სინუსიტი – გაჭედილი ცხვირის ამბავი

გააზიარე:

ცხვირის გაჭედვა ყოველთვის ახლავს თან სეზონურ ვირუსულ ინფექციას, მაგრამ თუ გავიდა ათი დღე, ორი კვირა, უკეთესობა კი არა და არ გეტყობათ, შესაძლოა, სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება გქონდეთ.

სინუსები, ცხვირის დანამატი წიაღები, თავის ქალაში მდებარე ერთმანეთთან დაკავშირებული ჰაერით სავსე ღრუებია. მათ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრიათ:

* მათში წარმოიქმნება ლორწო, რომელიც ცხვირის ღრუდან და ყელიდან გვაშორებს მტვერსა და მიკრობებს;

* მათში თბება და ტენიანდება ჩასუნთქული ჰაერი, რაც აუცილებელია სასუნთქი გზებისა და ფილტვების ჯანმრთელობისთვის;

* მათი წყალობით მცირდება თავის ქალას წონა;

* ტრავმის დროს თავის თავზე იღებენ დარტყმას, რითაც ტვინს დაზიანებისგან იცავენ;

* ითავსებენ რეზონატორის ფუნქციას, რისი წყალობითაც ხმა უფრო ძლიერი, თბილი და მჟღერი ხდება.

ადამიანს, წესისამებრ, ოთხი წყვილი სინუსი აქვს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ეს წყვილებია:

* ფრონტალური სინუსები (შუბლის წიაღები) – მდებარეობს თვალების ზემოთ;

* ჰაიმორის (მაქსილარული) წიაღები – მდებარეობს ზედა ყბაში, თვალების ქვემოთ, ყვრიმალების უკან;

* ეთმოიდური წიაღები – მდებარეობს ცხვირის უკან, ცხავის ძვალში;

* სფენოიდური წიაღები –  მდებარეობს ცხვირის უკან, სოლისებრ, ძირითად ძვალში.

რა იწვევს

სინუსიტი წიაღების ამომფენი ქსოვილის ანთებისა და შეშუპების შედეგია. შეშუპება ხელს უშლის სინუსებიდან ლორწოს გადმოსვლას, დაგროვილ ლორწოში კი ადვილად მრავლდება ბაქტერიები და სხვა მიკრობები.

სინუსიტის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს გაციებამ, ალერგიამ, ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, ცხვირის ძვლის დაჩირქებამ, ცხვირის პოლიპებმა, ქრონიკულმა ინფექციამ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოშლილია ცილიების – სინუსების ლორწოვანი გარსის ამომფენი წვრილი წამწამების – ფუნქციობა და ლორწოს გამოდევნა ძნელდება.

განასხვავებენ სინუსიტის სამ ტიპს: მწვავეს, ქვემწვავეს და ქრონიკულს. მწვავე სინუსიტის სიმპტომები ოთხ კვირამდე გრძელდება, ქვემწვავე სინუსიტისა – 1-დან 3 თვემდე, ქრონიკულისა – 3 თვეზე მეტხანს.

სინუსიტის განვითარების რისკი იმატებს ალერგიული რინიტის, ადენოიდების გადიდების, ცისტური ფიბროზის, ფრენის, იმუნური სისტემის დასუსტების (აივ ინფექციის, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზით), სინუსების ანომალიების, კბილის ინფექციის, ცხვირის ღრუს სოკოვანი ინფექციის დროს, ასევე – სიგარეტის კვამლით ან სხვა მინარევებით დაბინძურებულ გარემოში.

სიმპტომები

მოზრდილებს მწვავე სინუსიტი ხშირად გაციებისას უვითარდებათ. სინუსიტია საეჭვო, თუ ავად გახდომიდან 7-10 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა კიდეც. მისი სიმპტომებია:

  • ცხვირის გაჭედვა და გამონადენი;
  • ყელის ტკივილი და პოსტნაზალური წვეთვა (ხახის გავლით ლორწოს ყელში გადასვლა);
  • ხველა, რომელიც უმეტესად ღამღამობით ძლიერდება;
  • სიცხე;
  • პირიდან ცუდი სუნი;
  • ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება ან დაკარგვა;
  • თავის ტკივილი;
  • ზეწოლა, ტკივილი თვალების უკან;
  • კბილის ტკივილი;
  • სახის მტკივნეულობა შეხებისას;
  • ყურის ტკივილი;
  • დაღლილობა და ცუდი თვითშეგრძნება.

ქრონიკული სინუსიტიც იმავე სიმპტომებით ვლინდება, თუმცა უფრო მსუბუქია და გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს.

