ჰოლდინგი “ავერსი” 30 წლისაა

გააზიარე:

კომპანიებიც, ადამიანებივით, იბადებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, იძენენ არსებობისთვის აუცილებელ უნარებს და ახალ და ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.

2024 წლის 14 ნოემბერს “ავერსი” 30 წლის გახდა. საკმარისი დროა იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში შენი სიტყვა თქვა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო: თითქმის დანგრეულ ქვეყანაში, მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში დაფუძნდა, ფეხი აუწყო ახალ რეალობას, ყველა ცვლილებასთან მოახერხა ადაპტირება და საზოგადოებას საკუთარი ინიციატივებიც შესთავაზა.

დღეს ჰოლდინგი “ავერსი” აერთიანებს სააფთიაქო და კლინიკათა ქსელებს, ფარმაცევტულ საწარმოს, სადაზღვევო კომპანიას, საქველმოქმედო ფონდს. მისი სერვისებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც სარგებლობენ.

“ავერსის” ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული მისი დამფუძნებლის – პაატა კურტანიძის სახელთან. კომპანიის წარმატებას სწორედ მისმა სტრატეგიულმა ხედვამ და ლიდერულმა უნარებმა ჩაუყარა მტკიცე საძირკველი. ის ზუსტად გრძნობს “ავერსის” მაჯისცემას და მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგი განუწყვეტლივ ფართოვდება, დღემდე აქტიურად არის ჩართული მასში შემავალი თითოეული კომპანიის საქმიანობაში.

ბატონ პაატას ვკითხეთ, რას ნიშნავს, იყო ამხელა ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რა სირთულეების გადალახვა მოუხდა „ავერსს“ თავისი არსებობის განმავლობაში და თავად როგორ აფასებს განვლილ წლებს.

– ბატონო პაატა, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიის დაარსებისას?

– ბიზნესსაქმიანობა 90-იან წლებში დავიწყე, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მოიშალა და ქვეყანაში, სურსათსა და სხვა პროდუქტებთან ერთად, წამლების დიდი დეფიციტი შეიქმნა. სახვევი მასალაც კი არ იშოვებოდა. ხშირად მიწევდა ოპერაციაზე ქირურგის ასისტირება და ეს პრობლემა მთელი სიმწვავით შევიგრძენი. ბიზნესსაქმიანობის დაწყებისკენ სწორედ ამან მიბიძგა.

თავად ბიზნესის წარმოება რთული არ ყოფილა – რაზეც მოთხოვნა იყო, ის ჩამომქონდა და იმის რეალიზაციას ვეწეოდი, მაგრამ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა იმ დროს არსებული კრიმინალური ვითარება. ბევრი სავაჭრო წერტილი გახსნიდან მცირე ხნის შემდეგ დაიხურა. იმ მაღაზიებსა  და ჯიხურებს, რომლებიც დარჩა, შემოსავლის დიდ ნაწილს რეკეტირები სძალავდნენ. არანაკლები გამომძალველები იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, რადგან მათ ხელში იყო ძალაუფლება... რომ მკითხოთ, გავივლიდი თუ არა იმავე გზას თავიდან, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა. ბეწვის ხიდზე დავდიოდი, ხშირად წამებში მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება... მაგრამ ჩემს მხარეს იყო სიმართლე და მორალური უპირატესობა. მართალი ვიყავი როგორც ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებოდათ წამლები, ისე სახელმწიფოსთან, რადგან პირნათლად ვიხდიდი ყველა გადასახადს. ამბობენ, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. მართლა ასე ყოფილა. სწორედ ჩემი სიმართლით შევძელი ამ სირთულეებისთვის თავის გართმევა.

მოტივაცია

– რა გაძლევდათ და გაძლევთ ყველაზე ძლიერ მოტივაციას საქმიანობისთვის?

– მაშინაც და ახლაც ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო კმაყოფილი მომხმარებელია. განათლებით, სულით და გულით ექიმი ვარ, მთელი ჩემი მოღვაწეობა იქით არის მიმართული, რომ ადამიანს, რომელსაც რაღაც სტკივა, უჭირს მოძრაობა, შეზღუდული აქვს შესაძლებლობები – მაქსიმალურად დავეხმარო.

სააფთიაქო ქსელისა და ფარმაცევტული საწარმოს შემდეგ ჩვენს ჰოლდინგს კლინიკების ქსელი შემოემატა. კარგი კლინიკისთვის აუცილებელია მაღალი დონის აპარატურა, მაღალი დონის ექიმები... ყველაზე ძლიერ მოტივაციას სწორედ ის ადამიანები მაძლევენ, რომლებიც მადლობას მიხდიან იმისთვის, რომ აქვთ საშუალება, შეიძინონ ძალიან საჭირო წამალი ან მიიღონ მომსახურება მაღალი დონის კლინიკაში.

– როგორ დაგეხმარათ ოჯახი წარმატების გზაზე?

– ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სახლში სიწყნარეა, სიმშვიდეა, სიყვარულით სავსე ურთიერთობებია, ენერგია ტყუილად არ გეხარჯება, მთელი შენი შესაძლებლობები საქმიანობის უკეთესად წარმართვისკენ არის მიმართული. მე ოჯახის სახით ყოველთვის ძლიერი ზურგი მქონდა.

– ინტერვიუებში ხშირად ახსენებთ მშობლების როლს თქვენი ხასიათის ჩამოყალიბებაში...

– მშობლებისგან გენეტიკურადაც ბევრი რამ გადმოგვეცემა და აღზრდასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე და ჩემი და-ძმა მშობლებმა ბავშვობიდან მიგვაჩვიეს, რომ კარგად უნდა გვესწავლა, ყველა დავალება სრულყოფილად შეგვესრულებინა, გვასწავლეს შრომა, ადამიანების პატივისცემა და სიკეთის თესვა.

პრინციპები

 – გაიხსენეთ საკვანძო მომენტები, რომლებმაც, თქვენი აზრით, განაპირობა კომპანიის წარმატება.

– “ავერსის” ოცდაათწლიან ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მოვლენა, რომელსაც კომპანიისთვის ერთბაშად, რამდენიმე დღეში მოეტანოს დიდი წარმატება. “ავერსი” შეიქმნა ყოველდღიური შრომით, ყოველდღე თითო აგურის დადებით. წინსვლა, აღმასვლა, განვითარება უწყვეტ მუშაობას მოითხოვს.

– რომელი პრინციპებია განმსაზღვრელი კომპანიის საქმიანობისთვის?

– კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი საქმიანობა ერთსა და იმავე პრინციპებს ეფუძნება: ვაკეთოთ ის, რაც სჭირდება მომხმარებელს და ვაკეთოთ რაც შეიძლება მაღალ დონეზე, ყველაფერი ვიღონოთ მომხმარებლის კმაყოფილებისთვის. საქმიანობის დაწყებიდან მალევე მივხვდი: იმისთვის, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, კმაყოფილი უნდა იყოს პერსონალიც, რომელიც მას ემსახურება. უკმაყოფილო თანამშრომელი მომხმარებელს კმაყოფილს ვერ გახდის. მას შემდეგ ჩემი პირველი მიზანია, კმაყოფილი იყოს მომხმარებელი`პაციენტი, მეორე – კმაყოფილები იყვნენ თანამშრომლები, მესამე – კმაყოფილი იყოს სახელმწიფო, რაც შესაძლებელია კანონიერი საქმიანობით და ყველა გადასახადის გადახდით. ეს სამი რამ აუცილებელია იმისთვის, რომ მეც ვიყო კმაყოფილი.

ჩემი თვალთახედვით, იდეალურია კომპანია, სადაც თითოეულ თანამშრომელს უხარია მუშაობა, სიამოვნებს, რასაც აკეთებს და სადაც მისი საქმიანობა როგორც პირადად მისთვის, ისე მომხმარებლებისა და კომპანიისთვისაც შედეგიანია.

– გაგიწევიათ თუ არა დიდი რისკი?

– რა თქმა უნდა, გამიწევია. ბიზნესში სხვანაირად არ გამოდის, ყოველთვის ყველაფერს ვერ გათვლი. თუმცა რისკსაც თავისი საზღვრები აქვს. სასწორზე მეტისმეტად ბევრი არ უნდა დადო.

ლიდერობა

– “ავერსში” ათი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. როგორ უძღვებით ამხელა ჰოლდინგის მართვას? როგორ ანაწილებთ თქვენს დროსა და ენერგიას?

– კომპანიის მართვა ჩემთვის მეცნიერება და ხელოვნებაა. მთავარია სისტემის შექმნა და ამ სისტემაში მომუშავე ადამიანების სწორად შერჩევა, რომ ყველამ აკეთოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებს, აინტერესებს და გამოსდის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს დროის განაწილებას. მე თვითონ, მოწაფეობიდან მოყოლებული, ასე ვარ: არათუ დღე ან საათი, ყოველი წუთიც კი დაგეგმილი მაქვს, რომ უსარგებლოდ არ დავკარგო. ცხოვრების ასეთი სტილი ძალიან მომწონს, მით უმეტეს – როდესაც თვალნათლივ ვხედავ ჩემი შრომის შედეგს.

– ყველა აღნიშნავს, რომ პერსონალის შერჩევა საუკეთესოდ გამოგდით. ეს უნარი თანდაყოლილია თუ დროთა განმავლობაში, ბიზნესის განვითარებასთან ერთად გამოგიმუშავდათ?

– ვერ გეტყვით. შესაძლოა, ერთიც და მეორეც. ვფიქრობ, რა ჯობია, როგორ გაკეთდება საქმე უკეთესად. საბოლოოდ ჩემი არჩევანი ყოველთვის ამართლებს. იყო შემთხვევები, როცა არჩევანი არ მქონდა, – ყოველთვის არ არის საშუალება, აირჩიო იდეალური ვარიანტი. უნდა გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევებშიც კი ყოველთვის მიმართლებდა.

– რა როლს ასრულებს გუნდური მუშაობა ჰოლდინგის წარმატებაში? როგორ ახერხებთ ძლიერი გუნდის შექმნას?

– გუნდური მუშაობის უნარი აუცილებელია, თუმცა ის ყველა ადამიანს არ აქვს. როცა ბიზნესი დავიწყე, პირველ ხანებში ვიყავი ერთი, ორი, ხუთი, ასი ადამიანის ხელმძღვანელი. რამდენიმე წლის წინ, როცა "ავერსის" თანამშრომლების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა, მიდგომა შევცვალე. თუ ადრე კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მე ვწყვეტდი, – ვისმენდი თანამშრომლების მოსაზრებებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებდი, – ახლა ჩემს გადაწყვეტილებას არ ვაცხადებ, ვთავაზობ კოლეგებს, თვითონ გადაწყვიტონ საკითხი. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებ კომენტარს, როცა რომელიმე გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ამგვარად, თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევ, საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავად იყვნენ პასუხისმგებლები. ეს ხელს უწყობს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და საკუთარი თავის რწმენას მატებს ადამიანს: მან სხვისი მითითება კი არ შეასრულა, არამედ თვითონ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იშრომა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს პროცესი გაცილებით სასიამოვნოა, გაცილებით შემოქმედებითია, ვიდრე მზა გადაწყვეტილების შესრულება.

ინოვაციები და მომავალი

– რა როლს ასრულებს ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის საქმიანობაში და როგორ წარმოგიდგენიათ მათი როლი მომავალში?

– ტექნოლოგიური სიახლეების დიდი მოყვარული ვარ, რაც "ავერსსაც" ეტყობა. აფთიაქებში დგას თვითმომსახურების აპარატები, ფარმაცევტებს ეხმარება რობოტი. დამხმარე რობოტები გვყავს ლაბორატორიაშიც. ახალ აპარატურას პირველები ვყიდულობთ და ვნერგავთ. მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მომავალში რობოტებმა ადამიანები ჩაანაცვლონ?

– მე უფრო იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერები და რობოტები კი არ ჩაანაცვლებენ ადამიანს, არამედ ის,  ვინც მაქსიმალურად გამოიყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, გააკეთებს მეტს, ვიდრე ის, ვინც ამ შესაძლებლობებზე უარს იტყვის, ამიტომ პირველი კატეგორიის ადამიანები ჩაანაცვლებენ მეორეებს.

ადამიანი თავის საქმიანობაში განუწყვეტლივ უნდა მიისწრაფოდეს სიახლეებისკენ, რათა შრომის წარმადობა და შედეგიანობა გაზარდოს.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, დაიწყონ ან განავითარონ თავიანთი ბიზნესი?

– ვისაც საკუთარი საქმის დაწყება უნდა, უპირველესად, ბევრი უნდა იფიქროს იმაზე, რა სურთ სხვებს, რაზეა მოთხოვნა: რაც უნდა კარგი პროდუქტი შექმნა, თუ მასზე მოთხოვნა არ არის, მუშაობას აზრი არ აქვს, – და მეორე: როგორ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა რაც შეიძლება ხარისხიანად.

– რა არის დღესდღეობით “ავერსის” და, საზოგადოდ, ქართული კომპანიების მთავარი გამოწვევა?

– ქართული კომპანიების დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევაა ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსი. პრობლემაა კადრების დეფიციტიც. დიდია მოთხოვნა ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც შესაძლოა ბევრი არ იცოდნენ, მაგრამ სურთ, იშრომონ და მეტს მიაღწიონ.

– როგორ გესახებათ„ავერსის“  მომავალი?

– ჩემთვის მაგალითები არიან კომპანიები, რომლებიც ასწლეულებია არსებობენ. 1999 წლის იანვარში დავათვალიერე გერმანული ფარმაცევტული კომპანია “მერკი” და  უდიდესი შთაბეჭდილება მივიღე. “მერკი” 1668 წელს დააარსა გერმანელმა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ემანუილ მერკმა. ასე რომ, კომპანია უკვე 356 წლისაა.

ჩემი სურვილია, “ავერსმა” რაც შეიძლება დიდხანს იარსებოს, რისთვისაც უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი სისტემა, რომელიც დროს გაუძლებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: