თამილა შარუხია – მძლეოსანი, მოცურავე და ველომრბოლელი
გააზიარე:
თამილა შარუხია მოყვარული სპორტსმენია, რომელმაც გატაცება გამარჯვებად აქცია, დიასახლისობიდან ჩემპიონობამდე შეცვალა თავისი ცხოვრება და ბოსფორიც გადაცურა. კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს – "აირონმენის" (Ironman) და "ოუშენმენის" (Oceanman) ტურნირებში მონაწილეობა და უამრავი ახალი გამოწვევის დაძლევა სპორტში.
პირველი გამარჯვებები
სპორტი ყოველთვის ჩემი სტიქია იყო და ბავშვობიდან პროფესიონალურად რომ მევარჯიშა, დღეს ალბათ ოლიმპიური ოქროც მექნებოდაო, ამბობს თამილა.
სკოლა რომ დაამთავრა საექთანო კურსი გაიარა, ექიმობაზეც ფიქრობდა, მაგრამ ქორწინებამ პრიორიტეტები შეაცვლევინა. ჯერ ანასტასია შეეძინა, მერე – ალექსანდრა და დედისა და დიასახლისის როლის მორგება მოუწია.
შვილები რომ წამოზარდა, მიხვდა, რომ სპორტში საკუთარი თავის რეალიზება ჯერ კიდევ შეეძლო:
– ორმოც წელს გადავაბიჯე. მივხვდი, რომ აღარ მომწონდა საკუთარი სხეული და ვარჯიშით და სწორი კვებით გადავწყვიტე ფორმაში დაბრუნება. სწორედ ფიტნესდარბაზში გავიცანი გოგონები, რომლებიც მარათონებში მონაწილეობდნენ. პირველი შეჯიბრება, რომელზეც საკუთარი შესაძლებლობები მოვსინჯე, "ვინგს ფორ ლაიფი" იყო. ეს გარბენი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პარალელურად იმართება. ჩვენი კახეთში ჩატარდა. სამი ათასი ადამიანი მივრბოდით ერთად. ყველა ერთმანეთს ესალმებოდა, უღიმოდა, გულშემატკივრობდა... ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოვიპოვე. შემდეგ თბილისის მარათონში მივიღე მონაწილეობა და ამჯერადაც საპრიზო ადგილზე გავედი. სპორტმა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ გართობად მესახებოდა, მეტი აზარტი და ინტერესი შეიძინა.
გამოგიტყდებით, თავიდან მეზარებოდა ადრე ადგომა და ზოგჯერ ვაცდენდი კიდეც ვარჯიშებს, რის გამოც უკვე მიღწეული შედეგები წყალში მეყრებოდა, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო მეტად მივეჯაჭვე სპორტს. ბევრი რამ გავიგე სწორ სირბილზე, ჯანსაღ კვებაზე, სტაბილური პულსის შენარჩუნების ტექნიკაზე, საკვებდანამატებზე... შევამჩნიე, რომ ვარჯიში ენერგიას მმატებდა, სახლში უსაქმოდ ყოფნა კი მღლიდა. ლისისა და კუს ტბებზე ხშირად იმართებოდა სამოყვარულო ტურნირები. ყველგან ვმონაწილეობდი და შედეგს ყოველ ჯერზე ვაუმჯობესებდი.
დიდ ასპარეზზე
– თანდათან უფრო დიდ ასპარეზზე დავიწყე ფიქრი. ჩავერთე თურქეთში გამართულ ნახევარმარათონში და გავიმარჯვე. მას შემდეგ კიდევ ორჯერ დავბრუნდი ტრაპიზონიდან საპრიზო ადგილით.
დავიწყე მზადება სტამბოლის მარათონისთვის. მოგეხსენებათ, მარათონის ტრადიციული დისტანცია 42 კილომეტრია. ჩემმა მწვრთნელმა რაულ სანიკიძემ მითხრა, რომ ამ მანძილის დაფარვას 4 საათს მოვანდომებდი, თუმცა მაშინ ეს წარმოუდგენელ შედეგად მიმაჩნდა.
მორბენლები, ტრადიციისამებრ, რაც შეიძლება მსუბუქად იცვამენ და სირბილის დროს ენერგიის აღსადგენად ორმაგ სპორტულ ტოპში საკვებ გელს იდებენ ხოლმე. მე გელის ნაცვლად ტუჩსაცხი, პატარა სარკე და სავარცხელი მეწყო – როგორც კი ფოტოგრაფს შევამჩნევდი, მაშინვე თავს ვიწესრიგებდი. სტამბოლის მარათონი 3 საათსა და 59 წუთში გავირბინე. გზადაგზა პრანჭვა რომ არ დამეწყო, ფინიშთან უფრო მალეც მივიდოდი... იმის გათვალისწინებით, რომ მოყვარული სპორტსმენი ვარ და ტურნირისთვის მხოლოდ სამი თვე ვემზადებოდი, ეს შესანიშნავი შედეგია.
თბილისში დაბრუნებულს, მკითხეს, ორ კვირაში ლარნაკაში მარათონია და ხომ არ წახვიდოდიო. რა თქმა უნდა, ხუმრობით, რადგან მარათონის შემდეგ ორგანიზმს ერთთვიანი რეაბილიტაცია სჭირდება. მთელი ღამე ვიფიქრე და მეორე დღეს მწვრთნელს განვუცხადე, რომ ამ შეჯიბრებაშიც მინდოდა მონაწილეობა. მითხრა, თავში არ აგივარდეს, თავი მართლა ვარსკვლავი ხომ არ გგონია; სრულ მარათონს ვერ დაძლევ, მაგრამ თუ არ დაიშლი, ოცდაერთკილომეტრიან დისტანციაზე გადიო. მეორე ღამეც ფიქრში გავატარე. სიტყვები "ვერ დაძლევ" გამოწვევად მექცა. როგორც კი ინათა, სრულ მარათონზე დავრეგისტრირდი. მესამე ადგილი მოვიპოვე და შედეგი სამი წუთით გავაუმჯობესე. თან გზადაგზა ვიდეოებს ვიღებდი და ისევ ვიპრანჭებოდი...
ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი მარათონი და საპრიზო ადგილი. პანდემიის დროს სამთო სირბილშიც მოსინჯა ძალა. რეგულარულად მონაწილეობდა "თრელლაბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. მანძილი 65 კილომეტრამდე გაზარდა და 11 საათში დაფარა:
– სტარტი წოდორეთიდან ავიღეთ. სეტყვაში, წვიმასა და ქარში მეორე ადგილზე გავედი. შარშან ასხუთკილომეტრიან მარათონშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ სპორტულ საათში მარშრუტის რუკა არ ჩავტვირთე და გზა ამებნა. გზადაგზა მინიშნებები იყო, მაგრამ მაინც დავიკარგე. გული დამწყდა, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შევძელი, ამიტომ წელს შეცდომის გამოსწორება გადავწყვიტე – მარშრუტი გავიმეორე და ამჯერადაც მეორე ადგილი მოვიპოვე. დისტანციის დასაფარავად 24 საათი გვქონდა. მე 19 საათი და 30 წუთი დამჭირდა. ეს შეჯიბრება რომ არა, ალბათ ვერასოდეს ვნახავდი იმ ულამაზეს ლანდშაფტს, რომლითაც მთელი გზა ვტკბებოდი.
მარათონის შემდეგ ფეხი მთლიანად დაწყლულებული მქონდა, მაგრამ ერთ კვირაში თბილისში გამართული ტურნირში მაინც ჩავერთე და პირველი ადგილი დავისაკუთრე, კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი ცაგერში, ვეტერანი მორბენლების ყოველწლიურ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და არც იქ დავთმე პირველობა.
იმავე ზაფხულს ოთხასკილომეტრიან ველომსვლელობაზე დავრეგისტრირდი. სტარტი ამჯერად წალკაში გვქონდა. საშინელ ამინდში გამოვიარეთ ფარავნის უღელტეხილი და ტბა, ახალციხე, ვარძია, ბორჯომი, გორი... მანძილი 24 საათსა და 30 წუთში დავფარე და თბილისში პირველი შემოვედი.