ბავშვებთან სინუსიტზე მიუთითებს:

  • სიმპტომების შესუსტება და კვლავ დამძიმება გაციების ან სასუნთქი გზების სხვა დაავადების დროს;
  • სულ მცირე, სამდღიანი მაღალი სიცხე ცხვირიდან მუქ გამონადენთან ერთად;
  • ცხვირიდან გამონადენი, რომელიც 10 დღეზე მეტია აღინიშნება და არ მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში გამონადენს თან ახლავს ხველაც.

შესაძლო გართულებები

სინუსიტი იშვიათად რთულდება. მისი გართულებებია აბსცესი (ჩირქგროვა), მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება), ინფექციის გავრცელება ძვლებში (ოსტეომიელიტი) ან კანზე (ცელულიტი). ინფექციის თვალბუდეზე გავრცელებამ შესაძლოა მხედველობა დაქვეითება ან სიბრმავე გამოიწვიოს.

მწვავე სინუსიტი შესაძლოა გართულდეს ქრონიკული სინუსიტით.

გამოკვლევები

ექიმი ცხვირის ღრუს უთვალიერებს პაციენტს და უმოწმებს, პოლიპების ნიშნები ხომ არ აქვს. შესაძლოა, გამოიყენოს ტრანსილუმინაცია – პაციენტს სახეზე, სინუსის საპროექციო არეზე, ძლიერი შუქის წყარო დაადოს და პირის ღრუდან დააკვირდეს, როგორ ატარებს სინუსი ამ შუქს. სინუსის საპროექციო არეზე ხელის დაჭერით ექიმი ადგენს მის მტკივნეულობას – ეს უკანასკნელი შესაძლოა სინუსის ინფიცირების ნიშანი იყოს. სინუსებს ათვალიერებენ ცხვირის ენდოსკოპითაც, რომელსაც რინოსკოპი ეწოდება.

საჭიროებისას ინიშნება სინუსების კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI). შემთხვევათა უმრავლესობაში რენტგენით სინუსიტის დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება.

განმეორებითი სინუსიტის დროს შესაძლოა შესწავლილ იქნეს ცხვირის კულტურა (ცხვირის მიკრობული ფლორა გამონადენის დათესვით), ჩატარდეს ალერგიული სინჯები, სისხლის გამოკვლევა აივ ინფექციის ან იმუნიტეტზე გავლენის მქონე სხვა მდგომარეობების აღმოსაჩენად, ცხვირის ციტოლოგია (ცხვირის ლორწოვანში არსებული უჯრედები), ოფლის ტესტი ცისტოზური ფიბროზის გამოსარიცხად ან ცილიარული ფუნქციის ტესტი ცილიების მოძრაობის შესაფასებლად.

მკურნალობა

სინუსების შეშუპების შესამცირებლად:

* დღეში რამდენჯერმე დაიდეთ სახეზე თბილი, ნოტიო პირსახოცი.

* სვით ბევრი სითხე – ეს ხელს შეუწყობს ლორწოს გათხელებას.

* ჩაისუნთქეთ ორთქლი დღეში 2-4-ჯერ (მაგალითად, სააბაზანოში მოუშვით ცხელი წყალი, რომ ორთქლი დატრიალდეს და ისუნთქეთ).

* ცხვირში დღეში რამდენჯერმე ისხურეთ ფიზიოლოგიური ხსნარი.

* სახლში დაამონტაჟეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა.

* სინუსები გამოირეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით.

სინუსების გამორეცხვა მოხერხებულია სპეციალური პატარა ჩაიდნისმაგვარი ჭურჭლით – ნეთი ფოთით.

გამოსარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფიზიოლოგიური ხსნარი ან თავად მოამზადოთ შინ: გამოხდილ ან ანადუღარ ნახევარ ლიტრ წყალში (არ უნდა იყოს ერთ დღეზე მეტი ხნის) გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი.

გამორეცხვა ხდება ასე: თავი ნიჟარის ზემოთ დაიჭირეთ და გვერდზე ისე დახარეთ, რომ შუბლი და ნიკაპი დაახლოებით ერთ სიმაღლეზე აღმოჩნდეს. ისუნთქეთ პირით. ჭურჭლის ცხვირიდან სითხე ზედა ნესტოში შეუშვით (არ შეისუნთქოთ) და აცადეთ, რომ ქვედა ნესტოდან გადმოვიდეს. ამის შემდეგ მოიხოცეთ ცხვირი და პროცედურა მეორე ნესტოზეც ჩაიტარეთ.

ხსნარი ცხვირის ღრუდან გამორეცხავს მტვერს და ალერგენებს, გათხელდება ლორწო, შემსუბუქდება სინუსური ინფექციის სიმპტომები.

პროცედურა ეფექტურია ცხვირის ალერგიული შეშუპების დროსაც.

ურეცეპტოდ გასაცემი დეკონგესტანტები (შეშუპების დამცხრობი მედიკამენტები) არ გამოიყენოთ ექიმის უნებართვოდ 5 დღეზე მეტხანს. თავიდან შესაძლოა შვება მოგგვაროთ, მაგრამ მერე და მერე უკუეფექტს და დამოკიდებულებას გამოიწვევს.

სინუსების ტკივილისა და მათზე ზეწოლის შესამსუბუქებლად:

* ნუ იფრენთ, თუ ცხვირი გაჭედილი  გაქვთ.

* ნუ გაჩერდებით ძლიერ სიცხეში ან ძლიერ სიცივეში.

* ერიდეთ ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს.

* თავს წინ ნუ დახრით.

* დალიეთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი ან ნაპროქსენი.

მწვავე სინუსიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები უმეტესად არ არის საჭირო, ინფექციების უმეტესობა თავისთავად გაივლის. ანტიბიოტიკები ინიშნება, თუ  2-3 კვირაში არ გაქრა გამონადენი და ხველა, შენარჩუნდა 39°ჩ-ზე მაღალი სიცხე, თავის ან სახის ტკივილი, ძლიერი შეშუპება თვალების ირგვლივ.

გახსოვდეთ: მწვანე ან ყვითელი გამონადენი ყოველთვის სინუსურ ინფექციას არ ნიშნავს და ატიბიოტიკების მიღების აუცილებლობაზე არ მიუთითებს. ამ სიმპტომის მქონე ბევრი ადამიანი ანტიბიოტიკების გარეშეც გამოჯანმრთელდება.

მწვავე სინუსიტის მკურნალობას 5-10 დღე სჭირდება, ქრონიკული სინუსიტისას –  3-4 კვირა.

სინუსიტისგან განსაკურნებლად შესაძლოა დაგჭირდეთ ალერგიის მკურნალობა, კერძოდ, იმუნოთერაპია (ალერგენისადმი ზემგრძნობიარობის დასუსტება მისი მცირე ულუფების შეყვანით). სასურველია, თავი არიდოთ ალერგიის გამომწვევ ფაქტორებს.

ცხვირის პოლიპებისა და ალერგიის დროს სინუსების შეშუპების შესამცირებლად შესაძლოა დაინიშნოს ცხვირის კორტიკოსტეროიდული სპრეი ან დასალევი ანტიჰისტამინური საშუალება. თუ სიმპტომებამ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვეში არ გაიარა ან ადამიანს ყოველწლიურად აქვს მწვავე სინუსიტის 2-3 ეპიზოდი, სინუსების გასახსნელად შესაძლოა ჩატარდეს ქირურგიული პროცედურა.

გამრუდებული ძგიდის გასწორებით ან ცხვირის პოლიპების ამოკვეთით სინუსიტის გამეორება შესაძლოა თავიდან ავიცილოთ. სოკოვანი სინუსური ინფექციების უმეტესობაც ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

დაუკავშირდით ექიმს, თუ:

  • გაციების სიმპტომები 10-14 დღეზე მეტია გრძელდება ან ავად გახდომიდან 7 დღის შემდეგ დამძიმდა;
  • გაწუხებთ ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლები არ შველის;
  • სინუსიტი გაგიმეორდათ, მკურნალობამ მდგომარეობა ვერ გამოაკეთა;
  • დანიშნული დოზით და ინტერვალით იღებთ ანტიბიოტიკს, მაგრამ სიმპტომები არ მცირდება;
  • გაქვთ:

-მაღალი სიცხე;

-შეშუპება ან სიწითლე თვალების ირგვლივ;

-გაორებული ხედვა ან მხედველობის სხვა ცვლილებები;

-დაბნეულობა;

-კისრის რიგიდულობა 

პრევენცია

სინუსიტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა გაციებისა და გრიპის თავიდან აცილებაა. მოერიდეთ გაციებულებს და გრიპიანებს, ხშირად იბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებით –  ჭამის წინ და ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ყოველწლიურად ჩაიტარეთ გრიპის აცრა.

თუ ალერგია გაქვთ, მაქსიმალურად მართეთ წამლებით და შეძლებისდაგვარად თავი არიდეთ ალერგენებს.

სვით ბევრი სითხე, რათა ორგანიზმის ტენიანობა გაზარდოთ. გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებლები, რათა ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში ტენიანი ჰაერი მოხვდეს.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს გამოიყენეთ დეკონგესტანტები.

ერიდეთ სტრესის გამოწვევ ფაქტორებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: