიკაში, სადაც იმხანად ახალგაზრდა კარლ გუსტავ იუნგი მოღვაწეობდა. მეგობრობდა ფსიქოანალიტიკოს საბინა შპილრეინთან, რომელიც 17 წლის ასაკში იუნგის პირველი ანალიზანტი (პაციენტი ფსიქოანალიზის დროს) გახდა. განკურნების შემდეგ საბინამ სამედიცინო განათლება მიიღო და თავის ყოფილ ექიმთან დაიწყო მუშაობა, თუმცა სკანდალური სასიყვარულო ისტორიის შემდეგ იძულებული გახდა, რუსეთში, მშობლიურ ქალაქ როსტოვში დაბრუნებულიყო. 1942 წელს საბინა შპილრეინი და მისი ორი ქალიშვილი  ქალაქის სხვა ებრაელებთან ერთად ნაცისტებმა დახვრიტეს.

შვეიცარიიდან დაბრუნებული მიხეილ ასათიანი პაციენტების სამკურნალოდ აქტიურად იყენებდა ფსიქოანალიტიკურ მეთოდს. 1910 წელს მოსკოვის ფსიქიატრების შეკრებაზე მან წაიკითხა მოხსენება, რომელიც ისტერიული ფსიქოზით დაავადებულის ფსიქოანალიზს ეხებოდა. აღნიშნული მასალა შემდეგ წიგნად გამოიცა. 1910-1914 წლებში მოსკოვში გამოდიოდა ფსიქოანალიზზე ორიენტირებული ჟურნალი "ფსიქოთერაპია", რომლის ერთ-ერთი რედაქტორი მიხეილ ასათიანი გახლდათ. ჟურნალთან თანამშრომლობდა ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი ალფრედ ადლერი, რომლის ერთ-ერთი ნაშრომი, "სიფილოფობია", განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის. ჟურნალში დაიბეჭდა დიდი იტალიელი ფსიქიატრის, ფსიქოსინთეზის შემქმნელის, რობერტო ასაჯიოლის სტატიები სქესობრივი ენერგიის ტრანსფორმაციის შესახებ.

მიხეილ ასათიანის წყალობით ფსიქოანალიზით მისი მოსკოველი კოლეგებიც დაინტერესდნენ, მათ შორის იყო ივან ერმაკოვი, თბილისის პირველი გიმნაზიის კურსდამთავრებული და ქალაქში პრესტიჟული ფოტოატელიეს მფლობელის, დიმიტრი ერმაკოვის შვილი. შემდგომ ივან ერმაკოვმა დააფუძნა სახელმწიფო ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტი, რუსულ ენაზე თარგმნა ზიგმუნდ ფროიდისა და სხვა ფსიქოანალიტიკოსების ნაშრომები. 1930 წელს ფსიქოანალიზი საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა. რეპრესირებული ივან ერმაკოვი 1942 წელს სარატოვის ციხეში გარდაიცვალა.

1917 წლიდან, პროფესორ ვლადიმირ სერბსკის ინიციატივით, მიხეილ ასათიანი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ როდესაც 1920 წლის ბოლოს მიხეილ ჯავახიშვილისგან მიწვევა მიიღო, დაუფიქრებლად დატოვა მოსკოვი, უარი თქვა ბრწყინვალე კარიერაზე და მეუღლესთან, პროფესიით ფსიქოლოგ ლუბოვ მაიმიტოვა– ასათიანთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

დიდი დაბრუნება

1921 წელს მიხეილ ასათიანი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის გამგედ დაინიშნა. მანამდე კათედრას დამოუკიდებელი ხელმძღვანელი არ ჰყოლია და ფსიქიატრიას ნევროპათოლოგიასთან ერთად პროფესორი იაკობ ანფიმოვი უძღვებოდა. კათედრის გამგედ არჩევასთან ერთად მიხეილ ასათიანი მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელადაც დანიშნეს. მისი დიდი მონდომებით, იმავე წელს განყოფილება გაფართოვდა და მის ადგილზე თბილისის ცენტრალური ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ოთხი წლის შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფსიქიატრიის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც მიხეილ ასათიანი გახდა. ახალგახსნილ ინსტიტუტში ქართველმა მეცნიერმა საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა მიმართულებას: ბავშვთა ფსიქიატრიას, სასამართლო ფსიქიატრიას და სამხედრო-საექიმო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. მან ფსიქიატრიაში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მიხეილ ასათიანის ხელმძღვანელობით ინსტიტუტში 200-ზე მეტი მეცნიერული კვლევა შესრულდა. თავად პროფესორის კალამს 40 სამეცნიერო ნაშრომი ეკუთვნის. ჯერ კიდევ აქტუალურია 1932 წელს დაწერილი მონოგრაფია "ფსიქონევროზები. ფსიქიკური მექანიზმები, ფიზიოლოგიური საფუძვლები, მკურნალობა".