ახალი გამოწვევა
– ცურვა ყოველთვის მიყვარდა, მეტიც – ერთგვარი რელაქსი იყო ჩემთვის. დროდადრო სამოყვარულო ტურნირებშიც ვმონაწილეობდი. პატარ-პატარა დისტანციებზე რამდენიმეჯერ პირველი ადგილი მოვიპოვე, თბილისის ზღვაზე გამართულ შეჯიბრებაში კი მესამეზე გავედი. ბათუმის ტრიათლონშიც მივიღე მონაწილეობა (ტრიათლონი სპორტის სამ სახეობაში – ცურვაში, ველორბოლასა და სირბილში – ასპარეზობაა) და პირველი ადგილი დავისაკუთრე.
ბოსფორის სრუტეზე შეჯიბრების შესახებ შემთხვევით შევიტყვე. რეგისტრაცია ძნელი აღმოჩნდა, რადგან ასპარეზობაში მონაწილეობის მსურველი მთელი მსოფლიოდან უამრავი იყო. სწორი სპორტული ცურვის ტექნიკის დასაუფლებლად თორმეტი მეცადინეობა გავიარე მწვრთნელთან.
ბოსფორზე შეჯიბრება 25 აგვისტოს გაიმართა. სრუტის შედარებით ვიწრო, ექვსკილომეტრ-ნახევრიანი ადგილი ორ საათში უნდა გადაგვეცურა. მე საათსა და 22 წუთში ჩავეტიე, თუმცა საპრიზო ადგილზე ვერ გავედი. სრუტეში რამდენიმე დინებაა, ინსტრუქციებსა და მინიშნებებს ზუსტად უნდა მიჰყვე, თორემ ნაკადმა თუ ჩაგითრია, გამოცურვა უამრავ დროს წაგართმევს. მეც ნაკადისთვის თავის დასაღწევად სიღრმეში დაბრუნება მომიწია...
ახლა ანტალიაში, ჰალფ-ირონმან შეჯიბრებაზე მივემგზავრები, სადაც 2 კილომეტრი ცურვით უნდა დავფარო, 90 კილომეტრი – ველოსიპედით, მერე კი ნახევარმარათონი – 21 კილომეტრი – გავირბინო. ეს შეჯიბრება აუცილებელი საფეხურია ჩემს საოცნებო ტუნირზე – "აირონმენზე" – რეგისტრაციის უფლების მოსაპოვებლად. იქ ერთ დღეში 4 კილომეტრი უნდა გავცურო ზღვაში, 180 კილომეტრი გავიარო ველოსიპედით და ბოლოს 42 კილომეტრი ვირბინო. სამომავლოდ ტურნირ "ოუშენმენზე" გასვლასაც ვგეგმაც, სადაც ცურვით ათკილომეტრიანი დისტანციის დაძლევა მომიწევს.
ოჯახი
სამოყვარულო ტურნირებში მის მონაწილეობას მეუღლე, გიორგი მჟავია აფინანსებს:
– მე და ჩემი მეუღლე ბავშვობის მეგობრები ვართ. ის მეზღვაურია, ბევრ დროს ატარებს ნაოსნობაში და ერთმანეთი სულ გვენატრება. ჩემი წარმატებები ჩემზე მეტად უხარია.
ბევრჯერ მითქვამს, რომ ოჯახი ყველაზე დიდი მოტივატორია ჩემთვის. სამოცდაათკილომეტრიანი მარათონიდან დაბრუნებულს, "დღეს რას ვჭამთ" – ამ კითხვით რომ გეგებებით, მოტივაციას გმატებსო? – მეხუმრებიან ხოლმე შვილები, თუმცა უპირველესად მაინც დედა ვარ და ვცდილობ, მათ ყურადღება არ მოვაკლო.
თავად თამილა კი ბევრი სხვა ადამიანის მოტივაციის წყაროდ იქცა:
– უამრავი ქალი მწერს, უმეტესად – ორმოც წელს გადაცილებულები. მეუბნებიან, რომ მაგალითი ვარ მათთვის, რჩევას მთხოვენ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ – მინდა, იმედი გავუმართლო და შედეგი მუდმივად გავაუმჯობესო.
თამარ ციბალაშვილი