პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევები – პოკდ
გააზიარე:
ხდება ხოლმე, რომ ოპერაციის შემდეგ ადამიანი მეხსიერების გაუარესებას უჩივის. ამას, ტრადიციისამებრ, ნარკოზს, ზოგად ანესთეზიას, აბრალებენ.
რა არის პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევა, როგორ ვლინდება, რა იწვევს მას და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? – ამ კითხვებით მივმართეთ ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს, ასოცირებულ პროფესორ თამარ მაჭარაძეს.
რა არის
– პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევა (პოკდ) არის ცნობიერების, მეხსიერების, დასწავლის, ორიენტაციისა და კოორდინაციის ცვლილება ოპერაციის შემდეგ. მეხსიერება, ცნობიერება, დასწავლის უნარი ქვეითდება, იწყება დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, ირღვევა ვერბალური გამოხატვის უნარი, ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია.
პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევა უმთავრესად 65 წელს გადაცილებულ პაციენტებთან აღირიცხება – სტატისტიკის თანახმად, ათიდან სამ შემთხვევაში. შედარებით იშვიათია საშუალო ასაკის ადამიანებთან, ხოლო ბავშვებთან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
– დროებითია ის თუ სამუდამო?
– პოკდ შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა ან თვე, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი, განსაკუთრებით – კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელიც ამ კუთხით ყველაზე რთულ ოპერაციად მიიჩნევა. აღწერილია შემთხვევები, როდესაც პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევა შვიდწელიწად-ნახევარს გაგრძელდა. სამწუხაროდ, აღრიცხულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.
რა იწვევს
– დიდხანს პოკდ საანესთეზიო საშუალებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის შედეგად მიიჩნეოდა. მიზეზის დასადგენად უამრავი კვლევა ჩატარდა. ერთმანეთს შეადარეს ერთნაირი ოპერაციები, რომელთა მიმდინარეობისას ზოგ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ზოგადი ანესთზია, ზოგში კი რეგიონული. აღმოჩნდა, რომ პოკდ-ის განვითარების ალბათობა ერთნაირი იყო.
ამჟამად პოკდ-ს მულტიფაქტორულ დარღვევად მიიჩნევენ, თუმცა მთავარ მიზეზად ითვლება პაციენტის იმუნური სისტემის გააქტიურება ქირურგიული ჩარევით გამოწვეული სტრესის პასუხად. ამ დროს გამოიყოფა ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით თავის ტვინის პარენქიმაში გადადის. სწორედ ამის შედეგად ვითარდება სიმპტომები.
განსაზღვრულ როლს ასრულებს სხვა ფაქტორებიც:
* ქირურგიული ჩარევის ხანგრძლივობა;
* ოპერაციის მასშტაბი. მაგალითად, კბილის ექსტრაქციის შემდეგ პოკდ არ განვითარდება, მაგრამ მუცლის ღრუზე ან გულზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ რისკი მაღალია;
* ნეიროდეგენერაციული დაავადების (პარკინსონის, ჰანტინგტონის, ალცჰაიმერის) არსებობა ქირურგიულ ჩარევამდე;
* მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლის, ნარკოტიკების) მოხმარება.
პოკდ-ის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს მიზანშეუწონელი ღრმა ანესთეზია, ოპერაციის მსვლელობისას განვითარებული ტვინის ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), ჭარბი სისხლდენა და სხვა.
როგორ ვლინდება
– პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევის სიმპტომები უმეტესად გამოღვიძებისთანავე იჩენს თავს, უფრო იშვიათად – ოპერაციიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. ის შესაძლოა წარიმართოს ჰიპერაქტიურად, ჰიპოაქტიურად ან ამ ფორმების მონაცვლეობით.
ჰიპერაქტიური ფორმის დროს პაციენტი აგზნებულია, ახასიათებს გაუცნობიერებელი მოქმედებები (მაგალითად, ცდილობს კათეტერის მოხსნას).
ჰიპოაქტიური ფორმის შემთხვევაში პაციენტი დეპრესიულია, ინდიფერენტული, არ გვესაუბრება.
მონაცვლეობითი ფორმის დროს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ზემოთ აღწერილი ორი მდგომარეობა ერთმანეთს ენაცვლება.
პაციენტს შესაძლოა გაუჭირდეს:
- რაღაცის დამახსოვრება და გახსენება. მაგალითად, სად დადო ესა თუ ის ნივთი, რისთვის შევიდა ოთახში და ა.შ.;
- ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც ადრე არ უჭირდა;
- ინტელექტუალური აქტივობა (მაგალითად, კროსვორდის შევსება);
- რამდენიმე დავალების გაერთიანება;
- ნატიფი მოძრაობები;
- გაგონილის აღქმა;
- სოციალური ინტეგრაცია და სხვ.
ხშირად ამ ცვლილებებს არა პაციენტი, არამედ მისი ოჯახის წევრები ამჩნევენ.
– რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა ოპერაციის შემდეგ?
– აშკარად გამოვლენილი პოკდ-ის დროს ირღვევა დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარი, პაციენტი ვერ აცნობიერებს, სად იმყოფება, წელიწადის რომელი დროა, რომელი თვეა.
უკვე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შესაძლოა გამომჟღავნდეს, რომ დაზიანებულია ხანმოკლე მეხსიერება – პაციენტს ახსოვს ბავშვობის დროინდელი ამბები, მაგრამ ვერ იხსენებს, რა მოხდა გუშინ, გუშინწინ.
თუ ასეთმა პრობლემებმა იჩინა თავი, აუცილებლად უნდა მივმართოთ მკურნალ ექიმს, რომ დააკვალიანოს პაციენტი, მისი ახლობლები და შესაბამის სპეციალისტებთან გაგზავნოს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
– რის საფუძველზე სვამს ექიმი პოკდ-ის დიაგნოზს?
– პოკდ-ი დიაგნოსტირდება და მისი სიღრმე ფასდება ნეიროკოგნიტიური ტესტების მეშვეობით. პაციენტს შესაძლოა სთხოვონ რაიმე მოქმედების შესრულება, კითხვარის შევსება. მოწმდება დასწავლის, მეხსიერების, ყურადღების, ენის გაგების, მოტორული და სხვა ფუნქციები. ტესტები ტარდება ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც, რათა ნებისმიერი ცვლილება თვალსაჩინო იყოს.
როგორ მკურნალობენ
– როგორ მკურნალობენ პკოდ-ს და როდის იწყება მკურნალობა?
– მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს საოპერაციოში, პოსტოპერაციულ ბლოკში, პალატაში, იმის მიხედვით, პირველად სად გამოვლინდება დარღვევა. მდგომარეობის მართვას იწყებს ანესთეზიოლოგი, მერე კი პროცესში სხვა ექიმებიც ერთვებიან. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ჰალუცინაციების დროს, საჭიროა ფსიქიატრის ჩართვა, ზოგჯერ – ნევროლოგის. შესაძლოა, მკურნალობა გაგრძელდეს პალატაში, რადგან თუ პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები აღდგენილია, მხოლოდ კოგნიტიური დარღვევის გამო მას პოსტოპერაციულ ბლოკში ვერ დავაყოვნებთ.
მკურნალობის სტრატეგია ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ასაკზე, სიმპტომებზე...
თუ კოგნიტიური დარღვევები განვითარდა და ჩვენ არაფერი ვიღონეთ, შესაძლოა, მანამდე აქტიური ადამიანი სხვაზე დამოკიდებული გახდეს, სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად დაუქვეითდეს.
დარღვევის თავიდან ასაცილებლად
– შესაძლებელია თუ არა პოკდ-ის თავიდან აცილება?
– ყველა რისკფაქტორის გაკონტროლება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ოპერაციამდე არსებული ინდივიდუალური დეფიციტების აღმოფხვრა სრულფასოვანი კვებით, რეგულარული ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშით, ძილის მოწესრიგებით.
65 წელს გადაცილებულ ნეიროდეგენერაციული დავადებების მქონე პაციენტებს სჭირდებათ რისკების შეეფასება და ინდივიდუალური წინასაოპერაციო მომზადება.
თუ პაციენტი წამალდამოკიდებულია, ალკოჰოლდამოკიდებულია ან სხვა მავნე ჩვევა აქვს, ამის შესახებ წინასაოპერაციო გასაუბრებაზე უნდა შეატყობინოს ანესთეზიოლოგს, რათა ჩატარდეს ამ პაციენტს მორგებული, ინდივიდუალური მკურნალობა.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ოპერაციისთვის ემზადება და პოკდ აშინებს?
– პოკდ-ის შიშით აუცილებელ ოპერაციაზე უარი არ თქვან, უბრალოდ, ანესთეზიოლოგს აცნობონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის შესახებ, რათა მან სათანდო ზომები მიიღოს და პერიოპერაციული კოგნიტიური დარღვევის პრევენცია მოახდინოს.
ტვინის ჯანმრთელობისთვის
– ტვინის ჯანმრთელობისთვის, მისი გონებრივი ფუნქციების შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში. კარგია ახალი უცხო ენის სწავლა, კროსვორდების შევსება, ფაზლების აწყობა, ჭადრაკის თამაში, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ან ცეკვის შესწავლა.
ფიზიკური ვარჯიშის დროს იზრდება ტვინისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი, რაც ხელს უშლის ნეირონული კავშირების დარღვევას. სასურველიაკვირაში რამდენჯერმე 30-60 წუთის განმავლობაში სიარული, ცურვა, ჩოგბურთის თამაში და ნებისმიერი სხვა ზომიერი აერობული აქტივობა (ისეთი აქტივობა, რომლის შედეგადაც გულისცემა იმატებს).
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, მოწესრიგებული ძილი და სუფთა ჰაერი. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება ეკოლოგიური ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
ტვინისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც გულისხმობს რაციონში უმთავრესად მცენარეული საკვების, მთლიანი მარცვლეულის, თევზის, ჯანსაღი ცხიმების (მაგალითად, ზეითუნის ზეთის) ჩართვას და ნაკლები წითელი ხორცის მოხმარებას. სასურველია მარილის რაოდენობის შეზღუდვაც.
სრულფასოვანი ძილი გულისხმობს ღამის განმავლობაში შვიდ-რვასაათიან უწყვეტ ძილს, რომელიც ტვინს ინფორმაციის შენახვის საშუალებას აძლევს. თუ ადამიანს გადაბმულად ძილი უჭირს, უნდა გამოირიცხოს ძილის აპნოე.
ტვინის ჯანმრთელობა სისხლძარღვების ჯანმრთელობაზეც არის დამოკიდებული, ამიტომ რეგულარულად უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა, გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაჩვენებლები, მათი ნორმიდან გადაცდომისას კი მივმართოთ ექიმს და მისი რეკომენდაციები შევასრულოთ.
გვახსოვდეს ისიც, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ტვინის ჯანმრთელობას აუარესებს.
მარი აშუღაშვილი