სამშობლოში ახალდაბრუნებულმა ფსიქიატრმა პირველმა მიაქცია ყურადღება პაციენტთა პირობების გაუმჯობესების საკითხს. მან გააუქმა პაციენტების შეზღუდვის ყველა საშუალება და ბნელი, ნახევრად სარდაფის ტიპის შენობიდან ისინი ნათელ და მზიან ოთახებში გადაიყვანა. ზედამხედველი ექიმის თანაშემწით, მოწყალების დით შეცვალა, შემოიღო და სავალდებულო გახადა ავადმყოფობის ისტორიის წერა და დააწესა ექიმების მორიგეობა.

საქართველოში პირველმა მიხეილ ასათიანმა შექმნა ექიმთა რაზმი და მოაწყო ექსპედიციები მოსახლეობის ფსიქიკური დაავადების, ჩიყვის, ალკოჰოლიზმის და სხვა საკითხების შესწავლის მიზნით. ერთ-ერთ ასეთ კომპლექსურ ექსპედიციას პირადად ხელმძღვანელობდა 1926 წელს სვანეთში. მოგვიანებით შეისწავლა პელაგრა (დაავადება, რომელსაც იწვევს საკვებში PP ვიტამინის – ნიკოტინის მჟავას – ნაკლებობა) და პელაგროზული ფსიქოზები.

1930 წელს მიხეილ ასათიანის ინიციატივით დაარსდა ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამედიცინო საზოგადოება. პროფესორ სიმონ ყიფშიძის ხელმძღვანელობით ყოველთვე იმართებოდა სამედიცინო კონფერენციები, რომლებზეც ფსიქიატრიისა და ნევროპათოლოგიის აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ.

1935 წელს მიხეილ ასათიანისა და პროფესორ არკადი გოცირიძის ძალისხმევით თბილისში დაარსდა რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური დისპანსერი. მიხეილ ასათიანი მონაწილეობდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერთა ქსელის შექმნაშიც.

საინტერესო იყო დიდი ექიმისა და მეცნიერის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მისი ლექციები ყოველთვის ფართო აუდიტორიას იზიდავდა. ლექციის დასაწყისში პროფესორი დაფაზე ძირითად თეზისებს წერდა, რაც სტუდენტებს ლექციის მოსმენას და მასალის დამახსოვრებას უადვილებდა. მან დაწერა პირველი ქართულენოვანი ფსიქიატრიის სახელმძღვანელო  ექიმებისთვის "სულით ავადმყოფთა გამოკვლევის გეგმა და მეთოდიკა".

დაძაბული საორგანიზაციო და პედაგოგიური საქმიანობის მიუხედავად, მიხეილ ასათიანს არასდროს მიუტოვებია პრაქტიკული ფსიქიატრია. იღებდა ავადმყოფებს, ატარებდა ფსიქოთერაპიულ სეანსებს, რომლებზეც იყენებდა თავის ორიგინალურ სამკურნალო მეთოდს – განცდათა რეპროდუქციის მეთოდს, რომელიც ჰიპნოკათარზისის ვარიანტს წარმოადგენდა.

მიხეილ ასათიანი 1938 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიხეილ ასათიანის სახელი ჰქვია.

საქართველოში მეცნიერული ფსიქიატრიის ფუძემდებლის ქალიშვილი ნინო ასათიანიც ცნობილი ფსიქიატრი იყო. ბაბუის კვალს გაჰყვნენ ლუბა და მიხეილიც. სიმბოლურია, რომ ასათიანების პროფესიული მოღვაწეობა მოსკოვის იმ ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკავშირდება, რომელიც ბატონი მიხეილის მასწავლებლის, ვლადიმირ სერბსკის სახელს ატარებს.

მარი მარღანია

გააზიარე: